ბლოგი პირველი… და სევდიანი…

  • 30-08-2019, 17:47
  • ბლოგი პირველი… და სევდიანი…

    ბარსამანიას ბლოგის გახსნა დიდი ხანია გვინდოდა, მაგრამ ხან რითი გავამართლეთ ჩვენი სიზარმაცე და ხან რითი, მაგრამ როცა ამოსათქმელი გაქვს ადამიანს, ძნელია ხელი სიზარმაცემ შეგიშალოს…

    დიდი კაცია ლუის ენრიკე. საუკეთესო არასდროს არაფერში ყოფილა, მაგრამ ერთიანობაში დიდია. დიდი იყო ფეხბურთელიც, დიდია მწვრთნელიც და ადამიანიც.

    კარიერა მშობლიური ხიხონის “სპორტინგში” დაიწყო, რომლის პირველი გუნდის წევრადაც 1990 წელს იქცა. ესპანური გრანდის, მადრიდის “რეალის” ყურადღების მისაქცევად ენრიკეს ერთი წელი დასჭირდა და 1991 წელს მან “სამეფო კლუბის” მაისური 5 წლით მოირგო.

    1995 წლის 7 იანვარს, ლუჩომ “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” განადგურებაშიც მიიღო მონაწილეობა და 5:0 მოგებულ შეხვედრაში მე-4 გოლი თავად გაიტანა.

    წელიწადნახევრის შემდეგ, ლუის ენრიკეს აცნობეს, რომ კონტრაქტს არ უხანგრძლივებდნენ, რის შემდეგაც, 26 წლის ფეხბურთელმა ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგა და მადრიდელთა მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” შუერთდა.

    ამ ნაბიჯით ლუჩომ “რეალის” გულშემატკივრები ხომ მოიძულა და კარგი დახვედრა მას არც კატალონიაში ელოდა. “ბარსელონას” გულშემატკივრებმა ყოფილი მადრიდელი, რა გასაკვირია, ცუდად მიიღეს, მაგრამ ენრიკე არ დანებდა და მომდევნო 8 წლის განმავლობაში “ბლაუგრანას” ქომაგებს თავი ისე შეაყვარა, რომ გუნდის კაპიტნობაც დაიმსახურა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი “ბარსელონას” კაპიტანი გახდა, ან პირიქით.

    ლუის ენრიკემ “ბარსელონას” გულშემატკივრებს თავი თავისი თავდაუზოგავი შრომითა და გოლებით დაამახსოვრა. 300 შეხვედრაში მან თავი 109-ჯერ გამოიჩინა, აქედან 5-ჯერ “რეალის” წინააღმდეგ.

    ლუის ენრიკეს ერთ-ერთი მთავარი თვისება უნივერსალურობა იყო. ის, ძირითადად, შეტევაში თამაშობდა, მაგრამ კარიერის განმავლობაში, დაცვის ცენტრისა და მეკარის პოზიციის გარდა, ყველგან უთამაშია.

    ლუის ენრიკე “ბარსელონასა” და ფეხბურთს 2004 წელს გამოეთხოვა, რის შემდეგაც ახალი ცხოვრება დაიწყო – მარათონი და ტრიათლონი. სწორედ ამ ახალი ჰობის გამო, ლუჩოს თვალის ქრონიკული დაავადება აქვს, მაგრამ ეს მებრძოლი კაცი ასეთ მცირე დაბრკოლებას აბა როგორ შეუშინდებოდა – ესპანელმა საყვარელი საქმის კეთება სათვალით განაგრძო.

    2008 წლის ივლისში, ლუის ენრიკე კლაგენფურტის აირონმენის ტურნირზე გამოსვლას აპირებდა, მაგრამ მისი გეგმები შეიცვალა – ლუჩომ “ბარსა ბ” ჩაიბარა. როგორც 3 წლის შემდეგ გაირკვა, წარმატებითაც, რადგან ენრიკე “რომას” გასაწვრთნელად მიიწვიეს. იტალიური გამოცდილება ძალიან წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ლუის ენრიკე არც ამას შეუშინდა და ერთწლიანი შესვენების შემდეგ, “სელტა” ჩაიბარა, სადაც თავი იმდენად გამოიჩინა, რომ ერთი წლის შემდეგ “ბარსელონას” პირველ გუნდში უხმეს.

    კატალონიაში მისი მეორე დაბრუნება კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად გაგრძელდა. რამდენიმე ცუდი შედეგის გამო “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერს ისე დაშორდა, რომ სათავეში დასაბრუნებლად 15 ტური დასჭირდა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა 2015 წლის იანვარში, როდესაც “სოსიედადთან” რთული გასვლის დროს, ენრიკემ ლეო მესი, რომელთანაც იმხანად კონფლიქტი ჰქონდა, სათადარიგოთა სკამზე დასვა. მასთან ერთად დასვენება დაუპირა ნეიმარს, დანი ალვესსა და პიკეს. “ბარსელონამ” თამაში წააგო და ლუის ენრიკეს გათავისუფლების მსურველთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა.

    ამის შემდეგ იყო ლა ლიგის დარჩენილ 21 თამაშში 18 მოგება, ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის”, “პარი სენ-ჟერმენის”, “ბაიერნისა” და “იუვენტუსის” ერთი ამოსუნთქვით დამარცხება და კლუბის ისტორიაში მეორე ტრებლი.

    “ბარსელონაში” ლუის ენრიკეს ბოლო სეზონი წარუმატებლობით, მაგრამ ტრადიციული ბრძოლით გამოირჩა. მისმა გუნდმა ლა ლიგის ბოლო 7 თამაში მოიგო, მათ შორის ერთი კონკურენტთან, “რეალთან” სტუმრად, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში. თუმცა, გაჩემპიონებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.

    როგორც გაირკვა, ეს ნამდვილი ბძოლა არ ყოფილა. ნამდვილი ბრძოლა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ელოდა. 1/8-ფინალის პირველ მატჩში პსჟ-სთან 0:4 წაგების შემდეგ, ლუჩოს “ბარსელონამ” მანამდე შეუძლებელი შეძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერე რა, რომ ენრიკე საუკეთესო ტაქტიკოსთა შორის არ შედიოდა. რომელი ტაქტიკოსი შეძლებდა 0:4 წაგების შემდეგ 6:1 მოგებას? ენრიკემ კი ეს მებრძოლი სულით მოახერხა.

    1/4-ფინალში თითქმის იგივე განმეორდა – 0:3 “იუვენტუსთან” გამართულ პირველ მატჩში. ამჯერად, “ბარსამ” ორრაუნდიანი დაპირისპირების შემობრუნება ვერ მოახერხა, მაგრამ რასაც ენრიკეს გუნდს ვერ დავუკარგავთ, ესაა ბოლო წუთამდე ბრძოლა.

    2017 წლის ივლისში ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.

    რამდენიმე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ლეიკემია აქვს. გვეწყინა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მივაქციეთ.

    2019 წლის ივნისში, ენრიკემ პირადი პრობლემების გამო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელს ნამდვილად ლეიკემია ჰქონდა.

    ისევ გვეწყინა, მაგრამ დიდი ყურადღება არც მაშინ მივაქციეთ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ლუჩოს მებრძოლი სულის ყველას გვჯეროდა, თანაც, ვინ ვინ და “ბარსელონას” ქართველმა გულშემატკივრებმა ვიცით, რომ ლეიკემია დამარცხებადია.

    მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუის ენრიკეს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი არა საკუთარი, არამედ საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

    2019 წლის 29 აგვისტოს, ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი, ქსანა, რომელიც 5 თვის განმავლობაში ძვლის კიბოს ებრძოდა, გარდაიცვალა.

    2019 წლის 29 აგვისტოს, ლუის ენრიკე, 49 წლის ასაკში, პირველად დამარცხდა.

    P.S. “ლუჩო” ესპანურიდან შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც “მე ვიბრძვი”.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge