ტრიოს ძიებაში
Marca-მ "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკას, კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა.
ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" მთავარი სამიზნეა, მოლაპარაკებები გრძელდება და თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაუტარომ, "ინტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, სულ მალე, "ბარსასთან" შეთანხმებაც შედგება.
გამომდინარე ლაუტაროს სათამაშო პოზიციიდან, "ბარსა" მას ცხრიანზე განიხილავს, მაგრამ სულაც არ არის შეუძლებელი, რომ სუარესთან დუეტში ვიხილოთ, მათ უკან კი ლიონელ მესი. როგორც არგენტინის ნაკრებშია, მესის წინ, აგუერო და ლაუტარო არიან განლაგებულნი.
ამ ტრიოს ერთად ხილვის კიდევ ერთი მიზეზი, პროფესიონალების გამოთქმული მოსაზრებაა, რომ ლაუტაროს, სუარესისგან ბევრის სწავლა შეუძლია. თავად სუარესიც, ჯერ კიდევ 3 წლის წინ ითხოვდა ხელმძღვანელობისგან მისი შემცვლელის ყიდვას, რათა ნელ-ნელა ესწავლა და მის შესაცვლელად მზად ყოფილიყო.
ლაუტაროს ფასის შესახებ ყველაფერი ვიცით, ამ პირობებში ამხელა თანხის გადახდა მარტივი არ იქნება, თუნდაც 80-90 მილიონი და ფეხბურთელი, "ბარსასთვის" რთული დასათმობია, მაგრამ თუ გავიხსენებთ რამხელა თანხა გადაყარა კლუბმა თავდამსხმელების ძიებაში, ამ ტრანსფერზე დიდხანს ნამდვილად არ იფიქრებენ.
"ბარსამ" 9 თავდამსხმელი მოსინჯა, სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ ვერც ერთმა გაამართლა.
უკანასკნელი წარმატებული ტრანსფერი, 2014 წელს შედგა, როცა "ბარსამ", ლუის სუარესი გაიფორმა. ურუგვაელი მეექვსე სეზონს ატარებს "ბარსელონაში" და 270 შეხვედრაში, 191 გოლი აქვს გატანილი.
ამის შემდეგ კი იწყება წარუმატებელი ტრანსფერების კასკადი.
პირველი გაუგებრობა იყო არდა თურანი. თურქი "ატლეტიკოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ის არც გარემარბი ყოფილა და არც ცენტრალური ნახევარმცველი, შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, სად უნდა ეთამაშა არდას? ან, რატომ იყიდეს ასეთ პირობებში? გუნდი ჯერ კიდევ 4-3-3-ს თამაშობდა და მისი ადგილი არსად იყო.
არდა "ატლეტიკოში" მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თურქეთის ნაკრებში მარცხენა ნახევარმცველად, იყო შემთხვევები, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არა ისე, როგორც "ბარსა" ითხოვს, ის არ არის ბურთის დამჭერი ნახევარმცველი, რომელსაც ტემპის კონტროლი და შეტევის მიმართულების ცვლა შეუძლია.
დაახლოებით იგივე აბსურდია დაშვებული გრიზმანთან მიმართებაში, რომელიც ყველაზე უკეთ, ცრუ ცხრიანზე თამაშობს. მის წინ მუდმივად იყვნენ ცენტრფორვარდები: მორატა და დიეგო კოშტა "ატლეტიკოში", ოლივიე ჟირუ - საფრანგეთის ნაკრებში.
თავად ნაწყენმა თქვა, გარემარბი არ ვარ, იმიტომ, რომ დრიბლინგი ჩემი ძლიერი მხარე არ არისო, ყველაზე მაღალ დონეზე კი ის შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მესი არ იყო, რადგან ის სივრცე ჰქონდა თავისუფალი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს.
მემგონი დროა, "ბარსამ" "ატლეტიკოს" ფეხბურთელების მიმართ დაინტერესება შეწყვიტოს, რადგან, როგორც ტაქტიკური, ისე სათამაშო სტილის თვალსაზრისით, აბსოლუტურ აცდენაში არიან.
"ბარსამ" სათადარიგო სკამისთვის შეიძინა მალკოლმი და კევინ-პრინს ბოატენგი, მაგრამ ვერც ერთმა გაამართლა. შეიძლება ვინმემ თქვას, მაინც სკამისთვის იყიდესო, მაგრამ ჯერ ერთი, კლუბმა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, მერე მეორე, ჰენრიკ ლარსონიც სკამისთვის იყიდეს, მაგრამ ძალიან დიდი კვალი დატოვა, იმ ფორმაციის "ბარსელონაში".
დემბელეს და კოუტინიოს ტრანსფერი, ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოდგა, რადგან ყველაზე მეტს სწორედ მათგან ველოდით. ნეიმარის შეცვლა ცალ-ცალკე კი არა, ერთად ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, ვალვერდეც დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ვარსკვლავები ასეთ პრობლემებს, როგორც წესი, უმკლავდებიან, მათ კი ეს, ვერ შეძლეს.
საერთო ჯამში, "ბარსელონამ" 482 მილიონი ევრო გაიღო, სულ რაღაც 90 გოლში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]