არგენტინელები "ბარსელონაში"

არგენტინელები "ბარსელონაში"

მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, "ბარსელონა" შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას მაინც ეცდება.

მთავარ სამიზნედ ლაუტარო მარტინესი მიიჩნევა, რომელმაც ნაკრებში, იმაზე კარგად გაუგო ლიონელ მესის, ვიდრე კუნ აგერომ და გონსალო იგუაინმა. ამიტომ, თავად მესიც კურირებს ამ ტრანსფერს და მასთან ერთად თამაშის სურვილს არც ლაუტარო მალავს.

მოდი, გადავხედოთ არგენტინელებს, რომლებმაც "ბარსელონაში" დიდი, ან მცირე კვალი დატოვეს.

დიეგო მარადონა

მარადონა, იმ დროისთვის, სარეკორდო 8 მილიონ დოლარად შეიძინეს. დიეგომ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა და ყველას დაანახა, რომ ნამდვილად ჰქონდა პოტენციალი, პელეს დონემდე მიეღწია. შეუდარებელი იყო ბელგიასთან, მაგრამ მთავარ მეტოქესთან გამოავლინა ის, რაც მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევდა. ბრაზილიელები მთელი თამაშის განმავლობაში ურტყამდნენ, დიეგოს ბევრი არაფერი გამოსდიოდა, წყობიდან გამოვიდა და მეტოქეს წიხლი უთავაზა, ამის გამო წითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან მიაბრძანეს.

მიუხედავად ამისა, მისი თამაშის შემხედვარე, ყველამ იცოდა - ის უკვე გაცილებით დიდი ფეხბურთელი იყო, ვიდრე ზიკო, ან როსი, რუმინიგე ან ბატისონი. აი მიშელ პლატინის, მომდევნო წლებში დაჩრდილავს.

მარადონა "ბარსელონაში" ჩავიდა როგორც მოვლენა, მაგრამ საქმე კარგად ვერ წაუვიდა. ჯერ ჰეპატიტს მკურნალობდა, მერე კოჭი მოტეხეს "ბილბაოსთან" შეხვედრაში. სკანდალური გამოდგა კიდევ ერთი შეხვედრა "ბილბაოსთან", სადაც ჯგუფური ჩხუბი ატყდა და მარადონას არც აქ შეურცხვენია თავი, მარცხენა ფეხი სააკაძის ხმალივით იქნია.

მოგვიანებით აღიარებს, რომ კოკაინი პირველად "ბარსელონაში" ყოფნის დროს გასინჯა, ერთ-ერთ ღამის კლუბში. ამას ემატებოდა მუდმივი კონფლიქტი ნუნიესთან, რის გამოც "ბარსა" დატოვა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში აღნიშნავს, რომ კლუბი საშინელ ფეხბურთს თამაშობდა, მას კი შეტევა სურდა, შუსტერთან ერთად გაცილებით მეტი შეეძლო, მაგრამ შუსტერიც კი მდუმარედ იტანდა დაცვით ტაქტიკას. ის ხომ დისციპლინირებული გერმანელი იყო?!

მარადონამ "ბარსელონაში" ორი გამორჩეული გოლი შეაგდო - "ცვერნა ზვეზდასთან", როცა მეკარეს საოცარი სიზუსტით გადაუგდო ბურთი თავზე და "რეალთან", სადაც მადრიდელი მცველი წყალზე გაუშვა და თავად მშვიდად შეაგდო ბურთი კარში.

"ბერნაბეუმ" კი ტაშით დააჯილდოვა.

მაურისიო პელეგრინო

გიგანტი არგენტინელი ცენტრალური მცველი, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა, არადა დიდად ეიმედებოდათ, რომ ფრანკ დე ბურთან ერთად, კარგ დუეტს შექმნიდა. "ბარსაში" მხოლოდ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ვერ ვიტყვით, რომ თავი რამით დაგვამახსოვრა. ის უფრო "ვალენსიადან" გვახსოვს. ექტორ კუპერის ძალიან კარგი გუნდიდან, რომელმაც ორჯერ ზედიზედ ლიგის ფინალი ითამაშა. "ვალენსიაში" ნამდვილად კარგად ჩაეწერა და ორივე ფინალში მიიღო მონაწილეობა, ორივეში დამარცხდა. განსაკუთრებით მტკივნეული მისთვის მეორე ფინალი უნდა იყოს, რადგან გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი, ოლივერ კანმა სწორედ მას აუღო.

რობერტო ბონანო

"ბარსას" აქილევსის ქუსლი მეკარის პოზიცია იყო - ჰესპი, დუტრუელი და ბონანო, ერთმანეთზე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მეკარეების არგენტინული სკოლა არასდროს გამორჩეული არ ყოფილა. იტალიურ და გერმანულ სკოლას ისე ჩამორჩებიან, როგორც ქართველი ფორვარდები, არგენტინელ ფორვარდებს. ამიტომ ცოტა გაუგებარია არჩევანი მასზე რატომ შეაჩერეს. ვერ ვიტყვით, რომ დუტრუელზე ცუდი მეკარე იყო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ რამით სჯობდა.

ხავიერ სავიოლა

სავიოლამ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა, მესის კუმირ, პაბლო აიმართან ერთად. თუმცა, საუკეთესო მაინც სავიოლა იყო და არა აიმარი. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ვერ ვიტყვით, რომ საწყის წლებში თავი შეირცხვინა.

პირიქით, "ბაჭია" ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა და იმ დროისთვის პირველი ტრიო შეადგინა, რივალდოსთან და კლუივერტთან ერთად. მაშინ ასეთი ტრიოები, როგორიც დღეს გვხვდება იშვიათობა იყო, უმეტესად დუეტები იქმნებოდა, რადგან 4-4-2-ის ეპოქა იდგა.

"ბარსამ" "აიაქსის" ე.წ. რომბი სცადა, სადაც ათიანზე რივალდო თამაშობდა, შეტევაში კი "პანტერა" და "ბაჭია".  ცუდი არ ყოფილა, ფანებსაც ძალიან უყვარდათ, მაგრამ ფიზიკურად იმდენად სუსტი იყო, რომ მცველები მარტივად ჩაგრავდნენ.

რივალდოს ტრავმის მერე კი ლიდერობა ვერც მან აიღო თავის თავზე და ვერც კლუივერტმა. რაღაც ხანი, მის სახელსაც ისე სკანდირებდნენ, როგორც დღეს მესის ყვირიან, მაგრამ მისი ყველაზე ადეკვატური შეფასება, მაინც დონ დიეგოს ეკუთვნის: "სავიოლას დიდხანს ჩასძახოდნენ, რომ ახალი მარადონა იყო, მაგრამ სავიოლა, უბრალოდ სავიოლაა."

მომდევნო ტრიო ლუის გარსიასთან და რონალდინიოსთან ერთად შეადგინა. რაიკაარდის, 4-3-3-ის ეპოქაში. რონი უკონკურენტო იყო, ლუის გარსიას ხანდახან კვარეჟმა ცვლიდა, სავიოლამ კი კლუივერტს მოუგო ძირითადისთვის კონკურენცია. გოლებიც მრავლად შეყარა და კარგი წელი გამოუვიდა, მაგრამ სეზონის ბოლოს "ბაჭია" გაანათხოვრეს, მის ნაცვლად სამუელ ეტო’ო მოვიდა, კლუვერტის ნაცვლად კი ჰენრიკ ლარსონი.

სულ სხვა ეპოქა დაიწყო..

სავიოლა მაშინ დაუბრუნდა "ბარსას", როცა ეტო’ომ ტრავმა მიიღო. რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, განსაკუთრებული არაფერი. "ლივერპულთან" "კამპ ნოუზე" ძირითად შემადგენლობაში დააყენეს, ერთ მომენტში შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და აქ დასრულდა ყველაფერი.

მერე კი პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, "ბერნაბეუზე" გადაბარგდა.

აი, სირცხვილი.

ხუან პაბლო სორინი

სორინის ისტორია ძალიან ჰგავს ედგარ დავიდსის კარიერას "ბარსელონაში". ერთმაც და მეორემაც მხოლოდ ნახევარი სეზონი დაჰყვეს კლუბში, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშეს. კლუბმა არცერთი გამოისყიდა, რადგან კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ედგარი იმდენს ითხოვდა, რამდენსაც რონალდინიო იღებდა, სორინს კი ბოლომდე ვერ გაუგეს, მარცხენა მცველი იყო, თუ ნახევარცმველი. ახალ ტაქტიკაში ვერანაირად ვერ ჯდებოდა.

სულ რაღაც 15 შეხვედრა ითამაშა, მაგრამ ყველა შეხვედრაში ძალიან აქტიური იყო, ბოლომდე გამოავლინა არგენტინული ბრძოლისუნარიანობა და ქომაგებსაც შეაყვარა თავი. მერე კი გადაბარგდა "ვილიარეალში", სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი განვლო.

ხუან რომან რიკელმე

ის უნდა ყოფილიყო მომდევნო დიდი "ათიანი", მაგრამ ჩაფლავდა. რივალდოს ჩრდილი ძალიან დიდი იყო და არგენტინელმა თავი ვერაფრით დააღწია. პრობლემები იყო ლუი ვან გაალთან და ფეხბურთელებთანაც. მოგვიანებით, რიკელმემ აღნიშნა, რომ თანაგუნდელებმა ვერ მიიღეს, როგორც ლიდერი. ეს გასაკვირი არ არის. ისეთ კლუბში, როგორიც "ბარსელონაა" ყოველ ვარჯიშზე უნდა დაამტკიცო, რომ ლიდერობის ღირსი ხარ. ამას არ დათმობდა არც კლუბის აღზრდილი ჩავი და არც ფანების ფავორიტი ლუის ენრიკე.

ფაქტია, რომ ზუსტად ის ერთი წელი განვლო "ბარსაში", რომელიც კატასტროფული გამოდგა და კლუბმა მეექსვე ადგილი, მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა. ჩემპიონთა ლიგაზეც ვერაფრით გამოიჩინა თავი. "ვილიარეალში" კი შეუდარებელი იყო. ალბათ, ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, შეიძლება დიეგო ფორლანმა გაუწიოს მცირე კონკურენცია.

"რიკელმეს შურისძიება" - ასე დაარქვეს შეხვედრას, სადაც ვილიარელმა "ბარსა" 3-0 გაანადგურა.

მაქსი ლოპესი

დღეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ყველაზე მეტად უყვარდათ. ეს პერიოდი სულ რაღაც 3-4 დღე გაგრძლდა. "ბარსამ" მოურინიოს "ჩელსი" 2-1 დაამარცხა "კამპ ნოუზე" და ამ შეხვედრის გმირი სწორედ მაქსი ლოპესი გახდა.

შეცვლაზე შემოსულმა ჯერ მშვენიერი გოლი გაიტანა, მერე კი სამუელ ეტო’ოს გაუკეთა საგოლე გადაცემა. "ბარსამ" თამაში მოატრიალა და სულ მცირე ხნით, მაქსი ლოპესი ნამდვილი გმირი იყო. თითქმის ყველა გამოცემას ინტერვიუ მისცა და რამდენიმე გამოცემის გარეკანზეც აღმოჩნდა.

განმეორებით შეხვედრაშიც მისცეს შანსი, მაგრამ ლონდონელებთან ვერაფერი გააწყო და "ბარსა" გავარდა. მას მერე მაქსის განსაკურებული არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ იმით ვიცნობთ, რომ იკარდიმ ცოლი დაახია.

მისი ტრანსფერი შედგა იმიტომ, რომ ლარსონმა მძიმე ტრავმა მიიღო და კლუბს შემცვლელი დასჭირდა. პირველ კანდიდატად 36 წლის გაბრიელ ბატისტუტა განიხილებოდა, რომელიც მაშინ კატარში თამაშობდა და როგორც ამბობდნენ, მშვენიერ ფორმაში იყო, გაბის ექვსთვიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა.

სწორედ ამიტომ გადაერთო "ბარსა" სათადარიგო ვარიანტზე და მაქსი ლოპესი შეიძინა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=ZmV6SrAG6Hc]

გაბრიელ მილიტო

მილიტოებმა "სარაგოსაში" ეპოქა შექმნეს, მაგრამ "ბარსამ" საუკეთესო მილიტოც კი ვერ შეიძინა. გაბრიელი, დიეგოსთან შედარებით, გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელი იყო. საერთოდ არ მახსენდება პერიოდი, როცა კარგი შეხვედრები ჩაატარა. გვარდიოლას ეპოქაში მეოთხე მცველის სტატუსი ჰქონდა და ამ სტატუსის ფონზე, მშვენივრად გამოიყურებოდა.

კარლეს პუიოლის, ჟერარ პიკეს და რაფა მარკესის მერე, ნამდვილად კარგი მცველი იყო.

ხავიერ მასკერანო

ნამდვილი მებრძოლი. ვიყიდეთ, როგორც საყრდენი და თითქმის მთელი კარიერა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაატარა. იმდენად მონდომებული იყო ვარჯიშებზე, რომ მისი უთამაშებლად დატოვება არ შეიძლებოდა. ყოველთვის მზად იყო იქ ეთამაშა, სადაც კლუბს სჭირდებოდა. როცა კარლესი არ იყო მოედანზე, სწორედ ის იყო მთავარი გლადიატორი! ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე, თავდაუზოგავად, იბრძოდა.

მართალია, 5 ავტოგოლია მის ანგარიშზე და მხოლოდ ერთი გოლი აქვს მეტოქის კარში შეგდებული, რომლის მერეც დიდი ზეიმი მოაწყეს მოედანზე, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო არგენტინელია "ბარსას" ისტორიაში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი კვალი დატოვა და ღირსეულად წავიდა.

ლიონელ მესი

უცნაურია, მაგრამ დასაწერი თან არაფერია, თან იმდენია, რომ ვერცერთ ფორმატში ვერ მოვთავსდები.

სათქმელი არაფერია, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის და ახალს ვერაფერს დავწერ.

თუ მაინც დავწერ იმას, თუ როგორ ვხედავ მესის როლს ფეხბურთში, ვეჭვობ, ძალიან გამიგრძელდება.

ერთხელ, ჯერ კიდევ ახალბედა არგენტინელზე, ჩვენმა გამორჩეულმა მწერალმა თქვა - მესი ისეთ წიგნს წააგავს, რომელსაც ფურცლავ და ბოლო არა და არ უჩანსო.

იმედი მაქვს, კიდევ ბევრი გვერდია ამ წიგნში დარჩენილი.

ეს არის "ბარსელონას" არგენტინელების ისტორია.

ვერ ვიტყვით, რომ ისეთივე ადგილი უჭირავთ კლუბის ისტორიაში, როგორიც ბრაზილიელებს, მაგრამ ნამდვილად საინტერესო ხალხია.

იმედი დავიტოვოთ, რომ თუ ლაუტაროს ტრანსფერი შედგა, კარიერის ბოლოს, "ბარსას" ლეგენდებში ჩაეწერება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #3 7 მაისი 2020 23:59
    0
    ციტატა: jack slater
    სერხიო გოიკოეჩეას თამაში არ უნახავს ავტორს,თორემ არგენტინელ მეკარეებზე შეცვლიდა აზრს.


    გოიკო ძალიან კარგი იყო 90-ში.
    არც საკლუბო დონეზე, არც სანაკრებო დონეზე მაგის იქით არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია.
    სულ, რომ შუაზე გავიხე ვერც კანს შევადარებ, ვერც მაიერს, ვერც ნოიერს, ვერც შუმახერს, ვერც ტერ შტეგენს და ალბათ ვერც ლემანს.

    90-ში მისი ხასიათი უფრო გამოჩნდა და არა კონკრეტული სკოლის პროდუქტი. ისევე როგორც, 2014-ში რომერო იყო ძალიან კარგი.

    იტალიელ მეკარეებს აღარ ჩამოვთვლი : )
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 7 მაისი 2020 22:11
    0
    რეალურად მესიმ და მასკერანომ მარტო გაამართლეს
    Culé [?]
    #1 7 მაისი 2020 21:57
    2
    “მარცხენა ფეხი სააკაძის ხმალივით იქნია.”
    👏🏻👏🏻😂😂😂😂😂
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca