დაბრუნება "კამპ ნოუზე"

  • 13-09-2019, 21:01
  • დაბრუნება "კამპ ნოუზე"

    მარსელინო გარსია ტორალის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ალბერტ სელადესმა დაიკავა. 

    1975 წელს დაბადებული ესპანელი "ბარსელონას" აკადემიაში აღიზარდა და კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აქ გაატარა. 

    სელადესი "ლა მასიას" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში 1990-94 წლებში გამოდიოდა, შემდეგ "ბარსა ბ"-ში მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი ძირითად გუნდში დააწინაურეს. 

    მისი დებიუტი 1995 წლის 30 სექტემბერს, იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით შედგა - "სანტიაგო ბერნაბეუზე", "რეალის" წინააღმდეგ 1-1 დასრულებულ შეხვედრაში, უკვე რამდენიმე კვირაში კი ის გულშემატკივრებს შორის ძალიან პოპულარული იყო. 

    სელადესი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მან "ბლაუგრანას" პირველი გუნდის მაისური 106-ჯერ მოირგო და 6 გოლის გატანაც მოახერხა. შედეგების გათვალისწინებით, ის 1998 წლის მსოფლიოს თასზე ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს. 

    1999 წელს, მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის დანიშნვის შემდეგ, სელადესი "სელტას" შეუერთდა, საიდანაც მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა. კარიერის მანძილზე, მან "ბორდოსა" და "სარაგოსაშიც" ითამაშა, შემდეგ შეერთებულ შტატებში წავიდა, კარიერა კი ჰონგ კონგში დაასრულა. 

    რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას - ალბერტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესპანეთის რამდენიმე ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში, ბოლოს კი "რეალში" ხულენ ლოპეტეგის ასისტენტი იყო, მათ შორის იმ მატჩში, როცა "ბარსელონამ" "ელ კლასიკო" 5-1 მოიგო. 

    სელადესი "ვალენსიას" დამრიგებელი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა, მისი პირველივე გამოცდა კი ხვალ "კამპ ნოუზე" "ბარსასთან" დაპირისპირება იქნება. 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი