ლა ლიგის პრეზიდენტი გადადგა

იმ დროს, როდესაც მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება "ოქროს ბურთისკენ" და მისი გამარჯვებულისკენ, ლიონელ მესისკენ იყო მიპყრობილი, ლა ლიგაში მოულოდნელი და მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ორგანიზაციის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა.
ტებასი არასდროს მალავდა, რომ "რეალის" გულშემატკივარია და მას "ბარსელონა" არაერთხელ გაუკრიტიკებია. ამის გათვალისწინებით, კატალონიური გუნდის ქომაგებს მისი გადადგომა უნდა უხაროდეთ, მაგრამ საქმე ასე მარტივად ნამდვილად არაა.
ხავიერ ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის თებერვალში აირჩიეს. 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მან თანამდებობა შეინარჩუნა.
ტებასს ზედიზედ მე-3 ვადით არჩევის უფლება არ ჰქონდა, სამაგიეროდ აქვს ამის სურვილი. იმისათვის, რომ თავისი სურვილი სისრულეში მოიყვანოს, 57 წლის სპეციალისტმა ჭკვიანურ ხერხს მიმართა - ის გადადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს გასამართ არჩევნებში ის მოქმედი პრეზიდენტი აღარ იქნება, რაც მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხავიერ ტებასმა დაადასტურა, რომ გადადგა და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 11 ]