ლიონელ მესის სრული ინტერვიუ

ლიონელ მესის სრული ინტერვიუ

წარმოგიდგენთ "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის ინტერვიუს გამოცემა SPORT-თან.

- გასული სეზონი კოლექტიური კუთხით წარუმატებელი იყო, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე უამრავ შედეგს მიაღწიე და "ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი ხარ. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?

- წინა სეზონის დასასრულამდე ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, ტრიპლეტის მოპოვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ერთმა წარუმატებელმა შეხვედრამ ბევრი რამ გააფუჭა. ასეთი მატჩის შემდეგ სამეფო თასის ფინალში გამოსვლა ძალიან რთული იყო. მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, მაგრამ პირველი - არა. რა თქმა უნდა, ეს "ცუდი წელი" გამოვიდა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ლა ლიგა მოვიგეთ. საკუთარ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

- თვლი, რომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი ხარ?

ამ ჯილდოზე საუბარი უცნაურია, რადგან არავინ იცის თუ ვინაა ფავორიტი. ზოგჯერ ყურადღება საკლუბო მიღწევებს ეთმობა, ზოგ სიტუაციაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა მსოფლიო ჩემპიონატს აქვს, რომელსაც ყველა ქომაგი სათანადოდ არ აფასებს. არ არსებობს ერთი კონკრეტული მიმართულება, რომელიც გამარჯვებულის გამოვლენაში გეხმარება. არასდროს მიგრძვნია ფავორიტი ვარ თუ არა. როგორც აღვნიშნე, ინდივიდუალური პრიზები ჩემთვის მეორეხარისხოვანია.

- ჯანმრთელობის მხრივ თავს როგორ გრძნობ?

- უკეთ. დაზიანება დაბრუნებისას მივიღე და დასაწყისში არაფერი მიუთითებდა რაიმე სერიოზულისკენ. საბოლოოდ, 15 დღე გამოვტოვე. დავბრუნდები მაშინ, როცა ტრავმას ბოლომდე მოვიშუშებ.

მოუთმენლად ელი დაბრუნებას?

- რა თქმა უნდა. თამაშგარეთ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. დაზიანება სეზონის სტარტზე მივიღე და ბუნებრივია, სულმოუთქმელად ველი დაბრუნებას.

ეს როდის მოხდება? "ვალენსიასთან" მატჩისთვის მზად იქნები?

- არა, კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ და დაბრუნების კონკრეტული თარიღის თქმასაც ვერ მოვახერხებ. შემოწმებას გავივლი და როცა ვნახავ, რომ 100%-ით მზად ვარ, დავბრუნდები. "ვალენსიასთან" გუნდს ვერ დავეხმარები და ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას "დორტმუნდის" ან "გრანადას" წინააღმდეგ. როგორც უკვე აღვნიშნე, არ შემიძლია ზუსტი დრო გითხრათ.

- რას ფიქრობ გუნდის სტარტთან დაკავშირებით? დანაღვლიანებული ხარ?

- საკადრო პრობლემის გამო უცნაური დასაწყისი გამოგვივიდა. "ატლეტიკთან" სტუმრად თამაში მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. მოედნის ბოლო მესამედში გადამწყვეტი გადაცემის გასაკეთებლად მომენტი ვერ შევქმენით, თუმცა მეორე ტაიმში მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. საბოლოოდ, დავმარცხდით და ვთვლი, რომ ეს არ დაგვიმსახურებია.
ბრწყინვალე შეხვედრა ჩავატარეთ "ბეტისის" წინააღმდეგაც. მეორე ნახევარი, საერთო ჯამში, კარგი იყო. შემდეგ კიდევ ერთხელ წავბორძიკდით "ოსასუნასთან". ეს ნამდვილად არ მანაღვლიანებს, მაგრამ კოლექტივმა უნდა გაიაზროს, რომ ასეთი სტარტი სახიფათოა. სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა გავძლიერდეთ და სიტუაციაზე კონტროლი დავამყაროთ.

- იბრძოლებდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად თუ გეცოდინებოდა, რომ ეს ლა ლიგის ტიტულის დაკარგვამდე მიგიყვანდა?

- არა. როცა სეზონს ვიწყებთ ჩვენი მიზანი თითოეულ ტურნირზე პირველობის მოპოვებაა. იმედია საქმეში სერიოზულად მალე ჩავერთვებით, ყველაფრის მოგება გვსურს. ბუნებრივია, განსაკუთრებულად ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვას ვუმიზნებ, რადგან ეს ტიტული დიდი ხანია "კამპ ნოუზე" არ ჩამოსულა. ვალდებულები ვართ ევროპაში საუკეთესოები გავხდეთ. 

თქვენი აზრით, რომელი უფრო მეტად გაძლიერდა, "რეალი" თუ "ატლეტიკო"?

- დასაწყისში ისე ჩანდა, თითქოს "ატლეტიკო" დასუსტდა, მაგრამ პირიქით, მათ საოცრად დაბალანსებული გუნდი შექმნეს. "რეალსაც" ბრწყინვალე ახალწვეულები ჰყავს. არსებულ შემადგენლობას მათ ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაუმატეს, როგორიც ედენ აზარია. "იუვენტუსის" სატრანსფერო კამპანიაც შთამბეჭდავი იყო, ისევე, როგორც "სიტის". საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ ძლიერი გუნდები კიდევ უფრო გაუმჯობესდნენ.

- "ენფილდზე" გამართულ შეხვედრაზე უკვე ისაუბრე, მაგრამ არასდროს აგიხსნია, თუ რა გასწავლათ რომსა და მერსისაიდში ჩატარებულმა მატჩებმა. 

- ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა გამოცდილება მივიღეთ. ერთი ჩავარდნილი შეხვედრაც საკმარისია იმისთვის, რომ კარგი კამპანია წყალში ჩაიყაროს. ინგლისურ სტადიონებზე არსებული ატმოსფერო ადგილობრივ გუნდებს ძალიან ეხმარება. ამ ტურნირის მოსაგებად სტუმრად გამართულ მატჩში გოლის გატანაა საჭირო. 

თავის დროზე, როცა ეს ტურნირი მოვიგეთ, თუ სწორად მახსოვს, ყველა გასვლით შეხვედრაში მოვახერხეთ გოლის გატანა. თუ სტუმრად მეტოქის კარს ვერ აიღებ, ვითარება საოცრად გართულდება.

- ეს მთავარი გაკვეთილია, რომელიც ისწავლეთ?

- ჩემთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ სტუმრად გატანილ გოლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იმ შეხვედრამ წარუშლელი მოგონება დატოვა.

"ბარსამ" დე იონგი, გრიზმანი, ნეტო და ფირპო მოიყვანა. როგორ შეაფასებდი ამჟამინდელ შემადგენლობას? არის თუ არა ის წინანდელზე უკეთესი?

- პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან გასულ სეზონშიც ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავდა. მნიშვნელოვანი მოთამაშეები შევიძინეთ და გუნდი კიდევ უფრო გაღრმავდა, ჩვენს ხელში მეტი რესურსია, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში რამდენიმე ვარიანტის მოსინჯვაა შესაძლებელი. ყველაფერს საბოლოო შედეგი გადაწყვეტს.

"ბარსამ" ნეიმარის დაბრუნება სცადა, მაგრამ არ გამოვიდა. გინდოდათ ბრაზილიელის კვლავ ამ გუნდში ხილვა?

გულახდილად რომ ვთქვა, კი, მე ეს გამიხარდებოდა, მაგრამ მესმის იმ ადამიანებისიც, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება წასვლისას გადადგმული ნაბიჯების გამო არ სურთ. თუ ამ ყველაფერს სპორტული კუთხით შევხედავთ, ბრაზილიელის მოყვანა მიზნების მიღწევის შანსს გაზრდიდა. საბოლოოდ, ეს არ მოხდა და შესაბამისად, არსებული რესურსებით უნდა ვკონცენტრირდეთ ტურნირებზე.

"ბარსამ" ყველაფერი გააკეთა მის შესაძენად?

არ ვიცი. არ მაქვს სათანადო ინფორმაცია ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

გქონიათ თუ არა შეგრძნება, თითქოს, კლუბი ამ ყველაფერს მოჩვენებით აკეთებდა, რათა გასახდელში კარგი ატმოსფერო შეექმნა?

არ ვიცი რა მოხდა ხელმძღვანელობის წევრებს შორის. ნეის დაველაპარაკე და მან მოვლენათა მსვლელობის შესახებ მითხრა. ბრაზილიელს დაბრუნება სურდა. ვერ გეტყვით, კლუბმა ნამდვილად სცადა თუ არა მისი გაფორმება.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნეიმარს "კამპ ნოუზე" გადმოსვლის იმედი ჰქონდა. მესმის, რომ პსჟ-სთან მოლაპარაკების გამართვა რთულია იმ წარსული პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც "ბარსას" ფრანგებთან ჰქონდა.

მოლაპარაკების პროცესს ისიც ართულებდა, რომ ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა. სხვა მოსაზრება ნამდვილად არ მაქვს. ის ვიცი, რაც საჯაროდ იყო გაჟღერებული.

- ყველაფერს დეტალურად აკვირდებოდით?

- ბუნებრივია, რადგან ნეიმარის ტრანსფერი კლუბს არა მხოლოდ სპორტული კუთხით, არამედ იმიჯის, მარკეტინგისა და სასპონსორო მიმართულებითაც გააძლიერებდა, თუმცა, ეს არ მოხდა.

ნეიმართან ზაფხულში ისაუბრეთ? თავად რას გრძნობდა ამ საგასთან დაკავშირებით?

- მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ ნეიმართან არ მილაპარაკია. მე ტრავმა მივიღე, მან კი ვარჯიში გააგრძელა. მხოლოდ ის ვიცი, რომ პარიზის დატოვება და "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა.

თქვენი აზრით, შეთანხმება, რომელიმე კონკრეტულ პერიოდში, მიღწეული იყო?

- როგორც უკვე გითხარით, ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და დარწმუნებული ვერასდროს იქნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად.

როგორც იწერება, ნეიმარის ტრანსფერი ფეხბურთელებმა მოითხოვეს. ეს სიმართლეა?

- არა. ბუნებრივია, საკუთარი აზრი გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მისი დაბრუნება, მაგრამ მოთხოვნა არასდროს წაგვიყენებია. ისევე მოვიქეცით, როგორც ეს გრიზმანის ტრანსფერზე მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობის დროს და ზოგადად, სხვა მსგავს ვითარებებში გავაკეთეთ.

გწყინთ, რომ ნეიმარი არ დაბრუნდა?

- არა. მისი ტრანსფერი გამიხარდებოდა, მაგრამ ჩვენ ახლაც შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და დასახული მიზნისთვის ბრძოლა მის გარეშეც შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, იმედგაცრუებული არ ვარ. უბრალოდ, გამიხარდებოდა მის გვერდით მოედანზე კიდევ ერთხელ გამოსვლა, ესაა და ეს.

- ამ ზაფხულში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შენ ხარ პიროვნება, რომელიც წყვეტს, თუ რა მიმართულება უნდა აიღოს კლუბმა. რას ფიქრობ, როცა ასეთ სიახლეებს იგებ?

შევეჩვიე. მსგავსი რამ პირველად არ მესმის, იგივეს ამბობენ ეროვნულ გუნდში ჩემს მოღვაწეობაზეც. ისინი ამტკიცებენ, რომ მე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ვირჩევ. ასეთ სიახლეებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ. ვიცი რა არის ჩემი როლი და რა არის სიმართლე.

- ანუ სიმართლე ისაა, რომ სიტუაციას არ აკონტროლებ?

თავისთავად. მე ჩვეულებრივი მოთამაშე ვარ და ერთადერთი რაც მინდა, ტიტულების მოგებაა. ჩემს გუნდებს მხოლოდ საკუთარი თამაშით მინდა დავეხმარო.

ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს მოთამაშეებს გრიზმანის გადმოსვლა არ სურდათ, რადგან მისი წინა არჩევანის გამო გულნატკენები იყვნენ. მასთან დროის გატარების შესაძლებლობა მოგეცათ?

კი, მაგრამ მართალი გითხრათ, ცოტა. ტრავმირებული ვიყავი და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ჯგუფთან ერთად ხშირად არ ვიმყოფები. ტურნედან დაბრუნების შემდეგ ანტუანს ცოტა ხნით ვესაუბრე. ამის დრო აუცილებლად გამოგვიჩნდება.

პიკემ და სუარესმა დემბელეს პროფესიონალიზმის მიმართ უკამყოფილება გამოხატეს. უსმანი ისეთი მოთამაშეა, რომელზეც ყველას აქვს თავისი აზრი. თქვენ რას ფიქრობთ?

მას გამორჩეული ტალანტი აქვს და შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა. ეს წელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ქომაგებისთვის ნანატრი ნაბიჯის წინ გადადგმა მოუწევს. იმედია იღბალი მას ჯანმრთელობის კუთხით ზურგს არ შეაქცევს. გასულ სეზონში, როცა უსმანი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ტრავმირებული იყო.
იმედია ეს ამ სეზონში აღარ განმეორდება და დემბელე ყველას აჩვენებს, თუ რა შეუძლია. როგორც მოთამაშე, ის შთამბეჭდავია.

2014/15 წლების სეზონის შემდეგ მოყვანილი 21 ფეხბურთელიდან "ბარსაში" მხოლოდ ექვსი დარჩა. რატომ უჭირს ამდენ მოთამაშეს აქ თავის დამკვიდრება?

იმიტომ, რომ "ბარსელონა" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. ქომაგები, მედია... "კამპ ნოუზე" ფეხის დადგმა მარტივი არ არის. ზოგისთვის ზეწოლას მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიც კი მას დასაწყისიდანვე გრძნობს. როცა ფეხბურთელს ძლიერი მენტალიტეტი და თავდაჯერებულობა გააჩნია, ყველაფერი კარგად მიდის. არსბეობენ პიროვნებები, რომლებსაც ასეთ პირობებთან ადაპტაცია არ შეუძლიათ. ამიტომ კი, "ბარსაში" ფეხის მოკიდება იოლი არაა.

ოთხი ტექნიკური მდივანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ახდენს თუ არა ეს გუნდზე გავლენას?

არა. მეტი სტაბილურობა და ცვლილებათა შემცირება ბუნებრივია, კარგი იქნებოდა კლუბისთვის. ტექნიკური მდივნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ის უნდა ჩაიბაროს პიროვნებამ, რომელსაც კარგად ესმის "ბარსელონას" სტრუქტურა და აქვს რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. 

ერგება პუიოლი ამ კრიტერიუმებს?

არ ვიცი რა გეგმები აქვს მას, მაგრამ პუიოლი იდეალურად მოერგებოდა აღნიშნულ პოზიციას. მასთან საუბარი არ მქონია და არ ვიცი არის თუ არა ეს ის საქმიანობა, რომლითაც სიამოვნებით დაკავდებოდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მისი საფეხბურთო წარსულის გათვალისწინებით, კარლესი კლუბისთვის მშვენიერი არჩევანი იქნებოდა.

გასული სეზონის დასასრულის შემდეგ დაიწერა, რომ ერნესტო ვალვერდე გუნდიდან მიდიოდა. ნერვიულობდით მისი შესაძლო წასვლის გამო?

- როცა მიზანს ვერ აღწევ ხალხი მოვლენათა განვითარების ყველაზე საშინელ სცენარზე ფიქრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ცუდი დასასრული გვქონდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს ფეხბურთელების ბრალი იყო. სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი გააკეთა, რათა სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა. იმ მომენტამდე ყველაფერს ბრწყინვალედ ვაკეთებდით, შიდა ჩემპიონატში ვდომინირებდით, კოპა დელ რეის ფინალში მოვხვდით. პრობლემა უფრო ჩვენში იყო, ვიდრე სპეციალისტებში.

ჟოზეპ მარია ბართომეუმ თქვა, რომ კონტრაქტი წასვლის საშუალებას გაძლევს. უნდა ინერვიულონ თუ არა "ბარსას" ქომაგებმა?

ვერაფერს დავადასტურებ, რადგან ხელშეკრულებაში არსებული კონფიდენციალური დეტალები ამის საშუალებას არ მაძლევს. მხოლოდ იმის თქმას მოვახერხებ, რომ "ბარსელონაში" რაც შეიძლება მეტი დროის გატარება მსურს. ეს ჩემი სახლია, მაგრამ გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ იმიტომ, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ, არ შემიძლია. 

"კამპ ნოუზე" მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ თავს ფიზიკურად მომზადებულად და შემადგენლობისთვის მნიშვნელოვან წევრად ვიგრძნობ. კლუბისთვის ტიტულების მოტანა არ უნდა შევწყვიტო. ფული და ფინანსური პირობები არაფერს ნიშნავს. ფეხბურთში მოტივაციას სულ სხვა რამ მაძლევს - გუნდი, რომელიც მზადაა გამარჯვება მოიპოვოს.

ანუ, შენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კონტრაქტი ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით გაახანგრძლივო?

ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ვიყო მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენის უფლებასაც საკუთარი ორგანიზმი მომცემს. კონტრაქტი არ მანაღვლებს. ხელშეკრულებების საკითხით მამაჩემი და პრეზიდენტი არიან დაკავებულნი. მე მხოლოდ ჩემს შეხედულებას გამოვთქვამ.

ანუ, გადამწყვეტი ფაქტორი, გამარჯვებისთვის კოლექტივის მზადყოფნაა?

ბუნებრივია, ამ კლუბში მუდმივად წარმატების მიღწევა მსურს, ეს ჩემი სახლია. წასვლაზე არ ვფიქრობ, მინდა შეჯიბრებებში მონაწილეობა მივიღო და გუნდთან ერთად პირველობა მოვიპოვო.

"ბარსასთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს?

ამაზე მამაჩემი ზრუნავს, მაგრამ ჯერ არაფერი დაწყებულა. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავიგებდი.

როცა შენ ამა თუ იმ მიზეზის გამო არ თამაშობ, მატჩებს ვაჟებთან ერთად უყურებ. როგორ გეხმარებიან ისინი ამის გადალახვაში? მათთან ერთად ტრიბუნაზე ყოფნა უკეთესი ხომ არ არის?

მათთან ერთად უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ გარედან დაკვირვებას მოედანზე გასვლა და პროცესში ჩართვა მირჩევნია.

რა ხდება ცუდი თამაშის შემდეგ? მატეო კვლავ გირთულებს ყველაფერს?

- ჩვენი ჩავარდნის შემდეგ ისინი გულნატკენები არიან. განსაკუთრებით ტიაგო, რადგან მას უკვე შედარებით უკეთ ესმის ყველაფერი. მატეო გაბრაზდა, როცა ვთქვი, რომ სხვა გუნდებს უჭერს მხარს და არა "ბარსელონას".
იგივე მოხდა მაშინ, როცა ხალხს ეგონა რომ მატეომ "ბეტისის" გოლი აღნიშნა. ეს სიმართლე არ ყოფილა. მას ეგონა, რომ ჩვენი ერთ-ერთი უშედეგო შეტევა გოლით დასრულდა. ის ნელ-ნელა უკეთ იაზრებს, თუ რას ნიშნავს მარცხი, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის.

ისინი "ბარსას" ქომაგები არიან?

კი, ორივე. ისინი ძალიან მებრძოლები არიან. არ უყვართ, როცა მარცხდებიან.

ეს დამღლელია?

არა. მადლობა ღმერთს ბრწყინვალე გამოცდილებებისთვის. მართალია, რომ ზოგჯერ ყურადღების ცენტრში აღმოჩენა არ მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილებთან ერთად სკოლაში, ან ქუჩაში ვარ. ზოგჯერ ისინი ცხრის ნახევარზე მიმყავს, ხალხი კი ავტოგრაფს ან ფოტოს მთხოვს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ნახევრად მძინავს. თუმცა, ვერაფერზე ვიწუწუნებ.

როგორ გრძნობდი თავს ლუის ენრიკეს ქალიშვილის გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ?

ეს საშინელი სიახლეა, რომელზეც ფიქრი არასდროს გინდა. საქმე ძალიან ახალგაზრდა პიროვნებას ეხება. მსოფლიოში ასეთი არაერთი პრეცედენტი მომხდარა, მაგრამ ყველაზე მეტად დამწუხრებული მაშინ ხარ, როცა საქმე შენს ახლობელს ეხება. მე არაერთი კარგი მომენტი მაკავშირებს მასთან, ის სკოლაში ჩემს ვაჟებთან ერთად დადიოდა. ეს გულსატკენია.
არსებობს რაღაც, რომლის ახსნაც არ შეგიძლია, მაგრამ შენზე ცუდად მოქმედებს. როცა შვილი გყავს რთულია მსგავსი რამ წარმოიდგინო. სხვა ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი მე რომ იგივე გამომეცადა. ეს სენსიტიური საკითხია.

რონალდუმ თქვა, რომ სიამოვნებით ისადილებდა შენთან. მიიღებდი მის მოწვევას?

კი, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. გასახდელი არასდროს გაგვიყვია და ამიტომ, მეგობრებიც არ ვყოფილვართ, მაგრამ დაჯილდოებების ცერემონიაზე მას სულ ვხვდები. არ ვიცი შედგება თუ არა სადილი, რადგან არ შემიძლია იმის თქმა, გადაიკვეთება თუ არა ჩვენი გზები. მე და კრიშტიანუს საკუთარი ცხოვრება და მიზნები გაგვაჩნია. თუმცა, ეს რომ მოხდეს, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 12 სექტემბერი 2019 22:44
    8
    ავტორ სპასიბა
    Culé [?]
    #4 12 სექტემბერი 2019 20:50
    6
    დიდი მადლობა ავტორს,
    შინაარსობრივადაც და გრამატიკულადაც შესანიშნავად არის თარგმნილი და დალაგებული!
    ფანი [?]
    #3 12 სექტემბერი 2019 17:38
    9
    შესანიშნავი ინტერვიუ იყო...
    მადლობა თარგმნისთვის😊
    Culé [?]
    #2 12 სექტემბერი 2019 16:44
    6
    ეს ისე ლაპარაკობს არ დაბრუნებაზე მგონი დეკემბრამდე არ ითამაშებს :/
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 სექტემბერი 2019 15:53
    21
    ყოჩაღ ლეო.. და თქვენ მწერლებო რო თარგმნეთ <3
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★