ტოპ 5 პერფორმანსი "ვალენსიას" წინააღმდეგ
სტატია თავდაპირველად 2020 წელს გამოქვეყნდა.
"ვალენსიასთან" შეხვედრა ახლოვდება. ეს ის გუნდია რომელთანაც "ბარსას" შემტევებს განსაკუთრებულად კარგი შეხვედრები გამოსდით და რამდენიმე ასეთი მატჩი უკვე ლეგენდის ნაწილია. ხუთეულის შერჩევა მარტივი არ ყოფილა, რადგან მიღმა დარჩა რონალდინიოს 2005 წლის შეხვედრა, სადაც ძალიან მაგარ გოლს ერთი საგოლე პასიც მიაყოლა. მიღმა დარჩა ჩავი-ინიესტას მასტერკლასი, ულამაზესი გოლი და სრული დომინაცია, ასევე დანი ალვესის გაბრწყინება, თუმცა ჩემი ხუთეული ასეთი გამოვიდა და არა მგონია რაიმემ აზრი შემაცვლევინოს.
ანრის ჰეთთრიქი (2008-09)
"ბარსას" რთული კალენდარი ჰქონდა, ზედიზედ უწევდა თამაში "სევილიასთან" გასვლაზე, "ვალენსიასთან" და "რეალთან" სახლში. ეს ის დროა, როცა გვარდიოლას გუნდი დაიქოქა და გზად ყველაფერს ულაპარაკოდ გადაუარა. ასეთი რთული კალენდრიდან გამომდინარე ბევრი ელოდა, რომ სადღაც მაინც ფეხი დაუცდებოდათ, მაგრამ თურმე, პეპის რევოლუციას ვადევნებდით თვალყურს. "სევილია" 3:0 დაამარცხეს, მერე კი "ვალენსიაც" მიაყოლეს 4:0, ამ მატჩების მერე, შუსტერმა თქვა წარმოდგენა არ მაქვს ეს გუნდი როგორ უნდა დავამარცხოო და "კლასიკოს" წინ გადააყენეს.
"ვალენსიასთან" შეხვედრა სამუელ ეტო'ომ გამოტოვა, მოედნის ცენტრში მონაცვლეობით ვხედავდით ლიონელ მესის და ტიერი ანრის, ასევე განსაკუთრებული როლი ჰქონდა ამ შეხვედრაში დანი ალვესს და საერთოდ პეპმა ისეთი ამბები დაატრიალა გონზე მოსვლა ვერავინ მოასწრო.
ტიერიმ ჰეთთრიქი გაიფორმა და შესაძლოა, "ბარსელონურ" კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
მესის ჰეთთრიქი (2009-10)
ლეოს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი! ეს მატჩი კი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მესი კარიერის პიკში იყო, "ვალენსიასთან" გაბრწყინების მერე "სარაგოსაც" ნაწილებად დაშალა, ამ ყველაფერს კი "არსენალი" მიაყოლა ჩემპიონთა ლიგაზე. ასეთი მონაკვეთი მესის კარიერაშიც კი იშვიათი იყო.
მატჩი საინტერესო გამოდგა, "ბარსას" გატანა უჭირდა, პირველი ტაიმი 0:0 მორჩა, მერე მოედანზე ტიერი ანრი გამოვიდა და ყველაფერი შეიცვალა, ფრანგმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მართალია მისი პასები აღარავის ახსოვდა მას მერე რაც მესიმ იკადრა მოედანზე, მაგრამ თამაში ვისაც ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რომ შეტევის გასაღები სწორედ ანრი იყო, ზუსტად იქ სადაც პედრო და კრკიჩი გამოსავალს ვერ პოულობდნენ, ანრიმ იპოვა, დროულად მოძებნა მესი და მერე იყო მიყრილ-მოყრილი დაცვა.
ამ შეხვედრის გვარდიოლამ ტრიბუნიდან ადევნა თვალი, იოჰან კრუიფის უკან იჯდა და ალბათ რთული მისახვედრიც არ უნდა იყოს რაზე საუბრობდნენ.
მესის და სუარესის ქარიშხალი (2015-16)
ეს იყო საოცარი სეზონი, რომელიც ტრიუმფით ვერ დასრულდა, (ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს) ორი ტიტული ამ "ბარსელონასთვის" ცოტა იყო. სეზონის საუკეთესო თამაში იყოთქო თავს ვერ დავდებ, რადგან ბევრი კარგი თამაში ჩაატარეს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. თასის ნახევარფინალში, "ვალენსიას" ქარიშხალმა გადაუარა.
ახალი დანიშნული იყო გარი ნევილი, რომელსაც ესპანურ ფეხბურთთან არასდროს შეხება არ ჰქონია და ისეთ დღეში ჩააგდეს საერთოდ დაუკარგეს მუშაობის სურვილი.
სუარესმა პოკერი შეასრულა, მესიმ ჰეთთრიქი, ამასთან ერთად, თერთმეტმეტრიანი დაუთმო ნეიმარს, რომელმაც ვერ გაიტანა. მთელი თამაში აოხრებდნენ "ვალენსიელებს" და გოლებიც ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ფენომენოს საუკეთესო მატჩი "ბარსელონაში" (1996-97)
როცა ბრაზილიელი სასწაული მოედანზე გავიდა, მას უკვე ჰქონდა ის ცნობილი გოლი გატანილი "კომპოსტელას" კარში, ალბათ მისი საუკეთესო გოლი კარიერაში. ბობი რობსონმა თავში წაიშინა ხელები გაოცების ნიშნად და ჟოზე მოურინიოც გაოგნებული დარბოდა სათადარიგოებს შორის. გოლი საუკეთესო იყო, მაგრამ თამაშს თუ ავიღებთ, "ვალენსიასთან" გაფრინდა! ამჯერად მეტოქის მწვრთნელი ჩააგდო შოკში, არაგონესი სკამზე ვერაფრით ისვენებდა, თამაშის შემდეგ კი ყველამ ერთხმად აღიარა, რომ რონალდო პელეს დონეზე თამაშობდა.
ასეთი უპირატესობა თავდასხმელსა და მცველებს შორის არასდროს მინახავს. ასაკით უფროსი ფეხბურთელები, რომ პატარა ბავშვებს ჩაუქროლებენ, ისე აბითურებდა მთელი თამაშის განმავლობაში.
სამივე გოლი ძალიან კარგი იყო, პირველი და მესამე განსაკუთრებით.
რივალდოს სასწაული! (2000-01)
ლა ლიგის ბოლო ტური! ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, "ვალენსიას" ფრეც აძლევდა ხელს მეოთხე ადგილის მოსაპოვებლად, "ბარსას" კი მხოლოდ მოგება სჭირდებოდა.
რივალდომ იმ სეზონში 36 გოლი შეაგდო! აქიდან 23 ლა ლიგაში გაიტანა და 10 საგოლე პასიც მიამატა. ამ შეხვედრის შემდეგ გამოჩნდნენ გუნდები, რომლებიც 100 მილიონს იხდიდნენ ბრაზილიელში, რაც დღევანდელი მოცემულობით ალბათ 300 მილიონის ტოლფასია.
დაიწყო თამაში და რივალდომ ანგარიში გახსნა, ძალიან მაგარი ჯარიმით, შორი მანძილიდან.
ბარახამ გაათანაბრა.
ტაიმის ბოლოს ისევ შორი მანძილიდან, რივალდომ გაისროლა და კანისარესს კინაღამ ხელიც წააგლიჯა! ისეთი ძალით დაარტყა, რომ წონასწორობაც ვერ შეიმაგრა. ამ დროს უკვე გმირი იყო.
მეორე ტაიმში ბარახამ ისევ გაათანაბრა.
ბოლო წუთებზე კი მოხდა ის, რაც მოხდა.
მსგავსი არაფერი მინახავს, არც მანამდე და არც მას მერე.
ასეთი სილამაზის ჰეთრიქი, ფინალის ტოლფას შეხვედრაში, უბრალოდ ზღაპარია!
რეშაკისა და გასპარის რეაქციები ყველაფერზე მეტყველებდა. რივალდომ კიდევ ერთხელ იხსნა "ბარსელონა", ერთი წლის შემდეგ კი კარისკენ მიუთითეს.
აქვე შეგიძლიათ გაიხსენოთ რივალდოს 2000/01 წლების სეზონი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]