"მექანიკური ფორთოხალი"

  • 12-05-2020, 16:20
  • "მექანიკური ფორთოხალი"

    დღეს, ფრენკი დე იონგის დაბადების დღეა და სურვილი გამიჩინა "ბარსას" ჰოლანდიელებს გადავხედო, "მექანიკურ ფორთოხლებს", როგორც, დიდი ხნის წინ შეარქვეს.

    ჰიპები

    "ბარსელონაში" ჰოლანდიელების ისტორია იოჰან კრუიფით იწყება. "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ეპოქალურ "აიქსთან" ერთად, ზედიზედ სამი ჩემპიონთა თასი მოიგო და "ბარსელონაში" დიდი ზარ-ზეიმით გადაბარგდა.

    კრუიფმა ისეთი კვალი დატოვა "ბარსელონაში, რომ ჰოლანდია სამუდამოდ დაუკავშირდა კატალონურ კლუბს. "ბარსა" ჰოლანდიელების გარეშე, ცოტა რთული წარმოსადგენიც კია. კრუიფის ტრანსფერიდან ერთ წელიწადში, იოჰან ნეესკენსიც შეიძინეს. ერთიც და მეორეც ურთულესი ხასიათის მქონე ადამიანი იყო, მაგრამ მოედანზე ყველაფერს იდეალურად აკეთებდნენ.

    კრუიფი 78 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რატომ არ წავიდა, დღემდე გაუგებარია. თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოკვლით დაემუქრნენ, იყო საუბრები კონტრაქტზე, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების მაისურის ჩაცმას უკრძალავდა. ვერ ვიტყვით, რომ, რომელიმე ეს მოტივი, დამაჯერებლად ჟღერს.

    სამაგიეროდ, იოჰან ნეესკენსმა, პირდაპირ გამოაცხადა, მუნდიალზე ვერ წამოვალ, ჩემი ძაღლი მშობიარობსო.

    70-ანების ჰოლანდიას, ჰიპებს მხოლოდ გარეგნობის გამო არ ეძახდნენ, ან იმის გამო, რომ პირდაპირ გასახდელში ეწეოდნენ, ან მათი ჰარმონიული ფეხბურთის გამო. ყველაზე დიდი მსგავსება ჰიპებთან, მათ დამოკიდებულებაში იყო, იმ ტურნირზე, რომელზე მოსახვედრადაც ხალხი სახეს იკაწრავდა, ნეესკენსმა, კინაღამ ძაღლის მშობიარობის გამო იუარა. კარგი ვეტერინარივით აპირებდა სახლში დარჩენას, გეგონება მის გარეშე ვერ იმშობიარებდა. საბოლოოდ, სულ ძალით წაათრიეს არგენტინაში და ფინალიც ითამაშა.

    ჰოლანდია, კრუიფის გარეშეც გავიდა ფინალში და ლუის სეზარ მენოტის არგენტინას შეხვდა, სადაც მარიო კემპესი ბრწყინავდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი აბსოლუტურად დამსახურებულად გახდა, მაგრამ არ ყოფილა არგენტინა ის გუნდი, რომელიც ჰოლანდიას რამით სჯობდა.

    კრუიფი რომ ყოფილიყო..

    აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი კარგი შანსი, მუნდიალის მოგებისა, მხოლოდ ერთხელ მიეცემოდათ და იმ მომენტსაც, არიენ რობენი გაატანდა ქარს.

    ამიტომ დღემდე მისტირიან 78 წლის მუნდიალს.

    ასეთები იყვნენ, "ბარსელონას" ჰიპები.

    "დრიმ თიმის" ერა

    იოჰან კრუიფის მწვრთნელად დაბრუნებას, ისევ მოჰყვა დიდი ჰოლანდილი ფეხბურთელის დამკვიდრება. იოჰანმა, რონალდ კუმანი მოიწვია, რომელიც "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა. ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე სიმბოლური გუნდები გვინახავს, უმეტესად კუმანი-პუიოლის დუეტი ფიგურირებს.

    კუმანის გოლმა ხომ პირველი ჩემპიონთა თასი მოგვიტანა?
    ამავე დროს, გუნდში იყო ჟორდი კრუიფიც, იოჰანის შვილი. ასევე ძალიან რთული ხასიათის მქონე პიროვნება. მოაზროვნე და ელეგანტური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მამასთან შედარებით, მიშა მესხია (აი ის, ყველაზე უმცროსი).

    გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს "ალავესი" - "ლივერპულის" ფინალი, უეფას თასზე. პირველ რიგში მახსოვს იმიტომ, რომ "ლივერპულმა" ნახევარფინალიდან "ბარსა" გააგდო, კლუივერტის მაიმუნობის გამო, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ საკუთარ საჯარიმოში კალათბურთი ეთამაშა.

    მეორე მიზეზი რატომაც ის ფინალი უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ უეფას თასის ისტორიაში საუკეთესო ფინალი იყო, რომელიც "ლივერპულმა" 5-4 მოიგო.

    ერთი გოლი კი "ალავესის" რიგებიდან, კრუიფმა გაიტანა, ოღონდ მაისურზე მხოლოდ ჟორდი ეწერა. საქმე ის არის, რომ ფინალის წინ იოჰანს პროგნოზი სთხოვეს, მან კი უპასუხა "ლივერპული" მოიგებსო, გაბრაზებულმა შვილმა გვარზე უარი თქვა, ძალიან მოტივირებული გავიდა მოედანზე და მშვენიერი გოლიც გაიტანა.

    აი, "ბარსელონაში", დასამახსოვრებელი ვერაფერი დაგვიტოვა.

    ვან გაალის ეპოქა

    ლუი ვან გაალის ეპოქაში, ჰოლანდიელების მთელი დესანტი გადმოვიდა: რუდ ჰესპი - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე "ბარსას" ისტორიაში, თუმცა, "კლასიკოში" მოგერიებული საოცარი ბურთი, თავიდან არ ამომდის.

    რაიციგერი, ბოგარდი, ბუდივეინ ზენდენი, ფრანკ დე ბური, რონალდ დე ბური, პატრიკ კლუივერტი, ფილიპ კოკუ და მარკ ოვერმარსი.

    ჰოლანდიის ნაკრებს ოქროს თაობა ჰყავდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არასწორი არჩევანი კეთდებოდა.

    მთავარ მეკარეს, ედვინ ვან დერ საარს, "ბარსაში" არ უთამაშია. არადა, ისეთი სტილი ჰქონდა, დააკვდებოდა კატალონურ კლუბს.

    დაცვის ლიდერ, იაპ სტამს, "ბარსაში" არ უთამაშია.

    ნახევარდაცვის ლიდერებს, კლარენს ზეედორფს და ედგარ დავიდს, ვან გაალის "ბარსაში" არ უთამაშიათ. ედგარი მხოლოდ ნახევარი სეზონით დაიმატა ფრანკ რაიკაარდმა.

    შეტევის ლიდერს, დენის ბერგკამპს, "ბარსაში" არ უთამაშია.

    ისე გამოვიდა, რომ "ბარსა" კი გაიძეძგა ჰოლანდიელებით, მაგრამ ლიდერი არცერთი არ ყოფილა. კლუივერტისგან ყველაზე მეტს ელოდნენ და ჰქონდა კიდეც გამორჩეულად კარგი თამაშები, მაგრამ საბოლოო ჯამში, "ბარსას" დიდ ცხრიანებთან ახლოსაც ვერ მივა - ვერც ეტო'ოსთან, ვერც სუარესთან, მით უმეტეს, ვერც "ფენომენოსთან".

    რაიკაარდის ეპოქა

    როცა გუნდი საშინელ კრიზისში აღმოჩნდა, ისევ კრუიფმა ნახა გამოსავალი. ლაპორტას მისი დანიშვნა სურდა, მაგრამ იოჰანმა პირობა დადო, მწვრთნელობას არასდროს დავუბრუნდებიო. ლაპორტას რაიკაარდი ურჩია და ჰოლანდიელმა, ჰოლანდიელები გაყარა.

    არადა, როცა 18 წლის პატრიკ კლუივერტმა, "აიაქსს" ჩემპიონთა თასი მოაგებინა, საგოლე პასი სწორედ რაიკაარდისგან მიიღო.

    არაფერი პირადული პატრიკ, მხოლოდ ბიზნესი. ჯერ სკამზე დასვა, მერე კი გაუშვა.

    რაიკაარდმა, ასე თუ ისე, სწორი ჰოლანდიელები მოიყვანა, ეს განსაკურებით ჯოვანი ვან ბრონხორსტზე ითქმის, რომელიც დაცვის შეუცვლელი წევრი იყო და რონალდინიოს იდეალურად უგებდა.

    ედგარ დავიდსს ძალიან ნაყოფიერი 6 თვე ჰქონდა და გული დამწყდა, რომ ასე სწრაფად დაგვტოვა.

    აი ყველაზე ნაკლებად მარკ ვან ბომელზე მწყდება გული, გუნდში სადაც დეკუ, ჩავი და ინიესტა იყვნენ, ჰოლანდიელი ნაჯახის ადგილი ნამდვილად არ იყო.

    გვარდიოლას ეპოქა

    გვარდიოლას მხოლოდ ერთი ჰოლანდიელი ჰყავდა - იბრაჰიმ აფელაი. ბევრს, შესაძლოა, აღარც კი ახსოვდა, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავდა. თავის დროზე, პსვ-ში თამაშის დროს, მასზე ამბობდნენ, ახალი რონალდინიო ვიპოვეთო, რა მოელანდათ..

    მხოლოდ ერთი საგოლე პასით დაგვამახსოვრა თავი, "კლასიკოში", ბრნაბეუზე, როცა მარსელოს ფეხი დაუცდა და ჩოუარა ქორივით, ძლიერად ჩააწოდა კარის გასწვრივ და "რწყილმა" შეაგდო.

    კრიზისული ეპოქა

    "აიაქსმა" ისეთი ფეხბურთი ითამაშა, "ბარსელონას" ყურადღება კვლავ მიიქცია. "ბარსას" სკაუტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფრენკი დე იონგი ჯერ კიდევ მაშინ გადაიბირეს, სანამ "აიაქსი" ფლეი ოფში ზღაპრულად ითამაშებდა, შესაბამისად, საკმაოდ მისაღებ ფასად შეიძინეს.

    აი დე ლიხტის ფასი კი ცამდე ავარდა, თან ყველაზე მსუნაგი აგენტი ჰყავს დედამიწის ზურგზე, ამიტომ მისი ხელში ჩაგდება ვერ მოხერხდა. თუმცა, "ბარსა" მაინც თავს დასტრიალებს და ვინ იცის, ეგებ ოდესმე გახდეს გუნდის წევრი.

    საუბრობდნენ ზიეჩის ტრანსფერზე, მაგრამ "ჩელსიში" აღმოჩნდა.

    არ საუბრობენ ვან დერ ბეკზე, მაგრამ მისი ხილვაც გამახარებდა.

    ფრენკის რაც შეეხება, ვალვერდეს ხელში ჰქონდა გამორჩეული შეხვედრები, სეტიენის ხელში კი საერთოდ აირია. ერთ მომენტს მინდა ხაზი გავუსვა - სეტიენი მოვიდა თუ არა, თქვა, რომ დე იონგი ვერასდროს ინიესტა ვერ გახდება და დროა ამაზე ფიქრს თავი დაანებოთო.

    შეიძლება მიაღწიოს მის დონეს, შეიძლება ვერა. საქმე ამაში არ არის. საქმე დამოკიდებულებაშია. არსებობს ფეხბურთელების ორი კატეგორია - ერთის სტიმული და მოტივირება, საყვედურით და მკაცრი სიტყვით არის შესაძლებელი, ბრაზდებიან, მრისხანებენ, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან და საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ.

    არსებობს მეორე კატეგორია, რომელთა მოტივირებაც კარგი სიტყვით და ქებით ხდება. მაგალითად, გვარდიოლამ "სიტიში" ყოფნისას თქვა, რომ სილვა, ჩავისა და ინიესტას სინთეზიაო, მას ორივე ამ ფეხბურთელის თვისება ერთდროულად გააჩნიაო.

    სილვა ნამდვილად გადასარევი ფეხბურთელია, მაგრამ ესპანეთის ნაკრებში, განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რომ არც ჩავის დონის იყო და არც ინიესტასი. სამაგიეროდ ეს შექება ისე ესიამოვნა, რომ მომდევნო ტურებში, ალალად ჩამოარიგა საგოლე პასები.

    იმისათვის, რომ ფეხბურთელის სწორად მოტივირება შეძლო, პირველ რიგში, უნდა იცნობდე მას. უნდა იცოდე, როგორ იღებს კრიტიკას, ან ქებას. უნდა იცოდე მისი ხასიათი. სეტიენს წარმოდგენა არ ჰქონდა დე იონგი ვინ იყო, უცბად ისეთი სიტყვით შეამკო, რომ, შესაძლოა, საერთოდ დაუკარგა თამაშის სურვილი. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან ფრენკიმ, მეორე ნახევარში, აშკარად ძალიან მოუკლო.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    სპარტაკი წევრი [?]

    15 მაისი 2020 20:22

    ჩემი ჰოლანდია ბევრი გზა მიდიოდა ჰოლანდიელების კვალდაკვალ სადაც გუნდის არჩევა და გულშემატკივრობა შეიძლებიდა მაგრამ ჩემდა ბედად ეს იყო ბარსა და ვამაყობ ამ გუნდსა და კლუბით ვიყავი ვარ და ვიქნები მათი გულშემატკივარი მუდამ... დავიდსე მეც ძალიან მწყდება გული რომ მხოლოდ იჯარით იყო ბარსას ფეხბურთელი... ისე მსიამოვნებდა მისი თამაშის ყურება ივენტუსშიც ვადევნებდი თვალს იქ რომ ნედვედი დავიდსის დუეტი შთამბეჭდავი იყო..

    0
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    13 მაისი 2020 00:32

    ისე დე იონგი ვალოს დროს უფრო კაი იყო ვიდრე კიკეს დროს არის

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    12 მაისი 2020 23:15

    შემოგეხვიე სულში ძმაო სამწვადეზე დაგპატიჟებდი ისეთი იყო როგიცნობდე

    0
    გასულია
    Tsitsi მწერალი [?]

    12 მაისი 2020 21:02

    ❤️ 🥰 ყოჩაღ, ფეოლა!

    3
    გასულია
    ikamach გულშემატკივარი [?]

    12 მაისი 2020 19:29

    კარგი მიმოხილვა იყო, მართლა ერთი კუმანის ნაირი დაცვაში დაგვხატავდა, დე იონგის იმედი მაქვს და ვფიქრობ მალე ეღირსება თავის პოზიციაზე თამაში

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge