ლიონელ მესის ტრანსფორმაცია

  • 24-07-2020, 10:56
  • ლიონელ მესის ტრანსფორმაცია

    ლიონელ მესის კარიერა, მხოლოდ გუნდური ტიტულებითა და ინდივიდუალური ჯილდოებით არ გამოირჩევა, დამყარებულ რეკორდებთან ერთად, გაოცებას იწვევს ის ტრანსფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა მწვრთნელის ხელში, ასაკის მატებასთან ერთად განიცდის.

    2003 წლის 16 ნოემბრიდან მოყოებული, როდესაც მისი დებიუტი, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი "პორტუს" წინააღმდეგ შედგა, დღემდე, სეტიენის ხელმძღვანელობით, მესიმ შეტევის ხაზში თავისი შესაძლებლობები, თითქმის ყველა პოზიციაზე გამოსცადა.

    მესიმ 2019/20 წლების სეზონში, 25 გოლი გაიტანა, რაც 2008/09 წლების სეზონის შემდეგ (23 გოლი), ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

    აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას პირველ სეზონში (2008/09), მესის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, ამიტომ ლა ლიგის გასვლითი შეხვედრების ნაწილი, მას სათადარიგოთა სკამიდან აქვს დაწყებული, მთავარი გოლეადორი კი სამუელ ეტო’ო იყო. ხოლო წლევანდელ სეზონში, მესის არ ჰყოლია ისეთი კონკურენტი, რომ მუდმივად გოლის გასატანად ყოფილიყო მომართული, მისთვის უჩვეულო დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, მეშვიდე "პიჩიჩი", მაინც მშვიდად მოიპოვა.

    მესის პიკი 2011/12 და 2012/13 წლებში ფიქსირდება, როდესაც ლა ლიგაში, 50 და 46 გოლის გატანა შეძლო, ეს სრულიად წარმოუდგენელი შედეგია. მესიმდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთელს ერთ ჩემპიონატში 50 გოლის გატანა შეეძლო.

    სამაგიეროდ, 33 წლის ფეხბურთელისთვის, ბოლო ჩემპიონატი, საგოლე გადაცემების თვალსაზრისით გამოდგა საუკეთესო, აქამდე უმღალესი მაჩვენებელი 2010/11 და 2011/12 წლების სეზონებით იყო აღნიშნული, 19 და 17 საგოლე გადაცემით, ორივე სეზონი გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჩაატარა.

    ამ რიცხვების მიღმა, დგანან მწვრთნელები, ფეხბურთელები, ტაქტიკური სქემები და სათამაშო სტილი, რომელსაც სხვადასხვა მწვრთნელები ირჩევდნენ, ნაწილობრივ სწორედ ეს ცვლილებები განაპირობებდა, მესის ბალანსს, საგოლე გადაცემებსა და გატანილ გოლებს შორის.

    დასაწყისი - რეაქტიული გარემარბი

    რაიკაარდის ხელში, ლეომ შეტევის მარჯვენა ფლანგის ოკუპირება მოახდინა, თუმცა, როტაციის გათვალისწინებით, მარცხენა ფლანგზეც უწევდა თამაში, მაშინ, როცა რონალდინიო ან სამუელ ეტო’ო თამაშს ტოვებდნენ, მაგალითად "სევილიასთან" გასვლით შეხვედრაში, რონალდინიომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა, ხოლო ლიონელ მესიმ მისი ადგილი დაიკავა მარცხენა ფლანგზე, რადგან მარჯვენა ფლანგზე განლაგებულ ლუდოვიკ ჟულის, სხვაგან თამაში უბრალოდ არ შეეძლო.

    თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ მესი მარჯვნივ გაცილებით სახიფათო იყო, რადგან მისი ცენტრში შემოსვლის უნარი, თამაშს გაცილებით დიდ სიმწვავეს მატებდა. თანამედროვე ფეხბურთში უკვე დამკვიდრებულნი იყვნენ გარემარბები, რომლებმაც მარჯვენა და მარცხენა ნახევარმცველები მოედნიდან გააქრეს, შესაბამისად, მათი მთავარი დავალება ცენტრში შესვლა და თამაშის გამწვავება იყო და არა ფლანგიდან ჩაწოდების გაკეთება, რაც სწორედ ნახევარმცველებს ახასიათებდათ, კლასიკური 4-4-2 სქემის დროს.

    განსხვავება მაინც გამოჩნდა, სამუელ ეტო’ო ყოველთვის აანალიზებდა განვლილ შეხვედრებს, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღნიშნა - "შეტევის დროს ჟული ყოველთვის მაქსიმალურად ფლანგისკენ გადის, მესი კი პირიქით, ცენტრისკენ შემოდის" - თავიდანვე ჩანდა, რომ მესის გული, მეტოქის კარისკენ მიუწევდა.

    რაიკაარდის ხელმძღვანელობით, ლეოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2006/07 და 2007/08 წლების სეზონში ფიქსირდება, 14 და 10 გოლი. ეს ის სეზონებია, როდესაც გუნდში სრული ქაოსი იყო, უამრავი ვარსკვლავის ყოლის მიუხედავად "ბარსას" არანაირი შედეგი არ ჰქონია, გარდა ტრავმების ეპიდემიისა, გუნდი ბანაკებად იყო დაყოფილი, ბრაზილიელების ბანაკი (დეკუ, ბელეტი, რონალდინიო, სილვინიო, ედმილსონი) და ესპანელების ბანაკი (ინიესტა, ჩავი, პუიოლი, ვალდესი), როგორც მოგვიანებით გაირკვა, კატალონელებს არ მოსწონდათ ბრაზილიელების საქმისადმი დამოკიდებულება, ამას დაემატა სამუ ეტო’ოს კრიტიკა რონალდინიოს მიმართ, მათი კონფლიქტი და საჯარო შერიგება, ჟურნალისტების თვალწინ. მიუხედავად ამისა, "ბარსაში" საშინელი ატმოსფერო იყო, ამ ორი სეზონის განმავლობაში, ორი მძიმე ტრავმა მიიღო ეტო’ომ, ასევე მძიმე ტრავმები მიიღო მესიმ, რომელიც ისევე იტანჯებოდა კარიერის საწყის ეტაპზე, როგორც დემბელე, უბრალოდ ლეო მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე, დემბელე კი ბავშვივით იქცევა.

    შესაბამისად, ეს სეზონები ჩავარდა და მესის აქტივში დარჩა 14 და 10 გოლი, რაც ამ ყველაფრის კვალობაზე, მშვენიერი შედეგია.

    თამაში, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

    ზუსტად დაყოფილი ბანაკებისა და კონფლიქტების გამო, გვარდიოლამ ლიდერები გაუშვა. ოთხი ბრაზილიელიდან მხოლოდ სილვინიო დატოვა.

    მძიმე ხასიათის სამუელ ეტო’ოს გაშვება, უბრალოდ ვერ მოასწრო.

    პეპის მეთოდებმა გაამართლა, მიუხედავად საშინელი კალენდრისა, ყველა გუნდს გადაუარეს და მოვიდა "ბერნაბეუზე" შეხვედრის დრო, სადაც პეპმა ცენტრში დომინირების გაზრდისთვის, ლეო მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ათამაშა, ხოლო სამუ ეტო’ო მარჯვენა ფლანგზე გაამწესა.

    ამან რა შედეგი მოიტანა, ყველას კარგად ახსოვს და ძალიან რომ მოინდომოს, ვერაფრით დაივიწყებს.

    "რეალს" საყრდენ ზონაში ლასანა დიარა და ფერნანდო გაგო ჰყავდა, სწორედ მათ უწევდათ თამაში მესი-ჩავი-ინიესტას ტრიოსთან, რომელთაც ზურგს ია ია ტურე უმაგრებდათ. იმ შემთხვევაში, თუ ფლანგის მცველები ცენტრისკენ შემოიწეოდნენ, ანრის და ეტო’ოს სივრცეები ეხსნებოდათ, სწორედ ცენტრის დახმარება განიზრახა სერხიო რამოსმა და ტიერი ანრიმ საშინელ დღეში ჩააგდო.

    შემდეგ რაც მოხდა, ისტორიაა, მესიმ საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი მოედნის ცენტრში და ამ პოზიციაზე თამაშის გამო, რიგით მეორე, მესამე და მეოთხე "ოქროს ბურთი" მოიპოვა.

    ლუის ენრიკეს MSN

    "ბარსა" ცენტრფორვარს საერთოდ არ ყიდულობდა, რადგან ამის საჭიროება არ იდგა, ტატა მარტინოს ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცის შეცვლის დრო იყო და პრემიერ ლიგის საუკეთესო ფორვარდი - ლუის სუარესი შეიძინეს.

    ადრეც აღგვინიშნავს, რომ საქმე რთულად დაიწყო, მესი თავის პოზიციას მაინც არ თმობდა და სუარესს ფლანგზე უწევდა თამაში, სადებიუტო შეხვედრაც მარჯვენა ფლანგზე ჩაატარა, "რეალის" წინააღმდეგ, "ბერნაბეუზე". სუარესი შესაძლებლობებს ვერ ავლენდა და აბსოლუტურად ყველა ხედავდა, რომ ცვლილება იყო საჭირო. თითქოს მარტივი ამბავი უნდა ყოფილიყო მესის ფლანგზე გადაწევა და სუარესის ცხრიანზე დაყენება, მაგრამ ლეოსთვის ამის თქმას ვერავინ ბედავდა, საბოლოოდ, როგორც ამბობენ, ყველაფერი ჩავიმ იტვირთა, თქვა, რომ ბოლო სეზონს ატარებდა "ბარსაში" და მესის უთხრა, რომ გუნდის ინტერესები, საკუთარზე მაღლა დაეყენებინა, ჩავის ავტორიტეტმა გაჭრა და მივიღეთ შეუჩერებელი ტრიო, მაგრამ მესის მაინც ჰქონდა საკმარისი თავისუფლება, სანამ დანი ალვესი კლუბში იყო, ლეოს თამამად შეეძლო ფლანგის დატოვება, რადგან დანი მთელ ფლანგს აკონტროლებდა და მესი აბსოლუტურად თავისუფალი იყო.

    ამ გადანაცვლებამ, მესის სტატისტიკაზეც იმოქმედა, MSN-ის პირველ სეზონში, კრიშტიანუმ მოიგო "პიჩიჩი", ხოლო მომდევნო სეზონში პირველად დიდი ხნის განმავლობაში, "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირი სხვა ფეხბურთელი გახდა, ლუის სუარესმა 40 გოლი შეაგდო და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც დაიმსახურა.

    სამაგიეროდ, მას მერე, მესის "პიჩიჩის" ჯილდო არავისთვის დაუთმია.

    ჯერ ჩავი, მერე ინიესტა..

    "ბარსამ" ჩავის შემცვლელად ივან რაკიტიჩი შეიძინა, თავიდანვე გამოჩნდა, რომ ივანი ჩავის ვერ შეცვლიდა, თამაშის სტილი აბსოლუტურად შეიცვალა, "ბარსას" ბურთის ფლობამ საგრძნობლად იკლო და შეტევის ორგანიზება გაცილებით რთული გახდა.

    ივანმა სხვა პლუსები გამოავლინა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა, ხოლო ჩავის ფუნქციები, შემტევ ასპექტში, ნაწილობრივ ლიონელ მესიმ შეითავსა.

    ინისეტა სტაბილურად მთელ სეზონს საუკეთესო პერიოდშიც ვერ ატარებდა, ქრონიკული ტრავმების გამო, მით უმეტეს გართულდა საქმე ბოლო წლებში, ამიტომ მის შემცვლელეზეც დაიწყეს ფიქრი, მაგრამ ანდრე გომეში, დენის სუარესი, არდა თურანი, არტური, კოუტინიო და არტურო ვიდალი, ერთმანეთზე ცუდი ტრანსფერები გამოდგა, ვიღაცის მეტად გვეიმედებოდა, ვიღაცის ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, ვერავინ გაამართლა. რაღაც დონეზე სარგებელი მოიტანეს, მაგრამ როცა ინიესტას შემცვლელად მოდიხარ, "რაღაც" სარგებელი უბრალოდ სასაცილოდ ჟღერს.

    შესაბამისად, ლიონელ მესი, ისევე, როგორც არგენტინის ნაკრებში, ერთადერთ ფეხბურთელად იქცა გუნდში, რომელსაც შეტევის ორგანიზება შეუძლია. მარტივად, რომ ვთქვათ, ლეოს ძალიან დიდი ტვირთი დაადეს მხრებზე.

    თავი ამასაც გაართვა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მეპასე გახდა.

    25 გოლი, 21 პასი. რიცხვები ყველაფერზე მეტყველებს, მართალია განვლილი პერიოდი, ლეოს ნერვული სისტემის განადგურებად დაუჯდა, მაგრამ ყველაფერს უმკლავდება და სწორედ ამიტომ არის საუკეთესო.

    კიდევ რა სახის ტრანსფორმაციას განიცდის მესი, ამას მომდევნო სეზონებში ვიხილავთ.

    მომზადებულია Marca-ს მიხედვით


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 ივლისი 2020 11:28

    ფეხბურთელი რომელის შესაძლებლობებსაც საზღვარი არ აქვს ჯადოქარია ბარაელონელი ჯადოქარი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge