ხორვატული ფურცელი "ბარსას" ისტორიაში

  • 2-09-2020, 13:06
  • ხორვატული ფურცელი "ბარსას" ისტორიაში

    მესის გარშემო ატეხილმა ამბავმა ყველაფერი გადაფარა, არათუ სხვა სპორტული მოვლენები, არამედ პოლიტიკური სიახლეებიც და მცირე ხნის წინ, ისიც კი დაიწერა, რომ გუგლში კორონავირუსზე ხშირად, მესი "ისერჩება".

    ამიტომ, ივან რაკიტიჩი ძალიან წყნარად და მშვიდად დაუბრუნდა "სევილიას", ზედმეტი ხმაურისა და გაცილების გარეშე. არადა "რაკეტა" არ არის ის კაცი, ასე ჩუმად რომ გააცილებ. სულ მცირე ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დეკადაში, ერთადერთი შემტევი ნახევარმცველია, რომლის ტრანსფერმაც გაამართლა.

    მასზე დაკვირვება ჯერ კიდევ "შალკეში" დაიწყო. გერმანული კლუბი ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და გრანდების ყურადღება მიიქცია. ზუსტად ამ დროს მოუწიათ "ბარსელონასთან" შეხვედრა და სკაუტებმა "შალკეს" ორ ფეხბურთელს თვალი დაადგეს, ერთი მანუ ნოიერი იყო, ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მეორე კი ხორვატი - ივან რაკიტიჩი.

    ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ მის რთულ ხასიათზე, მაგრამ ივანის კარიერას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი იმუშავა, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევების გარდა, პრობლემა არავისთვის შეუქმნია, ასაკის მატებასთან ერთად დაღვინდა და პროფესიონალად ჩამოყალიბდა, ამასთან ერთად, ძლიერი მენტალობის ფეხბურთელი გამოდგა.

    ამავე პერიოდში, "ბარსა" კიდევ ერთ ხორვატს აკვირდებოდა, ზაგრების "დინამოს" გამთამაშებელს, რომელსაც სტარტი ვერ ჰქონდა რაკიტიჩივით ვარსკვლავური, რადგან ივანი გერმანიაში ბრწყინავდა, ლუკა კი ზაგრების "დინამოსთან" ერთად ცდილობდა წარმატების მიღწევას. უნდა ითქვას, რომ მიაღწია კიდეც, რადგან ამ რანგის გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი წარმატება იყო.

    აქედან იწყება მათზე თვალის დევნება და ფანებიც ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან კლუბის ხელმძღვანელობას არჩევანის გაკეთება მოუწევდა, ან ერთს გაუფორმებდნენ კონტრაქტს, ან მეორეს, თუმცა აქამდე დიდი დრო იყო, რადგან გუნდის ნახევარდაცვის ცენტრში, უდიდესი კონკურენცია მძვინვარებდა. ამის გამოყენება ჟოზე მოურინიომ სცადა, რომელიც ჩავი ერნანდესმა მალევე მოიცილა თავიდან, ჟოზემ მაშინ შესთავაზა "ჩელსიში" გადასვლა, როცა "ბარსამ" მარკ ვან ბომელი შეიძინა, ნათელი იყო, რომ დეკუ ძირითადში იქნებოდა, აი ჩავის ხან საყრდენზე მოუწევდა თამაში, ხანაც კონკურენციაში იქნებოდა ჰოლანდიელთან. იმ სეზონში, მიუხედავად დიდი ტრიუმფისა, ისე მოხდა, რომ ჩავიმ მძიმე ტრავმა მიიღო, ამიტომ ისღა შეძლო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "არსენალის" წინააღმდეგ, განაცხადში შეიყვანეს. ჟოზეს კი მიუგო: "არ მესმის რატომ უნდა დავტოვო "ბარსა", ამ დონის გუნდში ყოველთვის იყო კონკურენცია, ეს მე არ მაშინებს".

    იგივე პრობლემა ჰქონდა ანდრეს ინიესტას. მაგალითად ფინალში სკამზე დასვეს და კიდევ კარგი, რომ მეორე ტაიმში მაინც შემოიყვანეს, თორემ კაცმა არ იცის, შეხვედრა როგორ დამთავრდებოდა. ასეთი ამბები იყო "ბარსაში" და აბა ვის ეცელა მაშინ ხორვატებისთვის?!

    შემდეგ ამ "დაჩაგრულმა" დუეტმა, გვარდიოლას ხელში აიწყვიტა და ისეთი შედეგები დადეს, ისეთი ხარისხით, რომ საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან ნახევარდაცვის გაძლიერება. შემდეგ იყო პერიოდი, როცა "ბარსას" ოთხი ვარსკვლავი ჰყავდა ნახევარდაცვაში, ჩავის, ინიესტას, ფაბრეგასისა და ალკანტარას სახით, მაგრამ პეპის ექსპერიმენტების ხარჯზე, ყველას საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა, ამიტომ იყო ალკანტარა გაკვირვებული, "არ მეგონა თუ ამდენ სათამაშო დროს მივიღებდიო" - ამბობდა კმაყოფილი და სწორედ ამიტომ გაჰყვა გვარდიოლას "ბაიერნში", ზუსტად იცოდა, რომ თუ ჩავის და ინიესტას გუნდში იღებდა სათამაშო დროს, ესე იგი, გვარდიოლა ყველგან ათამაშებდა. ასეც მოხდა, პეპმა ალკანტარა კროოსს ამჯობინა და წამყვანი როლი დაუთმო.

    სანამ "ბარსაში" ასეთი ამბები ტრიალებდა, ხორვატებიც მიუყვებოდნენ თავიანთი ბედისწერის გზას. ფელიქს მაგათმა ივან რაკიტიჩზე უარი თქვა, არჩევანი ახალგაზრდა ქართველ, ლევან ყენიაზე შეაჩერა, რომელსაც მოგვიანებით, თავადვე დაღუპავს. ივანი გაუშვეს "სევილიაში". ასე უფრო მარტივი გახდა მისი დაკვირვება, აქვე იყო, ლა ლიგაში, სად უნდა შეგემოწმებინა მისი სათამაშო დონე, თუ არა ესპანეთის ჩემპიონატში?! თანაც "ბარსასთან" ურთიერთშეხვედრების დროს?! მეორე ხორვატი კი ინგლისისკენ წავიდა, ლუკა მოდრიჩი ლონდონის "ტოტენჰემმა" გადაიბირა.

    ხელმძღვანელობა ელოდა, როდის წავიდოდა ჩავისა და ინიესტას მეფობის დრო, ჩავის შემცვლელად ფაბრეგასი მოიყვანეს, რომელმაც ვერ ივარგა, მშვენიერი სტატისტიკა დადო, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ინიესტას შემცვლელი კი გვარდიოლას გაჰყვა, ამიტომ, როცა ჩავის წასვლის დრო მოახლოვდა, უკვე იცოდნენ, ვინ უნდა შეეძინათ. მოდრიჩის შანსი აღარ იყო, რადგან უკვე მადრიდის "რეალში" იმყოფებოდა, დარჩა მეორე ხორვატი, ივან რაკიტიჩი.

    თავიდან აქაც იმედგაცრუებას ჰქონდა ადგილი, რატომღაც სანამ გადმოვიდოდა, ყველას ეგონა, რომ ისეთივე კარგი გამთამაშებელი იყო, როგორიც მისი თანამემამულე, რადგან "შალკედან" მოყოლებული, ყველა ასე ახასიათებდა, ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდად არ უყვარს ბურთის დაჭერა და მოკლე პასები, პირიქით, ამჯობინებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანოს ბურთი, ფლანგიდან ფლანგზე, ადაპტაცია ცოტა გაუგრძელდა, ზამთრის შემდეგ ძირითადში აღმოჩნდა და გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა.

    "ბარსა" აღარ იყო ისეთი დომინანტი, როგორიც ჩავი-ინიესტას დროს, მაგრამ ივანს თავის პლუსები ჰქონდა და გარდა შეტევისა, დაცვაში თამაშითაც კარგად წარმოჩინდა. ექვსი წელი არ არის ცოტა დრო, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაკიტიჩით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

    აი მოდრიჩზე კი დიდად გული არ დამწყვეტია, უფიქრიათ "ბარსას" ფანებს, რა იქნებოდა, რომ არჩევანი მეორე ხორვატზე გაგვეკეთებინაო, მაგრამ "კლასიკოს" დროს ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, რადგან "რაკეტა" "კლასიკოს" ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა და გოლებიც მშვენიერი გაიტანა.

    მადლობა ივან!

    გზა დამილოცნია..


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Tramp Culé [?]

    2 სექტემბერი 2020 14:35

    წარმატებები ივან ! ❤️

    1
    --------------------
    სხვებს ჰყავთ კაკა ან კრიშტიანო რონალდო , მე კი დავიდ ვილია – ვისენტე დელ ბოსკე 2008
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    2 სექტემბერი 2020 13:47

    ასეთ ფეხბურთელებს დაფასება ჭირდებათ ❤

    2
    გასულია
    ♠️Spooky♠️ წევრი [?]

    2 სექტემბერი 2020 13:38

    Jigar feola❤️ legeendaa es kaci da unda davafasot

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV