ბევრი პოზიტივი და ფორვარდის პრობლემა

  • 13-09-2020, 14:10
  • ბევრი პოზიტივი და ფორვარდის პრობლემა

    რა თქმა უნდა, ერთი თამაშით დასკვნების გაკეთება არ ივარგებს, მაგრამ ბევრი პოზიტიური რომ გამოჩნდა ფაქტია. სანამ „ბარსა“ ლა ლიგაში ჩაერთვება, მანამდე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში გააგორებს ბურთს და უფრო მეტის თქმის საშუალებაც მოგვეცემა, იქამდე კი „ჟიმნასტიკთან“ შეხვედრას გადავხედოთ.

    ტაქტიკა

    პირველ რიგში უნდა ითქვას ტაქტიკის შესახებ, რადგან ყველაზე მეტად სწორედ იმის გაგებას ვცდილობდით თუ რა ტაქტიკით ითამაშებდა რონალდ კუმანი. ამის შემდეგ, უკეთ დაგვილაგდებოდა გონებაში, ვის რა პოზიციაზე განიხილავს და რატომ ითხოვს ჰოლანდიელების ტრანსფერებს. ვნახეთ 4-2-1-3 და დაგვილაგდა. მეგონა, რომ მეორე ტაიმში განსხვავებულ ტაქტიკასაც მოსინჯავდა, მაგრამ ასე არ მოხდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუმანს უკვე ჩამოყალიბებული აქვს სქემა და გადახვევას არ აპირებს.

    წინა სეზონში სეტიენმაც სცადა იგივე ტაქტიკის გამოყენება და რამდენიმე შეხვედრაში გამოიყენა კიდეც, მაგრამ გუნდს ორგანიზება და ერთიანობა დიდად არ ეტყობოდა, აი კუმანის ხელში ყველაფერი შეიცვალა. „ბარსამ“ მაღალი პრესინგი ითამაშა და თითქმის მთელი თამაში მეტოქის ნახევარზე გაატარა.

    პირველ ტაიმში, საყრდენ ზონაში ვიხილეთ ალენია და ბუსკეტსი. ბურთის ამოტანის მხრივ, რომ პრობლემა არ იქნებოდა თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ გოლის დროს, რატომღაც არც ერთი არ ავიდა მეტოქეზე, ისე დაარტყმევინეს ხელი არავის შეუშლია. უნდა აღინიშნოს, რომ პოზიციურად ორივე სწორად იყო განლაგებული, საჯარიმოს მისადგომებთან, მაგრამ ერთმანეთის იმედად დარჩენილები, არც ერთი ადგილიდან არ განძრეულა და მშვენიერი დარტყმით გაგვიტანეს კიდეც.

    ამ შეცდომის მერე, კუმანს უფრო გაუადვილდება, რომ ბუსკეტსზე უარი თქვას, თუმცა, არც აქამდე მორიდებია ვინმესი.

    მეორე ტაიმში, მათი ადგილი რიკი პუჩიმ და ფრენკი დე იონგმა დაიკავეს. „ბარსას“ ბურთის ამოტანის პრობლემა ამ სეზონში არ ექნება. აი დაცვითი მხარე მაშინ გამოჩნდება, როცა უფრო რთულ მოწინააღმდეგეს შეხვდებიან, რეალურად ყველა გამთამაშებელია, ბუსკეტსის მთავარი პლუსი გარდა ტაქტიკური განსწავლულობისა, ტექნიკური მხარეა, ისევე როგორც დე იონგის, პუჩის მთავარი პლუსიც სიზუსტე და ტექნიკაა, არც დრიბლინგებს მორიდებია და კარგადაც გამოუვიდა, ალენიაზეც იგივეს თქმა შეიძლება, ამიტომ „ბარსა“ ნომინალური ჩამშლელის გარეშეა დარჩენილი. ამიტომ სურს კუმანს ვეინალდუმი, მთელი სეზონის განმავლობაში, მხოლოდ გამთამაშებლებით თამაში არ გამოვა.

    ან იქნებ პიანიჩმა გამოიჩინოს ამ მხრივ თავი?!

    ათიანი

    „ბარსა“ კლასიკურ ათიანს უბრუნდება, გუშინ ამ პოზიციაზე მესი ვიხილეთ, თავიდანვე ვიტყვი, რომ არ მომწონს მესი ამ პოზიციაზე, ხანდახან მოედნის ცენტრამდეც კი ჩამოდიოდა, როცა შემტევები მეტოქის საჯარიმოსთან იყვნენ, მესი ყველაზე სახიფათო მაშინ არის, როცა კარის სიახლოვეს ტრიალებს, ასე სიღრმეში თამაშით კი მისი უნარები დაიკარგება, საცოდაობაა მესი მხოლოდ გამთამაშებლად გამოიყენო, მაშინ როცა ყველაზე გამტანი ფეხბურთელია დედამიწის ზურგზე.

    ამას ალბათ კუმანიც ხვდება და ამ პოზიციას კოუტინიოსთვის ამზადებს, რომელმაც მეორე ტაიმში მშვენივრად ითამაშა, მაგრამ შეტევის ხაზში ისეთი კონკურენციაა, რომ ადგილი გარანტირებული არავის აქვს, რა თქმა უნდა, მესის გარდა.

    ყველას შეუძლია ერთმანეთთან კონკურენცია, თუნდაც, ტრინკაუს გრიზმანთან, ამ დროს არ არსებობს პირდაპირი კონკურენცია, თუ ტრინკაუმ თავის კარგი თამაშით კუმანი აიძულა, რომ მეტი დრო დაუთმოს, თამამად შეიძლება მესიმ ცენტრში შეიწიოს და ტრინკაუ თავის პოზიციაზე ვნახოთ, იგივე ითქმის პედრიზე, დემბელეს კონკურენტებიც მარვლად არიან. ერთი სიტყვით, ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ ყველა ყველას კონკურენტია. ამან კი შედეგი აუცილებლად უნდა მოიტანოს.

    ახალწვეულები

    ბევრს არაფერს ვიტყვი, ვინც თამაშს უყურა, ნახა, რომ „ბარსა“ ტრანსფერებით გაძლიერდა, გასაგებია, რომ „ჟიმნასტიკი“ ვერ არის კარგი საზომი, მაგრამ ტრინკაუზე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ზუსტად ისეთი, როგორიც „ბარსას“ აკლდა. პედრი კი, როგორც გუშინდელი მატჩის კომენტატორებმა აღნიშნეს, მესის შემდეგ, ალბათ საუკეთესო დრიბლიორია გუნდში.

    სხვაობა ამ ფეხბურთელებს შორის, კუმანს მისცემს საშუალებას, რომ შეტევა ბევრად მრავალფეროვანი გახადოს, თუ მუხტის შემოტანა დასჭირდება პედრი ამისთვის საუკეთესო ვარიანტია, თუ ბოლო პასის პრობლემა იქნება, შეუძლია ტრინკაუს დაეყრდნოს. გუშინ კარში დარტყმებით დიდად არ შეუწუხებია თავი, მაგრამ ეტყობა, რომ ძალიან კარგი მარცხენა აქვს.

    ფრანგები

    უმეტესობამ დაინახა პოზიტივი, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოვლენაა, რომ ამხელა პაუზის მერე დემბელე ვნახეთ, რომელმაც გოლიც შეაგდო, მაგრამ დიდი იმედი, ფრანგი შემტევებისა არ მაქვს. ფეხბურთში არ არსებობს, რომ ვინმე ერთ ადგილზე გაიყინოს, მერე კი იქიდან გააგრძელოს საქმე, სადაც გაჩერდა, ფეხბურთი ისე სწრაფად ვითარდება, რომ ერთ ადგილზე ყოფნა, ავტომატურად რეგრესს ნიშნავს, საქმე დემბელეს ეხება, სამი წლის თავზე, განვითარებული, დაბრძენებული ვარსკვლავი უნდა გვენახა, მაგრამ ეს ბიჭი ისევ იქ არის, სადაც მოსვლის დროს იყო, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, მისი ტრავმების გადამკიდე. სირბილი და დარტყმა ყოველთვის შეეძლო, თუ ჯანმრთელად იქნა, გოლებსაც შეყრის, მაგრამ მისი სათამაშო აზროვნება არ შეცვლილა. ამას გარდა, არც ათლეტურობის თვალსაზრისით შეცვლილა რამე, ისევ ასანთის ღერივით არის, იქნებ დემბელეც გავანათხოვროთ „ბაიერნში“ და იქიდან გაცილებით ათლეტური ჩამოგვეყვანა?! ხუმრობა იქით იყოს და რით არიან მისი მწვრთნელები დაკავებული წარმოდგენა არ მაქვს, სამი წლის წინ მის აღნაგობას პრობლემა დაარქვეს და სამი წლის თავზე, შედეგი იგივეა.

    ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი უფრო მეიმედება, ვიდრე გრიზმანის.

    მესიმ დაუთმო თერთმეტმეტრიანი და გაატანინა, ეს ფსიქოლოგიურად უნდა წაადგეს. კარგია, როცა სეზონს გოლით იწყებ და შენი საყვარელი ნომერიც მოირგე, იქნებ ამანაც შემატოს თვითრწმენა, მაგრამ ისევ დაკარგული იყო. გრიზმანი ის ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის ხშირად მიღება უყვარს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან წარმოდგენა არ აქვს სად და როგორ გაიხსნას. პირველ ბურთზე ისე ვერ იბრძოლებს როგორც სუარესი, თუნდაც ბრეითუეიტი. ვერც კორპუსს დააყენებს მათ მსგავსად, რომ ბურთი ფეხში მიიღოს და შეტევა მისგან განვითარდეს, ერთადერთი ის რჩება, რომ მცველებს ზურგსუკან თავისუფალი სივრცე აითვისოს, დემბელესავით რეაქტიული ვერ არის, მაგრამ გაქცევა და სწრაფად გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად შეუძლია.

    აქვე მის დეტალურ ანალიზს გადავავლე თვალი. „რეალ სოსიედადში“ საუკეთესო, ბოლო სეზონი აღმოჩნდა, ყველა ტურნირზე გაიტანა 20 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. 38 შეხვედრა ჩაატარა მარცხენა გარემარბად, ანუ იქ, სადაც წინა სეზონში გაამწესეს, ხოლო 2-2 შეხვედრა ჩაატარა მარჯვენა გარემარბად და ცენტრფორვარდად. განსხვავება ის არის, რომ მაშინ გრიზმანი გაცილებით სწრაფი იყო და ფლანგზე თამაში უკეთ შეეძლო, ახლა სისწრაფე დაკარგული აქვს.

    აი მერე გადადის „ატლეტიკოში“ და ვარსკვლავად ყალიბდება, საუკეთესო სეზონები ჩატარებული აქვს მაშინ, როცა მეორე ფორვარდად თამაშობს, მის წინ კი დიეგო კოშტაა, შემდეგ მორატა, მერე ისევ კოშტა, გრიზმანს წინ სჭირდება მაღალი ფეხბურთელი, რომელიც პირველ ბურთზე იბრძოლებს, თავად კი გათავისუფლებულ სივრცეს აითვისებს. პარალელი, რომ გავავლოთ, თავს კარგად იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ ბრეითუეიტი ცენტრფორვარდის პოზიციაზე იქნება, თავად კი მის ირგვლივ იტრიალებს, სხვა შემთხვევაში, მისი საუკეთესო ვარიანტი, დაკარგულია.

    იგივე ხდება საფრანგეთის ნაკრებშიც, როგორც წესი, პირველი ბურთი ჟირუზე მიდის, გრიზმანი კი მის ირგვლივ ტრიალებს.

    წინა სეზონში, ლა ლიგაში 9 გოლი შეაგდო. ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში 15-ს მაინც გაიტანს. ამისათვის კი ჰენრიკ ლარსონს ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს, ფორვარდებთან სწორედ ის მუშაობს და თავის გამოცდილება თუ გაუზიარა, იქნებ რამე გამოვიდეს.

    სხვა მხრივ კი, ერთი სიამოვნება იქნება, ამ შემტევების კონკურენციის ნახვა. რეალურად, თუ ბრეითუეიტს არ ჩავთვლით, ჩვენ არ გვყავს სათადარიგოთა მოთამაშე, ჩვენ გვაყვს ძირითადის ფეხბურთელები, რომელთაც სკამზე ჯდომა მოუწევთ.

    იმედი მაქვს, შემდეგ ამხანაგურ შეხვედრაში, უკვე იმ შემადგენლობას დააყენებს, რომელსაც ძირითადისთვის განიხილავს, ანუ, დე იონგი საყრდენზე და კოუტინიო ათიანზე. მერე უკეთ ვნახავთ, რა და როგორ.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Feel My Style გულშემატკივარი [?]

    13 სექტემბერი 2020 20:26

    ყოველ ჯერზე უკეთესი ხარ ფეოლა! აი ვისგან უნდა აიღოს მაგალითი გრიზმანმა

    2
    გასულია
    Bakero Culé [?]

    13 სექტემბერი 2020 19:56

    მე მაგათ ვეძახი " დიდ სამეულს " უბრალოდ იდიოტი (დემბელე) მუდამ ჩასვრილი ვითომ ათიანი (კოუტინიო) და გაუგებრობაში მოსვედრილი ბუასილად ქცეული (გრიზმანი) ......მეტი დრო ახალგაზრდებს ! მეტი დრო ახალგაზრდებს !!! ფატი , ტრინკაო , პედრი , პუჩი ,არაუხო ! მეტი დრო ახალგაზრდებს კუმანს არაფერს არ ვთხოვ ერთი რამის გარდა მეტი დრო ახალგაზრდებს რომ ირწმუნონ თავიანთი ძალები და ისწავლონ უმაღლეს დონეზე თამაში ! ვინც გაუძლებს დარჩება ! ვინც ვერ გაუძლებს წავა ! VAMOS შრიოდერ !

    2
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    13 სექტემბერი 2020 19:06

    იქნებ დემბელეც გავანათხოვროთ „ბაიერნში“ და იქიდან გაცილებით ათლეტური ჩამოგვეყვანა?!

    დემბელე რო ბაიერნში გაანათხოვროთ, იქიდან 1-2 თვეში კასტილებით ჩამოგვიყვანენ, და ამჯერად უკვე კონტრაქტის ბოლომდე.

    ციტატა: GIO-PEP
    გრიზმანის არც მე მეიმედება (ნეტა ვცდებოდე), საერთოდ რატო იყიდეს შარშან, რომელ პოზიციაზე განიხილავდნენ რო მოყავდათ... ბართომეუს სტანდარტული ქაოტური და გაუაზრებელი ტრანსფერია

    რატომ მოიყვანა და იმიტომ რო ნეიმარი არ მოეყვანა. მესისთან კი იტყოდა აგერ ნეიმარი გამოვიწერე და ეს ჩამოვიდაო.

    0
    გასულია
    პატარა პრინცი წევრი [?]

    13 სექტემბერი 2020 17:26

    გრიზმანს შეუძლია ათიანის პოზიციაზე თამაში...

    1
    გასულია
    basa7 Culé [?]

    13 სექტემბერი 2020 16:13

    მე მაგას ყიდვამდე ვიძახდი და ბევრი დაამოწმებს ამას, გულის სიღრმეში რაღაც იმედი მაინც მქონდა მისი კლასის გამო მაგრამ მარტო კლასი არ კმარა როგორც ხედავთ, შეთავსებადობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თითქმის იგივე აზრის ვიყავი კოუტინიოზეც. რეალურად ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთის კონკურენტია ამ მომნტში, თუ 4 2 3 1 სქემა იქნება. ერთი უპირატესობა გრიზმანს ის აქვს რომ თუ მესის ფორვარდზე გადაწევენ მაშინ ზუსტად თავის ადგილას აღმოჩნდება, აი კოუტინიო კი ვერადსროს ვერაფრით ვერ გაამართლებს ეგრედწოდებულ ინიესტას პოზიციაზე. მისი ადგილი, სადაც ნამდვილად რეზულტატურია არის პლეიმეიკერის ადგილი, იგივე სუფთა ათი ნომერი. თუ ბარსა გადაწყვიტავს შეცვალოს სქემა და ითამაშოს 4 3 3 მაშინ მოგჭამა ჭირი გრიზმანამაც(სანამ მესი იქნება , თუმცა ტრინკაო მგონი მანდ არ გაახარებს) და კოუტინიომაც. ბევრს არ ჯერა მაგრამ სულ ვიძახდი რომ დემბელე უფრო კარგ შედეგს დადებს ვიდრე ესენი, და ასეცაა. იმ ძალიან ცოტა თამაშში დემბელეს უფრო მეტი გოლი და ასისტი აქვს ვიდრე ამათ.

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    13 სექტემბერი 2020 16:04

    კიდევ ერთხელ ვიტყვი. გრიზმანის ადგილი არაა ბარსაში. ბარსას არ ჭირდებოდა ეს კაცი და ვერც გამოიყენებს ისე, როგორც საჭიროა. ზაფხულში ტრანსფერზე დააყენებენ და 120 მოლიონიანს გაყიდიან 40-ად.

    7
    საიტზეა
    GIO-PEP Culé [?]

    13 სექტემბერი 2020 15:37

    გრიზმანის არც მე მეიმედება (ნეტა ვცდებოდე), საერთოდ რატო იყიდეს შარშან, რომელ პოზიციაზე განიხილავდნენ რო მოყავდათ... ბართომეუს სტანდარტული ქაოტური და გაუაზრებელი ტრანსფერია

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV