"ბარსა" და ქართველი ფეხბურთელები

  • 9-09-2020, 14:00
  • "ბარსა" და ქართველი ფეხბურთელები

    დიდი ხანია გვსურს, რომ "ბარსელონაში" ქართველმა ითამაშოს და ეს ოცნება ჯერჯერობით ვერა და ვერ ავიხდინეთ. წარსულში გვყავდა ფეხბურთელები, ვინც "ბარსას" დონეზე შეძლებდნენ თამაშს, მაგრამ საბჭოთა ტყვეობაში მყოფნი, უცხოეთში ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ, ამიტომ მათი მაქსიმუმი "დინამო" და საბჭოთა ნაკრები იყო. მადრიდის "რეალი" იჩენდა ინტერესს მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის მიმართ, მაგრამ ამ საქმიდან, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდა. შემდეგ კვლავ მადრიდის "რეალი" ცდილობდა ვლადიმერ გუცაევის გადაბირებას, 80-ანებში, როცა ოთხთა ტურნირზე, "დინამომ" "ბაიერნი" დაამარცხა, "ბერნაბეუზე" კი შესანიშნავად ეთამაშა "რეალს" და ყიფოსთვის რომ ფეხი არ მოეტეხათ, ალბათ არც იმ შეხვედრას წააგებდნენ. სწორედ ამ ტურნირის შემდეგ სურდათ გუცაევის გადაბირება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

    "ბარსელონას" კი დარასელია მოუხდებოდაო, ასე ამბობენ ძველები და მაგათ დაეჯერებათ. 30 წელია, რაც ევროპასთან საზღვრები გაიხსნა და ქართველებს შეუძლიათ ევროპულ გრანდებში თამაში, მაგრამ უკვე ვეღარ ვართ იმ დონეზე, რომ გრანდები ჩვენების სამსახურით დაინტერესდნენ, თუმცა იყო რამდენიმე შანსი.

    გიო ქინქლაძე

    იმ დაუვიწყარი სეზონის შემდეგ, რაც გიომ "მანჩესტერ სიტიში" ჩაატარა, მას ბევრი გუნდი ეპატიჟებოდა, მათ შორის "იუნაიტედი", "ბარსელონა", "აიაქსი" და რამდენიმე იტალიური კლუბი. დიეგო მარადონა გიოზე ამბობდა, რომ მას იტალიაში უნდა ეთამაშა, ქინქლაძე ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც "ბოკა ხუნიორსში" აღმოჩნდა, იქ კი კარიერის ბოლო წლებს ატარებდა თავად დიეგო მარადონა. როგორც გიო ყვება, დიეგო განცალკევებით ვარჯიშობდა, მაგრამ მისი ყურებითაც კი ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდაო. სანამ "ბარსას" შეთავაზება იქნებოდა, მანამდე მადრიდის "რეალშიც" წაივარჯიშა, სადაც დაახლოებით მისი ასაკის რაულ გონსალესი იკრებდა ძალებს და კაპელოს ხელმძღვანელობით გადადგა კიდეც პირველი ნაბიჯები. პატარა ქვეყნის ტალანტს კი კონტრაქტის შანსი არ მისცეს.

    გიო მისთვის საუკეთესო სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ლეგიონერთა შორის მხოლოდ ერიკ კანტონას ჩამორჩა, ეს მაშინ, როცა მისი გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდა. არავის ეგონა, რომ ამხელა ტალანტი და საფეხბურთო სამყაროს ბრილიანტი გუნდს მეორე ლიგაში გაყვებოდა, მაგრამ გიო ასეთი იყო, უცნაური და რთული ხასიათის მქონე. "ბარსა" კი ოცენბად დარჩა, არადა, ჯოვანისთან კონკურენცია მოუწევდა და ძირითადიდან რომ ამოეგდო, ფლანგებზე რივალდო და ფიგუ ეყოლებოდა, წინ კი პატრიკ კლუივერტი. ნამდვილად საოცნებოდ ჟღერს.

    ლევან ყენია

    ლევან ყენია 15 წლის ასაკში უკვე ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა, ხალხი მის სანახავად დადიოდა სტადიონზე, 16 წლისამ კი ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. უკრაინასთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ანდრეი შევჩენკოც ვერ მალავდა აღფრთოვანებას. ლევანმა "ბარსაში" მაშინ წაივარჯიშა, როცა "ლოკომოტივმა" იქაურ ტურნირზე ითამაშა და ყენიამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ლევანს სკაუტებმა ერთი მხრივ ჩაუწერეს ის, რასაც უწერდნენ ჩავი ერნანდესს, მის მინუსად ჩათვალეს, რომ ქუსლებზე დარბოდა. ხოლო მეორე მხრივ, დიდ მინუსად მიიჩნიეს, რომ თავი მუდმივად დახრილი ჰქონდა, მოედნის ხედვაში პრობლემები აქვსო - ასეთი იყო დასკვნა.

    ყენო არ დაიტოვეს, მაგრამ "შალკეში" ისე აკრიფა, გუნდმა ივან რაკიტიჩი მოისროლა, ყენია აგერ გვყავს, რაკიტიჩი რაღად გვინდაო, მაგრამ მერე დაიწყო ტრავმები და აღარ გათავდა. საერთოდ, საოცრებაა, რომ ამ ტრავმების მიუხედავად, დღემდე ფეხბურთს თამაშობს.

    გიორგი ჭანტურია

    ყველაზე დიდი იმედი მისი გვქონდა, რადგან ის რეალურად ირიცხებოდა "ბარსელონაში", განწყობაც საბრძოლო ჰქონდა და მისი ჟილკის ამბავი ვინც იცის, იმედიც ჰქონდა, რომ გიო ბოლომდე იბრძოლებდა ძირითად გუნდში მოსახვედრად.

    ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა თემურ ფოცხვერიას გაწვრთნილმა გუნდმა, ბარსელონაში ტურნირი მოიგო, თავად "ბარსაც" დაამარცხეს და ჭანტურია საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მერე დააკვირდნენ მის განვითარებას და საბოლოოდ "ბარსაში" აღმოჩნდა.

    თან ზუსტად იმ პერიოდში მოუწია ვარჯიში, როცა კლუბი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო იყო და აკადემიასაც დიდ ყურადღებას უთმობდა. იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში, სადაც, მაგალითად ბოიან კრკიჩზე ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ყველას ახსოვს, როგორ შეასრულა თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და დარტყმის წინ ბოიანს ბურთი წაგლიჯა ხელიდან. სამწუხაროდ ჭანტურიას მთავარ გუნდში შანსი არ მისცემია, როსელი მოვიდა და პოლიტიკა შეიცვალა, ლაპორტას გუნდი სახლში გაუშვეს, მათ შორის ქართველებიც - ლაპორტას მდივანი და "ბარსას" მუზეუმის ხელმძღვანელი, რომელთაც კავშირი ძალიან საეჭვო ხალხთან ჰქონდათ. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისა, რატომაც ლაპორტას საქმე გაუფუჭდა.

    ჭანტურიამ მთავარ გუნდთან ერთი ვარჯიში ჩაატარა. ეს გვარდიოლას საჩუქარი იყო, ახალგაზრდების მიმართ, იბრაჰიმოვიჩთან, მესისთან და ინიესტასთან ერთად ივარჯიშა, რაც დაუვიწყარი გამოცდილება იქნებოდა.

    კახი კალაძე

    კალაძის მიმართ ინტერესი რამდენჯერმე იყო, მაგრამ საქმე შეთავაზებამდე არ მისულა. კახის ჯერ მარცხენა მცველად განიხილავდნენ, როცა კლუბს ამ ფლანგზე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ "მილანი" მას მარტივად არ დათმობდა. განსაკუთრებული ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა "მილანი" – "რეალის" დაპირისპირების დროს, ლუიშ ფიგუს ფეხი არ გაანძრევინა, მაშინ "ბარსა" კრიზისში იყო, "მილანი" კი მაღლა და მაღლა მიიწევდა, ამიტომ ალბათ სწორი იყო, რომ კახის წასვლაზე არ უფიქრია.

    მეორედ კი ცენტრალურ მცველად განიხილებოდა, სათადარიგოთა სკამისთვის, მაგრამ შეთავაზებამდე არც ამჯერად მისულა საქმე.

    გიორგი ჩაკვეტაძე

    ბოლო ინტერესი ქართველის მიმართ დაახლოებით 2 წლის წინ გავრცელდა, როცა ჩაკვეტაძემ ბრწყინვალედ ჩაატარა ერთა ლიგის შეხვედრები. მას ასაკობრივი ნაკრებიდანაც იცნობდნენ, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან გაიბრწყინა, არაერთი სკაუტის ანგარიშში მოხვდა და "ბარსას" ინტერესიც დადასტურდა, მაგრამ ასეთი კლუბები ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებიან, ამიტომ ვინც სტაბილურობას ინარჩუნებს, კონტრაქტსაც იმას უფორმებენ. მაგალითად, ტრინკაუმ სტაბილურად განაგრძო განვითარება და "ბარსაში" აღმოჩნდა, ჩაკვეტაძე კი შეფერხდა და ისევ იქ არის, სადაც 2 წლის წინ იყო.

    იმედია, ოდესმე ოცნება აგვიხდება.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    saba17 გულშემატკივარი [?]

    9 სექტემბერი 2020 20:23

    სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი ისევ ოცნებად რჩება.ქართველებს შეუძლიათ კარგად თამაში უბრალოდ გვეზარება ყველაფერი.არ ვართ მონდომებული.თუ ოდესღაც ვთამაშობდით მაღალ დონეზე ესეიგი ახლაც შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში რადგან ეს სისხლში გვაქ მაგრამ რათ გინდა მონდომება-0.

    1
    გასულია
    Arthur008 წევრი [?]

    9 სექტემბერი 2020 15:44

    კვარაცხელიამ ასე განაგრძოს ტრამვებმაც ხელი არშეუშალოს და აუცილებლად მოხვდება რომელიმე დიდ კლუბში

    6
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    9 სექტემბერი 2020 14:06

    მესი ქინქლაძის ალიკვალია.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV