ტიტანების ბრძოლა

  • 12-08-2020, 14:00
  • ტიტანების ბრძოლა

    მეკარეების გერმანული სკოლა მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. არის პერიოდები, როცა სხვა ქვეყნის სკოლებიც გაუწევს ხოლმე კონკურენციას, მაგალითად, იტალიას ყველა ეპოქაში ჰყავდა მაღალი დონის მეკარე. არის პერიოდები, როცა რომელიმე ქვეყანას, განსაკუთრებით ნიჭიერი მეკარე ან მეკარეები მოევლინება, მაგრამ გერმანია ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არასდროს მეკარის პრობლემა არ ჰქონია და ყველა ეპოქაში უდიდესი კონკურენცია იყო ნაკრების პირველი ნომრის მოსარგებად.

    გერმანული სკოლა

    მაკარისგან პირველ რიგში ითხოვენ დამაჯერებლობას. გუნდი ითხოვს, რომ მეკარე სანდო იყოს, როცა მეკარე დამაჯერებლად დგას კარში, ეს მთელი გუნდისთვის გადამდებია. გერმანული სკოლა კი სწორედ ამით გამოირჩევა, მაქსიმალური კონცენტრაციით და პრაგმატიზმით, ამავე დროს განსაკუთრებულად მებრძოლი ხასიათით, გერმანელი მეკარეები მთელი თამაშის განმავლობაში, ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ, ამ მიზეზთა გამო, კარგი კაპიტნებიც არიან.

    ვერ ვიტყვით, რომ მუდმივად ინოვატორები იყვნენ, სამაგიეროდ ყველა სიახლეს, რომელიც ფეხბურთში ინერგება, ალღოს მარტივად უღებენ და სრულყოფილებამდე აჰყავთ. მაგალითად, პირველი მეკარე, რომელმაც ფეხით თამაში სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა, ედვინ ვან დერ საარი იყო, თავის საჯარიმოსთან გამუდმებით მოძრაობდა, ერთ-ერთი თამაშის მერე აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ მცველებზე მეტი ჰქონდა ნარბენი. აქ საქმე გვაქვს ინდივიდდთან და არა სკოლასთან, რადგან ჰოლანდიის ნაკრებში, ედვინის შემდეგ, არაფერი მსგავსი აღარ გვინახავს. საუბარი არ მაქვს სათამაშო დონეზე, საუბარია სათამაშო სტილზე, ეს არ იყო ჰოლანდიური სკოლის სახე, ეს კონკრეტულად ედვინ ვან დერ საარის სტილი იყო.

    სამაგიეროდ გერმანელებმა აიტაცეს ეს ინოვაცია და ყოველი მეკარე, რომელიც ბუნდესლიგაში შეაბიჯებს, იდეალურად თამაშობს ფეხით. ამასთან ერთად, მანუელ ნოიერმა საერთოდ დაარღვია სტანდარტები და ე.წ ლიბეროს ფუნქციები შეითავსა, ყოფილა შემთხვევები თამაშის დროს ცენტრამდეც კი ასულა.

    რა ხდება მაშინ, როცა ასეთ სკოლასთან საქმეს იჭერს თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დიდი ინოვატორი? შეიძლებოდა მომხდარიყო რაღაც ძალიან განსაკუთრებული, მაგრამ ისევ გერმანული პედანტიზმისა და პრაგმატიზმის გამო ვერ მოხდა. საუბარია პეპ გვარდიოლას იდეაზე, რომ მანუელ ნოიერს ნახევარდაცვის ცენტრში ეთამაშა, ის შეპყრობილი იყო ამ იდეით, მაგრამ რუმინიგემ და ჰიონესმა არ მოიწონეს, თქვეს, რომ ეს მეტოქის შეურაცხყოფა იქნებაო.

    პირველი პასი

    გასაკვირი არ არის, რომ ფეხით იდეალურად თამაშობს ტერ შტეგენიც. "ბარსაში" ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ მეკარეს გერმანიაში ეძებდნენ. ნოიერის გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, როდესაც ეს უკანასკნელი "შალკეში" ირჯებოდა, მან არჩევანი "ბაიერნზე" შეაჩერა, ეს ხომ ყველა გერმანელის ოცნებაა?!

    ფეხით კარგად თამაშობდა ვიქტორ ვალდესი, კარგი იყო კლაუდიო ბრავო და სწორედ ამის გამო გადაიბირა პეპ გვარდიოლამ, მაგრამ ტერ შტეგენი საუკეთესოა.

    ყველაზე უკეთ ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ერნესტო ვალვერდემ თავის ბოლო "კლასიკოში", გენიალური ტაქტიკური სქემა შეიმუშავა, ბოლომდე გაშალა ნახევარდაცვის ხაზი, როდესაც ბურთის თამაშში შემოსაყვანად ტერ შტეგენი ემზადებოდა, გაუაზრებელი შორეული დარტყმის ნაცვლად, ლუის სუარესზე გაკეთებული პასით, შეტევას იდეალურად იწყებდა.

    პირველ 15 წუთში, სამი ასეთი შეტევა დაიწყო და თუ "ბარსამ" იმ შეხვედრაში რამე სახიფათო შექმნა, ეს პირველ რიგში შტეგენის დამსახურება იყო.

    ფეხბურთში "ბურთის ამოტანას" ეძახიან პასს, რომლითაც სათამაშო ზონა იჭრება. მოგეხსენებათ უკვე ძალიან დიდი ხანია, ყველა გუნდი ზონური დაცვის პრინციპებით თამაშობს, ამიტომ პასი, რომელიც ერთი ზონიდან, მეორეში იჭრება, ძალიან ძვირად ფასობს.

    ყველაზე მარტივ პასად ითვლება ცენტრალური მცველის გადაწოდებული საყრდენ ნახევარმცველზე. ან მეკარის პასი რომელიმე მცველზე. ასევე მარტივ პასად ითვლება ფლანგზე გადაწოდებული ბურთი, რადგან ზონური დაცვის პრინციპებით, მეტოქე ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რომ პასი ფლანგზე გააკეთო, რადგან მთავარი საფრთხე ცენტრიდან მოდის.

    შეტევის კარგ დასაწყისად ითვლება პასი, რომელიც დაცვის ზონიდან, შემტევ ნახევარმცველამდე ადის და იდეალურია პასი, რომელიც დაცვის ზონიდან, პირდაპირ თავდამსხმელამდე მიდის. საუბარი არ არის ე.წ "პარაშუტზე", როდესაც უბრალოდ ამოსცხებენ ბურთს და წინ გადააგდებენ, საუბარია ზუსტ პასზე, რომლის დამუშავება ერთი შეხებითაც შესაძლებელია.

    ასეთი პასი უიშვიეთესია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეტოქის სათამაშო სქემა დარღვეული არ არის და მწყობრად იცავს თავს. აი ტერ შტეგენმა, პირდაპირ თავის კარიდან გააკეთა ის, რასაც თანამედროვე ცენტრალური მცველებიც ვერ ახერხებენ.

    ეს განსაკუთრებული მოვლენაა.

    "ბარსაში"

    ვიცოდით, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდებოდა, ვიცოდით მაშინაც, როდესაც ლა ლიგაში კლაუდიო ბრავო ბრწყინავდა, მაშინ ჯერ კიდევ ვერ იყო დამაჯერებელი, რაც გასაკვირი სულაც არ არის, ყველა მეკარე უშვებს შეცდომებს, უამრავი შეცდომა გვახსოვს ოლივერ კანისგან, იკერ კასილიასისგან, ჯიჯი ბუფონისგან, იგივე ვან დერ საარისგან, რომელმაც "იუვეში" ისე შეირცხვინა თავი, რომ სულ წიხლით გააგდეს.

    ეს ნორმალურია, მეკარეები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ მათში პოტენციალის დანახვა უნდა შეგეძლოს. ჩვენ ამას ვხედავდით, SILK-ის ერთ-ერთი კომენტატორისგან განსხვავებით, რომელმაც პირდაპირ თქვა - "ტერ შტეგენის დიდი მეკარეობის არ მჯერა, უბრალოდ ცუდი მეკარეაო". გასაგებია, რომ მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა, "ბილბაოსთან" ცენტრიდან გაუშვა, "რომასთან" კი თითქმის ტრიბუნებიდან გაუტანეს, მაგრამ პოტენციალი ჩანდა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ლიონელ მესის შემდეგ, გუნდის მთავარი იმედი შეიქნა.

    ეგ კი არა, დიდი შანსია, "ბარსაში" გატარებული კარიერის შემდეგ, კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეკარედ აღიარონ. აქამდე "ბარსას" ლეგენდებს უთქვამთ, რომ ისტორიაში საუკეთესო მეკარე ვიქტორ ვალდესი არისო, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტერ შტეგენი, უკვე ბევრად აღემატება ვიქტორ ვალდესს, მთავარ მეტოქესთან კი, სულ მცირე ხანში მოუწევს დაპირისპირება.

    შტეგენი VS ნოიერი

    გერმანულ სკოლასაც აქვს ცალკე განშტოებები, ეს სკოლა არ მიდის ერთ ხაზზე, განსხვავებული სტილის მაკარეები იყვნენ ზეპ მაიერი და ტონი შუმახერი, ოლივერ კანი და იენს ლემანი. ისე აღმოჩნდა, რომ მანუელ ნოიერი სამაგალითო მეკარედ იენს ლემანს მიიჩნევს, მისი კუმირი სწორედ "დორტმუნდისა" და "არსენალის" ყოფილი მეკარეა, ხოლო ტერ შტეგენის იდეალი, ოლივერ კანია.

    არ მოეწონათ "ბაიერნის" ქომაგებს ნოიერის გემოვნება, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გამოვლინდა მისი რკინის ხასიათი. გამბედაობა და სიმამაცე სჭირდება იმას, რომ "ბაიერნის" ქომაგებს პირში მიახალო იენს ლემანი მირჩევნია, თქვენს სათაყვანებელ ოლივერ კანსო. ასეთია ნოიერი, ზედმეტად თავდაჯერებული და პრინციპული.

    ერთ დროს შტეგენზე უკეთესი იყო, იქამდე სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა, აი ტრავმის მერე, შტეგენი ბევრად მაღალ დონეს აჩვენებს, მაგრამ ნაკრების პირველი მეკარე, კვლავ მანუელ ნოიერია. "ბაიერნისთვის" ეს პრესტიჟის ამბავია, ნომერ პირველი მეკარე, აუცილებლად მათი უნდა იყოს.

    თუმცა, საპირისპიროც გვახსოვს. ოლივერ კანი ბოლო მუნდიალისთვის ემზადებოდა, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეექმნა, რომელსაც ვერ გაუმკლავდა, უამრავი შეცდომის დაშვება დაიწყო, ამ დროს ლემანი მუდმივად პროვოცირებდა, ყოველი კვირის ბოლოს ახსენებდა, რომ მისი დრო წავიდა, ამას თან დაერთო შტეფან ეფენბერგის ინტერვიუ, რომელმაც ღიად თქვა - "კანი დაბერდა და უნდა წავიდესო". მთავარი შოკი წინ ელოდა, ზედ მუნდიალის წინ, ნაკრების პირველ ნომრად, მისი ყველაზე დიდი მეტოქე დაასახელეს.

    მძიმე სანახავი იყო, მაგრამ ასე მოხდა. გერმანელები სისუსტეს არავის პატიობენ და სწორედ ამიტომ, მანუელ ნოიერის დღეები დათვლილია.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    12 აგვისტო 2020 20:12

    მიდი შტეგო უნდა დაუმტკიცო იმ არქეოლოგ ლიოვს ფო შენ უნდა იდგე ნაკრებში პირველ მეკარედ

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 16:46

    ყველა მეკარე უშვებს შეცდომებს, უამრავი შეცდომა გვახსოვს ოლივერ კანისგან, იკერ კასილიასისგან, ჯიჯი ბუფონისგან, იგივე ვან დერ საარისგან, რომელმაც „იუვეში“ ისე შეირცხვინა თავი, რომ სულ წიხლით გააგდეს.

    მე მგონი ამ სიას ნამდვილად "დაამშვენებდა" მანჩესტერის ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა. რომელსაც ერთ მატჩში რამდენიმე უმაღლესი დონის სეივი შეუძლია გააკეთოს და ყველაზე დებილური, მარტივი გაუშვას.
    ასევე შეიძლება დავამატოთ, მესის "საყვარელი" მეკარე ტიბო კურტუა, რომლის ფეხებშორის გაშვებულ გოლებს თვლა არა აქვს. ეგ ერთ შარჟზე ფეხებშორის გაჭიმული ბადითაც კი დახატეს.

    0
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    12 აგვისტო 2020 14:42

    ტეტე დაამტკიცებს თუ ვინ არის N1 მსოფლიოში

    3
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 14:17

    აიი კიდეერთხელ ავტორისთვის შეხედვაც არ დამჭირდა ისე ვიცანი ფეოლას ხელწერა ❤️ ყოჩაღ ძმაო გამორჩეული წერის სტილი გაქვს და მასე გააგრძელე ყოველთვის საინტერესოა შენინსტატიების კითხვა 💪

    13
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 14:10

    შტეგო შენც უნდა დაუმტკიცო მთელ გერმანიას რომ N1-ი ხარ მაგათ ნაკრებში.

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge