11 გამორჩეული მატჩი "სევილიასთან"

11 გამორჩეული მატჩი "სევილიასთან"

 ხვალ მესის საყვარელ კლუბს დავუპირისპირდებით, „სევილიასა“ და „ბარსელონას“ მატჩების ისტორია დიდად საინტერესო არასდროს ყოფილა, მაგრამ მესის გამოჩენის შემდეგ ეს ამბავიც შეიცვალა, თუმცა, მესიმდეც იყო 2-3 შეხვედრა, რომლის გახსენებაც ღირს.

ყველაზე დრამატული ფინალი

1993/94 წლების სეზონის ფინალი განსაკუთრებულად დრამატული გამოდგა, ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე "დეპორტივო" იყო, მეორეზე "ბარსა", "დეპორს" სახლში "ვალენსია" უნდა დაემარცხებინა და გაჩემპიონდებოდა, მაგრამ მატჩი 0:0 დასრულდა. 

პარალელურად "ბარსა" "სევილიას" მასპინძლობდა და აუცილებლად უნდა მოეგო თავის შეხვედრა. კრუიფი დილემის წინაშე იდგა, წინა სტატიაში უკვე ვახსენე ლეგიონერების შეზღუდვის ამბავი, მატჩი მოსაგები იყო და შემტევი ტრიო მოედანზე გავიდა, შესაბამისად, სკამზე დარჩა რონალდ კუმანი. პირველი ტაიმის შემდეგ ისე ჩანდა, რომ კრუიფმა შეცდომა დაუშვა, რადგან კუმანის გარეშე დაცვა დასუსტდა და "ბარსამ" ტაიმი 2:1 წააგო. გოლები დიეგო სიმეონემ და დავორ შუკერმა გაიტანეს. ჩვენი მხრიდან სტოიჩკოვმა იხეირა. 

მეორე ტაიმში შემტევებმა კრუიფის მოლოდინი გაამართლეს, სტოიჩკოვმა გაათანაბრა, რომარიომ წინ გაგვიყვანა, ლაუდრუპმა ორბურთიანი უპირატესობა მოგვცა და ბაკერომ საკონტროლო გასროლა განახორციელა - 5:2! გავჩემპიონდით! 
მეორე ტაიმის შუაწელს, რომარიოს ნაცვლად მოედანზე კუმანი გამოვიდა და "სევილიელებს" შეტევაში შანსი აღარ ჰქონიათ. 

შეუჩერებელი რონალდინიო

2005 წლის შეხვედრა მეტად განსაკუთღებული გამოდგა, რადგან „სევილიას“ ოთხი მცველის გარდა, ნახევარდაცვის ფლანგებზე მომავალი „ბარსელონელები“, დანი ალვესი და ადრიანო ჰყავდა, ფლანგზე რონალდინიოს შეჩერებას დანი ალვესი და სერხიო რამოსი ერთად ცდილობდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, პიკში მყოფი რონის შეჩერება შეუძლებელი იყო, გაერთო, იფრინა, რაც სურდა ის გააკეთა, ბევრი ლამაზი მომენტი გვაჩუქა და გოლიც ძალიან ლამაზი შეაგდო, სერხიო რამოსმა, რომ მოედანი დატოვა ანგარიში უკვე 3:0 იყო.

არადა, პირველი ტამის შემდეგ, ვერავინ იფიქრებდა, რომ „ბარსა“ გასვლაზე 4:0-ს მოიგებდა, ეს რაიკაარდის „ბარსას“ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოდგა. რონის გარდა გოლები ეტო’ომ და ჟულიმ გაიტანეს, ერთიც ჟულიო ბაპტისტამ შეაგდო თავის კარში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ანტონიო პუერტამ, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა.

დასასრულის დასაწყისი

სწორედ ასე შეაფასა ეს მატჩი კარლეს პუიოლმა, წლების შემდეგ თქვა, რომ ეს იყო რაიკაარდის ეპოქის დასასრულის დასაწყისი. სუპერ თასის ფინალს ფავორიტის რანგში ვეწვიეთ, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები ვიყავით, „სევილიამ“ კი ტრადიციულად უეფას თასი მოიგო.

