ბარსელონას ცხოვრება კრუიფამდე

ბარსელონას ცხოვრება კრუიფამდე

არსებობა კრუიფამდე და მის შემდეგ - „ბლაუგრანა“ ყოველთვის დომინანტი არ ყოფილა და მოისაკლისებდა იმ ფილოსოფიას, რომელიც კრუიფმა დანერგა. დღეს, „ბარსელონას“ კრუიფამდელ ცხოვრებაზე მოგიყვებით.

იოჰანი „ბარსას“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა - პირველად როგორც ფეხბურთელი, შემდეგ კი - მწვრთნელი. მან კატალონიური კლუბის გრანდად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. 1973 - ეს ის წელია, როცა საფუძველი წარმატების დასაწყისს ჩაეყარა - კრუიფი „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ რიგებში გადმოვიდა.

„მფრინავმა ჰოლანდიელმა“, რომელიც მოედანზე და მის გარეთ „ბარსელონას“ ნამდვილი თილისმა იყო, ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ დანერგა ის ფილოსოფია, რომლითაც წლების განმავლობაში „ლა მასიელები“ სწავლობდნენ. რთულია, „ბარსას“ ისტორიაზე მისი ხსენების გარეშე ვისაუბროთ.

მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ბლოგში დიდ იოჰანამდე არსებულ მოვლენებს შევეხებით, რადგან „ბარსელონას“ ისტორიას დასამახსოვრებელი მომენტები მანამდეც ჰქონია. განსხვავება ისაა, რომ მანამდე ჩვენი საყვარელი კლუბი არასტაბილური იყო - გუნდი ესპანეთის მასშტაბით ძლიერი გახლდათ, თუმცა ევროსარბიელზე მოიკოჭლებდა. როგორც მომავალმა გვაჩვენა, ამისთვის კრუიფი იყო საჭირო.

დასაწყისი

1899 წელს „ბლაუგრანას“ დაარსების შემდეგ, კლუბს განსაზღვრული სათამაშო სტილი არ გააჩნდა. როგორც ვთქვით, ესპანეთში „ბარსა“ ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდა, თუმცა არა მათი ტაქტიკური კვალიფიკაციის, არამედ კატალონიის კულტურისთვის მათი ბრძოლის გამო. „ბარსელონა“ იოჰანამდე ცუდი არ ყოფილა და დიდ წარმატებებს მიაღწია.

საწყისი წლებში ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, როგორებიც ჟოან გამპერი (კლუბის დამაარსებელი) და კარლეს კომამალა არიან. პირველ დეკადაში, მათ 8 ტიტული მოიპოვეს. გამპერმა - გუნდის ინსპირაციამ - ფეხბურთელის რანგში 4 სეზონი გაატარა, სტატისტიკა კი ნამდვილად გამაოგნებელია: 123 გოლი 54 მატჩში! - ეს შედეგი თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია.

პაულინო ალკანტარა - პირველი სუპერვარსკვლავი

პაულინო „ბარსელონას“ 1911/12 წლების სეზონში შემოუერთდა და კლუბის ისტორიაში პირველი აზიელი ფეხბურთელი გახდა, ისევე როგორც - პირველი სუპერვარსკვლავი. ალკანტარა ფილიპინელი იყო და ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშობდა. ის კატალონიის დედაქალაქში 1916 წლამდე დარჩა, თუმცა ორი წლის შემდეგ, 1918 წელს დაბრუნდა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 1927 წლამდე, კარიერის დასრულებამდე ეცვა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის ოჯახი კატალონიაში საცხოვრებლად მაშინ გადმოვიდა, როცა მომავალი ფეხბურთელი 3 წლის იყო.

ამ პერიოდში ფილიპინელ-ესპანელი (მისი მამა ესპანელი იყო, დედა კი - ფილიპინელი) მოთამაშე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და კატალონიური გრანდის წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. სწორედ მის გამო, საჭირო გახდა, რომ ახალი სტადიონი გახსნილიყო - კლუბმა „ლეს კორტესი“ ააშენა, მანამდე კი იგი „ელ კამპ დე ლა ინდუსტრიაზე“ ასპარეზობდა, რომელმაც 1909 წლიდან 1922 წლამდე იარსება. ამის საჭიროება იმან განაპირობა, რომ პაულინიოს თამაშის სანახავად მოსული პუბლიკა ძველ არენაზე ვერ ეტეოდა, ვინაიდან, ამ უკანასკნელის ტევადობა 6 ათასს შეადგენდა, დაინტერესებულ ხალხთა რიცხვი კი ბევრად მეტი გახლდათ. როგორც ცნობილია, ხალხი სტადიონზე მის სანახავად დადიოდა.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ, როგორც ამბობენ, მას იმდენად ძლიერი დარტყმა ჰქონდა, რომ მეტოქის კარის ბადის გახევა შეეძლო და ეს მითი არ ყოფილა - ესპანეთის ნაკრების მაისურით საფრანგეთის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მან მოწინააღმდეგის კარის ბადე ნამდვილად გახია. შესაბამისად, უცნაური არაა, რომ ის მეკარეებს თავზარს სცემდა.

ალკანტარას წელზე ყოველთვის შარფი ეკეთა, როგორც თამაშის დროს თავისი ელეგანტურობის სიმბოლო. ფილიპინელი ძალიან გამხდარი და დაბალი ადამიანი იყო. მისი სიმაღლე 170 სანტიმეტრი გახლდათ, რის გამოც მედიამ მას „ლა პულგა“ შეარქვა - სახელი, რომელიც დღეს ლეო მესის ეწოდება. მან 134 გოლი გაიტანა, თუმცა პაულინოს პენსიაზე გასვლიდან (1927) ერთი წლის შემდეგ, ლა ლიგამ ბურთების ოფიციალურად დათვლა დაიწყო. როგორც ვიცით, მან ოპონენტთა კარის ბადე 400-ზე მეტჯერ შეარხია.



ოქროს ხანა - 1919-1929

მაშინ, როცა პაულინო ბრწყინავდა, „ბარსელონაში“ ასევე ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჟოზეპ სამიტიერი, რიკარდო სამორა, ემილი საგი-ბარბა, ვისენს პიერა და სანჩო არიან. ლეგენდარულმა კოლექტივმა უამრავი გულშემატკივარი შეიძინა და, როგორც ვთქვით, 1922 წელს „ლეს კორტესიც“ აშენდა - პირველი სტადიონი, რომელიც კლუბის მფლობელობაში იყო. მისი ტევადობა 25 000 ქომაგს შეადგენდა, თუმცა წლების შემდეგ ამ რიცხვმა 60 000-მდე მიაღწია. სწორედ ამ დროიდან საფუძველი ჩაეყარა დერბის, რომელიც დღემდე გრძელდება - კატალონიური დაპირისპირება „ბარსელონასა“ და „ესპანიოლს“ შორის. როგორც გადმოცემით ვიცით, როცა ამ გუნდების ერთ-ერთი შეხვედრა იმართებოდა, „ლეს კორტესი“ სავსე იყო.

1919 წელს „ბარსაში“ სამორას დებიუტი შედგა, რომელიც იმ ეპოქის საუკეთესო მეკარე იყო. რიკარდო „ესპანიოლიდან“ გადმოვიდა და „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში მხოლოდ 3 წელი დაჰყო. მოგვიანებით, იგი ყოფილ კლუბში დაბრუნდა. ხსენებული მეკარის წასვლა იმან გამოიწვია, რომ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სამორას მიერ მოთხოვნილი ხელფასი ვერ გადაიხადა და თანხა ვერ გაუზარდა. რიკარდოს ტალანტი ნამდვილად უნიკალური იყო. შეგახსენებთ, დღეს მისი სახელობის ჯილდოც არსებობს, რომელსაც ის კარის დარაჯი იღებს, რომელიც პრიმერა დივიზიონის ეგიდით ყველაზე ცოტა გოლს გაუშვებს.

საუკუნის დასაწყისში „ბარსელონა“ 3-4-3 სქემით თამაშობდა, სადაც მთავარი როლი სამიტიერს ეკუთვნოდა - ის როგორც გარებარბის, ასევე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ესპანელი „ბლაუგრანაში“ 1919 წელს, 17 წლის ასაკში აღმოჩნდა. ის ალკანტარას მემკვიდრე იყო, რომელიც საბოლოოდ მასზე პოპულარული გახდა. ჟოზეპი ბარსელონას სოციალურ კულტურაზე დიდ ზეგავლენას ახდენდა.

ამ ათწლეულის განმავლობაში, „ბარსამ“ კოპა დელ რეის 5 თასი აღმართა - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. აღნიშნული ტურნირი მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე პრესტიჟული გათამაშება იყო, სანამ 1929 წელს ლა ლიგა შეიქმნებოდა.

შესანიშნავი გუნდური თამაშის წყალობით, კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი რბოლა მადრიდის „რეალს“ 2 ქულით მოუგო და დეკადა თავისთვის საუკეთესოდ დაასრულა - 8 კატალონიის ჩემპიონატი, 5 ესპანეთის თასი (კოპა დელ რეი) და პირველი პრიმერა დივიზიონი.

ეჭგვარეშეა, რომ „ბარსელონამ“ დიდი გუნდობისკენ დიდი ნაბიჯი გადაგდა და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მიმზიდველი ადგილსამყოფელი გახდა. სამიტიერმა ოფიციალურად 184 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი 400-ზე მეტი ბურთი დაკარგულია. კულეების საყვარელმა მოთამაშემ 1932 წელს კლუბი დატოვა და „ბლანკოსში“ გადავიდა.

ბნელი ეპოქა - 1930-1939

დიდებული წლების შემდეგ, „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ რთული პერიოდი დაუდგათ, რამაც სათავე 1930 წლიდან აიღო, როდესაც ჟოან გამპერმა, პირადი მიზეზების გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს კატალონიელთათვის დიდი დარტყმა იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ფანები უფრო მეტად პოლიტიკურ საკითხებში იყვნენ ჩართულნი, ვიდრე - ფეხბურთში. სპორტის საუკეთესო სახეობა ისეთი რამ გახდა, რითაც დაინტერესებული არავინ იყო.

ამ დროს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო (1936-1939), რისი „შემოქმედიც“ გენერლი ფრანსისკო ფრანკო გახლდათ. მას სურდა, კატალონიური კულტურა გამქრალიყო, თუმცა კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბარსელონა დაეცვა. „ლეს კორტესი“ ერთადერთი ადგილი გახდა, სადაც „ბარსელონას“ შეეძლო, საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლა. 1935 წლის ივლისში „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოზეპ სუნიოლი გახდა, რომელიც კატალონიური იდეალებით გაჯერებული და კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მიმდინარეობის ლიდერი იყო. სუნიოლა კლუბისა და კატალონიის იმედი გახლდათ, სანამ 1936 წელს მას ფრანკოს ჯარი სიცოცხლეს გამოასალმებდა.

შედეგად, „ლურჯ-ბროწეულისფერებმა“ ათლწეული ტიტულის გარეშე დაასრულეს. გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და არავის სურდა, ავტორიტეტთა წინააღმდეგ მებრძოლი „ბარსასთვის“ თამაშით სახელი გაეფუჭებინა და კარიერისთვის შავი ლაქა დაესვა. ომის გამო, 1936/37 წლების ლა ლიგის სეზონი გაუქმდა. ამ ყველაფრის ფონზე, „ბლაუგრანა“ დაშლის პირას იყო, ვინაიდან, კლუბში ფინანსური კრიზისი სუფევდა და თანაც, ფრანკოს რეჟიმის ქვეშ არსებობდა. თუმცა, სწორედ ამ დროს, „ბარსელონამ“ ამერიკული ტურნე მოაწყო, რომელმაც გუნდი გადაარჩინა, რის შემდეგაც „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებაც კი განიხილებოდა.

ახალი დასაწყისი

„ბარსელონას“ ახალმა სახეებმა, სესარ როდრიგესმა და მარიანო მარტინმა გულშემატკივართა გულები მალევე მოიგეს და მათი სიყვარული მოიპოვეს, განსაკუთრებით - სესარმა. ეს შენაძენები კლუბს ფეხზე წამოდგომასა და ყველაფრის ახლიდან დაწყებაში დაეხმარა. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ესტანისლაუ ბასორას ტრანსფერი - ერთ-ერთი საუკეთესო გარემაბის, რომელიც „ბარსას“ ოდესმე ჰყოლია. აგრეთვე, ანტონი რამალეტსის მოსვლა, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთსო მეკარეა. ამის შემდეგ „ლურჯ-ბროწეულისფერები“ ახალი საფეხბურთო გამოწვევებისა და დაკარგული პრესტიჟის დაბრუნებისთვის მზად იყვნენ.

1944/45 წლებში სამიტიერი კლუბში დაბრუნდა, ამჯერად - მწვრთნელად. ამ სეზონში ჟოზეპი 3-3-4 ტაქტიკას იყენებდა, რომელიც სესარს იდეალურად ეგრებოდა. აღნიშნულმა ფორმაციამ წარმატება მოიტანა - „ბარსამ“ 10 წელზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ, ლა ლიგა მოიგო. როდრიგესი ტექნიკური შემტევი იყო, სისწრაფით გამორჩეული, შეეძლო ორივე ფეხით თანაბრად თამაში, ჰქონდა მკვლელის ინსტინქტი და კარგი იყო მეორე სართულზე ბრძოლაშიც. სესარი „ბლაუგრანასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.

სამიტიერმა თავისი სამწვრთნელო მოღვაწეობა 1946/47 წლების სეზონში დაასრულა და პოსტი თავის მემკვიდრეს, ენრიკე ფერნანდესს დაუთმო, რომელმაც პრიმერა დივიზიონი ზედიზედ ორჯერ მოიგო. იგი გუნდს 4-3-3 სქემით, ძალიან შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა, რაც კრუიფის „ბარსელონას“ ჰგავდა. 1949 წელს „ბარსელონამ“ პირველი ევროპული ტურნირი - ლათინური თასი მოიგო, რომელსაც შემდგომ ევროპის თასი დაერქვა. ეს საკმაოდ პატარა გათამაშება იყო, რადგან მასში მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა.



ლადისლაუ კუბალას ერა

1950 წელს „ბარსელონაში“ ლადისლაუ კუბალა გადმოვიდა, რომელიც კლუბის ლეგენდად იქცა. უნგრელი ფეხბურთელი პუბლიკას ინოვაციურ ტექნიკურ მოძრაობებს სთავაზობდა, რაც მანამდე არავის ენახა, განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო მისი დარტყმის სტილი. ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით, ესპანეთსა და ევროპაში „ბარსას“ დომინაცია დაიწყო. ლასლო რევოლუციონერი და ქარიზმატული მოთამაშე იყო, რომელმაც ქომაგთა მხრიდან დიდი სიყვარული მიიღო. „ბარსელონიზმის“ მითიური ფიგურა „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ წარმატებაზე პასუხისმგებელი გახლდათ. 1951/52 წლების სეზონში, კლუბმა ყველა შესაძლო ტიტული (5) მოიპოვა, რაც კუბალას ეპოქაში უცხო არ იყო.

60 000-იანი „ლეს კორტესი“ ლადისლაუს თამაშის სანახავად მუდმივად გადაჭედილი იყო. არც პაულინოს, არც სამიტიერს და კრუიფსაც კი - არცერთს ფანებზე ასეთი გავლენა არ ჰქონია. შესაბამისად, ნათელი იყო, რომ „ბარსელონას“ კვლავ ახალი სტადიონი სჭირდებოდა - „კამპ ნოუ“... ეს შესაძლებელს გახდიდა, ლასლოს თამაშის სანახავად მოსული მასა სტადიონზე დატეულიყო. ახალი არენის შენება 1955 წელს დაიწყო და 1957-ში დასრულდა, მისი ტევადობა კი დაახლოებით 99 000 მაყურებელია.

1953 წელს „ბარსამ“ „რივერ პლეიტთან“ ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ამავდროულად, მადრიდის „რეალი“ კოლუმბიურ კლუბთან, „მილიონარიოსთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი არალეგალურად ასპარეზობდა. ამიტომ, FIFA-მ, ფრანკოს მთავრობასთან ერთად, გადაწყვიტა, რომ დი სტეფანო 2-2 სეზონს ორივე კლუბში ითამაშებდა. „ბლანკოსის“ სასარგებლოდ, ისინი კორუფციულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. საბოლოოდ, „ბარსელონა“ ვერდიქტის საწინააღმდეგოდ წავიდა და ალფრედოზე უარი თქვა. კუბალას „ბლაუგრანა“ და დი სტეფანოს „რეალი“ წლების მანძილზე ესპანეთში ჰეგემონობისთვის იბრძოდნენ.

„ელ კლასიკო“ როგორც პოლიტიკური, ისე სპორტული კუთხით ისტორიული დაპირისპირება გახდა - ეს იყო მემარჯვენეების იდეოლოგია მემარცხენეების წინააღმდეგ: კუბალა დი სტეფანოს პირისპირ.

შენიშვნა: „რივერ პლეიტი“ იყო კლუბი, რომელიც დი სტეფანოს უფლებებს ფლობდა, თუმცა ალფრედო „მილიონარიოსში“ ირიცხებოდა.

1954 წელს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ლუის სუარეს მირამონტესი გამოჩნდა, რომელიც კუბალას შეუწყვილდა. იგი განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო. 1960 წელს, „ბარსელონას“ ფეხბურთელის რანგში, მირამონტესმა „ოქროს ბურთი“ მოიგო და დღემდე ერთადერთი ესპანელია, რომელიც ხსენებულ პრიზს დაეუფლა. სუარესი გუნდური მოთამაშე იყო, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და ასევე საყრდენი ზონის გამაგრება შეეძლო. ლუისისთვის ფლანგს მნიშვნელობა არ ჰქონდა და „ბლაუგრანას“ ნამდვილი ორგანიზატორი იყო.



მეტი, ვიდრე კლუბი

1960/61 წლები დომინაციის დასასრული აღმოჩნდა, რაც კუბალას კარიერის დასრულებამ და ლუის სუარესის „ინტერში“ ტრანსფერმა განაპირობა. სპორტში მიღწეული დიდების შემდეგ, „ბარსელონა“ მეტი გახდა, ვიდრე კლუბი. გუნდის ღირებულებებითა და დისპიცლინით გაჯერება უკვე დაწყებული იყო. მეტი, ვიდრე უკვე გახლდათ. გარდა ამისა, ამ პერიოდში მოხდა სატელევიზიო ბუმი და გულშემატკივარმა საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციები იხილა.

1968 წლის 17 იანვარს, ინაუგურაციაზე, პრეზიდენტმა ნარსის დე კარერასმა ისტორიული სიტყვები წარმოსთქვა: „ბარსელონა“ მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი“. ეს ფრაზა „ბარსას“ სლოგანად იქცა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დევიზია. ფრაზა, რომელშიც ყველა კატალონიელისა და კლუბის ისტორია იკითხება, ეს ყველაფერი კი ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითია.

1960-იან წლებში „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ გაუჭირდათ, აღარ გვხვდებოდა დიდი სახელები, კარლეს რეშაკის მსგავსი ფეხბურთელები კი ბევრნი არ იყვნენ. პაულინო ალკანტარა, სამიტიერი, კუბალა და თუნდაც სუარესი - კლუბს ყველა მათგანი აკლდა. გარდა ამისა, „ბარსას“ გოლეადორი აღარ ჰყავდა, გუნდმა ყველაფერი დაკარგა.

საბოლოო ჯამში, ვარსკვლავების ძებნის ჟამს, „ბარსელონამ“ მთავარ მწვრთნელად რინუს მიხელსი დანიშნა, რომელმაც 1970-იანების „აიაქსში“ დიდ წარმატებებს მიაღწია. მარინუსის ჩამოსვლამ კატალონიურ გრანდში თავისი ყოფილი შეგირდის, იოჰან კრუიფის ტრანსფერი გამოიწვია. 1973 წელს „მფრინავი ჰოლანდიელი“ „ბლაუგრანაში“ გადმოვიდა, რათა კლუბის მორიგი ვარსკვლავი გამხდარიყო და, ამავდროულად, როგორც შემდეგში ვნახეთ, მან „ბარსას“ ისტორია შეცვალა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #7 31 იანვარი 2021 15:03
    0
    ძალიან მაგარი ბლოგია, რომელიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ყოჩაღ, ციცი ❤❤❤
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 იანვარი 2021 02:35
    1
    თავიდან ავტორს არ დავკვირვებივარ და ისე წავიკითხე ფეოლას ნაშრომი მეგონა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
    ყოჩაღ ციცი!👍
    Culé [?]
    #5 30 იანვარი 2021 21:41
    1
    ავტორს ყოჩაღ!! ეს და უკვე კრუიფის მოსვლის შემდგომი ეპოქა ერთად მთლიანად ისეთ ისტორიას ქმნის რომ სხვა კლუბს მსგავსი არც დაესიზმრება!!! სულ რომ ვერაფერი მოვიგოთ მარტო ისტორია გვაქვს უდიდესი და ყველასგან განსხვავებული❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #4 30 იანვარი 2021 21:36
    1
    კარგი სტატია იყო! მადლობა blush
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 იანვარი 2021 20:15
    1
    ყოჩაღ გოგონი, ძალიან საინტერესო იყო
    ფანი [?]
    #2 30 იანვარი 2021 19:41
    2
    ძალიან საინტერესო და მაგარი სტატიაა, ძალიან ბევრი ფაქტი არ ვიცოდი და ახლა უკვე ღრმა ცოდნა მაქვს❤️👏
    Culé [?]
    #1 30 იანვარი 2021 19:38
    1
    კაი სტატიაა ყოჩაღ ციცი!!
    123 გოლი 54 მატჩში😯😯😯
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "