"ბარსას" პორტუგალიელები

"ბარსას" პორტუგალიელები

მას შემდეგ რაც ტრინკაუს დებიუტი შედგა, ესპანურ პრესაში ხშირად იწერება პორტუგალიელების შესახებ, რომლებმაც ლა ლიგაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს, „ბარსასთან“ მიმართებაში კი ლუიშ ფიგუც ახსენეს. ვერ ვიტყვი, რომ „ბარსელონაში“ პორტუგალიელებს განსაკუთრებულად კარგი კარიერა ჰქონიათ, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელი მაინც ამოვარდა.

პირველი პორტუგალიელი ვინც „ბარსაში“ ითამაშა, ჟორჟე მენდონკა იყო, გუნდში ორი წელი დაჰყო, 1967-დან, 1969 წლამდე, შემდეგ კი „მალიორკაში“ გადაბარგდა. ამ დროის განმავლობაში ჩაატარა 5 მატჩი და გაიტანა ორი გოლი. აი ასე, მეტად უმნიშვნელო ვინმე გამოდგა.

შემდეგი პორტუგალიელით კი დიდი ისტორიები იწყება.

ლუიშ ფიგუ

ყველაფერი დაიწყო პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებით, რომელიც გზა და გზა ყველას და ყველაფერს უგებდა, თანაც საოცრად სანახაობრივი ფეხბურთით, მათი ათი ნომერი ოცნებობდა „ბარსაში“ თამაშზე, მაგრამ რუი კოშტას ეს ოცნება ვერ აუხდა, სამაგიეროდ იოჰან კრუიფმა პორტუგალიელი გარემარბი, ლუიშ ფიგუ გადაიბირა, რომელიც იმ საოცარი ნაკრების მთავარი ვარსკვლავი იყო. ფიგუს იტალიელებიც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ერთდროულად ორ კლუბთან გააფორმა წინასწარი კონტრაქტი, „პარმასთან“ და „იუვესთან“. როცა იტალიური ფეხბურთის მამებმა, ამის შესახებ შეიტყვეს, ფიგუს ორწლიანი ბანი მიარტყეს და მისი იტალიაში თამაში გამოირიცხა. ასე აღმოჩნდა „ბარსელონაში“ და ასე დაიწყო ყველაზე დიდი ღალატის ისტორია.

ფერნანდო კოუტუ

თაობის კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მაშინდელი პორტუგალიის ნაკრები, არ ყოფილა ისეთი გაუვალი მცველებით დაკომპლექტებული, როგორიც მომავალში ჰყავდათ, პეპეს, კარვალუის, მიგელის, ფერეირას და კოენტრაოს სახით, რომელიც საერთოდ არ ყოფილა გაუვალი, მაგრამ მაშინდელი ნაკრების მცველები ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩეოდნენ, კოუტუც ერთ-ერთი მათგანი იყო, თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიდ მცველად ვერ ჩამოყალიბდა, ვერც „პარმაში“, სადაც კანავარო და ტურამი ბრწყინავდნენ, ვერც „ბარსაში“ და ვერც რომის „ლაციოში“. მის ტრანსფერს კლუბისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია.

ვიტორ ბაია

თითქმის მთელი კარიერა ნაკრების მთავარი მეკარე იყო და პორტუგალიელთათვის, ალბათ ლეგენდაც არის. „ბარსაში“ სამი წელი დაჰყო და მხოლოდ 54 შეხვედრა ჩაატარა. ყველაზე დიდ წარმატებას „პორტუში“ მიაღწია, სადაც ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სიმაო

როგორც ახლა, ასევე მაშინაც, იყო ტრანსფერები, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებოდით, საბოლოო ჯამში კი საშუალო დონის ფეხბურთელი გვრჩებოდა ხელში. ასე დახვდნენ სიმაოსაც, თუმცა იმის ნახევარიც ვერ ითამაშა, რაც მაგალითად ხავიერ სავიოლამ, რომელსაც ასევე არ მოუწყვეტია ციდან ვარსკვლავები. ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა გუნდში, როცა ლუიშ ფიგუ „ბარსაში“ იყო, მერე კი მის მთავარ შემცვლელად იქცა, მაგრამ ლიდერობას ვინ ჩივის?! ძირითადშიც უჭირდა მოხვედრა.

„ბარსაში“ 70 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

რიკარდო კუარეჟმა

ის პორტუგალიის ახალი თაობის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, რუი კოშტას, ფიგუს, ნუნუ გომეშის, ჟოაუ პინტუსა და აბელ შავიერის შემდეგ, ასევე კარგი თაობა წამოვიდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ყურადღება მაშინვე მიიქციეს, კრიშტიანუ რონალდუ და ნანი „მანჩესტერში“ აღმოჩდნენ, ხოლო კუარეჟმა „ბარსელონაში“. სამივე გამოირჩეოდა სისწრაფით, ტექნიკით და შორიდან ძლიერი დარტყმებით, მაგრამ ამ სამიდან, პროფესიონალი მხოლოდ კრიშტიანუ გამოდგა. ნანის ძალიან კონფლიქტური ხასიათი აღმოაჩნდა, ამიტომ მისი კარიერა დიდად წარმატებული ვერ გამოდგა, მაგრამ იმაზე ბევრად წარმატებული იყო, ვიდრე კუარეჟმასი, რადგან „მანჩესტერში“ საკმაო ხანი დაჰყო და უამრავი კარგი შეხვედრაც ჩაატარა, აი კუარეჟმამ მაღალ დონეზე ვერსად გაამართლა, ვერც „ბარსაში“, ვერც „ინტერში“ და ვერც „ჩელსიში“, სამაგიეროდ, პორტუგალიაში და თურქეთში ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო.

დეკუ

რაიკაარდის „ბარსელონას“ ერთ-ერთი მთავარი ვასრკვლავი. „ბარსაში“ 4 წელი დაჰყო და როგორც მთლიანად კლუბისთვის, ასევე მისთვისაც, პირველი ორი წელი განსაკუთრებით კარგი იყო. ტიტულებიც მოვიდა, მერე დაიწყო ჩავარდნა და რამდენჯერმე დაუსტვინეს კიდეც. გვარდიოლამ გუნდში აღარ გააჩერა და სხვა ბრაზილიელებთან ერთად მიაბრძანა. აქვე ვთქვათ, რომ დეკუ ბრაზილიელია, უბრალოდ იმდენ ხანს არ იმჩნევდნენ ვარსკვლავებით გაძეძგილი ბრაზილიელები, რომ პორტუგალიის ნაკრებში ითამაშა.

ფიგუს შემდეგ, დეკუ ერთადერთი წარმატებული პორტუგალიელი იყო.

ანდრე გომეში

რობერტო ფერნანდესის ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი, ერთ-ერთი იმიტომ, რომ სხვა მარგალიტებიც ბევრი ჰქონდა, მადრიდის „რეალს“ იმდენ ხანს ეჭიდავა, რომ საბოლოოდ ჩაიგდო ხელში 40 მილიონ ევროდ და ამაყად იგრძნო თავი, რომ ასეთი ვარსკვლავის გადმობირება შეძლო.

ანდრემ ორი წელი დაჰყო გუნდში, ჩაატარა 78 თამაში, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.

ნელსონ სემედუ

სემედუ იმდენად ცუდი აღმოჩნდა, რომ თავის ფლანგზე, ამპლუით ნახევარმცველიც კი სჯობნის და სერჟი რობერტო უფრო ხშირად თამაშობს. თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ ხანდახან დრიბლინგი გამოსდის, სხვა მხრივ კი სიცარიელეა. ჰქონია კარგი თამაშები, მაგრამ საერთო ჯამში სრული იმედგაცრუებაა, როგორც ამბობენ კუმანს არ სურს მასთან თანამშრომლობა, მაგრამ არც მისი გაყიდვა იქნება მარტივი საქმე.

ასეთია პორტუგალიელების ისტორია „ბარსელონაში“ და იმედია ტრინკაუ მაინც გაამართლებს. ამის წინაპირობა უკვე არსებობს, რადგან ასეთი ჭკვიანი პორტუგალიელი „ბარსას“ დეკუს მერე არ ჰყოლია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დეკუ საერთოდ არ ყოფილა პორტუგალიელი, მაშინ გამოდის, რომ ტრინკაუ ერთადერთი ჭკვიანი პორტუგალიელია „ბარსას“ ისტორიაში.

თუმცა, ეს მხოლოდ ერთი თამაშისგან გამოწვეული შთაბეჭდილებებია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 14 სექტემბერი 2020 17:16
    1
    სემედუს შეფასებაზე გამეცინა :დ სრული მარაზმია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 14 სექტემბერი 2020 13:34
    0
    Gomesi ze feno.eni gvyavda 😀😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 სექტემბერი 2020 13:25
    2
    გომეში კლუბის ერთი-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია. ტიპი მხოლოდ იმიტომ გადმოიყვანეს, რომ "რეალს" არ წაეყვანა. მოედანზე რას აკეთებდა, თვითონ არ იცოდა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #1 14 სექტემბერი 2020 13:02
    5
    დეკუ არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი იყო! მაისურიც კი მქონდა მისი.