ფეხბურთმა ღმერთი დაკარგა

ფეხბურთმა ღმერთი დაკარგა

ფეხბურთმა დიეგო მარადონა დაკარგა.

ფეხბურთმა სიგიჟე დაკარგა.

ახლა ყველაფერი იმაზე ბევრად ერთფეროვანი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

დიეგოზე ბევრი ფილმი გადაღებულა, მხატვრულიც და დოკუმენტურიც. დოკუმენტური ფილმებიდან კაპადიას ფილმი აუცილებლად გამოსარჩევია (Diego Maradona 2019.), რადგან სრული სიმართლე მხოლოდ ამ ფილმში ითქვა.

ხოლო მხატვრულ ფილმში, მისი ყველაზე ნამდვილი სახე პაოლო სორენტინომ შექმნა. (Youth 2015.) სულ რაღაც ნახევარწუთიან სცენაში აღწერა მთელი ის დრამა, რაც დიეგომ უკან მოიტოვა, ვინ იყო, ვინ გახდა და რად იქცა.

ჭარბწონიანი დიეგო მარადონა სანატორიუმის აივანზე მოთავსებულა, მინდორს გაჰყურებს და იხსენებს 86 წლის თამაშს ინგლისთან, იხსენებს, როგორ ემზადება იმისთვის, რის მერეც გააღმერთეს, თან ისე გააღმერთეს, რომ რელიგიად იქცა.  

ამ დროს ცოლი ეკითხება - რაზე ფიქრობ?

დიეგო კი პასუხობს - მომავალზე.

როგორც კაპადიას ფილმში მოვისმინეთ, დონ დიეგოს ორი სახე აქვს, ერთი არის ღმერთის საჩუქარი, დიდი რევოლუციონერი - მარადონა! ხოლო მეორე არის ჭირვეული ბავშვი, რომელიც ზრდასრულ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდა - უბრალოდ დიეგო.

ბავშვივით უხაროდა, ბავშვივით განიცდიდა, ემოციურად ყოველთვის უკონტროლო იყო და არავის ბურთი ისე არ ჰყვარებია, როგორც მას.

17 წლის ასაკში ნახეს მისი თამაში "არგენტინოს ხუნიორსში" და პირველი შეფასებაც მოვისმინეთ - მარადონა მოვლენაა.

18 წლის ასაკში პირველი ცრემლიც დაიღვარა, რადგან ლუის სეზარ მენოტიმ არგენტინაში ჩასატარებელი მუნდილის განაცხადში არ შეიყვანა. დიეგომ ბევრი იტირა და მოგვიანებით დაწერა, რომ ამას არასდროს აპატიებდა, მაგრამ იქვე ყოველთვის დასძენდა - "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ". - არგენტინამ ხომ პირველი მუნდიალი მოიგო.

შემდეგ იყო არჩევანი "ბოკასა" და "რივერს" შორის, მდიდრებსა და ღარიბებს შორის. დიეგომ "ბოკა" აირჩია, მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული და ალბათ ყველაზე სწორი არჩევანი.

82 წლის ესპანეთის მუნდიალზე იყო ძალიან მაგარი და იყო ჯერ კიდევ ძალიან სულელი. ამიტომ გვაჩუქა უმაღლესი დონის შეხვედრა უნგრეთთან და წითელი ბარათი ბრაზილიასთან. მთელი თამაში ურტყამდნენ, დიეგოს კი ამის მოთმენა არ შეეძლო, ეს მოგვიანებით კიდევ ბევრჯერ დაუდასტურა ფეხბურთის ფანებს.

ესპანეთში ყველა აალაპარაკა და მალე "ბარსელონაშიც" ჩააღწია, იყიდეს როგორც მოვლენა და გაყიდეს როგორც პრობლემა. ჯერ ჰეპატიტი აიკიდა, მოგვიანებით ამასაც აღიარებს - "კოკაინი პირველად ბარსელონაში გავსინჯე" - ბარსელონას ღამის კლუბებიდან დაწყებულა გაუთავებელი კაიფი და მკურნალობა.

გვახსოვს მოტეხილი ფეხი, "ბილბაოსთან" გუნდი-გუნდზე ჩხუბი, ყველაზე ცნობილი "პარაშუტი" "ცვერნა ზვეზდასთან" და ტაში "ბერნაბეუზე". დიეგო მადრიდელებმა ტაშით დააჯილდოვეს.

ნუნიესთან კონფლიქტის მერე ნეაპოლიში აღმოჩნდა. ნეაპოლი ფეხბურთის, მზის, ზღვის, მაფიის და ნარკოტიკების მხარეა. დიეგოს შეხება ყველაფერთან ჰქონდა. მათ შორის მაფიის ბოსთანაც, რომელიც პანტა-პუნტით ხოცავდა ხალხს. კარმინე ჯულიანო საჩუქრებს არ აკლებდა, ამავე დროს მუდმივად ამარაგებდა ნაროტიკებით და სანამ ჭირვეული ბავშვი აზრზე მოვიდა, ამისგან თავდასახსნელი გზა უკვე აღარ იყო.

აბსოლუტურად სუფთა იყო მექსიკის მუნდიალზე. 86 წელს. ეს იყო ერთგვარი პასუხი იმაზე, ვინ იქნებოდა მარადონა ნარკოტიკების გარეშე. მექსიკაში ღმერთად იქცა და ყველაზე პოეტურად აღწერა თასის მოგების სიხარული - "ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცას ხელით შევეხე."

მუნდიალზე არასდროს არავის მის მსგავსად არ უთამაშია და ეჭვი მეპარება, ეს ვინმემ სამომავლოდ შეძლოს.

მერე სოფლის გუნდი, აბსოლუტურად წყალწაღებული ქალაქი, კორუფციაში და ნარკოტიკებში ჩაძირული ქალაქი ჩემპიონი გახადა. თანაც ორჯერ. მეორე ჩემპიონობა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ასეთი არანორმალური და გიჟური რეჟიმით ფეხბურთელებს კი არა, ბიტნიკებსაც არ უცხოვრიათ. - ვარჯიში, კლუბი, ნარკოტიკები, ღამისთევა, დილით გამოსაფხიზლებელი კოკაინი, თამაშის წინ ყოველგვარი შხამისგან გაწმენდა და მატჩის დღე! მოედანზე საუკეთესო იყო და მერე ისევ იგივე, მთელი სეზონის განმავლობაში. კაპადიას ფილმში ყველაფერი იდეალურად არის აღწერილი, როგორ არჭობენ ზურგში ნემსებს, რომ ტკივილი როგორმე აიტანოს, ერთი გადაცდენა და დაინვალიდდებოდა, მაგრამ გაუძლო, ალბათ იმიტომ, რომ მარადონა იყო, ღმერთის საჩუქარი.

ასე მოვიდა ჩემპიონობა, რომელიც წასასვლელ ბილეთში უნდა გაცვლილიყო, მაგრამ არ გაუშვეს.  ძალით დატოვეს, "ნაპოლის" პრეზიდენტი ინტერვიუში აღნიშნავს: "ხალხი მის გაშვებას არასდროს მაპატიებდა." არც ხალხი და არც მაფია, მარადონა ნეაპოლის ტყვე იყო.

"უეფას თასიც" მოიგო და როგორც იქნა წავიდა. თუმცა, მანამდე იტალიას უნდა შეეძულებინა. მის მიმართ არც ასეთი სიყვარული უნახავს ვინმეს და არც ასეთი სიძულვილი. როცა 90 წლის მუნდილაზე არგენტინა იტალიას დაუპირისპირდა, თამაში ნეაპოლში შედგა. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო.

პაოლო მალიდინი: "რომში ან მილანში რომ გვეთამაშა, 100%-ით გავიდოდით, მაგრამ ნეაპოლი მარადონას საკუთრება იყო."

დიეგომ ნეაპოლელებს მოუწოდა არგენტინისთვის დაეჭირათ მხარი. ფაქტობრივად ღალატისკენ მოუწოდა და მომხრეებიც ჰყავდა, ხალხმა მარადონას გამო თავიანთ ქვეყანას ზურგი აქცია. თუმცა, ძალიან მცირე ნაწილმა, უმრავლესობამ ეს არ აპატია და შეიძულა.

მიუხედავად ამისა, ნეაპოლში მაინც ღმერთია.

90 წლის მუნდიალზე, ფაქტობრივად ცალი ფეხით ითამაშა ისე, როგორც არცერთ ტრავმირებულს არ უთამაშია ამ ტურნირის ისტორიაში. მარტო ბრაზილიასთან დრიბლინგი გადაწონის ყველაფერს.

მერე არაფერიც არ იყო. დისკვალიფიკაცია, წამალი, გართობა, ტირილი, მკურნალობა, ჩაკლული მოტივაცია და მხოლოდ ერთი ფიქრი, მუნდიალი და არგენტინა! მარადონა დაიბადა არგენტინისთვის და არგენტინა არსებობს მარადონასთვის.

94 წლის მუნდიალზე, 34 წლის მარადონა თავის ნაკრებთან ერთად უბრალოდ შეუჩერებელი იყო. ასეთ კარგ სპორტულ ფორმაში 4 წლით ადრეც კი არ ყოფილა, მაგრამ მისი წამალდამოკიდებულების შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, კოსტუმში გამოწყობილი მაფიოზები ვერ დაუშვებდნენ იმას, რომ ჭირვეულ ბავშვს კიდევ ერთი მუნდიალი მოეგო. მათი აზრით, ეს ფეხბურთს დააზარალებდა, ამიტომ მარადონა სახლში გაუშვეს. საბედისწერო მომენტი კი მისი გოლის აღნიშვნა გამოდგა, როცა კამერასთან ახლოს მივიდა და შეშლილივით ღრიალებდა. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო ეს კადრი, დიეგო არასდროს არ ჰგავს მარადონას.

ეს იყო მისი კარიერა, ცრემლი და სიხარული, მარცხი და გამარჯვება.

მუდმვი წამალი და მუდმივი მკურნალობა.

არც ერთ ფეხბურთელს, არც ამდენი სიხარული მოუტანია თავის ქვეყნისთვის და არც ამდენი ცრემლი.

მშვიდად განისვენე, დიეგო მარადონა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Datobioshock
    სტუმარი [?]
    #19 2 დეკემბერი 2020 20:05
    0
    ფეოლა,
    ვერ გააგებინებ მაგას მესის პირად ფანობას ;დ შეუგნებლების ბუდეა
    მწერალი [?]
    #18 27 ნოემბერი 2020 21:11
    1
    Lasha71,

    ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა უფრო იქცევდა ყურადღებას ტრიბუნაზე, ვიდრე მესი მოედანზე : )

    მესი ჩვენიანია. ბარსელონელია.
    არგენტინას ერთი მეფე ყავს. რაც არ უნდა მოხდეს აწი, ეგრე იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 26 ნოემბერი 2020 20:37
    3
    ფეღბურთმა ღმერთი დაკარგა?
    ერთფეროვანიგახდა?

    ხომ უნდა დაფიქრდეთ რაღაცას რომ წერთ ცოტა მეტად.

    დიდებული ფეხბურთელი რომ იყო ორი აზრი არაა მაგრამ ღმერთი?

    ერთფეროვანი მაშინ გახდა დიდი ფეხბურთიდანრომ წავიდა.
    მესი რომ დაანებებს თამაშს თავს მერრე იგრძნობთ ფეხბურთის გაუბრალოებას . . .
    მწერალი [?]
    #16 26 ნოემბერი 2020 16:39
    1
    ნწ ნწ რა სამარცხვინო კომენტარებს ვკითხულობ...
    sergo
    სტუმარი [?]
    #15 26 ნოემბერი 2020 15:38
    1
    რა პელე რის პელე, ძალიან ნერვები მეშლება პელეს რომ მოიხსენიებენ "ღმერთად". არავის აქვს დღევანდელ თანამედროვეობაში პელეს თამაში ნანახი, მაშინ როდესაც "მეკარეებს ხელთათმანიც არ ჰქონდათ,არანაირი ტაქტიკა არ არსებობდა,არნაირი დაცვის დისციპლინა. დღევანდელ ფეხბურთში პელე ალბათ ლევანდოვსკის დონეზეც არ იქნებოდა გოლებით.
    მწერალი [?]
    #14 26 ნოემბერი 2020 15:02
    0
    ვამაყობ, რომ "ბარსელონას" მაისური გეცვა.
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 26 ნოემბერი 2020 14:51
    3
    არასწორად მიმაჩნია ვინმეს ვუწოდოთ ღმერთი, ვინც არ უნდა იყოს ის. ამისთვის არსებობს სხვა სიტყვები, მაგრამ არა ღმერთი. ღმერთი ერთია და ყველამ ვიცით ვინ არის ის.
    თუ მარადონა ფეხბურთის ღმერთია, პელე ვინაა? მოადგილე თუ მამა ღმერთი? ნუ დაუკარგეთ ამ სიტყვას მნიშვნელობა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 26 ნოემბერი 2020 14:44
    1
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,

    მე ფეხბურთს ბერძნული მითოსის პრინციპით განვიხილავ, მრავალღმერთიანობა მაქვს.
    მარადონა ჩემთვის აიდაა, (ჰადესი), ზევსი პელეა, მესი იყოს თუ გნებავთ პოსეიდონი, მარა ჩემთვის აქილევსია. გაბუტვა იცის აქილევსივით.

    მაგას გეუბნები სწორედ ზევსი(პელე) ხო ყველა მითოლოგიურ ღმერთზე აღმატებულია ხოდა მესიზე აღმატებული ფეხბურთელი არ არსებობს მითუმეტეს პელე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #11 26 ნოემბერი 2020 13:53
    0
    NALA-კულე,

    პრობლემა ის არის, რომ შენ თეოლოგიურ დისკურსში განიხილავ, მე კულტურულში.

    ზევსი, ჰადესი ან კრონოსი არსებობდნენთქო კი არ ვამტკიცებ : )
    ნაწილია კულტურის და ღმერთები ჰქვიათ. ასევე იქცნენ კულტურის ნაწილად ფეხბურთის ღმერთები.

    თეოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რა თქმა უნდა.
    NALA-კულე
    სტუმარი [?]
    #10 26 ნოემბერი 2020 13:44
    0
    ფეოლა,
    მივხდი კკიდეც რომ არ არის მარა მე ღმერთს მხოლოდ მას ვეძახი კი ბევრი ღმერთია მარა რმელს აქვს დამადასტურებელი ფაქტი რო არსებოდა მარა მართმადიდებული კულტური ღმერთი ერთია და და დამადასტურებელიც გვაქს
    მწერალი [?]
    #9 26 ნოემბერი 2020 11:49
    1
    MARI=BARCA-fan,

    ფეხბურთი სტატისტიკა არ არის.
    ორი შეუძლებელი რამ გააკეთა:
    1. ყველაზე დიდი სანაკრებო პიკი დადო. წარმოუდგენლად დიდი, რომლის გამეორებაც ალბათ შეუძლებელია.
    2. ნაპოლი გააჩემპიონა, თანაც ორჯერ. მაშინდელი მილანი და იუვე დღევანდელში არ შეგეშალოთ : ) სერია ა ნომერ პირველი ლიგა იყო.
    15 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა იმ ლიგაში, სადაც ვან ბასტენი, პლატინი, რუმინიგე, ზიკო და ვიალი თამაშობდნენ.
    ანუ, ყველა გუნდი კატენაჩოს თამაშობდა.

    სტატისტიკით ფეხბურთელის შეფასება მკრეხელობის ტოლფასია : )
    Culé [?]
    #8 26 ნოემბერი 2020 02:46
    3
    მარადონას თამაშები ნანახი მაქვს - ლა ლიგაში და იტალიაში მეათე ადგილს ქვემოთ არ ვგულისხმობ, და ვინმემ ამიხსენით რა დამსახურებისთვის არის "ფეხბურთის ღმერთი"???
    1 -- მისი სოლო რეიდი მესიმ გაიმეორა,
    2 -- ნაკრებში 17 წლის განმავლობაში 91 თამაშში გაიტანა 34 გოლი, ისე - ბოკას და ოლდ ბოისს თუ არ ჩავთვლით - გატანილი აქვს 108 გოლი 250 თამაშში (ბარსა, ნაპოლი, სევილია).
    3 -- ლეოსაც, 17 წლის განმავლობაში -- ბარსაში 492 თამაშში 447 გოლი, ნაკრებში 142 თამაშში 71 გოლი.
    .. და 7 ოქროს ბურთი!

    ... ღმერთი არა იხვის ტოლმა, და იმ მსაჯს კიდევ, ვინც ასე აშკარად ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალა, თანაც მსოფლიოს ფინალში - ფეხბურთიდან სამუდამოდ მივაპინტრიშებდი..
    ისიც საინტერესოა, სულ დაბოლილს რომ არ ეთამაშა, ვაბშე რამდენ გოლს მოაგროვებდა..
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს, მაგრამ ბაქაბუქა ტიპი იყო, ნარკოტიკის გარეშე საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელი იქნებოდა..
    უკაცრავად, მაგრამ მასზე მე ჩემი საკუთარი აზრი მქონდა და ეხლაც ამ აზრზე ვარ, მას ვერასოდეს ვერ დავაყენებ მესისა და რონალდუზე მაღლა..
    ...და კიდევ რამდენიმე სხვა ფეხბურთელზე წინ..
    გულშემატკივარი [?]
    #7 26 ნოემბერი 2020 00:00
    2
    ასე თუ რამე გამიტყდებოდა არ მეგონა😥😥😥😥 ბედნიერად განისვენე ლეგენდავ
    მწერალი [?]
    #6 25 ნოემბერი 2020 23:54
    1
    M10 S9 D11,

    მე ფეხბურთს ბერძნული მითოსის პრინციპით განვიხილავ, მრავალღმერთიანობა მაქვს.
    მარადონა ჩემთვის აიდაა, (ჰადესი), ზევსი პელეა, მესი იყოს თუ გნებავთ პოსეიდონი, მარა ჩემთვის აქილევსია. გაბუტვა იცის აქილევსივით.
    ფანი [?]
    #5 25 ნოემბერი 2020 23:38
    4
    ფეხბურთის ღმერთი არა მაგრა მეფე კია რადგან ფეხბურრთს ყავს მხოლოდ ერთი ღმერთი და ეს მესია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ნოემბერი 2020 23:33
    8
    დიდი ბოდიში მარა ფეხბურთის ღმერთი ჯერ კიდევ თამაშობს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #3 25 ნოემბერი 2020 23:26
    3
    ციტატა: NALA-კულე
    ღმერთს ნუ ამბობთ ღმერთი ერთია მამა ზეციერი ნუ ამბობთ ღმერთიაო!!!


    ღმერთი ბევრია, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ღმერთი არსებობს.
    ვერც დაითვლი იმდენი.
    უფალ ღმერთზე რომ არ არის საუბარი უნდა ხვდებოდეს ზრდასრული ადამიანი.

    არ მიწყინო, მცირე შენიშვნაა.
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2020 23:23
    3
    მუდმივად მშფოთავი სულით მშვიდად განისვენე ლეგენდავ. ავტორს ყოჩაღ🙌🙌
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    NALA-კულე
    სტუმარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2020 23:19
    8
    ღმერთს ნუ ამბობთ ღმერთი ერთია მამა ზეციერი ნუ ამბობთ ღმერთიაო!!!