ინტერვიუ "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტთან: ვგრძნობ, რომ ბართომეუმ მიღალატა

  • 9-04-2020, 12:13
  • ინტერვიუ "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტთან: ვგრძნობ, რომ ბართომეუმ მიღალატა

    ემილი როუსაუდი ბართომეუს არ დაემორჩილა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა პოსტის დატოვება თხოვა.

    გარდა ამისა ბართომეუმ მას მოსთხოვა დირექტორთა საბჭოს დატოვებაც, რაც ემილისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველა ელოდა, რომ ის სამომავლოდაც მმართველი გუნდის წევრი იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

    Marca-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, როუსაუდმა, ბართომეუს მიმართ იმედგაცრუება, ღიად გამოხატა.

    როგორ გრძნობთ თავს, ამ გიჟური საათების შემდეგ? 

    ცოტა არ იყოს ნაწყენი ვარ, მაგრამ ჯანმრთელობას არ ვუჩივი, კარგი ოჯახი მყავს და წუწუნს არ ვაპირებ, ყველაფერი კარგად არის. 

    რა შეგატყობინათ ჟოზეპ მარია ბართომეუმ გუშინდელი სატელეფონო საუბრისას? 

    მის ზარს არ ველოდი, ხანდახან მირეკავს ხოლმე, მაგრამ არსებულ კონტექსტში მის ზარს ნამდვილად არ ველოდი. მან მითხრა, რომ ცვლილებები სურს და კარგი იქნება, თუ თანამდებობას დავტოვებ. 

    ვუპასუხე, რომ გაკვირვებული ვიყავი და ვთხოვე დაესახელებინა მიზეზები იმისა, თუ რატომ მთხოვდა პოსტის დატოვებას, მან ორი მიზეზი დამისახელა. მითხრა, რომ ჟურნალისტებთან ფეხბურთელებს ვაკრიტიკებდი, რაც სრული აბსურდია, ამის მერე კი მეორე სისულელეც მოაყოლა, თითქოს ჟურნალისტებთან ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს ვაკრიტიკებდი. 

    ვუთხარი, რომ ყველა კლუბში არიან მაღალკვალიფიციური და შედარებით სუსტი თანამშრომლები, მაგრამ ჩვენი გუნდის მუშაობა და მართვის დონე საკმაოდ მაღალი იყო. 

    მან მითხრა, რომ თანამდებობა დამეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დამაქვეითებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი გაგდების უფლება არ აქვს. ძალიან გამაკვირვა, ვუთხარი, რომ ძალიან სამწუხარო იყო ჩვენი ურთიერთობა რომ აქამდე მივიდა. მგონია, რომ ამისთვის შეუფერებელი დრო იყო, ვუთხარი, რომ მის წინადადებაზე ვიფიქრებდი. 

    თვლით, რომ ბართომეუმ ან გუნდის რომელიმე წევრმა გიღალატათ?

    მიმძიმს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ დიახ, ვთვლი, რომ მიღალატეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბართომეუმ აბსურდული მოტივები დამისახელა და ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. 

    ვიცი, რომ პრეზიდენტს არ მოსწონს არაფერი, რაც სოციალურ ქსელებში იწერება, ის შიდა აუდიტსაც ითხოვდა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, ყოველთვის კლუბის ერთგული ვიყავი.

    ბართომეუმ მიღალატა. 

    ახლა რას აპირებთ? 

    ჯერჯერობით გადადგომას არ ვაპირებ, ეს თემა უნდა განვიხილო და კარგად დავფიქრდე. დასამალი არაფერი მაქვს. პრეზიდენტს აქვს უფლება აირჩიოს ისეთი ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც სურს, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თავდაცვის საშუალება უნდა მქონდეს. მოვიცდი იქამდე, სანამ პირისპირ არ შევხვდებით და მერე, იმედი მაქვს, რომ დებატებიც შედგება. 

    მე "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, სამართლიანი ადამიანი ვარ და მისი დამოკიდებულება არ მომსწონს. თუ მეტყვის, რომ ჩემი ხილვა არ სურს, მე წავალ, მაგრამ არავის მივცემ უფლებას იმ აბსურდული მოტივით გამიშვას, რაც მოვისმინე.

    არჩევნებზე, მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნებით თუ მომხრე? 

    კამპანიის შესახებ არ ვილაპარაკებ, ჩვენ ძალიან რთულ ეკონომიკურ პირობებში ვიმყოფებით და ამაზე კომენტარი დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. 

    შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ სეზონი დიდი გამარჯვებებით ვერ დავასრულეთ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გართულდება. ძალიან გაგვიჭირდება შემდეგი სეზონისთვის ინვესტიციის მოზიდვა, დღეს ასეთი გარემოებაა და ამას ვერსად გავექცევით. 

    არ მესმის, როგორ უნდა დარჩეს მმართველი გუნდი სათავეში, თუ მათ სპორტული და ეკონომიკური კუთხით წარმატებას ვერ მიაღწიეს. თუ ჩვენ ტიტულები ვერ მოვიგეთ და ფინანსური მდგომარეობა ვერ გავაუმჯობესეთ, არაფერს აზრი არ ექნება. 

    არ მომეწონა, როდესაც პრეზიდენტმა ენრიკე ტომბასის, ჟოზეპ პონტის და სილვიო ელიასის გათავისუფლება მოითხოვა, ყველა მათგანი დიდებულად ერკვევა ფინანსებში. ასეთ დროს მათი გათავისუფლება ძალიან ცუდი ნაბიჯია. 

    რატომ არის "ბარსელონა" ასეთ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში? 

    ეს არ არის კითხვა პრეზიდენტთან, ამ კითხვით ფინანსისტებს უნდა მიმართოთ. ასევე წინა ხელმძღვანელობის მმართველებს, რომლებმაც სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს. 

    მართალია, რომ ჩვენი შემოსავლების უდიდესი ნაწილი ფეხბურთელების ხელფასებში მიდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსელონა" არის კლუბი, რომელსაც უამრავი თანამშრომელი ჰყავს და ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა გააჩნია. 

    ჩვენ ძალიან დიდი კლუბი ვართ, რაშია პრობლემა? თუ სარეზერვო ფონდი არ გაგაჩნია, შემოსავლების კლებასთან ერთად, ვერანაირად ვერ შეძლებ ანგარიშის გასწორებას. 

    რამდენიმე ფეხბურთელი კრედიტით შევიძინეთ, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ, ეს მოდელი ძალიან ჰგავს მადრიდის "რეალის", "ბილბაოსა" და "ოსასუნას" ფინანსურ მოდელს. 

    თუ ჩვენ დავკარგავთ შემოსავლებს ბილეთებიდან, მუზეუმიდან, ტელევიზიებიდან, სპონსორებისგან, მაშინ ფული არაფერში აღარ გვეყოფა. 

    ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ამაში ხელმძღვანელობის დადანაშაულება არ შეიძლება. უბრალოდ არავინ ელოდა იმას, რაც მოხდა. 

    შესაძლებელია თუ არა, რომ სეზონი, 100 მილიონის გარღვევით დაასრულოთ? 

    წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. ეს მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით წინ რა გველის. 

    რატომ ახლა? 

    ყველაზე მეტად სწორედ ეს არ მომსწონს. ახლა არ არის იმის დრო, რომ ვინმემ თანამდებობის დატოვება მთხოვოს. ეს მხოლოდ პირისპირ შეხვედრისას უნდა ხდებოდეს. კლუბი ჯერ გაჩერებულია, არანაირი აქტივობა არ მიმდინარეობს. ამის დროს ნამდვილად არ იყო. 

    შესაძლოა, ამას ჰქონდეს კონკრეტული ახსნა, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცი. 

    ხომ არ იყო დირექტორთა საბჭო შეცდომაში შეყვანილი, იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც მცირე ხნის წინ მოხდა? 

    მე ეს საქმე გამოვიძიე და გარწმუნებთ, რომ ხელმძღვანელობამ ბოტების შესახებ არაფერი იცოდა. 

    იქნება რეფერენდუმი სტადიონის და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის თაობაზე? 

    თუ იქნება, მოგვიანებით, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე. თუ რეფერენდუმი ჩატარდა და რეკონსტრუქცია გადაწყდა, აუცილებელია, რომ კლუბის სათავეში იყოს ის, ვინც ამ გეგმას წარადგენს. 

    ვიხილავთ ემილი როუსაუდს საპრეზიდენტო კანდიდატად?
    არ ვიცი, შევხედოთ. როდესაც ბართომეუს შევხვდი 2015 წელს, მე კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსენი. 

    საქმე ის არის, რომ მე არ ვარ ისეთი ცნობილი კანდიდატი, როგორიც ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი ან ბენედეტო. 

    შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 აპრილი 2020 13:23

    რიჟა ბაზარი ბართომეუ აბრალებს ეს არ იბრალებს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge