ფიქრნი კოპაკაბანას პირას
- 1-06-2020, 12:21
-
ფეოლა
- 11

არც ისე დიდი მოთხოვნა ყოფილა კოუტინიოზე, როგორც აქამდე იწერებოდა. ეს მხოლოდ, პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური კრიზისის ბრალი, ნამდვილად არ არის. "ბაიერნი", რომ კოუტინიოს 120 მილიონად არ გამოისყიდდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, როცა იჯარა გაუფორმეს. ახლა კი უარი "ტოტენჰემმა" და "მანჩესტერ უნაიტედმაც" თქვეს.
მცირე ხნის წინ კი, მიკელ არტეტას ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ ყოველთვის მოსწონდა კოუტინიოს თამაში და სანამ "სიტიში" მუშაობდა გვარდიოლას ასისტენტად, მისი მიწვევაც სურდა, მაგრამ პეპმა იუარა.
აღარც "ლივერპულს" სურს მისი დაბრუნება. "სქაუზერები", ლიდერებს, გუნდის დატოვებას არასდროს პატიობენ. მაიკლ ოუენი მათი საყვარელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგეს, სპეციალურად მისთვის დაწერეს სიმღერა, სადაც მის მადრიდულ კარიერას დასცინოდნენ, სუარესს როგორ დახვდნენ "ენფილდზე" გვახსოვს და ეგ კი არა, სტივენ ჯერარდსაც ყველაფერი ამოუტრიალეს, როცა "ჩელსიში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
მოკლედ, როგორც სიყვარული შეუძლიათ, ისე სიძულვილში არ ჰყავთ ბადალი და კოუტინიოს დანახვაც აღარ უნდათ. საქმე მხოლოდ ფანებში არ არის, კლოპმა ბრაზილიელი გააფრთხილა, აქ თუ დარჩები შეგიძლია ლიდერი იყო, იქ კი, ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქნებიო.
ასე აგიხდა ყველაფერი.
ძალიან რთულია ვარსკვლავისთვის კარიერის გაგრძელება მაშინ, როცა აღარავის სურს მასთან თანამშრომლობა.
რატომ ამბობენ კოუტინიოზე უარს გვარდიოლა, კლოპი და მოურინიო? ჩვენი დროის ყველაზე დიდი მწვრთნელები.
ალბათ ყველას თავის მიზეზი აქვს, მაგრამ დანამდვილებით რაც ვიცით, არის ის, რომ სამივე ძალიან ძლიერი ფსიქოლოგია და სამივემ ზუსტად იცის, ვისი მოტივირება შეუძლიათ და ვისი არა. სამივემ იცის, რომ ფეხბურთელს თუ ერთხელ შეეპარა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, მერე დაღუპულია. თითქმის შეუძლებელიც კია, რომ იგივე დონეს დაუბრუნდეს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე მსგავსი რამ, არასდროს გვინახავს.
თვითრწმენა კოუტინიოზე დიდ ვარსკვლავებსაც დაუკარგავთ.
გვახსოვს შევჩენკოს დაშვება მწვერვალიდან, თუმცა, რაღა დაშვება?! ჟოზემ წიხლი კრა და ჩამოაგდო. არაფერში სჭირდებოდა შევჩენკო, როცა მისი დავალებების იდეალურად შემსრულებელი, დროგბა ჰყავდა. შევა მივიდა როგორც მთავარი ვარსკვლავი და ნელ-ნელა იქცა სათადარიგო ფეხბურთელად. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, ჟოზემ 9 ხელშეუხებელი ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის შევჩენკო არ იყო.
პირველად, სწორედ ამ დროს მოდის ფიქრი – "ხომ არ შევცდი”? რამდენჯერ იფიქრებდა ამას შევჩენკო, "ჩელსიში" ყოფნის დროს?
ან ფერნანდო ტორესი, იმავე "ჩელსიში" თამაშის დროს. ეს ხომ მხოლოდ ტაქტიკის ბრალი არ იყო? ისინი მენტალურად განადგურდნენ. ტორესი დიდხანს იმართლებდა თავს, "ჩელსიში" იმიტომ გადავედი, რომ "მანჩესტერში" არ გადავსულიყავიო, მაგრამ, აბა ვის სჭირდებოდა მისი თავის მართლება?
ჩვენს თვალწინ გაქრა რონალდინიო. ნუთუ, შესაძლებელია, რომ ამხელა მაგია ასე მარტივად გაქრეს? რა თქმა უნდა, თავის როლი ითამაშა ფიზიკურმა ფორმამ და კუნთის ტრავმამ, რომელიც მთელი კარიერა აწუხებდა, მაგრამ გავიხსენოთ ფსიქოლოგიური ფაქტორიც - მსოფლიო ჩემპიონატამდე თითქმის ღმერთი იყო, ზუსტად მაშინ ამბობდნენ, თუ ეს მუნდიალი მოიგო, პელესა და მარადონას დონეზე დადგებაო, მთავარ ვარსკვლავად ჩავიდა გერმანიაში და მისგან ყველა სასწაულს ელოდა.
ერთი თვის მერე, ყველაზე საძულველი ფეხბურთელი იყო ბრაზილიაში. რონალდინიოს ქანდაკება დალეწეს, ფორმებს კი ცეცხლი წაუკიდეს.
მას მერე, რონის ჯადოც გაქრა, ნელ-ნელა საერთოდ გაიფანტა.
კოუტინიო, ვერ არის ამ ვარსკვლავებზე დიდი ფეხბურთელი და არც მათზე ძლიერი მენტალობა აქვს. შესაბამისად, ზემოთ ნახსენები მწვრთნელებიც ფიქრობენ, რომ მისი დრო წავიდა. იგივე დონეზე ვეღარ ითამაშებს და ექნება გამობრწყინებები, მაგრამ საერთო ჯამში, მისი საუკეთესო პერიოდი დასრულებულია.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ტოვებენ და ის გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგას იგებს, იმხელა ფსიქოლოგიური დარტყმა ხდება მათთვის, რომ გონზე მოსასვლელად ძალიან დიდი დრო სჭირდებათ.
ოუენი უკვე ვახსენეთ, წავიდა თუ არა "რეალში", "ლივერპულმა" ლიგა მოიგო და მას მერე, არასდროს ყოფილა დიდი ფეხბურთელი.
წავიდა ფაბრეგასი "ჩელსიში" და "ბარსამ" ლიგა მოიგო. ფაბრეგასს იგივე დონეზე, არასდროს აღარ უთამაშია. ალბათ ყველაზე მეტად, სწორედ მისი ისტორია ჰგავს კოუტინიოს ისტორიას. ორივე მოვიყვანეთ, როგორც დიდი ვარსკვლავი, "ბარსას" მომავალი, მაგრამ იმის ნახევარიც ვერ ითამაშეს, რასაც ველოდით, ვერ შეცვალა ფაბრემ ჩავი და ვერ შეცვალა კოუტინიომ ინიესტა.
წავიდა იოზილი "არსენალში" და "რეალმა" ლიგა მოიგო. ვინმეს ახსოვს მას მერე იოზილის დიდი ფეხბურთი? ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი გახდა. სეზონის წინ ზიდანმა გააკრიტიკა, (ანჩელოტის ასისტენტის რანგში), კონკურენციის შეეშინდა, დი მარიამ კი ბრძოლა გადაწყვიტა და ადგილიც მოიპოვაო.
ათიანის პოზიციაზე, წესით იოზილს უფრო გაუადვილდებოდა თამაში, ვიდრე გარემარბ დი მარიას, მაგრამ როგორც ზიზუმ აღნიშნა, შეეშინდა და გაიქცა. მერე კი ის ნაცნობი ფიქრი, ალბათ მასაც თან დაჰყვებოდა - "რა იქნებოდა, რომ დავრჩენლიყავი"?
გადმოვიდა კოუტინიო "ბარსაში" და "ლივერპულმა" ლიგა მოიგო. რომ დარჩენილიყო, სავარაუდოდ ვერ მოიგებდნენ, იმიტომ, რომ საეჭვოა, ვან დაიკი შეეძინათ, მის გარეშე მოგება კი უფრო მეტად საეჭვო ამბავია, მაგრამ ეს ფიქრი ფეხბურთელს მაინც არ ტოვებს და ისეთ დღეში აგდებს, რომ მოედანზე გასვლაც აღარ უნდათ.
ყველაზე კარგი, რაც შეიძლება კოუტინიოსთვის მოხდეს, "ბარსაში" ცვლილებებია, რომლის მერეც თავად გუნდში დარჩება, ნეიმარი მოვა და ჩავი, მწვრთნელის რანგში დაბრუნდება.
ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლება კოუტინიოს დაემართოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ასე მოხდეს.
ამიტომ ყველაზე რეალურ ვარიანტად, ისევ "ნიუკასლი" მოჩანს, "კაჭკაჭებს" მისი ვარსკვლავური სტატუსიც დააკმაყოფილებთ, თან გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდება და იქნებ კიდევ გაგვაოცოს, თავის შორეული გასროლებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]