დანიელ ალვეს და სილვა

დაბადების ადგილი ჟუაზეირუ, ბრაზილია
დაბადების თარიღი 06.05.1983
წონა 70 კგ
სიმაღლე 172 სმ
დებიუტი 13.08.2008
თამაში* 395
გოლი* 21
ასისტი* 103

*ბოლო განახლება: 21.01.22

ბიოგრაფია

"ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველი, რომელიც გამოირჩევა გამოცდილებით, სისწრაფით, გოლებით, კომბინაციური თამაშით, დრიბლინგითა და კიდევ ბევრი თვისებით. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში, 25 წლის ასაკში გადავიდა მას შემდეგ, რაც ესპანურ "სევილიაში” 6 წელი გაატარა.

დანიელ ალვეს და სილვა ბრაზილიაში, ბაიას შტატის ქალაქ ჟუაზეიროში დაიბადა 1983 წლის 6 მაისს. ახალგაზრდა ალვესმა ფეხბურთის თამაში რეგიონის უძლიერეს კლუბში, "ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო. აწ უკვე "ბარსელონას” ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 18 წლის ასაკში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა მცველს თავის გამოჩენის შანსი "ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ევარისტო დე მაჩედომ მისცა.

ალვესის სადებიუტო შეხვედრა მისმა კლუბმა 3:0 მოიგო, ხოლო თავად ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მან გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

პირველი ტიტული ალვესმა 2001 წელს მოიპოვა, როდესაც მისმა გუნდმა ბაიას ჩემპიონატი მოიგო. ამას მოჰყვა 2001 და 2002 წლებში ნორთესტის თასის მოპოვებაც. ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, რომელმაც ალვესი გუნდში 2003 წლის იანვარში მიიწვია.

ამ დროისთვის ალვესი უკვე "სევილიაში” თამაშობდა იჯარის წესით და ვინაიდან თავი ესპანეთშიც კარგად წარმოაჩინა, ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობამ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. 2003 წელს დანიმ ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ალვესის ბრაზილიამ ანდრეს ინიესტას ესპანეთს 1:0 სძლია, ხოლო თავად ალვესი ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა.

2003/04 წლების სეზონში ალვესმა "სევილიას” შემადგენლობაში 29 შეხვედრა ითამაშა და უეფას თასის საგზური მოიპოვა.

2005/06 წლების სეზონში ალვესი გუნდში როგორც დაცვითი, ასევე შემტევი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული და ანდალუსიელებს უეფას თასის მოგებაში დაეხმარა. "ბარსელონას” დღევანდელი მეორე ნომერი იმ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო რამდენიმე თვეში, მისმა "სევილიამ” ევროპის სუპერთასზე "ბარსას” 3:0 სძლია და ალვესი ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო.

მომდევნო სეზონში ალვესმა "სევილიასთან” ერთად კიდევ ერთხელ მოიგო უეფას თასი და ზედ ესპანეთის თასიც დააყოლა. 2007/08 წლების დასაწყისში ალვესის გუნდმა მადრიდის "რეალს” ესპანეთის სუპერთასის მოსაპოვებლად გამართულ ორრაუნდიან ბრძოლაში სძლია, ხოლო იმავე სეზონში მარჯვენა მცველმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე. იმ სეზონში ალვესმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გუნდში ხესუს ნავასის შემდეგ მეორე იყო.

"ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, პირველივე სეზონში, ალვესმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მან "ბარსას” რიგებში სულ რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მათ შორის იყო რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალიც. მიუხედავად თავისი ამპლუისა, ალვესმა პირველ კატალონიურ სეზონში, 54 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

"ბარსელონაში" გატარებული მე-2 სეზონის დროს, ტრავმის მიუხედავად, ალვესი გუნდის მთავარი მარჯვენა მცველი იყო. მან, იმ სეზონში, სხვა ჯილდოებთან ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. 29 თამაშში მან 3 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი უეფას წლის გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

კატალონიურ გუნდში გატარებულ მე-3 სეზონში ალვესმა კიდევ 3 ტიტული მოიგო. ესენია ესპანეთის სუპერ თასი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. 2 წლის უკან რომში გამართული თამაშისგან განსხვავებით, 2011 წელს, "უემბლიზე", მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, მან კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.

2011/12 წლების სეზონში, ალვესმა, "ბარსელონასთან" ერთად, ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი და ქვეყნის თასი მოიგო. 6 ტურნირზე ჩატარებულ 52 შეხვედრაში მან თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

2012/13 წლების სეზონში, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი უკვე ტიტო ვილანოვა იყო, ალვესმა სეზონის სტარტი ტრავმის გამო გამოტოვა. მიუხედავად ამისა, პრიმერას გათამაშებაში, რომელიც "ბარსელონამ" 100 ქულით დაასრულა, ბრაზილიელმა 30 მატჩი ჩაატარა.

2013/14 წლების სეზონში, ალვესმა მონაწილეობა 42 შეხვედრაში მიიღო. აქედან 27-ჯერ მან ლა ლიგაში ითამაშა, 5-ჯერ ესპანეთის თასზე, 8-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასზე. იმ სეზონში, ბრაზილიელმა 4 გოლი გაიტანა და უცხოელ ფეხბურთელებს შორის, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული მატჩების მხრივ, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ალვესის აქტივში 293 თამაში იყო, რეკორდსმენი მესის ანგარიშზე კი - 421.

"ბარსელონაში" გატარებულ მე-7 სეზონში ალვესი გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად დარჩა. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მან ლა ლიგაში 29, ჩემპიონთა ლიგაზე 11 და ესპანეთის თასზე 8 თამაში ჩაატარა. 2015 წლის ივნისში, მან ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მესამედ მოიგო, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.

2008-2016 წლებში დანი ალვესმა "ბარსელონას" მაისურით 391 თამაში ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც "იუვენტუსში", "პარი სენ-ჟერმენსა" და "სან პაულუში" ითამაშა, ხოლო 2021 წლის იანვარში "ბლაუგრანას" დაუბრუნდა.

გარდა საკლუბო ფეხბურთისა, ალვესი წარმატებით ასპარეზობს ეროვნულ ნაკრებშიც. მან ბრაზილიის პირველ გუნდთან ერთად 2007 წელს კოპა ამერიკის, 2009 წელს კი კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა. თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ალვესმა 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში ითამაშა, როდესაც მისი გუნდი ნიდერლანდებმა 1/4-ფინალიდან გამოაგდო. ალვესმა ბრაზილიაში გამართულ 2013 წლის კონფედერაციის თასსა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა. 2019 წელს დანიმ კოპა ამერიკა კარიერაში მეორედ მოიგო, 2021 წელს კი ის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულიც გახდა.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონი (6) – 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16
  • ესპანეთის თასი  (3)– 2008/09, 2011-12, 2014/15
  • ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11, 2011-12, 2013-14
  • ჩემპიონთა ლიგა (3) – 2008/09, 2010/11, 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი (3) – 2009, 2011, 2015
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2009/10, 2011/12, 2015/16
სევილია
  • ესპანეთის თასი – 2006/07
  • ესპანეთის სუპერთასი – 2007/08
  • უეფას თასი – 2006/07, 2007/08
  • ევროპის სუპერთასი – 2006/07
იუვენტუსი
  • სერია A: 2016/17
  • იტალიის თასი: 2016/17
პსჟ
  • ლიგა 1 (2): 2017/18, 2018/19
  • საფრანგეთის თასი: 2017/18
  • საფრანგეთის ლიგის თასი: 2017/18
  • საფრანგეთის სუპერ თასი (2): 2017, 2018
სან პაული
  • პაულისტას ჩემპიონატი: 2021
სპორტ კლუბ ბაია
  • ბაიას ჩემპიონატი – 2001
  • ნორთესტის თასი – 2001, 2002
ბრაზილიის ნაკრები
  • კონფედერაციის თასი – 2009
  • კოპა ამერიკა – 2007, 2019
  • მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი – 2003
  • ოლიმპიადა: 2021

ინდივიდუალური მიღწევები

  • უეფას თასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005/06
  • ევროპის სუპერ თასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2006
  • პაულისტას ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 2020
  • UEFA-ს წლის გუნდის წევრი: 2007, 2009, 2011, 2015, 2017
  • ESM წლის გუნდის წევრი: 2006/07, 2008/09, 2009/10, 2010/11, 2011/12
  • FIFA/FIFPro-ს წლის გუნდის წევრი: 2009, 2011, 2012, 2013, 2015, 2016, 2017, 2018
  • ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მცველი: 2008/09
  • კონფედერაციის თასის სიმბოლური გუნდი: 2013
  • ლა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი: 2014/15
  • France Football-ის წლის გუნდი: 2015
  • სერია A-ს სეზონის გუნდი: 2016/17
  • IFFHS-ს წლის გუნდი: 2017
  • ლიგა ერთის წლის გუნდი: 2017/18
  • კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელი: 2019
  • კოპა ამერიკას სიმბოლური გუნდი: 2019
  • CONMEBOL-ის დეკადის სიმბოლური გუნდი: 2011-2020