"ბარსელონას" ბრაზილიური კრედო

  • 27-03-2020, 15:29
  • "ბარსელონას" ბრაზილიური კრედო

    მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ას წელზე მეტს ითვლიან. დიდი დროა ისტორიისა და ტრადიციების ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი სპორტული თამაშები ანტიკურ საბერძნეთში ჩატარდა და თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ძველ რომში გლადიატორების ბრძოლა, მათი მფლობელებისთვის მხოლოდ თამაში და გართობა იყო, გამოდის, რომ ფეხბურთი სპორტის ახალგაზრდა სახეობაა.

    ამ სახეობის ღმერთები ხომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან?

    ძველბერძნული თვალით რომ შევხედოთ, პელე ნამდვილად ზევსი იქნება. ამ კონკრეტული რელიგიის ცენტრი და საზრისი.

    სწორედ მისგან დაიწყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც მსოფლიო ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა.

    უნდა ვახსენოთ გარინჩაც, ევროპაში არასდროს უთამაშია, მაგრამ მისთვის ყველაზე შესაფერისი გუნდი "ბარსელონა" იქნებოდა, რადგან სწორედ აქ იყრიან თავს ის ფეხბურთელები, რომლებსაც გამარჯვებებთან ერთად, სანახაობა და სიხარული მოაქვთ.

    გარინჩას ხომ სწორედ ასე ეძახდნენ? "ხალხის სიხარული".

    ბრაზილიას ორი გენიალური თაობა ჰყავდა. პირველი დაიწყო 1958 წლიდან და დამთავრდა 1970 წელს.

    მეორე დაიწყო 1994 წლიდან და წარუმატებლად დასრულდა 2006 წელს.

    პირველი ნაკრები პელეს ირგვლივ შეიკრა, მიუხედავად იმისა, რომ 1962 წელს მუნდიალი მის გარეშე მოიგეს. მეტწილად გარინჩასა და დიდის დამსახურებით. პლაჟის ფეხბურთის ელემენტებით ყველას გადაურბინეს.

    მეორე დინასტია კი "ფენომენოს" ირგვლივ შეიკრა, მიუხედავად იმისა, რომ 1994 წლის მუნდიალზე მთელი ტურნირის განმავლობაში სკამიდან არ წამომდგარა. სწორედ ის იყო უდიდესი თაობის შემაკავშირებელი წერტილი.

    80-ანი წლების ბრაზილიაზე ქომაგები გიჟდებიან, მაგრამ ამ ორ გამორჩეულ თაობას ვერ შეედრებიან. თუ ადრეულ პერიოდში ბრაზილიელების უმრავლესობა ქვეყანაში დარჩენას ამჯობინებდა, მეორე დინასტიას ევროპისკენ გზა ხსნილი ჰქონდა და ამ უდიდესი თაობის 4 ტიტანი "ბარსელონაში" თამაშობდა.

    რომარიო

    პირველი ბრაზილიელი ბრილიანტი, რომელიც "ბარსამ" ხელში ჩაიგდო, რომარიო იყო. უნიჭიერესი და რთული ხასიათის ფეხბურთელი, როგორც წესი ასეთ ტალანტებს მძიმე ხასიათი აქვთ, რადგან თავიდანვე იციან, რომ განსაკუთრებულნი არიან.

    რომარიომ "ოქროს ბურთი" მხოლოდ იმიტომ ვერ მოიგო, რომ იმ წლებში "ოქროს ბურთს" მხოლოდ ევროპელებს აძლევდნენ.

    არავის მასზე უკეთ არ შეეძლო მოედნის უმცირეს მონაკვეთში ბურთი დაემალა. ნამდვილი ოსტატი იყო და პუბლიკამაც ძალიან შეიყვარა. მისი ე.წ. ჭვინტით (ბუცის წვერით) გატანილი გოლებიც ყველას დაგვამახსოვრდა.

    საბოლოოდ ის დაემართა, რაც ბრაზილიელებს ემართებათ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოგებული აქვთ. ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა და მერე იყო მხოლოდ სამბა.

    ცნობილია მისი თამაშები იოჰან კრუიფთანაც, ხან უგებდა, ხან აგებდა, საბოლოოდ იმდენი ითამაშა, რომ კარიერა წააგო.

    იყო ცხარე ცრემლი, რადგან არც 1998-ში და არც 2002-ში მუნდიალზე არ წაიყვანეს. თუმცა "ბარსელონაში" მაინც დიდი სახელი დატოვა. პირველი კი ის გოლი მახსენდება, რომელიც "რეალს" გაუტანა.

    თავის ჩვეული ფინტი და დარტყმა ბუცის წვერით! - აბა სად გინახავთ კლასიკოში ასეთი გოლი? "რეალს" ისეთი გოლი გაუტანა, როგორიც, ალბათ, ადრიანოს გააქვს ფაველას ეზოებში.

    "ფენომენო"

    "ბარსას" ყველა ფანს უფიქრია იმაზე, თუ რა მოხდებოდა რონალდოს დარჩენის შემთხვევაში. ამაზე დღემდე გვეფიქრება და ნუნიესიც დღემდე არ გვიყვარს. მერე მარადონაც გვახსენდება, რადგან იქაც იგივე ფიქრია და იქაც ნუნიესის დედაზე ვკონცენტრირდებით ხოლმე, მაგრამ ეს ბრაზილიური ამბავია.

    იქნებ ტრავმაც არ მიეღო? არც ერთი და არც მეორე. ამ ტრავმებმა ხომ დაღი დაასვა მის კარიერას? მართალია, დაბრუნება და მწვერვალზე ასვლა უმაგრესი სანახავი იყო, მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც პელეს ადარებდნენ, იქცა ფეხბურთელად, რომელსაც კონკრეტულ სეზონებში, ხან ანრი აჯობებდა, ხან შევჩენკო.

    ტრავმებამდე შეუძლებელი იყო მათი შედარება, ტრავმების მერე კი შესაძლებელი გახდა.

    ყველაზე უკეთ ყველაფერი სანდრო მაცოლამ აღწერა. სანდრო ის კაცია, ვინც რონალდო "ინტერში" მიიყვანა და სეზონის ბოლოს, "ლაციოსთან" ფინალის მერე, უწოდა ის, რასაც დღემდე უწოდებს მთელი მსოფლიო - "ელ ფენომენო".

    მან თქვა: ტრავმების მერე ჩვენთან დაბრუნდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ "ფენომენი" აღარ დაბრუნებულა.

    ასეა.

    რომ არ წასულიყო.. ვინ იცის..

    მისთვის არასდროს დაუსტვენიათ. მიუხედავად იმისა, რომ თეთრად შეიმოსა.

    როცა კრიშტიანუ პირველად ჩამოვიდა "კამპ ნოუზე", "რეალის" მაისურით, სტადიონზე გამოჩნდა ბანერი, წარწერით - "ჩვენთვის მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს".

    ამხელა სიყვარული, მხოლოდ ერთი სეზონის გამო. ერთი დაუვიწყარი სეზონის გამო.

    პირველ რიგში გვახსენდება მისი გოლები, რომელიც საოცარ დრიბლინგებს მოჰყვა და ის ფინტები, რომელსაც მოგვიანებით რონალდინიო გაგვახსენებს.

    რივალდო

    რივალდო არასდროს ყოფილა ისეთი ტალანტი, როგორიც რომარიო, რონალდო, ან რონალდინიო იყვნენ. ეს თავის წიგნშიც აღნიშნული აქვს, არგენტინის ნაკრებს სამი გოლი გაუტანა, ორი არ ჩათვლილიც მიაყოლა, მაგრამ ტაშით ახალგაზრდა რონალდინიოს აჯილდოებდნენ.

    რივალდო არ იყო მათსავით ბურთის ჯადოქარი, სამაგიეროდ ჰქონდა ის, რაც მათ არ ჰქონიათ. მესიმდე "დიდოსტატის მარცხენა" სწორედ რივალოდ იყო. ბავშვობაში "ხისფეხას" ეძახდნენ და ამ "ხისფეხამ" იმდენი შეძლო, რომ მთელი "კამპ-ნოუ" ფეხზე წამოაგდო, ტაში დააკვრევინა და შინაურად აქცია, რაც ძალიან რთული ამბავია.

    რივალდომ ეს შეძლო, რადგან ძალიან უყვარდა "ბარსა". აქაც ის სიღარიბის კვალი ჩანს, რაც გამოიარა. "ბარსამ" აქცია მსოფლიოს ვარსკვლავად და რივალდოც ძაღლივით ერთგული გამოდგა, საოცარი მადლიერების გრძნობით.

    ლუი ვან გაალმა, ასევე ძაღლივით გააგდო სახლიდან.

    "ბარსას" რივალდო ათრევს - მისი დროის ყველაზე პოპულარული სიტყვებია. როცა ფიგუ გაგვექცა, გვარდიოლა ტრავმებით იტანჯებოდა და თანხები დღევანდელი სიტუაციისა არ იყოს, უბრალოდ გაიფლანგა.

    საერთოდ, დიდ ფეხბურთელებს აფასებენ იმით, თუ რა როლს თამაშობენ გადამწყვეტ შეხვედრებში, აქ კი რივალდო უბრალოდ მეფეა.

    "ბერნაბეუზე" სამი გოლის შეგდება ხუმრობა არ არის, მართალია მესამე არ ჩაუთვალეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩასათვლელი იყო.

    "სან-სიროზე" ჰეთ თრიქი და გატანჯული პაოლო მალდინი, რომელიც მთელი თამაში ურტყამდა ჩვენს ათიანს, მაგრამ რაც მიიღო, საპასუხოდ კი ვნახეთ ყველამ.
    "მანჩესტერთან" ორი დაუვიწყარი გოლი, ორჯერ ერთი-ერთზე გაყვანილი თანაგუნდელი და ბოლო გასროლა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა.

    ირურეტას "დეპორტივოსთან" დადგმული სპექტაკლი, სადაც ყველას გადაუგდო ბურთი თავზე და ისე გაატანინა სავიოლას. სადმე იქვე მსაჯი რომ მდგარიყო, ალბათ, არც მას დაინდობდა.

    თუმცა, პირველი "ვალენსია" მომდის თავში.

    არ გავიხსენებ, რადგან დღემდე არ ვიცი, როგორ უნდა აღვწერო.

    ერთი იმას ვიტყვი, რომ დილით ჩემი უბნის კედელზე, რივალდო მიახატეს, თავზე გვირგვინით. მშიერ-მწყურვალ ხალხს იმდენი ჰქონდა გამაზული, რომ უსახლკაროდ რჩებოდა, სულ რაღაც ხუთი წუთი და უბრალოდ დაიღუპებოდნენ, ამ დროს გამოხტა რივალდო და ისეთი რაღაც იკადრა, სკლეროზიც კი ვერ დაავიწყებს ადამიანს.

    რონალდინიო

    აი ჯადოქარი ეს იყო!

    უბრალოდ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მასზე მეტად გრძნობდა პუბლიკას. ფეხბურთი სიხარულის გარეშე უბრალო მძლეოსნობა იქნებოდა, სიხარული კიდე ამ კაცს რომ მოჰქონდა, მაგდენი თოვლის ბაბუასაც არ მოუტანია.

    ჩვენ ხომ რონის სამი გიჟური წელი გვირჩევნია დანარჩენების 40-წლამდე წვალებას.

    რონისთან შედარებით, ყველას ფეხბურთი წვალებაა.

    ბოლოს თვითონაც იწვალა, მაგრამ ბრაზილიელია და ვიცოდით, რომ ეგრეც იქნებოდა.

    მეოთხე წელი კარგი იყო. ჯადო გაქრა, მაგრამ მაინც კარგი იყო. "ვერდერთან" კამპ-ნოუზე ისე ითამაშა, მაფიქრებინა ის ძველი რონი გვიბრუნდება-მეთქი, ისეთი ჯარიმაც შეაგდო, მანამდე რივალდოს და ახლა მესის, რომ გააქვს - ბურთის ცოცხალ კედელს ქვემოთ გაგორებით.

    ბოლო წელის გახსენებაც არ მინდა, არადა, გოლები ამ სეზონშიც საოცარი გაიტანა. სხვანაირად ხომ ვერ იტანდა? უბრალო გოლი არ შეეძლო.

    "სევილიასთან" გაისროლა თავის პირველი და მთელი სტადიონი მიხვდა, რომ გვეშველა, წინა სეზონივით მაჩანჩალები აღარ ვიქნებოდით, რაღაც განსაკუთრებული ჩავიგდეთ ხელში, ბრაზილიური მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი.

    ჯადო "მილანთან", "ჩელსისთან", "რეალთან", "რეალთან"... "რეალთან" გიჟი იყო. ხან იტანდა, ხან არა, მაგრამ მხეცი იყო.

    "ოქროს ბურთი" აწია და მერე წავიდა უკან, როგორც ხდება ხოლმე.

    ბრაზილიურად.

    "ბარსელონა" ბრაზილიელი ვარსკვლავის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ეს ის დინასტიაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

    ვერ გაამართლა კოუტინიომ და მაგრად დაგვწყვიტა გული ნეიმარმა, მაგრამ მაინც დასაბრუნებელი კაცია. უკვე ასაკშიც შედის, კარგადაც მოსუქდა, მაგრამ მაინც შეუძლია იმის მოტანა, რაც "კამპ ნოუზე" ყოველთვის უნდა ხდებოდეს.

    ეს ხომ მასაც ესმის? ის უნდა დაბრუნდეს "ოქროს ბურთისთვის" და სანამ ნეიმარს ეს მოტივაცია ექნება, "კამპ ნოუზეც" გადასარევი ამბები იტრიალებს.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    Barca_MNS ფანი [?]

    29 მარტი 2020 15:30

    ხავის ინტერვიუ ვნახე, მოკლე შიანაარსი ესეთი იყო, ჩვენ მოვალთ თქვენ წადით (ბარომეუს)
    კრუიფი პრეზიდენტად, პუიოლი - ავტორიტეტი გასახდელშიო... ნაღდია

    0
    გასულია
    ♠️Spooky♠️ წევრი [?]

    28 მარტი 2020 00:31

    Statia romelic mudam pirvel gverdze unda shegxvdes...

    7
    გასულია
    basa7 Culé [?]

    27 მარტი 2020 23:08

    ცრემლი რო მოგადგება კაცს ისეთი სტატიაა, ტკბილი მოგონება.

    6
    გასულია
    Bakero Culé [?]

    27 მარტი 2020 22:06

    ❤️ ❤️ ❤️❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ეგ იყო ფეხბურთი და ბარსელონა რასაც ეგენი თამაშობდნენ და მესი

    4
    გასულია
    გიგსონა წევრი [?]

    27 მარტი 2020 20:24

    ლამაზიბზღაპარი იყო ანტიჰეფი ენდური დასასრულით...

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    27 მარტი 2020 20:22

    გაუჩოოო❤❤, ნეიმარი უკვე წარსულია, რაღაც იყო და მორჩა,დასრულდა!

    3
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV