"ინტერი" ივან რაკიტიჩის იანვარში შეძენას შეეცდება
მილანის "ინტერი" "ბარსელონას" ხორვატ ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს არ ეშვება. იტალიური Tuttomercato-სა და ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, "ნერაძური" 31 წლის შუახაზელის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება, ამჯერად იანვარში.
ცნობილია, რომ "ინტერი", "იუვენტუსის" მსგავსად, რაკიტიჩის შეძენას ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, "ბარსელონა" მასში 50 მილიონ ევროს ითხოვდა, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა.
მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ერნესტო ვალვერდე აქამდე მის საყვარელ ნახევარმცველს აშკარად აღარ ენდობა, თავად რაკიტიჩს კი არსებული მდგომარეობა არ აკმაყოფილებს და აცხადებს, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მზადაა სხვაგან გადავიდეს.
დიდი ალბათობით, "ბარსელონა" რაკიტიჩის იანვარში გაშვების წინააღმდეგ არ იქნება. ასეთ შემთხვევაში, კატალონიელები თანხასაც გამოიმუშავებენ და ფეხბურთელის ხელფასსაც (წელიწადში დაახლოებით 13 მილიონი ევრო) დაზოგავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]