რონალდინიოს ტოპ 5 პერფორმანსი "ბარსელონაში"

  • 20-05-2020, 16:02
  • რონალდინიოს ტოპ 5 პერფორმანსი "ბარსელონაში"

    ძალიან რთულია იმ ფეხბურთელის საუკეთესო ხუთი შეხვედრა გამოარჩიო, რომელიც, ყველა ტურში შოუს დგამდა, მაგრამ მაინც ჰქონდა ჯადოქარს, განსაკუთრებით მაგარი შეხვედრები და ვეცდები, სწორედ ასეთები გავიხსენო.

    ზღაპრის დასაწყისი

    "სევილიასთან" თამაში აუცილებლად უნდა შემეყვანა, რადგან ზღაპარი სწორედ აქიდან დაიწყო. ეს არ არის მისი სადებიუტო შეხვედრა, არც მისი საუკეთესო შეხვედრაა, არც ის შეხვედრაა, მცველებს ზედიზედ რომ უგდებს თავზე ბურთს, მასხრად იგდებს, იქვე ფანებს ექსტაზში აგდებს და ფეხბურთს სიხარულს უბრუნებს, ეს მისი სადებიუტო გოლის შეხვედრაა, თან რა გოლის..

    "ბარსას" ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ რივალდოს წავლის შემდეგ, მაშინვე არ იყიდეს რონალდინიო და აქცენტი რიკელმეზე გააკეთეს, რომელიც არგენტინაში ბრწყინავდა, მაგრამ.. არგენტინაში ხომ იგუაინიც ბრწყინავდა! რიკელმეს ბევრი არაფერი გაუკეთებია და იმხელა ტვირთი აჰკიდეს, კინაღამ საბოლოოდ გაიჭყლიტა, ისედაც უმძიმესი თავი ედო მხრებზე.

    აი რონალდინიო კი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო. იდეალური ტრიო შექმნა რივალდოსთან და რონალდოსთან ერთად. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტრიო, თუ არა საუკეთესო. პსჟ-სთვის ზედმეტად გაიზარდა, საფრანგეთის ჩემპიონატი მისთვის მოსაწყენი გახდა, მხოლოდ ცენტრალურ შეხვედრებში თამაშობდა, რადგან ოდნავ წინააღმდეგობას მაინც გრძნობდა. სუსტებთან თამაში არ უყვარდა. "ბარსას" შეეძლო რონალდინიოს ამ დავიდარაბისგან გამოხსნა, მაგრამ ერთი წლით გადაავადეს და "მანჩესტერს" თვალწინ აახიეს.

    მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე რიკელმესგან და იმაზე ბევრად მეტი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ.

    ზღაპარი კი "სევილიასთან" გოლით დაიწყო.

    მარცხი "სტემფორდ ბრიჯზე"

    20 წუთის შემდეგ, ტაბლოზე 3-0 იყო დაფიქსირებული. მხოლოდ ანგარიშში არ არის საქმე, "ჩელსი" ძალიან აგრესიულად თამაშობდა, "ბარსა" კი შოკში იყო. შესვენებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი და რაიკაარდი ფილ ჯექსონივით ტაიმ-აუტს ვერ აიღებდა. ყველა შეეგუა, რომ "ბარსა" არათუ ტაიმს, არამედ შეხვედრას წააგებდა, თან დიდი ანგარიშით. მწვრთნელს და ფეხბურთელებს სადავეები ხელიდან გაექცათ. ლემპარდი კი მეფესავით დაქროდა მოედნის ცენტრში.

    გუნდი მკაცრი სიტყვის და შეჯანჯღარების გარეშეც გამოფხიზლდა. კარვალიომ ხელით ითამაშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ეს იყო პირველი გარდამტეხი მომენტი. რონალდინიო, იმ დროისთვის, მსოფლიოს მეორე საუკეთესო კიპერის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ფსიქოლოგიურად და მენტალურად განადგურებული.

    გატანის შემთხვევაში "ბარსას" შანსი უჩნდებოდა, გაფუჭების შემთხვევაში, ყველაფერი სამუდამოდ დასრულდებოდა.

    რა თქმა უნდა, გაიტანა.

    "ბარსამ" ზეწოლა გაზარდა, "ჩელსი" კონტრშეტევებზე გადავიდა და კომფორტულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა. თქვენი არ ვიცი და მე ზუსტად მახსოვს, რომ ეს გოლი ვერ გავიგე, სანამ გამეორება არ ვნახე, ვერ მივხვდი, რა მოხდა და როგორ მოხდა, ეგრე ხომ ეზოშიც ვერ იტანენ გოლებს?! ამან კიდე წაუცეკვა და ჩეხმა მხოლოდ ის შეძლო, რომ ბურთისთვის თვალი გაეყოლებინა. ნამუსი, რომ ჰქონოდა, ტაშსაც დაუკრავდა.

    2-3 უკვე "ბარსას" აწყობდა და პირველი ტაიმის მერე "ჩელსის" ფანები ვეღარ იყვნენ ისე ომახიანად, შეაშინა ჯადოქარმა. მერე ჩვენი ვალდესი დაიჭირეს, ბურთს ვერ მისწვდა და წავაგეთ, კოლინამ რატომღაც გოლი ჩათვალა, მაგრამ ფეხბურთი სამართალს მომავალში დააბრუნებს.

    ამ თამაშს მოგვიანებით ჯონ ტერი გაიხსენებს, როცა "ჩელსი" უკვე ფინალში იყო გასული და "მანჩესტერი" – "ბარსელონას" გამარჯვებულს ელოდნენ. მაშინ ჰკითხეს ვის ისურვებო და "მანჩესტერი" ისურვა, მართალია მისთვის საშინლად დასრულდა მოსკოვის ფინალი, მაგრამ განმარტება ასეთი მოაყოლა. – "ინგლისური ჯახი მირჩევნია, ჯადოქრებთან თამაშს, ერთ შემთხვევაში ვიცი რა უნდა გავაკეთო, მეორე შემთხვევაში კი ვერაფერი გამიგია".

    შურისძიება

    მომდევნო წელს "ბარსა" და "ჩელსი", ისევ მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. წილისყრის დროს ისეთი წივილ-კივილი ავტეხე, ინიესტას გოლზეც რომ არ ამიტეხავს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდის მაგრად გვჯეროდა.

    წლები გავა, მის გოლს ნახავენ, რომელიც "კამპ ნოუზე" შეაგდო და იტყვიან, რომ ერთი ჩვეულებრივი გოლია, ამიტომ ჭირს იმ ფეხბურთელების შეფასება, რომელთა ეპოქაშიც არ გვიცხოვრია, თითქოს, მართლა ჩვეულებრივი გოლია, ერთი-ორ ნაბიჯს გადადგამს, მისთვის უჩვეულო ძალისმიერებით გაცდება ტერის და გაიტანს. ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ზუსტად, ან ამაზე ძლიერად არასდროს დაურტყამს. კი, ჩვეულებრივ გოლს ჰგავს, მაგრამ ჩვენ, ვინც ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, ვიცით, რომ არაჩვეულებრივი გოლია.

    ვიცით, იმიტომ, რომ "ჩელსი" მაშინ იყო გუნდი, რომელიც მოედნის ცენტრში, ყველა გუნდს მიწასთან ასწორებდა, მაკელელე ისე ასუფთავებდა მცველების წინ სივრცეს, მისის დაუთფაიერს შეშურდებოდა, მაკეს ზურგს უმაგრებდა იმ სეზონის მსოფლიოს საუკეთესო მცველი, დიდი კაპიტანი, ჯონ ტერი! ტერის ზურგს უკან კი პეტერ ჩეხი იდგა, რომელიც, შესაძლოა, წინა წელთან შედარებით, უკეთესიც კი იყო.

    და რა მოხდა? რონალდინიომ გაისეირნა.

    მაკელელემ, რომ გააცნობიერა რა სივრცეში შეიჭრა რონი, უკვე ძალიან გვიანი იყო, დიდი კაპიტანი ცინგლიანი ბავშვივით მიაგდო და დიდებული მეკარეც ხახამშრალი დატოვა. აი, ამხელა ბარიერი, ერთი შეხედვით, ასე მარტივად გაიარა.

    სხვა რა არის ჯადოქრობა?

    საერთოდ, იმ თამაშში ძალიან მშვიდი იყო, ისევე, როგორც მთელი "ბარსა", ყველანაირად დაანახეს მეტოქეს, რომ მოურინიოს გამოხტომებზე, უკვე იმუნიტეტი ჰქონდათ.

    შოუ "სან-სიროზე"

    ასევე ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში შეხვდა "ბარსა" "მილანს" და მილანელებმა უკვე იცოდნენ ვინ იყო რონალდინიო. წინა წლის ჯგუფურ ეტაპზე, პირველი შეხვედრა "სან სიროზე" შედგა, ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, "მილანი" ეპოქალური გუნდი იყო, "ბარსა" კი პირველ ნაბიჯებს დგამდა ეპოქის შექმნისთვის. გამარჯვების გოლი შევჩენკომ გაიტანა, მაგრამ იყო ერთი მომენტი, როცა მთელ სტადიონს სუნთქვა შეეკრა, პირველი ტაიმში ერთი-ერთზე დატოვა ლარსონი, თან ისე, რომ ბურთს არ შეხებია, უბრალოდ მისი მისამართით გაგზავნილი პასი გაატარა, თან ისე გაატარა, რომ ნებისმიერ პასს ამჯობინებდი.

    მეორე ტაიმში ინიესტამაც ხარიხა შეაზანზარა და "ბარსამ" წააგო 0-1.

    აი "კამპ ნოუზე" შური იძია. ესეც თამაშის მიწურულს, თავის ჩვეული მოძრაობით ჩამოიტყუა მცველები და მარცხენა ფეხით ცხრიანში გაუშვა, მერე გადაირია სიხარულით, კარგი იყო. მშვენიერი მოგონებაა, გადასარევი პერფორმანსი იყო, მაგრამ "სან სიროზე" გამართულ ნახევარფინალს ვერ შეედრება, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია.

    მოედნის ცენტრში პირლო ბურთის გარეშე დატოვა, გატუზო სინაზე გამობმული ძაღლივით არბენინა, არც შევჩენკო და კაკა გახსენებია ვინმეს, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა.

    როცა იტალიელები, ჟიულის გოლს არჩევდნენ, 4 ფეხბურთელს დადეს ბრალი. გატუზომ ზედმეტად აგრესიულად ითამაშა, ასე გამოუცდელი ჯეელივით არ უნდა მოქცეულიყოო, ნესტამ პოზიცია ვერ შეარჩია სწორად, ეგ პასი არ უნდა გასულიყოო, კალაძემ სწრაფად ვერ დააზღვია, ჟიულისთვის უნდა დაეფარებინაო და ბოლოს დიდას დააბრალეს, ახლო კუთხეში გოლი როგორ გაუშვაო. მერე აზრი ჰკითხეს იმას, ვისაც ჭკუა მოეკითხება, არიგო საკიმ კი თქვა - ყველაფერი, რონალდინიოს ბრალია.

    აპლოდისმენტები "ბერნაბეუზე"

    ყველას ახსოვს ამ თამაშის ბოლო, მაგრამ არავის ახსოვს დასაწყისი, ჰოდა გავიხსენოთ.

    წინა წელს "ბარსამ" დიდი პაუზის შემდეგ მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონობის აღნიშვნის დროს კი ეტო’ომ რაც ჩასძახა მიკროფონში, იმის თქმის საშუალებას ცენზურა მიკრძალავს, თუმცა, ისედაც ყველას კარგად მოგეხსენებათ. იქვე რონალდინიომაც წაუცეკვა და ისე დამცინავად გამოვიდა, რომ მთელი მადრიდი ჭკუიდან იყო გადასული. "კლასიკოსთვის" მზადება, სწორედ იმ დღიდან დაიწყო, მადრიდული გამოცემები ეტო’ოს პირდაპირ ლანძღავდნენ, "კლასიკოს" დღეს კი დიდებული დახვედრა მოუწყვეს, ეტო’ოსა და რონალდინიოს მთელი ორი საათის განმავლობაში აგინებდნენ, ავტობუსი ვერ მიდიოდა, რადგან "რეალის" ფანებმა გზა გადაკეტეს, ტრანსპორტი სხვადასხვა საგნებით დააზიანეს და მოედანზე ჯოჯოხეთს დაჰპირდნენ.

    გახურების დროსაც იგივე სურათი იყო, როცა რონალდინიო იღებდა ბურთს, საშინელი სტვენა და ლანძღვა ისმოდა, იგივე ხდებოდა ეტო’ოზეც, რა თქმა უნდა. ტრიბუნაც ძალას იკრებდა და თამაშის დაწყების დროს მათ ღრიალს რაღა გააჩერებდა?!

    დაიწყო თამაში და ზუსტად მეორე წუთზე, რონალდინიოსკენ ისეთი პასი გააკეთეს, რომელსაც ქემოკლიძეც იდეალურად დაამუშავებდა, მაგრამ რონალდინიოს ფეხს ქვემოთ გაუძვრა და აუტზე გადავიდა.

    "ბერნაბეუ" სიხარულით ჭკუიდან გადავიდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ბურთი ვერ გააჩერა! ესეც თქვენი ჯადოქარი! ზეწოლაც ამას ჰქვია, "კამპ ნოუზე" დაფრინავს და "ბერნაბეუზე" გაგორებული ბურთი ვერ გააჩერა.

    კარგად ისმოდა ფანების ლანძღვა და დამცინავი შეძახილები, ისმოდა იმიტომ, რომ ზედ აუტის ხაზთან იდგა ჩვენი ჯადოქარი და იცინოდა. ისინი დასცინოდნენ და ესეც იცინოდა, არ ვიცი, რას ფიქროდა.. იქნებ ქართველი მასწავლებლების უკვადვი ფრაზა უტრიალებდა გონებაში?!

    ან იქნებ, ზუსტად იცოდა, რა ამბავს დაატრიალებდა "ბერნაბეუზე"?!

    ზუსტად 75 წუთში, ის ხალხი, რომელიც თავდაუზოგავად ლანძღავდა ბრაზილიელს, ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე აფრქვევდა სიძულვილს, ფეხზე იყო წამომდგარი და ტაშს უკრავდა.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    22 მაისი 2020 22:29

    პერფორმანსსქართული შესატყვისი გგონიათ არ აქვს?

    0
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    21 მაისი 2020 16:25

    ციტატა: Gaucho86
    ნამდვილად კარგი სტატიაა,მაგრამ რიკელმე ასე არ უნდა გაგესაზიზღრებინა.საკმაოდ კრეატიული და ძლიერი ფეხბურთელი იყო მოედნის საოცარი ხედვით.


    გეთანხმები, მაგრად მიყვარდა მეც, მაგრამ ბარსაში ფარჩაკი იყო, სერჟი რობერტოს დონეზე ითამაშა : )

    0
    გასულია
    Gaucho86 გულშემატკივარი [?]

    21 მაისი 2020 12:40

    ნამდვილად კარგი სტატიაა,მაგრამ რიკელმე ასე არ უნდა გაგესაზიზღრებინა.საკმაოდ კრეატიული და ძლიერი ფეხბურთელი იყო მოედნის საოცარი ხედვით.

    0
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    20 მაისი 2020 19:32

    ზე მოთამაშე

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    20 მაისი 2020 18:48

    მადლობა,რომ ფეხბურთი შემაყვარე❤❤

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    20 მაისი 2020 17:19

    გრიზი სტრიმავს ტვიტჩზე https://www.twitch.tv/antoinegriezmann?fbclid=IwAR1K7ellqJVi5ZW9TAh6-S_XJtxCPxUOs3vjdErlWv9HspSlrCZ9d6qntCs

    0
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    20 მაისი 2020 17:03

    ციტატა: me da barca
    რომ არა თავისი ბრაზილიური ხასიათი ბევრად მეტს მიაღწევდა. ტალანტის ნახევარი ბარებში და ღამის კლუბებში დატოვა.


    მემგონი, რომ ზუსტად მაგიოტმ ჰქონდა ეგეთი ხასიათი, რომ პუბლიკაზე თამაშის ტალანტიც ჰქონდა.
    ერთი მეორეს გარეშე არა მგონია შესაძლებელი იყოს.

    კრიშტიანო თამაშობს საკუთარი თავისთვის.
    მესი თამაშობს ტიტულებისთვის.
    რონალდინიო თამაშობდა გულშემატკივრებისთვის.

    პუბლიკაზე მოთამაშე ფეხბურთელი ვერასდროს ვერ იქნება მისაბაძი პროფესიონალი. არ ხდება ეგრე, ვერ ხდება..
    ჯორჯ ბესტიც ეგეთი იყო.
    ჩაიხრჩო ალკოჰოლში.

    2
    გასულია
    რივალდო-მესი წევრი [?]

    20 მაისი 2020 16:52

    კარგი იყო🤘 ჩაგეთვალა ავტორ SUPER

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    20 მაისი 2020 16:43

    რომ არა თავისი ბრაზილიური ხასიათი ბევრად მეტს მიაღწევდა. ტალანტის ნახევარი ბარებში და ღამის კლუბებში დატოვა.

    0
    გასულია
    alen halilovic ფანი [?]

    20 მაისი 2020 16:21

    ბრავო კიდევ ერთხელ ავტორს, ხშირად გვასიამოვნე ხოლმე ასე 👏 👏 👏

    3
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    20 მაისი 2020 16:19

    მართლა მაგარი იყო ეს ოხერი, ყველაზე მეტად ის მომწონს რამოსს რო აფორთხიალებს

    3
    გასულია
    Philippe Coutinho 7 გულშემატკივარი [?]

    20 მაისი 2020 16:17

    Idealuri postia 👏👏👏

    2
    --------------------
    NJR ❤
    პარტნიორები
    Flashscore.ge