მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველაფერი ჩვენს ხელთ არის!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველაფერი ჩვენს ხელთ არის!

სულ რაღაც ერთი ქულა! ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩემპიონობისთვის ორი მადრიდული კლუბიც იბრძვის და ორივესთან მოგვიწევს შეხვედრა, შემდეგ ტურში "კლასიკო" გველოდება, "ლივერპულთან" ნაომარ მადრიდის "რეალს" ვესტუმრებით და ძალიან ბევრი რამ გადაწყდება. "ატლეტიკოსთან" შეხვედრა 35-ე ტურში გვიწევს, სადღაც ბოლოსკენ, ფინიშის ხაზზე, ფაქტობრივად საფინალო დატვირთვა ექნება, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს და მერე რა იქნება, ვნახავთ. 

"ვალიადოლიდთან" უმძიმესი შეხვედრა გვქონდა, ბოლო წუთზე გავიხარეთ და ამ მოგებამ ბევრი რამ დაგვანახა, როგორც წესი, როცა მაშინაც იგებ მატჩებს, როცა საუკეთესო არ ხარ, ეს ძალიან კარგის ნიშანია, ასეთი რამ მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ. 

სანაკრებო პაუზა და დაღლილობა

გრანდების პრობლემები სანაკრებო პაუზებთან ერთად იწყება, ან ტრავმირებული ფეხბურთელები უბრუნდებათ, ან გამოფიტული და გადაღლილი, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ამჯერად ზოგიერთ ნაკრებს არა ორი, არამედ სამი შეხვედრის ჩატარება მოუხდა. პატარა კლუბების ფეხბურთელებს ასეთი სიხშირით არ ეძახიან ნაკრებში, ამიტომ დროის ამ უმცირეს მონაკვეთში უპირატესობას მოიპოვებენ ხოლმე. ვიფიქრე მესი დასვენებული იქნებოდა, სამხრეთ ამერიკაში ხომ თამაშები გადაიდო, მაგრამ ალბათ შენიშნეთ, რომ ლეო დამწვარი იყო, არ ვიცი სად გადაფრინდა, კანარებზე თუ ბორა-ბორაზე, მაგრამ საახალწლო გოჭივით იყო შემწვარი და თამაშზეც დაეტყო. ისიც ადვილი წარმოსადგენია ვისთან ერთად გადაფრინდებოდა, რა თქმა უნდა, ურუგვაელ ძმაკაცსაც თან გაიყოლებდა, ჰოდა, სუარესიც ისე მომზადებული დაბრუნდა, რომ "ატლეტიკოს" ფეხი დაუცდა. ამ სეზონში ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა მადრიდელებს მხოლოდ სუარესის კლასი შველოდათ, ამჯერად არაფერი გამოუვიდათ, მაგალითად, სერ ალექს ფერგიუსონი გარუჯულ ფეხბურთელებს საერთოდ არ ათამაშებდა, ამ დროს სხეული იფიტება და მაქსიმუმის ჩვენება ფაქტობრივად შეუძლებელია. ასეა თუ ისე, მესი საუკეთესო ფორმაში ვერ დაგვხვდა, მაგრამ შემდეგ თამაშამდე აუცილებლად მოუმატებს, "ბარსას" უფრო მეტი დრო აქვს მოსამზადებლად, ვიდრე "რეალს". როგორც ითქვა, მადრიდელებს რამოსი დააკლდებათ, ამიტომ, ამაზე კარგი შანსი და ამაზე ხელსაყრელი დრო მთელი სეზონის განმავლობაში არ გვქონია. 

ტაქტიკამ აღარ იმუშავა

ტემპი ძალიან დაბალი იყო, კუმანმა ძირითადი შმადგენლობა დააყენა, არავინ დაასვენა, ახლა ამის დრო არ არისო, მძიმედ გადავადგილდებოდით და მომენტებიც ძალიან ცოტა შეიქმნა. სამაგიეროდ "ვალიადოლიდმა" შექმნა რამდენიმე ისეთი მომენტი, რომელსაც შეიძლებოდა გოლი მოჰყოლოდა, მაგრამ გადავრჩით, ხარიხამ გადაგვარჩინა, ხანდახან მეტოქის არცთუ ისე მაღალი დონე დაგვეხმარა და საბოლოოდ კარი მშრალად შევინახეთ. მძიმე შეხვედრას თან დაერთო მსაჯის ნაბახუსევზე ყოფნა. მისი გადაწყვეტილებების ახსნა სხვაგვარად ძალიან გამიჭირდება, თამაშის დაწყებიდან უამრავი დარღვევა იყო, მაგრამ არ დაუსტვენია, რეაგირება საერთოდ არ ჰქონია, არაფერზე! ალბათ "ბორჯომზე" ან "ნაბეღლავზე" ფიქრობდა, თავიდანვე ჩანდა, რომ ამ მატჩში წითელი ბარათი იქნებოდა, როცა მსაჯი აშკარა დარღვევებზე ჯარიმას არ დებს, ფეხბურთელები უფრო ხისტად იწყებენ თამაშს და ხანდახან ზედმეტებიც მოსდით. სწორედ აქედან გამომდინარეობდა მესის პროტესტიც, "ჩემთვის ყვითელი ბარათის ჩვენება უნდაო" - ამოთქვა გაოგნებულმა, მოედანზე მყოფები ყველაფერს უკეთ გრძნობენ, ამიტომ დაეჯერება, ძალიან ფრთხილი იყო ფრენკი დე იონგი, ორთაბრძოლებში ფაქტობრივად საერთოდ არ შედიოდა, ჭკვიანურად ითამაშა და ყვითელ ბარათს გადაურჩა. 

მეორე ტაიმში ტაქტიკა შეიცვალა. იმედია, დააკვირდით, რადგან ამ ცვლილების შესახებ არავინ გეტყოდათ, სანამ ღრმადპატივცემული დიქტორები ახალგაზრდულ მუნდიალზე საუბრობდნენ, მანამდე წინ აწეულმა დე იონგმა თავისი ჩვეული მანევრი შემოგვთავაზა, სამჯერ შეირბინა საჯარიმოში, მცველებს ხაზზე გაუსწორდა და ერთხელ ზუსტი პასიც მიიღო, მაგრამ რატომღაც პასზე იფიქრა და არა კარში დარტყმაზე, იმდენი ხანია დაცვაში დგას, რომ შემტევის ინსტიქტები ცოტა არ იყოს, დაკარგული აქვს. 

"რეალთან" ალბათ ისევ სამი მცველით გამოვალთ მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ნელ-ნელა სწავლობენ, როგორ უნდა შეგვიტიონ და როგორ დაიცვან თავი, კითხვები მარტო შემადგენლობას ეხება. დიდი ალბათობით არაუხო ძირითადში დაიწყებს, დაბრუნებას ასწრებს ჟერარ პიკეც, როცა სამი ცენტრალური მცველით თამაშობ, ორივეს თამაშის შესაძლებლობა მატულობს, ბენზემას იმაზე კარგი მცველი სჭირდება ახლოს, ვიდრე ფრენკი დე იონგია, გრიზმანი კი ისევ ჩაკარგული იყო, ამიტომ, შესაძლოა ფრენკი უფრო წინ ვიხილოთ, გრიზმანი კი სკამზე დაჯდეს. ვნახოთ, ბევრი აღარ არის დარჩენილი. 

დემბელე

წითელი ბარათი დემბელეზე უხეშობისთვის აჩვენეს მეტოქის ფეხბურთელს. მე თუ მკითხავთ, როცა დემბელეს ასე გამეტებით ურტყამ, წითელი კი არა, საერთოდ თამაში უნდა აგიკრძალონ. ძლივს ჯანმრთელად არის და ვიღაც "ვალიადოლიდელმა" კინაღამ წყალში ჩაგვიყარა მთელი სეზონის ნაწვალები, ჩვენ კი არა, ეგერ სამი ინდივიდუალური მომზადების მწვრთნელი აუყვანია, როგორც იქნა ნებისყოფა გამოიჩინა, "ფლეისთეიშენსაც" კი იშვიათად ეკარება, მხოლოდ ოთხი საათით დღეში, ბურგერების ჭამასაც მოუკლო და ამ დროს გამოვარდა ეს დაბალკლასიანი და კინაღამ ფეხი დაატოვებინა "კამპ ნოუზე". რა თქმა უნდა, საწითლე იყო, ჯერ ერთი, სახიფათო შეტევა ჩაშალა, მერე მეორე, უკნიდან დარღვევა მკაცრად ისჯება, რადგან ამ დროს ყველაზე დიდი საფრთხეა, რომ აქილევსის ტრავმა მიიღო, ეს კი ის ტრავმაა, რომლის მერეც ყველაფერი მთავრდება, რადგან სირბილი რომც შეძლო, იგივე დონეს ვერასდროს დაუბრუნდები.

გადავრჩით, ჩვენც, კუმანიც, დემბელეც და მისი ფიზკულტურის მასწავლებლებიც. 

ყველაზე სახიფათო მომენტი "დამბობ" შექმნა, ჯერ მეკარემ აჯობა, მერე გრიზმანი ისე გადახტა, "თურქიშ ეარლაინის" ლოგო მოხატა ჰაერში, მაგრამ ააცილა. აქ ისიც კი ვიფიქრე, წასულია ჩვენი საქმე-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვგლიჯეთ სამი ქულა, "დამბომ" იმედები არ გაგვიცრუა, გახვრიტა მეკარე ახლო მანძილიდან, განწყობა გამოგვიკეთა და კიდევ ერთხელ, ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვეთ! ეს კი მარათონულ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. 

"კლასიკო" 

წაგების უფლება არ გვაქვს, ფრეს გვაპატიებენ ღმერთები, მაგრამ როცა ფრეზე თამაშობ, როგორც წესი ხელში აღარაფერი გრჩება, ამიტომ მოსაგებად მოგვიწევს "ბერნაბეუზე" ჩასვლა, ჯერ არ მოგვიგია თუ რა?! პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის შურისძიებაც მოგვიწევს, მერე კი ძალიან ცოტა დარჩება ფინიშამდე. მანამდე "ბილბაოსთან" ფინალიც ნათამაშები იქნება და ამ სეზონში თუ ორ ტიტულს შევწვდით, ბატონ რონალდ კუმანს საპატიო ბარსელონელის ტიტულიც უნდა მიართვან, მგონი ეგ მაშინ მიართვეს, როცა "უემბლიზე" ფინალი მოგვაგებინა, შეგვიძლია საპატიო თბილისელის წოდება გავუგზავნოთ, ოღონდ ჯერ ფინალები, ჯერ ტიტულები! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 6 აპრილი 2021 19:41
    1
    ფეოლა სუარესმა იმისთანა პასი გაუკეთა 1 :0 -ზე (სევილიასთან) საჯარიმოს შიგნით კორეას გრიზმანი და დემბელე თავიდან ორ ორჯერ დაიბადონ მაინც ვერ გააკეთებენ თანაც მეკარესთან ერთი ერთზე იყო კორეა და იმისთანა დაარტყა დემბელე მაგასთან ჟუნინიო პერნამბუკანოა laughing
    Culé [?]
    #11 6 აპრილი 2021 18:45
    2
    კარგი სტატიაა, უბრალოდ ღმერთს ესე ნუ დაწერ მეორედ,ან საერთოდ არ დაწერო....სისულელეა და მკრეხელობა....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    [?]
    #10 6 აპრილი 2021 14:41
    2
    მარტო კლასიკო არაა, წინ კიდე ბევრი რთული თამაში გვაქ, ვილიარეალი ვალენსიასთან გასვლები. ვალენსია იხევა ერთ ადგილზე გრანდებთან. ამიტო კლასიკოში წაგების უფლება არ გვაქ. მაგ გასვლებოდან ერთშიც რო დავკარგოთ ქულები უკან რო არ დავრჩეთ. 4 რთული თამაში დაგვრჩა. ატლესაც კლასიკოს პარალელურად კაი რთული იგრა ელის ბეტისთან რომელიც უკეთესი გუნდია წინა წლებზე. თან სუარესი ლორენტე არ ეყოლებათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 აპრილი 2021 13:52
    0
    Griezzy7,
    ატლეტიკო არის პლეიოფის გუნდი განსაკუთრებით ერთმატჩიანის.ერთ მატჩს ნებისმიერს მოუგებენ წრიულ ჩემპიონატში კიდე ძაან უჭირთ რადგან თამაშს გოლები იგებს და გოლები ან სტანდარტიდან გააქვთ ან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და ინდივიდუალიზმი,ლიჟბი ჩააწოდე ტაქტიკა არ ამართლებს ყოველთვის
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 6 აპრილი 2021 11:59
    1
    საფრანგეთიდან ყაზახეთში ჩაფრინდები,იქ ითამაშებ თუ არა,და უკან ჩამოფრინდები,რამდენიმე დღე ცუდად უნდა იყო. უკლებლივ ყველა სხვადასხვა ნაკრებებში იყო.მესი კიდევ სულ უნდა თამაშობდეს,დასვენება არ უხდება. ერთი კუმანი იყო დასვენებული.
    Culé [?]
    #7 6 აპრილი 2021 11:54
    1
    სტატია როგორც ყოველთვის ისე სრულყოფილად არის დაწერილი სათქმელს არ დაგიტოვებს და დასამატებელი არაფერია,გვანერვიულეს რთულად მოვიგეთ მაგრამ სამი ქულა მაინც გამოვგლიჯეთ მეტოქეს დემბელეს წყალობით რომელიც იმსახურებდა მატჩის საუკეთესოდ დასახელებას,მესის არაფერს ვერჩი პირიქით ძალიან დიდ პატივს ვცემ არც მის დამსახურებას ვუკარგავ და ჩემთვის ისევე როგორც ყველასთვის ფეხბურთის უკონკურენტო მეფეა არის იყო და იქნება როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს მაგრამ როცა ცუდად თამაშობს ობიექტურობა ჯობს და ამის აღიარება და არა იმის თქმა რომ იცი რა რადგან მესი ფეხბურთის ღმერთია მისი კრიტიკა არასწორია და არ შეიძლება.საინტერესოა სად წერია რომ არ შეიძლება და არასწორია?კრიტიკა არც მესის საფეხბურთო კლასს არ შეცვლის და დააკლებს რამეს და ვერც იმ ფაქტს რომ ის საფეხბურთო სამყაროში საუკეთესოა.დარწმუნებული ვარ მესი თვითონ არ თვლის ფეხბურთის ღმერთად თავს და აქ რატომ აღმერთებენ?თუ მე რახან ფეხბურთის ღმერთს არ ვუწოდებ სხვაზე ნაკლებად ვაფასებ მესის არა ბატონო ეს ასე არ არის უბრალოდ როცა შესაქებელია საქებარ სიტყვებს არ ვიშურებ თუ გასაკრიტიკებელია მაგასაც ვაკეთებ და რა ამით ლეო მესის შეურაცხვყოფ?თუ ასე თვლის ვინმე მაშინ გადახედოს ჩემს კომენტარებს რამდენჯერ მითქვამს მესიზე რომ ბარსელონაში უნდა დარჩეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის დასატოვებლად და როგორც ფეხბურთის მეფის მისი შესაფერისი და ღირსეული და დამსახურებული გაცილება სწორედ კამპ ნოუდან უნდა მოხდეს და არა სხვა რომელიმე კლუბის სტადიონიდან რისთვისაც ლაპორტამ სულ რომ ყველაფერი დათმოს მესი უნდა დატოვოს თქო და ახლაც ასე ვთვლი რომ მესიმ ბარსელონაში უნდა დაასრულოს კარიერა და რომ მის ნაცვლად ათი ნომერი მაისური სხვამ მოირგოს ამ აზრს ვერც ვუშვებ და ჩემი გუშინდელი ნათქვამი მესისადმი ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის არანაირად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 აპრილი 2021 10:20
    4
    ორი თამაში ორად ორი თამაში გვაქვს მოსაგები და ლა ლიგა ჩვენია შაბათს უნდა დავადუღოთ რეალი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 აპრილი 2021 10:19
    3
    ეს არ იყო საჩემპიონო თამაში, ასე ჩვენ ვერც ლიგას მოვიგებთ და შეიძლება თასიც აგვაცალოს ბილბაომ, როგორ იბრძვის ბილბაო ჩვენ ყველამ ვნახეთ უკვე. ასეთი უინტერესო თამაში წელს არ მაგონდება, ბოლო 5 წუთი რო ამოძრავდნენ პირველი წუთებიდან დაეწყოთ ესე. მესი და დე იონგი დავასვენოთო ამბობდნენ. მარტო ლეომ დაარტყა კარისკენ 8 ჯერ, და გრიზმანი და დემბელე სად იყვნენ ვერ გავიგე. მე მგონი დემბელეზე თუ მართლა არის მოთხოვნ დროზე უნდა მოვიცილოთ, მაგას ფეხბურთი ისე ესმის როგორც მე ჩინური. და ერთი მაკვირვებს გუნდი მე-16 ადგილოსანს ეთამაშება რომელსაც ძირითადის 10(ათი) ფეხბურთელი აკლია და ესენი პირველი წუთებიდან ტერ შტეგენს ეთამაშებიან, რომელიც ბრწყინვალე პასს აკეთებს აუტში. რა ჰქვია ამას ვინმემ მითხარით. ტიკი ტაკა გაგვიგია, მაგრამ შენმა მეკარემ და შენმა მცველებმა კი არ უნდა ითამაშონ ერთმანეთში, თავდამსხმელებმა და ნახევარმცველებმა უნდა ითამაშონ საჯარიმოს მისადგომებთან. და აი ამ დემბელეს შემხედვარე ვამბობთ რომ ნეიმარი არ გვინდა?

    "დამბომ" იმედები არ გაგვიცრუა, გახვრიტა მეკარე ახლო მანძილიდან, განწყობა გამოგვიკეთა"...
    დამბომ გახვრიტა? სერიოზულად? რით დაარტყა გახსოვთ? ბუციც კი ვერ მოარტყა ბურთს. გეტრების ქვეშ რო დამცავი "შიტები" უკეთიათ აი იმით "გახვრიტა". და არავინ იცის საით წავიდოდა ესე დარტყმული, რო არა ღმერთი, რომელიც ამ წელს ყველაზე მეტს გვეხმარება.
    ფანი [?]
    #4 6 აპრილი 2021 10:07
    3
    თავდამსხმელი არ ვიცი და დაცვის კაცი აუცილებლად მოსაყვანია , ლენგლესა და უმტიტს შორის რომ გიწევს არჩევანის გაკეთება უკვე მიანიშნებს როგორც გვიჭირს

    ჩემს პუჩს ძაან მიჩაგრავს კუმანი , უნდა გაიზარდოს პუჩსაც , მორიბასაც , ტრინკაუ მომწონს არ ეშინია რისკის , ცოტა დავიღალე იდეალური პოზიციიდანაც რომ პასებს აკეთებენ , დაარტყი იქნება იტან
    Culé [?]
    #3 6 აპრილი 2021 09:58
    5
    კარგი მიმოხილვა, რა თქმა უნდა ცოტა გაგვიმართლა,მაგრამ თუ გავიხსენებთ,რამდენჯერ დაგვჩაგრა ფეხბურთის ღმერთმა,ამას არაუშავს,ისე ასეთი არა ადეკვატური მსაჯები არ უნდა ინიშნებოდეს თამაშებზე.
    წევრი [?]
    #2 6 აპრილი 2021 09:39
    1
    მე მაინც მგონია ელ კლასიკო გადაწყვიტავს წლევანდელ ლა ლიგის გამარჯვებულს.
    დახუჭული თვალით ვუყურებდი მესის ყვითელის მეშინოდა ყველაზე მეტად
    წარმოუდგენელი ჩანდა თითქოს
    ახლა ტყვილად არ გავანიავით ქულები და ჩვენია წელს ლა ლიგა
    ფანი [?]
    #1 6 აპრილი 2021 09:31
    3
    ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო და აღებაც შევძელით, თან სანაკრებო პაუზის შემდეგ. კუმანს კიდე ყოჩაღ, პირველ რიგში იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძვის გუნდი და არ ეშვება, თან უკვე მერამდენედ ამ სეზონში.
    სტატია როგორც ყოველთვის👌