მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი
- 17-02-2021, 06:42
-
ფეოლა
- 30

მატჩის წინ აღვნიშნეთ, რომ მბაპეს შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა. მხოლოდ ერთი ვარიანტი გვრჩებოდა, თავად მას უნდა გაეფუჭებინა მომენტები, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც შექმნა, ყველაფერი გოლად აქცია, ასპრილასა და შევჩენკოს შემდეგ, გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ თრიქი შეასრულა.
ისევ განადგურება, ისევ სირცხვილი, ამეჯარდ საკუთარ კედლებში.
კუმანის გარდამტეხი შცდომები
რისკის გარეშე არ გამოდიოდა, დაცვის ხაზში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, ყველაფერი რისკის შემცველი იქნებოდა, რაღაცამ გაამართლა, რაღაცამ ვერა. მაგალითად, ჟერარ პიკემ მაქსიმუმი გააკეთა იმ მცველის კვალობაზე, რომელსაც სამი თვეა არ უთამაშია. გარდა ამისა, შემოიტანა ის, რაც ასე გვაკლდა, ფეხბურთელებს მუდმივად აძლევდა მითითებებს და ხანდახან შენიშვნებსაც, თუმცა, ეს კარგი თამაშისთვის საკმარისი არ არის.
დესტის დაყენება ძალიან დიდი შეცდომა იყო და ახლა განვმარტოთ ის, რატომ არ აქვს ამ გადაწყვეტილებას გამართლება. მას შემდეგ, რაც დესტსა და მინგესას თვალს ვადევნებთ, ზუსტად ვიცით ორი რამ - დესტი შეტევაში უკეთესია, მინგესა დაცვაში. ამას წყალი არ გაუვა, პატარა ბავშვიც კი ყველაფერს მიხვდება, კუმანმა მეორე ნომრად თამაში არჩია, თან ისე, რომ განაპირა მცველებს მაქსიმალურად შეუზღუდა შეტევაში წასვლის უფლება, ესე იგი, მეორეხარისხოვანი გახდა სერჟინიოს შემტევი პოტენციალი და პირველხარისხოვნად იქცა დაცითი ფუნქციები. მიუხედავად ამისა, რონალდ კუმანმა, თავისივე არჩეული ტაქტიკისთვის, შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო.
აბსურდი!
აქ უნდა გამოევლინა მთავარ მწვრთნელს სიტუაციის სწორად შეფასების უნარი, მაგრამ მსგავსი არაფერი აღმოაჩნდა.
დესტს ლა ლიგაში ჯაბნიდა ყველა, ზოგი მასზე ნელი იყო, ზოგი ბევრად ნელი იყო, მაგრამ მაინც ჩაგრავდნენ. ერთი-ერთზე ძალიან სუსტია, ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მისი სისწრაფის გამო, რბილად, რომ ვთქვათ იდიოტიზმი იყო.
შეცდომა გამოდგა გრიზმანისა და დემბელესთვის ნახევარმცველების ფუნქციის მინიჭება. ორივეს ევალებოდა, რომ პსჟ-ის განაპირა მცველებს გამოყოლოდნენ, ორივესთვის ძალიან უჩვეულოა ასე თამაში, განსაკუთრებით გრიზმანისთვის, თავის ინიციატივით ხშირად ჩამოდის უკან, მაგრამ როცა მუდმივად ევალება ის, რაც კარიერაში არასდროს უკეთებია, ერთხელ მაინც ჩავარდება.
პირველი გოლი ასე მივიღეთ, დესტი ცენტრში შეიწია და კურზავა დემბელეს დაუტოვა, დემბელეს კი ჩამოეძინა.
მეორე გოლიც ანალოგიურად, ამჯერად გრიზმანს ჩამოეძინა, გასაგებია, რომ დესტი ჩარჩა, მაგრამ სანტიმეტრებზეა ლაპარაკი, ამას მსოფლიოში ვერცერთი მცველი ვერ გათვლის, მით უმეტეს, სისწრაფეში, აქ მთავარი შეცდომა ის იყო, რომ გრიზმანმა დავალება არ შეასრულა.
ვიდეოანალიზის დროს, რა თქმა უნდა, მივუბრუნდებით გოლებს და ყველაფერი დეტალურად გამოჩნდება.
სანამ საბოლოოდ შევაფასებდეთ კუმანს, დავსვათ მთავარი კითხვა - რატომ არჩია მეორე ნომრად თამაში?
მბაპესი შეეშინდა, სწორადაც შეეშინდა, მაგრამ საფრთხეს რაციონალურად უნდა დახვედროდა. ჩვენ საკუთარ უპირატესობებზე ვთქვით უარი, მხოლოდ იმიტომ, რომ მბაპესთვის მჭიდრო დაცვა დაგვეპირისპირებინა და არა გახსნილი ზონები. (როგორც მეოთხე გოლის დროს გაიხსნა).
თამაშის წინ, მბაპე ფოკუსში მოვაქციეთ და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა მას დიდ სივრცეს მივცემდით თუ მცირეს, ასეთ დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში გადაუვლიდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი იარაღი ისევ კრუიფის ფილოსოფია იქნებოდა - "საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა." დაუმალე ბურთი და ნაკლები შანსი ექნება. ყოველთვის ამ გზით დავდიოდით, მაგრამ "ბარსაში" უამრავი რამ შეიცვალა და ის რაც ვნახეთ, უკვე აღარ გვიკვირს.
კუმანმა აირჩია არასწორი ტაქტიკა.
საკუთარ არჩეულ ტაქტიკას მოარგო შეუსაბამო ფეხბურთელები.
გარდა გუნდური დავალებებისა, დემბელეს და გრიზმანს დაავალა ის, რასაც ვერაფრით თავს ვერ გაართმევდნენ.
აბსოლუტურად მოწყვიტა თამაშს ლიონელ მესი. - თუ მეორე ნომრად თამაშობ და ცენტრფორვარდად მესი გყავს გამწესებული, რაღა დარჩენია, გარდა იმისა, რომ სტანდარტულ მდგომარეობას დაელოდოს?!
ჰოლანდიელი ყველაფერში შეცდა. ასეთი შეცდომები არ ეპატიება.
დაცვის ხაზი
დესტზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა მეორე კომიკურ ამბავს შევეხოთ. როცა "ბარსას" შეტევა დასჭირდა, მოედანზე დესტის ნაცვლად მინგესა გამოვიდა და კვლავ შეგვახსენა, რომ ჩაწოდება არ შეუძლია. როლები ისევ აირია, დესტს კარგი დაცვა მოთხოვა და მინგესას კარგი შეტევა.
ლანგლე იყო კატასტროფა! უმტიტი როგორი იქნებოდა? დიდი ალბათობით, იდენტურად შეგვარცხვენდა. ყოველ შემთხვევაში, პსჟ-მდე ორივემ გვანახა, რომ მათი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
ალბაზე რა ვთქვათ? "ბარსას" ორი გააზრებული კომბინაცია აქვს დამუშავებული, ერთი დე იონგის სიღრმიდან შერბენა და მეორე, მესის პასი ალბაზე. ამ თამაშში ეს უკანასკნელი იარაღიც დავკარგეთ.
ნახევარდაცვა
საერთოდ არ ვიცი, როგორ შეიძლება ვინმე დადებითად შეფასდეს. პედრის შეცდომებს სახიფათო მომენტები მოჰყვა, პირველ ჯერზე მოიზე კინის გარღვევა დე იონგმა შეაჩერა, გაბითურებული ლანგლე დააზღვია, მეორე ჯერზე მბაპემ ერთი-ერთზე დატოვა იკარდი და მისი დაბალი კლასის გამო გადავრჩით.
ბუსკეტსი იყო ძალიან ნელი და ინერტული, დე იონგი კი უბრალოდ დაკარგული. ალაგ-ალაგ რაღაც დადებითი შეიძლებოდა დაგენახა, პირველ ტაიმში, მაგრამ საერთო ჯამში, გუნდური თვალსაზრისით, ძალიან დავიჩაგრეთ.
შეტევა(?)
გრიზმანს ორი კარგი მომენტი შეექმნა, ერთხელ პედრის კარგი პასის შემდედ, მომეჩვენა, რომ დარტყმა დააგვიანა, ალბათ, ერთი შეხებით თამაში სჯობდა, მეორედ კი ნამდვილად კარგი გარღვევა შემოგვთავაზა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.
იყო ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მას მერე, რაც დე იონგის ტრადიციულ შერბენას პენალტი მოჰყვა და ანგარიში გავხსენით, მეტოქე ცოტა დაიბნა და მაშინვე შეგვექმნა მეორე მომენტი, რომელმაც "ლივერპული" გამახსენა. ამჯერადაც დემბელემ დაიწყო ყველაფერი, მესისგან ბურთი ზუსტად იმ პოზიციაში დაუბრუნდა, რა პოზიციაშიც "ლივერპულთან" და ანალოგიურად დაარტყა, პირდაპირ ხელებში მეკარეს! არც სიზუსტე, არც ძალა, არც რაიმე განზრახვა, არც მონდომება, უბნის მოედანზე შემოვარდნილი მთრალივით მოიქნია, ეგრე ჯაპანაც არ ურტყამს ყოფილი პრეზიდენტის პაროდიის დროს. ძალიან გაუგებარი ამბავია, აი, გრიზმანის დარტყმას კიდევ გაუგებ რაღაცას, იცი სად ურტყამდა, რა ჩაიფიქრა, როგორ გადაწყვიტა, მაგრამ არ გამოვიდა, ფეხბურთია, ხდება ხოლმე, მაგრამ დემბელე რას აპირებდა, ან იქ, წლების წინ, ან აქ, ამ გადამწყვეტ მომენტში, წარმოდგენა არ მაქვს.
ერთი წამითაც ვერ გაიაზრა, რომ მატჩის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ამ ბიჭს თავში სერიოზული პრობლემები აქვს.
მესი და მთავარი პრობლემა
რა არის მთავარი პრობლემა? "ბაიერნთან" განადგურების მერე, ხელმძღვანელობამ პრობლემებს მიწა მიაყარა. ვითომ არაფერი მომხდარა, ვითომ კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი არ განგვეცადოს, მესის ეპოქაში! ყველაფერი ხელუხლებელი დატოვეს, თუ ფეხბურთელების გაშვებას არ მივიღებთ მხედველობაში, აი მოსვლით, მხოლოდ ბავშვები მოვიდნენ და ხურდაში გადმოგდებული პიანიჩი.
მეტი არ შეგვიძლია, გაკოტრების პირას ვართო, ჰოდა, მივიღეთ იგივე შედეგი. გავნადგურდით, თანაც სახლში, ნეიმარისა და დი მარიას გარეშე დარჩენილ პსჟ-თან.
რა გველის წინ?
მთავარი მატჩი უკვე "სევილიასთან" განმეორებითი შეხვედრაა და არა პარიზის სპარინგი. თუმცა, პარიზში ჩასულებმა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, "ბარსა" ასე შეშინებული ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ ყოფილა.
სამწუხაროდ, ყველაფერი ძალიან ადრე მთავრდება. საფრთხეა, რომ უამრავი თამაშის უმოტივაციოდ ჩატარება მოგვიწიოს, ასეთ დროს კი მესის წასვლის შანსები ძალიან გაიზრდება. აღარ აქვს მნიშვნელობა, ლაპორტა მოვა, ფონტი თუ ვანჩოპე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 30 ]