რივალდოს ტოპ 5 პერფორმანსი "ბარსელონაში"

  • 21-05-2020, 17:09
  • რივალდოს ტოპ 5 პერფორმანსი "ბარსელონაში"

    იმისათვის, რომ გავიგოთ, რა დღეში იყო "ბარსელონა" რივალდოს მეფობის დროს, ჩემი შერჩეული შეხვედრები, აბსოლუტურად საკმარისი იქნება, რადგან ხუთიდან ოთხ შეხვედრაში "ბარსამ" ვერ მოიგო. ერთში კი ბოლო წუთებზე მოიგო და სანატრელი პრიზი დაისაკუთრა - ანუ, ჩემპიონთა ლიგის საგზური.

    მესის ეპოქის გადმოსახედიდან, დამამცირებლად მოსჩანს, მაგრამ ჰქონდა იმ დროსაც, თავის სილამაზე. რივალდოს უკეთესი პერიოდიც ჰქონია, მაგალითად ვან გაალის დროს, როცა მარცხენა ფლანგზე ათამაშებდნენ და გუნდი ტიტულებსაც იგებდა, მაგრამ პუბლიკამ განსაკუთრებით მაშინ შეიყვარა, როცა გუნდი ჩამოიშალა და რივალდო ერთადერთი იყო, რომელიც "ბარსას" დონეზე თამაშობდა.

    ვან გაალის წასვლის შემდეგ, ნორმალური მწვრთნელი არ აღირსეს, ფიგუს გაქცევის მერე კი, ალფონსო და სიმაო შეიძინეს. არ დაგვავიწყდეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები - როშემბაკი, ჟერარ ლოპესი, გაბრი და ბუდივეინ ზენდენი!

    დღეს გრიზმანის ტრანსფერის წარუმატებლობაზე ვწუწუნებთ, მაშინ რომ რივალდოსთვის გრიზმანის დონის ფეხბურთელი მიეყვანათ, ალბათ ლიგის თასსაც დადებდა.

    ამ ბნელ დროს შემიყვარდა "ბარსა". არ ვიცი რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემ ქვეყანას ჰგავდა, ლამაზი იყო, მაგრამ დამარცხებული. ან იმიტომ, რომ, როცა "ბარსას" გულშემატკივრობა დავიწყე, მაშინ ასეთი გაპარტახებულიც არ ყოფილა და მერე, უბრალოდ ვერ მივატოვე.

    ბოლო იმედი

    ლიგის პირველივე ტურში, "ბარსამ" ლეგენდარული "ლიდსი"4-0 დაამარცხა. რივალდომ, ოლივიე დაკურს, თავის ჩვეული მოძრაობით, კინაღამ კისერი მოტეხა, და ანგარიში გახსნა, მერე სხვებმაც მიაყოლეს.

    განმეორებითი შეხვედრისთვის "ბარსა" ინგლისში ჩავიდა და გოლი სწრაფადვე გაუშვა. ვისაც ის "ლიდსი" ახსოვს, ისიც ემახსოვრება, სახლში რა დონეზე თამაშობდნენ, თავის ვიდუკა-სმიტებით.

    კარში ახალგაზრდა პოლ რობინსონი იდგა, არავინ იცოდა, როგორ ითამაშებდა, ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო და ასეთ შეხვედრაში მოუწია გამოსვლა. მაშინ ისეთ დონეზე ითამაშა, ინგლისელებმა იფიქრეს, გვეღირსა დიდი მეკარეო, მაგრამ პოლს, იმის მერე, ისეთივე დონის შეხვედრა, აღარ ჩაუტარებია.

    ეს მის კარიერაში, საუკეთესო მატჩი იყო.

    ალბათ დებიუტმა იმოქმედა ასე. ფრანც ბეკენბაუერი ყოველთვის აღნიშნავდა -"სადებიუტო შეხვედრაში იმხელა ემოციურ მუხტს იღებ, რომ ყოველთვის იმაზე მეტი გამოგდის, ვიდრე შეგიძლია."

    ანსუ ფატიც ხომ ასე იყო? დებიუტში დაგლიჯა! მერე ყველაფერი გართულდა.

    ასე იყო პოლ რობინსონიც, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში, ურთულეს ბურთებს იღებდა. ასეთ თამაშს ახალგაზრდა მეკარისგან არავინ ელოდა, თან ჩანდა, რომ აზროვნებდა და ძალიან კონცენტრირებული იყო. სწორედ აქ დაიწყო გონების თამაში რივალდოსთან. პირველი ჯარიმის დროს, ჯერ კიდევ ცოცხალ კედელს აყენებდა, როცა რივალდომ ძალიან ძლიერად გაგზავნა ბურთი დაუცველ კუთხეში, მაგრამ რობინსონმა რეაგირება მოასწრო. მეორე ჯარიმის დროს, ჩვეულად გადააცილა ბურთი ცოცხალ კედელს და რობინსონმა მარტივად მოიგერია, რადგან მოძრაობა წინასწარ დაიწყო, გამოიცნო რივალდოს ჩანაფიქრი. მესამე ჯარიმის დროს, ბრაზილიელი კვლავ შეეცადა მეკარის მოტყუებას, ისევე, როგორც შმეიხელი გააცურა და თავისივე კუთხეში დაურტყა, მაგრამ რობინსონი ამასაც მზად დახვდა.

    ჯარიმებამდე, თავით დარტყმული, ურთულესი ბურთი აუღო, მეორე ტაიმის მიწურულს ალფონსოსაც აუღო. ეს ბიჭი, იმ დღეს ყველაფერს იღებდა! ამ დროს გამოვიდნენ მოედანზე, "ბარსას" გენიალური შემტევები - დანი და ჟერარ ლოპესი. ორივეზე დადიოდა ლეგენდა, რომ თავით ბრწყინვალედ თამაშობდნენ, მართალია გოლებს ვერ იტანდნენ, მაგრამ 5-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლის მოგება შეეძლოთ! ეს კი მაშინ დიდი საქმე იყო.

    თამაშის მიწურულს, რივალდომ მაინც გაიტანა, ავტეხეთ ღრიალი, მაგრამ გოლი არ ჩათვალეს, რივალდოს დარტყმულს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა დანიმ, ფეხი მოუქნია, მართალია ბურთს არ შეხებია, მაგრამ მომენტზე გავლენა იქონია და გოლი არ ჩაითვალა.

    დანის კიდე ეს უნდოდა? ისედაც სათითაოდ ვიცნობდით მისი ოჯახის წევრებს.

    დაიწყო ბოლო წუთი და რაღაცის იმედი მაინც გვქონდა, ამ რაღაცას კი რივალდო ერქვა, მისი ყოველთვის ბოლომდე გვეიმედებოდა, იმიტომ, რომ შეეძლო სასწაულების კეთება და სადღაც ბოლო წამებზე, აქაც გაიტანა!

    მეკარე კი იდგა ოლივერ კანივით, მაგრამ მაინც გავუტანეთ, ამ დროს თვალები უკვე დახუჭული მქონდა და მხოლოდ ობოლაძის ხმა მესმოდა, რომ რივალდომ მაინც გაიტანა! როცა "იუთუბის" ეპოქაში ეს გოლი ვნახე, სულ სხვანაირი გამოდგა, ვიდრე მაშინ წარმოვიდგინე, მაგრამ იგივე სიხარული დამეუფლა.

    ხო, ჩვეულებრივი გოლია, მაგრამ დღევანდელი "ბარსას" ფანები, ვერც კი წარმოიდგენთ, ამ ჩვეულებრივი გოლების გატანა, მაშინ რა რთული ამბავი იყო.

    "ოქროს ბურთი"

    1998/99 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი "კამპ ნოუზე" უნდა ჩატარებულიყო. ეს ყველაფერი ქალაქმა და კლუბის ბოსებმა "ბარსას" 100 წლის იუბილეს დაამთხვიეს და ყველას გონებაში უცბად დაიხატა, როგორ აღნიშნავდა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მოგებას, საკუთარ კედლებში, უმნიშვნელოვანეს წელს, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა.

    საქმე ის არის, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წილისყრა ჩატარდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში და გუნდები ძალიან არათანაბრად გადანაწილდნენ. "ბარსა" D ჯგუფში, ანუ სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც მომავალი ფინალისტები, "ბაიერნი" და "მანჩესტერი" იყვნენ მასთან ერთად. თავიდანვე გაკეთდა შეფასებები, რომ ვინც მაჩანჩალასთან, ანუ "ბრონდბიუსთან" დაკარგავდა ქულებს, ის ჩარჩებოდა ჯგუფში და ასეთი "ბაიერნი" აღმოჩნდა, მაგრამ მიუნხენელებმა თავიანთი შეუპოვარი ხასიათი სწორედ "ბარსელონასთან" გამოავლინეს და ორივე შეხვედრა მოუგეს. ასე ჩარჩა "ბარსა" ჯგუფში.  მაგრამ რივალდომ მაინც გაიბრძოლა ბოლოს წინა ტურში, "მანჩესტერის" წინააღმდეგ. ბოლო ტურში "ბრონდბიუს" მარტივად მოუგებდნენ, ამიტომ ეს გადამწყვეტი შეხვედრა იყო. მოგების შემთხვევაში, "ბარსა" ჯგუფიდან გასვლას შეძლებდა, მაგრამ გუნდს 8 ფეხბურთელი აკლდა და ყველაფერი ძალიან გართულდა. მოედანზე მაინც იყვნენ ვარსკვლავები, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ყველაფერს რივალდო აკეთებდა.

    თამაში დაიწყო და სონი ანდერსონმა ანგარიში გახსნა!

    მერე რივალდომ შორიდან გაისროლა და შმეიხელის მზადყოფნა შეამოწმა.  

    რივალდომ ანდერსონი ერთი-ერთზე გაიყვანა, სონიმ შანსი ვერ გამოიყენა.  

    შმეიხელი ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებდა, მაგრამ რივალდომ მაინც გაუტანა შორი მანძილიდან, მერე "მაკრატელაც" მიაყოლა და როცა ანგარიში 3-3 გახდა, გადამწყვეტი სიტყვა, კვლავ რივალდოს უნდა ეთქვა.

    მოედნის მისადგომებთან ძალიან მჭიდროდ მეურვეობდნენ, მაგრამ ქუსლით გაკეთებული პასით, ჯოვანი ერთი-ერთზე გაიყვანა, სონი ანდერსონის არ იყოს, ვერც მან გაიტანა..

    ბოლო მომენტი კი ისევ რივალდოს გასროლა იყო დაახლოებით 40 მეტრიდან, შმეიხელს კინაღამ ხელიც წააგლიჯა და ხარიხაც შეაზანზარა.

    ოცნება დაიმსხვრა.

    მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს, "ოქროს ბურთი", რივალდომ მოიგო და არა ტრიუმფატორმა ბექჰემმა, ან ფინალისტმა ეფენბერგმა, კანმა, ბასლერმა, მათეუსმა, რაიან გიგზმა ან ენდი კოულმა. "ოქროს ბურთი" ჯგუფში ჩარჩენილი გუნდის ფეხბურთელმა მოიგო, თან სოლიდური უპირატესობით, რადგან ფინალისტებთან დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომ ინდივიდუალურად, ყველაზე ორი თავით მაღლა იდგა.

    ალალი იყოს!

    შოუ "სან სიროზე"

    რონალდინიოსი არ იყოს, "სან სირო" რივალდოსაც უყვარდა. სწორედ მათი დადგმული სპექტაკლების გამო გადაწყვიტა "მილანმა", რომ "ბარსელონასგან" შეეძინათ, ჯერ ერთი, მერე მეორე. მართალია, არცერთს იმის ნახევარი არ უთამაშია "მილანში" რაც "ბარსაში" ითამაშეს, მაგრამ ფანებს მაინც უყვარდათ.

    როგორც იმ დროინდელი "ბარსა" წვალობდა და ფაფხურობდა, ისე ტანჯულობდა "მილანიც", მაგრამ ვარსკვლავები მაინც იყვნენ მოედანზე, "მილანიდან" მალდინი და შევჩენკო, "ბარსადან" რივალდო.

    თავიდანვე ცხადი იყო, რომ რივალდოს მალდინი დაიჭერდა, უფრო სწორად ეცდებოდა, რამდენად გამოუვიდა ეს სხვა საქმეა, ფაქტია, რომ ვერაფერი დააკლო, ერთხელ ფეხში უთავაზა ძალიან მწარედ, ეგ იყო და ეგ.

    პირველი ჯარიმის დროს, ცოცხალ კედელს ქვემოთ გააძვრინა და ისე შეაგდო, მეორე ჯარიმის დროს, არავინ არ ამხტარა, ძალიან მარტივად გადააცილა ბურთი და მშვენიერი გოლი შეაგდო.

    რივალდომ მთელი "მილანი" გააცურა, მაგრამ მიუხევადად ამ დიდებულად შესრულებული დარტყმებისა, ტაიმიც კი ვერ მოიგო.

    "ბარსა" აგებდა, როცა რივალდომ "სან სიროზე" ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს ქულა მოუტანა. მალდინიც იქვე იყო, როცა რივალდოს მესამე გოლი გაჰქონდა, ოღონდ რას აკეთებდა ვერ გეტყვით, უბრალოდ იდგა და უყურებდა, ალბათ მიხვდა, რომ ეს რივალდოს დღე იყო და ხელის შეშლა არ შეიძლებოდა.

    ქურდობა "ბერნაბეუზე"

    თამაშის წინ რივალდოს ძალიან უფრთხოდნენ, მაგრამ მადრიდელები მაინც დიდ გულზე იყვნენ, ჩვენ დიდი კაპიტანი გვყავს დაცვაშიო და ფეხბურთელი, რომელიც პაოლო მალდინიმ ვერ დაიჭირა, ფერნანდო იეროს ჩააბარეს გასაჩერებლად.

    რა თქმა უნდა, ვერაფერი დააკლო, საერთოდ იეროსა და რივალდოს დაპირისპირებები, ყოველთვის ცდებოდა მოედნის საზღვრებს, მოედანზე კი განსაკუთრებულად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, ხელითაც შეხებიან და დასახრჩობადაც გაწეულან ერთმანეთისკენ.

    არც რობერტო კარლოსი აკლებდა უხეშობას, რივალდოსთან ყოველთვის წითელი ბარათის ზღვარზე თამაშობდა, ალბათ ფიქრობდა, მაინც ახლობელია და მაპატიებსო, მოედნის გარეთ პატიობდა კიდეც, მაგრამ მოედანზე დანდობა არ იყო!

    ჯერ კასილიასი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო, მერე კი, ჩვეული დაბალი დარტმით, იდეალური სიზუსტით შეაცურა ბურთი კარში, ისე, რომ კასილიასი არც გადამხტარა, რა აზრი ექნებოდა, თორე კი..

    ანგარიში გათანაბრდა და უპირატესობა "ბარსას" ჰქონდა. რივალდო როგორც კი ბურთს მიიღებდა, საშინელი სტვენა და ღრიანცელი ისმოდა ტრიბუნებიდან. რაც ხელში მოხვდებოდათ ყველაფერს ყრიდნენ, მაგრამ ბოლოს, მესამე მაინც შეაგდო, პატარა რიკოშეტი წაეხმარა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელიც მსაჯმა მოიპარა.

    გვარდიოლა, რომელიც უკვე შეცვლილი იყო, მსაჯის დასახრჩობად გამოვარდა და ტრიბუნებიდან ბოთლები ესროლეს. რივალდოს კი ეცინებოდა, იმიტომ, რომ ეს პატარა გუნდის საქციელი იყო, მიუხედავად ამხელა მტრობისა, "რეალს" მსაჯის დახმარება, მით უმეტეს "ბერნაბეუზე", არაფერში სჭირდებოდა.

    მას მერე ვამბობთ, რომ რივალდოს "ბერნაბეუზე" ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული, ყველამ ასე იცის და მსაჯმა თავის ხელით რა ჩაწერა სატურნირო ცხრილში, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

    სასწაული

    დღემდე მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჰეთ-თრიქთან გვაქვს საქმე და არა მგონია ვცდებოდე.

    თავის მნიშვნელობით, სილამაზით და დრამატულობით, მეორე ასეთი ჰეთ-თრიქი არ მახსენდება და ძალიან გამიკვირდება, რომ ვინმემ გაიხსენოს.

    ეს იყო გადამწყვეტი შეხვედრა! "ბარსას" ბოლო შანსი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. გუნდს, როგორც ყოველთვის, ბევრი კრედიტი ჰქონდა აღებული და ლიგის გარეშე რომ დარჩენილიყო, წარმოდგენაც გაგვიჭირდება, თუ რამხელა კრიზისში აღმოჩნდებოდა, ისედაც, არ იყო კარგ დღეში.

    ფაქტობრივად, რივალდო, კლუბის მომავლისთვის თამაშობდა. ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული, "ბარსა" შეძლებდა თუ ვერა გრანდის სტატუსის შენარჩუნებას.

    "ვალენსია" გაცილებით კარგ ფორმაში იყო, კუპერის დაცვას არათუ ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად იცნობდნენ, არც შეტევა უჭირდათ და რუბენ ბარახამაც მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. ორი გოლი შეაგდო "ბარსას" კარში, მაგრამ ის, რაც რივალდომ გააკეთა, სიტყვებით ამის აღწერა ძალიან რთულია, ამას უბრალოდ უნდა უყურო.

    სეზონის ბოლოს, "ვალენსია" ყველაზე დიდი კრედიტის აღებას და 100 მილიონის გადახდას აპირებდა რივალდოში, რაც იმ დროს აბსოლუტურად წარმოუდგენელი თანხა იყო. ალბათ დღევანდელი 500 მილიონის ტოლფასი, მაგრამ რივალდოს ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს და ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივეს.

    ძალიან უღიმღამო გამოდგა სეზონის ბოლოს "ოქროს ბურთის" დაჯილდოება, რომელიც მაიკლ ოუენმა მოიგო. რივალდო ჯილდოსთვის ვერ იბრძოლებდა, რადგან წინა "ოქროს ბურთის" შემთხვევაში, ლა ლიგა მაინც მოიგო, ამ დროს კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძოდა. "ოქროს ბურთის" ლაურეატს, უეფას თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდა და იქაც გამოჩნდა, რომ ოუენი, რივალდოსთან შედარებით, ვარსკვლავიც კი არ იყო, მაგრამ "ლივერპული" უკეთესი გუნდი გამოდგა და მაკალისტერის პენალტით, ფინალში გავიდა.

    ამასთანავე, რივალდოსთვის, ტრავმებით დახუნძლული სეზონი გამოდგა და მიუხედავად ამისა, იმ სეზონში, მასზე მაგარი, არავინ ყოფილა.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    njanka1977 Culé [?]

    21 მაისი 2020 23:28

    ბარსა მძულდა 1997 მდე და მერე ვნახე რივალდო... (ასევე დაუფასებელი მოთამაშეები - ფილიპ კოკუ, ლუის ენრიკე) რივალდო კი...,,ყველაფერჩიკი"... გუნდის სული და გული, რაღაც პერიოდი, თითქმის მარტოდ მოთამაშე...უტევდა, იცავდა, ჯარიმებს, პენლებს იტანდა, კუთხურებს აწვდიდა და ისევ თვითონ იტანდა. დრიბლინგი, ტექნიკა, ამტანობა, სისწრაფე, დარტყმა... და მე მან შემაყვარა ბარსა... აგერ უკვე 22 წელია. პ.ს. რონალდინიო კი არის ფეხბურთის სიხარული, ბედნიერება. პ.პ.ს. და მიუხედავად ამისა, არასდროს მიგულშემატკივრია ბრაზილიისთვის. უფრო ადრე 1996 წლიდან დოიჩლენდის გულშემატკივარი გავხდი.

    0
    გასულია
    vitorborbafereira ფანი [?]

    21 მაისი 2020 20:47

    ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ამიტომ ვარ მისი სახელით დარეგისტრირებული, ვთვლი რომ ყველა დროის საუკეთესო 5 ფეხბურთელში შედის

    მან ყველაფერი მოიგო რაც შეიძლება ფეხბურთელმა მოიგოს

    აქ ახალგაზრდა ხალხია დარეგისტრირებული რომელსაც ვერანაირი სტატიით ვერ აუხსნი რას ნიშნავდა მაშინ რივალდო გუნდისთვის მიუხედავად იმისა რომ ამაზე მეტს ვერაფერს დაწერ.

    მესი მესია მაგრამ იმ გუნდში ეს მესიც ვერ ითამაშებდა იმიტომ რომ პასს ვერავინ გაუკეთებდა ჩავთვალოთ რომ არგენტინის ნაკრები იყო ოღონდ მინიმუმ სამჯერ უარესი თამაშის ხარისხით

    მოწინაღმდეგე გუნდები თოთქმიდ ყველა მომენტში გოლს უგდებდნენ

    უამრავი ფანი რომელიც ახლაც. გულშემატკივრობს გუნდს მაშინ შეგვიყვარა ეს გუნდი და სპორტის სახეობა.

    მე დღესაც ვამბობ რომ რიცალდოს გაცილებით მძიმედ ეწვა ბარსა ბეჭებზე ვიდრე მესის ან რონალდინიოს თავის დროზე.

    დღეს ვიღაცის ჯარიმა და მაკრატელა გვაოცებს ეს კაცი კი ყოველ მეორე შეხვედრაში აკეთებდა ამას

    რომ არა რივალდო არ იქნებოდა არც ჩავი არც ინიესტა არც მესი არც ეს ბრსა და არც 4 ჩემპიონთა ლიგა 10 პრიმერას თასით

    რივალდო უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

    7
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    21 მაისი 2020 18:21

    ძააან მაგარი სიახლეა👏👏.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge