ჩავი ერნანდესი - "ბარსელონას" პეისმეიკერი

  • 2-05-2020, 23:16
  • ჩავი ერნანდესი - "ბარსელონას" პეისმეიკერი

    საფეხბურთო კლუბების მუშაობის პრინციპი ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებას რომ შევადაროთ, გარკვეულ მსგავსებებს აღმოვაჩენთ. მაგალითად, ჩვენს არსებობას ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქციური კავშირი უზრუნველყოფს. ისევე, როგორც გუნდში - ყველა მოთამაშის. მათი როლი განსაკუთრებულია და, თანაც, ინდივიდუალური. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც, რაღაც სპეციფიკურ ჭრილში თუ დავახასიათებთ, სხვებზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ფუნქცია, რომელიც სხვებისათვის ბიძგის მიცემასა და ამუშავებას გულისხმობს. ორგანოების მაგალითზე თუ განვიხილავთ, გულში იმპულსების გენერირება პეისმეიკერი უჯრედების მიერ ხდება, რაც შემდგომში ორგანოს სხვა ნაწილებზე ვრცელდება და ნორმალურ მუშაობას განსაზღვრავს. "ბარსელონასაც" ჰყავდა თავისი პეისმეიკერი, ჩავი ერნანდესი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ზუსტად 1 წლის წინ, 2019 წლის 2 მაისს დაასრულა. დღევანდელი ბლოგი კი სწორედ მის გახსენებას მიეძღვნება.

    ჩავი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია - თამაშის კონტროლით, პასებითა და "ბარსელონას" იდეოლოგიის გაგებით გამორჩეული. როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებსაც შესაძლებელია. ერნანდესის უნარებისა და პროფესიონალიმზის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ კარიერის უდიდესი ნაწილი "ბარსაში" გაატარა და კარლეს პუიოლის წასვლის შემდეგ გუნდის რჩეული - კაპიტანი გახდა.

    მიუხედავად ჩავის ტანმორჩილობისა, მისთვის ბურთის ართმევა წარმოუდგენელი იყო. ლეგენდა უსწრაფესი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, თუმცა ადგილზე, ნაბიჯის გადაუდგმელად, შეეძლო მეტოქე მოეტყუებინა. იმ ეპოქაში, სადაც ბევრი ფიზიკურად ძლიერი, მაღალი და ათლეტური ნახევარმცველი თამაშობდა, ჩავი-ინიესტას განუყრელმა დუეტმა ყველას აჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს გუნდის შუახაზი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფეხბურთელებს ყველა ერთად, "ჩავიესტათი" მოვიხსენიებთ, მათ მოედნაზე მაინც განსხავებული როლები ჰქონდათ - სისტემა მთლიანად ჩავიზე იყო აწყობილი, ინიესტა კი უფრო სანახაობრივი, დრიბლიორი და მომენტის კაცი გახლდათ. ამ ყველაფრის მარტივი მაგალითი ალბათ ერნანდესის სტატისტიკა და ანდრესის გამორჩეული გოლებია, მაგალითად, "ჩელსისა" და ნიდერლანდების კარში - ერთმა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მეორემ კი ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.

    გზა პირველი გუნდისკენ

    ჩავი "ლა მასიაში" 11 წლის ასაკში ჩაირიცხა. მისი ტალანტი თავიდანვე ყველასთვის შესამჩნევი იყო. ერნანდესი, 1997-1998 წლების სეზონში, "ბარსა ბ-ს" სეგუნდა დივიზიონში აღზევებაში დაეხმარა, რის შემდეგაც პირველ გუნდში მოხვდა. როგორც ცნობილია, მამის მხარდაჭერით, ჩავი "მილანში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა დედამისი ქმარს განქორწინებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილი ბავშვობის კლუბში არ დარჩებოდა. ეს გადაწყვეტილება "ბარსელონასთვის", ისევე, როგორც თავად მოთამაშისთვის, ნამდვილად სწორი გამოდგა. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 1998 წელს კატალონიელთა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ერნანდესი "ბლაუგრანას" პირველ გუნდში დააწინაურა, რომელმაც მალევე გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა. პირველივე სეზონში, ჩავიმ ლა ლიგა მოიგო. მან 26 მატჩი ჩაატარა და ტურნირის აღმოჩენადაც დასახელდა.

    "ბარსელონური" კარიერა

    სადებიუტო სეზონის შემდეგ, ჩავიმ კატალონიურ გრანდში თავის დამკვიდრება დაიწყო. ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავისი გავლენა და მოედნის ხედვა თავიდანვე ყველას აჩვენა, ამას ემატებოდა პასების სიზუსტის მაღალი მაჩვენებელი, მომავალში კი მნიშვნელოვან მატჩებში გოლების გატანა და ასისტების რაოდენობის ზრდა - ეს ყველაფერი "ბარსელონას" სტილს იდეალურად ერგებოდა. 2005 წელს, ჩავის ვიცე-კაპიტნის სტატუსი მიენიჭა და "ბარსას" ამ რანგში წინ ბევრჯერ გაუძღვა.

    2008 წელს, ფრენკ რაიკაარდის წასვლის შემდეგ, ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებით, "ბარსელონა" პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. პეპის ხელში ჩავი კიდევ უფრო განვითარდა და ამ სპორტის ისტორიაში უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. გვარდიოლას ერაში "ბლაუგრანა" დომინანტი გახდა. ჩავი პარტნიორებთან - ინიესტასა და ბუსკეტსთან - ერთად, მთელ მატჩს აკონტროლებდა. ერნანდესის მდიდარ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი, თუ ყველაზე გამორჩეული არა, 2008/2009 წლების სეზონი იყო, რომელშიც ჩავიმ 54 მატჩში 30 საგოლე გადაცემა მიითვალა, ეს რეკორდი კი დღემდე ხელშეუხებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული "ელ კლასიკოც" იყო, რომელიც "ბარსამ" 6:2 მოიგო, ჩავიმ კი ასისტებით პოკერი მიითვალა. თანაც, პასებსაც ხომ გააჩნია - მან ტიერი ანრი და ლეო მესი (ორჯერ) იკერ კასილიასთან ერთი-ერთზე გაიყვანა, კარლეს პუიოლს კი ბურთი პირდაპირ თავზე დაუმიზნა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ პოკერის შესრულება გოლებით უფრო ადვილია, ვიდრე საგოლე პასებით. მით უმეტეს, ისეთი ნახევარმცველისთვის, რომელიც შემტევი არ იყო. ერნანდესს აღუნიშნავს კიდეც, რომ შედეგიანი პასების კეთება უფრო სიამოვნებს, ვიდრე კარის დალაშქვრა, თუმცა მისი შორეული გასროლები და ბრწყინვალე ჯარიმებიც გვახსოვს. გარდა ამისა, ამავე სეზონში, ლეგენდამ 10 გოლი გაიტანა და ტრებლიც იზეიმა. კარიერის განმავლობაში ჩავიმ, კლუბსა და ნაკრებში, თანაგუნდელები 236 ასისტით მოამარაგა, კონკრეტულად პრიმერა დივიზიონში კი 126 მიითვალა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თავდამსხმელ ლიონელ მესის ჩამორჩება.

    გამორჩეული მომენტები

    • ჩავი ერნანდესის შესანიშნავ კარიერაში ბევრი ბრწყინვალე მიღწევაა. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ მატჩში მას ყველაზე მეტი წარმატებული გადაცემების რაოდენობის რეკორდი ეკუთვნის - 2012 წელს "სელტიკის" წინააღმდეგ შეხვედრაში 178 პასი შეასრულა;
    • ერნანდესი ასევე "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების მიხედვით პირველია (769 დაპირისპირება);
    • კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ "კლასიკო", სადაც ჩავიმ 4 ასისტი მიითვალა;
    • "ფურია როხასთან" ერთად, 2008 და 2012 წლებში - ევროპის ჩემპიონი, მათ შორის კი, 2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, სადაც გერმანიასთან გამართულ ნახევარფინალში, "ელ კლასიკოს" მსგავსად, კარლეს პუიოლს ბურთი თავზე დაუმიზნა, ჩვენმა სიამაყემ კი მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა და "ბუნდესნაკრები" გააგდო;
    • გარდა ამ ყველაფრისა, ლეგენდარულ ნახევარმცველს, კარლეს რეშაკის მსგავსად, "ბლაუგრანაში" 17 სეზონი აქვს გატარებული, რაც საუკეთესო შედეგია.
    • ჩავის "ოქროს ბურთი" არასდროს მოუგია, თუმცა 2009, 2010 და 2011 წლებში მესამე ადგილზე გავიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2010 წელს გასაოცარი ფაქტი დაფიქსირდა და "ოქროს ბურთის" მოგების სამ ნომინანტს შორის სამივე ერთი კლუბის წარმომადგენელი გახლდათ - მესი, ინიესტა და ჩავი (საბოლოოდ, არგენტინელმა გაიმარჯვა). ამავე წელს ერნანდესი მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ლეგენდა 2008-2013 წლებში -  FIFA-ს, 2008-2012 წლებში კი UEFA-ს წლის გუნდის მუდმივი წევრი იყო. "ლა მასიელი" 2009, 2010 და 2011 წლებში ლა ლიგის წლის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. 2008-09, 2009-10 წლების სეზონში პრიმერას საუკეთესო ასიტენტი გახდა, 2008-09-ში კი ასევე - ჩემპიონთა ლიგის.


    წლების განმავლობაში, ჩავიმ თავდაუზოგავი შრომითა და მუდმივად განვითარების წყურვილით, მსოფლიო ფეხბურთს ბევრი გამორჩული მომენტი და ფაქტი დაუტოვა, რომელთა ჩამოთვლაც ერთ სტატიაში შეუძლებელია. ვარსკვლავის მიღწევები დავიწყებას არასოდეს მიეცემა, რადგან ისევე, როგორც სხვა მესი, ან სხვა ინიესტა, სხვა ჩავიც ვერ იარსებებს. ყველაფრის მიღმა, ჩავი ღირსეული პიროვნებაა და იშვიათად მოძებნით ადამიანს, ვინც მის ეპოქას მოსწრებია და მაინც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ცნობისთვის, მას კარიერაში მხოლოდ ორი წითელი ბარათი აქვს მიღებული, მათ შორის, ერთი - "რეალთან" დაპირისპირებაში, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არცერთ შემთხვევაში მსაჯს პირდაპირ წითელი ბარათი მისთვის არ უჩვენებია, ორივე მათგანში იგი ორი ყვითელი ბარათით გააძვევეს.

    გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ გამონათქვამს, რომელიც ჩავის დიდებულებას ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს.

    ანდრეს ინიესტა: "ჩავი უნიკალური ფეხბურთელია, მის შესაძლებლობებს სიტყვებით ვერ აღვწერ. ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივი იყო, რომ მთელი კარიერის განმავლობაში მის გვერდით ვარსპარეზობდი".

    პეპ გვარდიოლა: "ვიმედოვნებ, რომ მომავალი მოთამაშეები მისგან მაგალითს აიღებენ. დღე არ გავიდოდა, რომ მისით სიამოვნება არ მიმეღო. ყველაზე ჩამოყალიბებული და სრული ფეხბურთელია, ვისაც კი ვიცნობ".

    ხულენ ლოპეტეგი: "ჩავიმ ფეხბურთი შეცვალა და ახალი პროფილის მოთამაშე შექმნა, რომელმაც ყველა დონე დაიპყრო. ბევრი კარგი სპორტსმენი არსებობს, თუმცა ბევრ ადამიანს ვერ მონახავთ, რომელიც ახალ იდეებსა და ცნებებს წამოჭრის, რომელიც თვალთახედვას შეგიცვლის".

    ლიონელ მესი: "ჩავი ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია."

    იოჰან კრუიფი: "თუ ჩავის თამაში არ მისდიოდა, გუნდის ნახევარს იმავე ემართებოდა. ესპანელი თამაშის რიტმს აკონტროლებდა".


    "ბარსელონასთან" ერთად აღმართული ტიტულები:

     ჩემპიონთა ლიგა  14/15, 10/11, 08/09, 05/06
     ლა ლიგა  14/15, 12/13, 10/11, 09/10, 08/09, 05/06, 04/05, 98/99
     ესპანეთის თასი 14/15, 11/12, 08/09
     ესპანეთის სუპერ თასი 13/14, 11/12, 10/11, 08/09, 06/07, 05/06, 04/05
     FIFA-ს საკლუბო ჩემპიონატი 2011; 2009
     UEFA-ს სუპერ თასი 11/12, 09/10

    ჩავის მომავალი   

    ამჟამად, ლეგენდა ყატარულ "ალ-სადს" წვრთნის და მომავალში "ბარსელონას" აუცილებლად ჩაიბარებს. მისი ამჟამინდელი გუნდი საკმაოდ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. რამდენიმე თვის წინ, "ალ-სადმა" ყატარის თასის ფინალში "ალ-დუჰაილი" 4:0 გაანადგურა და ტიტულს დაეუფლა. როგორც თავად აცხადებს, პეპ გვარდიოლას მსგავსი შეხედულებები აქვს და მისგან ყველა არანაკლებ სამწვრთნელო კარიერას მოელის. ცოტა ხნის წინ ერნანდესმა  El Magazine-სთან საუბრისას ამბიციები არ დამალა და გაამხილა, თუ როგორ დააკომპლექტებდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდს.

    და ბოლოს, სტატია ჩავის სიტყვებით დავასრულოთ, რომელიც მის ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას ნათლად აღწერს: "მომენატრება ის გრძნობა, რასაც ბურთზე ფეხის დარტყმა ჰქვია".


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    3 მაისი 2020 15:55

    ხავის ეკუთვნის ასეთი სტატიები ბრავო მწერალს მაგრამ ბრავო იმას ვისაც ქვია ჩავი. მწერართან ერთი თხოვნა მაქვს ინიესტას სტატისტიკა მაინტერესებს ასისტენტების მიხედვით ბარსაში და ესპანეთში ერთად და თუ შეგიძლია დადე

    4
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    3 მაისი 2020 13:42

    ბრავო, დიდი მადლობა, წავიღე კოლექციაში 👏

    5
    საიტზეა
    Pablos ar abia წევრი [?]

    2 მაისი 2020 23:55

    ძალიან კლასნობა იყო ყოჩაღ

    7
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    2 მაისი 2020 23:54

    ბრავო ავტორს 😍 ძალიან მაგარი სტატია, რომელსაც აუცილებლად შევინახავ.

    9
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    პარტნიორები
    Flashscore.ge