3:0 წავაგეთ. ეს რაღაც ძალინ ცუდის მანიშნებელი იყო, მაგრამ მომდევნო ორ წელს თუ უტიტულოდ ჩავატარებდით ამის წარმოდგენა მაინც რთული იყო. კარლესმა მშვენივრად აღწერა ყველაფერი, რაიკაარდის და რონალდინიოს დასასრული ამ ფინალიდან დაიწყო.

დანი ალვესის მოგებული მატჩი

დიდი უცნაური ამბავი მოხდა, იყო მომენტი, როცა თავს დადებდა ადამიანი, რომ მოგებას ხელიდან არ გავუშვებდით, მაგრამ გავუშვით. რონალდინიოს გოლით 1:0-ს ვიგებდით, „სევილიას“ კაცი გაუგდეს და პენალტის უფლება მოვიპოვეთ, ასეთი იყო მოცემულობა, წესით ორბურთიანი უპირატესობა უნდა მიგვეღო და კაცნაკლულ „სევილიას“ კიდევ შევუგდებდით, მაგრამ სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. რონიმ ვერ შეაგდო, მეტოქემ ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო და დანი ალვესმა გადაგვირბინა! ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, მერე გოლიც გაგვიტანა, ამასთან ერთად მესის და რონალდინიოს წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, მერე ჟული გააგდებინა და უშანსოდ დავრჩით.

კარგი ის არის, რომ ალვესის შესაძლებლობებში ბოლომდე დავრწმუნდით და მის გამოსასყიდად ფული არავის დანანებია.

ფსიქოლოგიური ზეწოლა ლიონელ მესიზე

კარგად ვიცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესის ძალიან უჭირდა თერთმეტმეტრიანების გატანა. თუ რატომ და საიდან დაიწყო ეს ამბავი, ამას ახლა მოვყვები. როგორც წესი ბევრს იტანდა და ცოტას აფუჭებდა, მაგრამ კონკრეტულად ამ სეზონში ზედმეტად ბევრი გააფუჭა, ჯერ კიდევ მეცხრე ტურის შეხვედრა იყო, მთელი სეზონი წინ გვქონდა და გაფრთხილებასავით გამოვიდა, მესიმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო.

საქმე მხოლოდ იმაში არ იყო, რომ პენალტის შესრულება ბოლო წუთებზე მოუწია, გაიტანდა და მოვიგებდით, ანგარიში 0:0 იყო და კანუტემ უკადრებელი იკადრა, ჯერ ჩხუბი ატეხა და ფაბრეგასი კინაღამ მიახრჩო, მერე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მესის ბურთი გადაუგდო (სამწუხაროდ ეს ეპიზოდი მიმოხილვაში არ მოხვდა), ეზოს ბავშვივით იქცეოდა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ თავისას მიაღწია და მესიმ ვერ გაიტანა.

სწორედ ამას მოჰყვა იმავე სეზონში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი „ვალენსიასთან“ და რაც მთავარია ნახევარფინალში „ჩელსისთან“, საწყისი წერტილი, სწორედ კანუტეს მამაძაღლობა გამოდგა.

თუმცა, ეს ბარიერი გადალახულია, ლეო ისევ შედეგიანად ასრულებს დარტყმებს.

ტიტოს "ქამბექი"

მომწონდა ვილანოვას „ბარსა“, ჩემი დასაწუნი რა სჭირდა?! გვარდიოლას გზას მიყვებოდა და საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდიოდა, ეს მატჩიც იქამდე შედგა სანამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაგვტოვებდა, 2:0-ს ვაგებდით და საოცარი „ქამბექი“ ვიხილეთ.

53-ე წუთზე ფაბრეგასმა ანგარიში შეამცირა, 89-ეზე გაათანაბრა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე, ათი წუთის გამოსულმა დავიდ ვილამ გამარჯვების გოლი შეაგდო!

თბილისის ფინალი

ამ ფინალთან ყველას ჩვენი მოგონება გვაკავშირებს, ლოჟაში აღმოვჩნდი ვალერი გაზაევის გვერდით, დიდხანს ვგეგმავდი მისთვის გასაგებ ენაზე მეთქვა, რომ „ფეხბურთი მეტია, ვიდრე გაზაევი“, მაგრამ მაინც ვერ გავუბედე, თავხედობაში ჩამომართმევდა.

ვიღაც ბერძენის ადგილი მერგო, რომელმაც თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, უეფას თანამშრომელმა, აწგარდაცვლილმა დავით პეტრიაშვილმა გადმომცა მატჩზე დასასწრები ბილეთი და მომცა საშუალება, რომ ლიონელ მესი ასე ახლოდან მენახა.

თამაში ყველას გვახსოვს. კარგი იყო, ცოტა უცნაურიც, მაგრამ უხვგოლიანი და ლამაზი. მოკლედ, თბილისის შესაფერისი მატჩი გამოდგა.

ვალვერდეს ლამაზი ფეხბურთი

დიდი იშვიათობა ვნახეთ, წაგებული 2:0-ის შემდეგ „ბარსამ“ 6:1 დაამარცხა მეტოქე, ულამაზესი ფეხბურთი ითამაშა, საოცარი კომბინაციები გოლებით დაასრულა და ყველა კმაყოფილი დატოვა. „ქამბექს“ ვინ ჩივის, ისეთი ფეხბურთი აჩვენეს, რომ გვარდიოლა გაგვახსენდა, თუმცა, მცირე ხნით, ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა, უბრალოდ ერთი ბრილიანტი გამოერია.

სათქმელია ის, რომ ვალვერდეს „ბარსას“ მენტალური სიძლიერე ახასიათებდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფებში როგორღაც ქრებოდა, მართლა დაუჯერებელი ამბავია, რომ ასეთმა პრაგმატულმა მწვრთნელმა, ორი ასეთი მატჩი წააგო.

ანდრეს ინიესტას ბოლო ფინალი

ანდრესი მოგებით გავაცილეთ, „სევილიას“ ფინალში გადავურბინეთ, თავად ინიესტამაც უმაღლეს დონეზე ითამაშა და მთელი გუნდი იდეალურად გამოიყურებოდა, კითხვაც კი არ გაჩენილა თამაშის მიმდინარეობისას, უბრალოდ ვისიამოვნეთ იმით, რაც მოედანზე ხდებოდა.

უკეთესი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარიყო ანდრესის გაცილება, მაგრამ არც კოპას ფინალი იყო ცუდი. 

მესის სასწაული

რაღაცით წინა მატჩს ჰგავდა ამ მატჩის სცენარი, მესი მოედანზე 58-ე წუთზე გამოვიდა, „ბარსა“ 2:0-ს აგებდა და საბოლოოდ არ წააგო, აი ასე, მესი, რომ გამოდის ყველაფერი იცვლება, თუმცა, იმაზე გაცილებით დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე წინა შეხვედრაში, ლუის სუარესმა 88-ე წუთზე შეამცირა ანგარიში, ლიონელ მესიმ კი 89-ზე გამთანაბრებელი გაიტანა. თან რა გოლი!!!

მესის ბენეფისი

მესიმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თამაშის მერე იწერებოდა, რომ „სევილიას“ მარტომ მოუგო, ყველანაირი სილამაზის გოლი გაუტანა და თავის ძმაკაცსაც გაატანინა.

საერთოდ, მთელი სეზონი ისეთ დონეზე ჩაატარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს აუცილებლად იმსახურებდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. კარგია, რომ „ოქროს ბურთის“ მოპოვება მაინც შეძლო.

მესი ძალიან კარგ ფორმაშია და იმედს ვიტოვებ, რომ თავის საყვარელ მეტოქეს ამჯერადაც ცრემლად დაღვრის. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 10 თებერვალი 2021 21:08
    0
    დღეს, ანუ 10 თებერვალს ვთამაშობთ სევილიასთან პისხუანზე, კოპაზე,
    27 თებერვალს ისევ ვთამაშობთ სევილიასთან ნოუ კამპზე, ისევ კოპაზე.
    4 მარტს ისევ სევილიასთან, ისევ პისხუანზე, ამჯერად ლიგაზე.
    აუუუუუ, რა იყო, გვაჩუქეს სევილია?
    თუ სევილია აჩუქეს ბარსას? :) :) :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 თებერვალი 2021 02:30
    0
    მთლიანობაში ჩვენი ბულკია, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვართ. ისე კოპას ფინალებიც მახსოვს, კაცნაკლულმა ბარსამ გაძლო და დამატებითში მოვიგეთ და 5:0
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 თებერვალი 2021 21:14
    2
    მინიმალური ანგარიშითაც რო მოვიგოთ კმაყოფილი ვიქნები არაა საჭირო ძაან შეაკლან თავი განმეორებით თამაშზე ისედაც გადავუვლით სახლში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued