პატარა კაცი, დიდი გულით

პატარა კაცი, დიდი გულით

2011 წელი. "ბარსელონა" – "მანჩესტერის" ფინალის შემდგომი პრესკონფერენცია.  

ჟურნალისტი: "სერ ალექს, კლუბმა, რომ მოგცეთ შესაძლებლობა, ზაფხულში "ბარსელონას" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეიძინოთ, ვის აირჩევდით?"

ფერგიუსონი: "ეს ყველაზე სულელური შეკითხვაა, რაც მთელი კარიერის განმავლობაში მსმენია. - დარბაზში ისმის სიცილი, ფერგიმ კი დააყოლა - მასკერანოს."

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კითხვა-პასუხია. კითხვა მართლაც სულელური იყო, პასუხი კი ნამდვილად სასაცილო, თავის დროზე ბევრი ვიცინე, მაგრამ რაღაც მაინც არ მესიამოვნა. ალბათ ის, რომ "მანჩესტერის" ბოსმა, ყოფილ ლივერპულელს, ოდნავ, მაგრამ მაინც, კბილი გაჰკრა.

მესისთან შედარებით ყველა ძალიან პატარაა, იმ საღამოს კი ეს სხვაობა განსაკუთრებით კარგად ჩანდა, მაგრამ მასკერანო არასდროს ყოფილა სასაცილო ბიჭი. იყო ფეხბურთელი, რომელიც შეცდომებს უშვებდა, საკუთარ კარშიც არაერთხელ გაუტანია, უაზრო გაფრთხილებაც მიუღია, სიმულაციისთვისაც კი მიუმართავს, მაგრამ სასაცილო არასდროს ყოფილა.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც მთელ გულსა და სულს ტოვებენ მოედანზე, ასეთები იშვიათად ჩნდებიან, განსაკუთრებით მას მერე ხდება იშვიათი სანახავი, რაც დიდ ფეხბურთში შეაბიჯებენ, მილიონებს ჩაიჯიბავენ და ფეხების მოფრთხილებას იწყებენ. შესაძლოა, დღევანდელ ფეხბურთში უფრო მეტი "ფანტაზისტა" იპოვო, ვიდრე ისეთი გლადიატორი, როგორიც ხავიერ მასკერანო იყო.

პროფესიონალი არის ის სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება. სწორედ ამის დამსახურება იყო ის, რომ თავის დროზე, საყრდენი ნახევარმცველი ცენტრალურ მცველად იქცა. აიძულა გვარდიოლა, რომ მისთვის თამაშის საშუალება მიეცა. დღეს სხვადასხვა ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში არ მისდით, ვცდილობთ გავამართლოთ იმით, რომ პოზიცია შეუცვალეს და მათთვის ეს არაკომფორტულია. რა თქმა უნდა, არის ამაში სიმართლის მარცვალი, მაგრამ არსებობენ ფეხბურთელები, რომელთათვისაც სულ ერთია, სად დააყენებ, მთავარია, რომ მოედანზე გაიყვანო და ბრძოლის საშუალება მისცე.

პიკეს სწორედ ასეთი მეწყვილე სჭირდებოდა. ჯერ კარლეს პუიოლის, შემდეგ კი მასკერანოს შემხედვარე ვნახეთ, რომ ხისტი მცველი, რომელიც მუდმივად ცდილობს დასწრებაზე ითამაშოს, ჟერარ პიკესთვის იდეალური მეწყვილეა, მათი ბრძოლისუნარიანობისა და მოტივაციის შემხედვარე, ისიც მუდმივად ფხიზლად იყო. პიკეს ამბავი რომ ვიცით, ხშირად ჩამოეძინება ხოლმე. ახლა მის გვერდით, მისივე მსგავსი კლემან ლანგლე დგას და როგორ მიდის საქმე, ყოველი კვირის ბოლოს ვხედავთ.

მასკერანო ზუსტად ის ფეხბურთელი იყო, რომელმაც პუიოლის წასვლის შემდეგ შექმნილი ვაკუუმი ნაწილობრივ ამოავსო. დიდი კაპიტნის მაგივრობა ვერ გასწია, რადგან კაპიტანი არასდროს ყოფილა, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა ნამდვილად დაგვიბრუნა.

რომისა და ლივერპულის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ. მისი ერთი შემოძახება იყო საჭირო იმისათვის, რომ მცველებს კონცენტრაცია მოეხდინათ და უპირატესობა ხელიდან არ გაეშვათ, მაგრამ აღარ იყო მასკერანო და ყველაფერი ტრაგედიად გვექცა. არადა რომამდე ერთი წლით ადრე, თავად დავდეთ ალბათ ყველა დროის საუკეთესო "ქამბექი", იქ კი იყო ასევე "მკვდარი" მომენტი, როცა პსჟ-ის გოლმა თითქოს მოკლა ჩვენი ოცნება, მაგრამ შტეგენისა და მასკერანოს მენტალობამ შანსი შეგვინარჩუნა, თამაშის შემდეგ არგენტინელმა აღნიშნა, რომ შტეგენი 3:1 - ზე გიჟივით ყვიროდა - "ჩვენ "ბარსელონა" ვართ!!", თავად მასკერანო კი შემტევებზე ნადირობდა. დღემდე ვერავის აუხსნია სად ჯანდაბაში დაარტყა ერთი-ერთზე გასულმა დი მარიამ?! რატომ დაარტყა ასე და როგორ გაუშვა ეს შანსი ხელიდან, ის ძალიან კარგად იცნობდა ფეხბურთელს, რომელიც გაავებული მისდევდა და ზუსტად იცოდა, რომ ფეხებსაც მიამტვრევდა, რაც მოხდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დი მარიამ უმისამართოდ დაარტყა. მრავალჯერ შენელებული და ნანახი მომენტის შემდეგ, მაინც რთულია იმის თქმა, შეხებამდე დაარტყა თუ შეხების მერე, მაგრამ რაღაც მძლავრი რომ წამოეწია და მიწაზე დაანარცხა, ეს გვახსოვს. ანხელს ალბათ შეეშინდა. ამაში ეჭვი არ მეპარება. საკმარისად კარგად იცნობდა მასკერანოს იმისათვის, რომ შეშინებოდა. ეს ისეთი ამბავია, რომელიც ვერანაირად ვერ დადასტურდება, მაგრამ ყოველთვის ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, როცა მასკერანო ფორვარდებს აედევნებოდა.

სეზონის ბოლოს პენალტი დაუთმეს და კლუბის მაისურით ერთადერთი გოლიც შეაგდო. ავტოგელებს თუ არ ჩავთვლით.

ასეთი ფეხბურთელი იშვიათია და კარგია, რომ ჩვენი ნაწილი იყო.

ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა.

მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ჩვენი საკუთრებაა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 ნოემბერი 2020 04:25
    1
    მასკე ნაღდი Cule ლეგენდა მე ყველაზე ძალიან იბრაგიმოვიჩთან დაპირისპირება მომწონდა იბრაგიმოვიჩი მაღალ ბურთებს რომ ითხოვდა აბა მიწაზე არ გაახარა მასკემ joy joy joy ისე ექცეოდა როგორც პირანია მსვერპლს joy joy joy
    Culé [?]
    #5 16 ნოემბერი 2020 23:02
    0
    უდიდესი Kაცი❤️❤️მასკერანო იყო ერთ-ერთი უჭკვიანესი ფეხბურთEლი ვინც კი Mინახავს,,,არ დაგავიწყდეთ 2014შI მსოფლიოს მარტო მოგებასთან ძAან ახლოს იყო
    Culé [?]
    #4 16 ნოემბერი 2020 17:30
    2
    კაცური კაცია მასკე.
    ფანი [?]
    #3 16 ნოემბერი 2020 15:55
    3
    ეს მებრძოლი იყო თუ ფეხბურთელი?
    გულშემატკივარი [?]
    #2 16 ნოემბერი 2020 14:06
    6
    ჩვენი გლადიატორი barca-1
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 ნოემბერი 2020 14:05
    7
    წარმატებები მასკერანო ❤❤❤❤❤👏👏👏👏👏👏👍👍👍👍