მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აქედან ვერ ამოშლი!
- 8-11-2020, 11:26
-
ფეოლა
- 16

თავიდანვე ნათელი იყო, რომ კარგი თამაში გველოდა. მოწინააღმდეგეთა ბანაკში ბევრი ნაცნობი სახე ვნახეთ, ზოგი მუდმივად მეტოქის რანგში გვხვდებოდა, ზოგი ჩვენი გუნდის წევრიც ყოფილა.
თამაშის წინ ხოაკინმა კუმანზე მწარედ ისაუბრა, მის სამწვრთნელო შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა და დააყოლა, ხელსაც არ ჩამოვართმევო. ხოაკინი ლოკალური ლეგენდაა. რაც ფეხბურთს ვუყურებ, სულ მოედანზეა. ბევრს ვეღარაფერს ცვლის, მაგრამ ასეთი პროფესიონალის ხილვა მაინც სასიამოვნოა.
ფრანგები
მესის გარეშე დავიწყეთ. მთავარი ინტრიგაც დაითესა - შეძლებდა თუ ვერა გრიზმანი გაბრწყინებას, მესის არყოფნაში. ვერ შეძლო. მომენტები მრავლად შექმნა, იმდენი შექმნა, რამდენიც მთელი განვლილი ტურების განმავლობაში არ შეუქმნია, თანაც გოლამდე სულ იმდენი აკლდებოდა, ერთი თითის გაწვდენაც რომ ეყოფოდა. სანამ მესი არ გამოვიდა, ვერ გაიტანა. პენალტიც ვერ გაიტანა და ზუსტად ვიცი, ბევრი თქვენთაგანი თავშიც გაივლებდა - ვერ გაიტანსო. ჩვენ კი არა, თავადაც აუცილებლად გაუელვებდა, იმიტომ, რომ მენტალურად სუსტია და საკუთარ თავს არ ენდობა.
აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვქონდა დემბელეს შემთხვევაში, ცუდად ითამაშა, მაგრამ ძალიან მაგარი გოლი შეაგდო. "იუვენტუსთან" თამაშის მერე გავაკრიტიკეთ, რომ მსგავსი მოძრაობების შემდეგ კარში არ ურტყამდა, არადა ორივე ფეხით მშვენივრად თამაშობს, ამჯერად ჩამოიცილა თუ არა მეტოქე გაუქანა მარცხენა და.. იფ, კარგი იყო.
აი მის ჩაწოდებებზე რა ვთქვათ?! ან რატომ აწვდიდა, ვის უწვდიდა, ან როგორ აკეთებდა ამას?! დემბელე უდიდესი დიაპაზონის მქონე ფეხბურთელია, ერთდროულად შეუძლია იყოს ძალიან მაგარი და ძალიან ცუდი. სხვა ასეთი არ მახსენდება.
ფატი
პირველი ტაიმის საუკეთესო შემტევი ალბათ მაინც ანსუ ფატი იყო, ყველაზე გააზრებულად ითამაშა, მომენტებიც შექმნა, თერთმეტმეტრიანი აიკიდა და მძიმე ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით არ ვიცით, ზუსტად რამდენს გამოტოვებს, მაგრამ მენისკის გაწყვეტა მარტივი საქმე არ არის. რთულია იმის ვარაუდი თუ რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდება. ამ ასაკში, ასეთ კარგ ფორმაში, ასეთი პროგრესის გზაზე რომ მძიმე ტრავმას მიიღებ, ტრაგედიაა.
ფატის ტრავმა, თითქოს ზრდის დეპაის ტრანსფერის შესაძლებლობას, თუმცა, დეპაის ტრანსფერი ვინმეს ტრავმაზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული, ტრანსფერის ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება ყოველთვის ფინანსები იყო, თორემ კუმანს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ჰოლანდიელი შემტევი სჭირდება.
მოიძებნება თუ არა ზამთრისთვის საჭირო თანხები, ამას მალე ვნახავთ. დღევანდელი მდგომარეობით ეს გამორიცხულია. კლუბი გაკოტრების ზღვარზეა და ფეხბურთელებს კვლავ ხელფასების შემცირებას თხოვს, რომელ ტრანსფერზეა ლაპარაკი?!
მესი
აქედან ვერ ამოშლი! - როგორც ქრისტეფორე მგალობლიშვილი იტყოდა და ერთაოზ ბრეგვაძეც დაემოწმებოდა, ძუკნურიდან.
მესის გატარება მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში დაიდებს ბინას. ციფრულ მეხსიერებაშიც დამკვიდრდება და სტატისტიკაში გაუჩინარდება. არც პასი ჩაეწერება, არც გოლი, არადა ისე გაატარა, ბევრ გოლს და პასს გადასწონის. უცნაური ამბავია, ბურთს არ შეხებია და დაუვიწყარი მომენტი შექმნა.
რამდენიმე გატარება გამახსენა კიდეც. ჩვენი ბანაკისა ვთქვათ. რონალდინიოს გატარება "მილანთან", ჯგუფურ ეტაპზე, მატჩი "სან სიროზე" შედგა, ამ ჯადოს წყალობით ლარსონი ერთი-ერთზე დატოვა, მაგრამ შვედმა ვერ გაიტანა. რომ გაეტანა, უფრო ხშირად გაიხსენებდნენ, ახლა კი მხოლოდ ჰიპერმნეზიით შეპყრობილებს გვახსოვს.
რივალდოს გატარება მუნდიალის ფინალში. აი ეს კი ბევრს ახსოვს, რადგან გადამწყვეტი გოლი მოჰყვა. ორივე კარგი იყო, ორივე ჩამებეჭდა გონებაში, მაგრამ მესის გატარება ერთი თავით მაღლა დგას ბრაზილიელების მოძრაობებზე.
ფაქტობრივად, გოლის გატანა აიძულა იმ ფეხბურთელს, რომელმაც ვერაფერი ვერ გაიტანა და "გრიზმანია", რომ ყოფილიყო გვარად, ალბათ მოძმე მეგრელსაც ვერ გაიტანდა.
მეფე დაბრუნდა!
მორიგი თერთმეტმეტრიანი შეაგდო და მშვენიერი გოლიც მიაყოლა, რომლითაც მშრალი სერია შეწყვიტა. არგენტინაში კარგ ხასიათზე დააწვება.
სერჟი რობერტო
როგორც უკვე ნახეთ, ოთხიანი დაუწერეს. პიკესთან და ლანგლესთან ერთად ყველაზე დაბალი შეფასებაა. ამას პროტესტი მოჰყვა ჩვენს საიტზეც და იმ საიტებზეც, სადაც ასე ცუდად შეაფასეს, მაგრამ არ არის ეს შეფასება რეალობას მოკლებული და სწორედ ამიტომ, მომდევნო ვიდეო განხილვას, სერჟი რობერტოს მივუძღვნი.
ოთხ ქულას თავი საგოლე გადაცემების შედეგად მოუყარა. ერთმანეთზე უკეთესი პასები ჩამოარიგა და მცველისთვის ორი საგოლე პასი გადასარევი ამბავია.
თუმცა, "ბეტისმა" ყველა სახიფათო შეტევა მისი ფლანგიდან წამოიწყო და ყველა შემთხვევაში გახიეს. აქ პიკეს მძიმე შეცდომებიც ჩანდა, რომელსაც ასევე განვიხილავთ.
მეორე ტაიმშიც იმდენჯერ გადაურბინეს, რამდენჯერაც მოუნდათ, გოლებიც მისი ფლანგიდან წამოწყებულ შეტევებს მოჰყვა.
დაცვაში საშინლად ითამაშა და ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასებისგან, საგოლე გადაცემებმა იხსნა. მცველი კი პირველ რიგში დაცვაში თამაშით ფასდება. ამიტომ, მომიწევს დავეთანხმო მისთვის გამეტებულ ოთხიანს.
სანაკრებო შესვენებაც მოგვიახლოვდა, ასე რომ ამ პრობლემების გამოსაკვეთად და განსახილველად, დიდი დრო გვექნება.
"ატლეტიკო"
სანაკრებო პაუზის შემდეგ "ატლეტიკოსთან" თამაში გველის. იმ "ატლეტიკოსთან", რომლის შემტევი დუეტი, სუარესის და ფელიშის სახით, ქვას ქვაზე არ ტოვებს. ლა ლიგაში ჯერჯერობით საუკეთესო შეტევა ჰყავთ, ჩვენ კი ისეთი დაცვით უნდა ვეთამაშოთ, ოთხიდან სამმა რომ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.
რისი იმედი უნდა გვქონდეს? ტერ შტეგენის გმირობების?
როცა კიევის "დინამო" და "ბეტისი" ამდენ მომენტს შეგიქმნის, წარმოდგენაც არ მინდა, "ატლეტიკოსთან" რა გველოდება.
კარგია, რომ პაუზაა. მოსამზადებლად მეტი დრო იქნება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]