„ბარსელონას“ საუკეთესო ფეხბურთელის გატაცება: 25 დღე ტყვეობაში
სპორტის უცნაური სახეობიდან მილიონობით ადამიანის საყვარელ სანახაობად გარდაქმნას ფეხბურთმა საკმაოდ დიდი დრო მოანდომა. თამაშის პოპულარობის ზრდის მიუხედავად, სპორტსმენები განაგრძობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტებით სარგებლობასა და სპარტანულ პირობებში ცხოვრებას.
ინგლისურ ფეხბურთში ფინანსური გარღვევა მინიმალურ ანაზღაურებაზე კანონის გაუქმების შემდეგ მოხდა (1960 წელს ეს კვირაში 18 ფუნტს შეადგენდა). რეგულაციის მოხსნის შემდეგ, მოთამაშეებს თავად შეეძლოთ სახელფასო პირობების განსაზღვრა. ფუფუნებაში ცხოვრება ქომაგებსა და მათ შორის გარკვეულ დისტანციას წარმოშობდა.
ესპანეთში გასული საუკუნის 80-იან წლებშიც კი ერიდებოდნენ ქომაგებთან მიახლოვებას, ფოტოს გადაღებასა და მათთვის ავტოგრაფების გაცემას. გენერალი ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანას, მიუხედავად მის სხვადასხვა წერტილში არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა, ერთიანობის პერიოდი დაუდგა. მუშათა კლასის წარმომადგენლებსა და "რეალი"-"ბარსელონას" ფეხბურთელებს თავი სოციუმის თანასწორ წევრებად მიაჩნდათ. პირველხსენებულნი სიამოვნებით იხდიდნენ მძიმე შრომის სანაცვლოდ გამომუშავებულ პესეტებს სტადიონის ბილეთის საყიდლად, ხოლო მეორენი მათთან კომუნიკაციაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავდნენ.
ენრიკე დე კასტრო გონსალესს მთელი ქვეყანა კინიდ მოიხსენიებდა. ის ესპანეთის ჩემპიონატის ხუთგზის საუკეთესო ბომბარდირი იყო და როგორც, ფეხბურთის მაყურებელთა, ასევე მის თანაგუნდელთა იდეალად იქცა. ასეთი გავლენის მიუხედავადაც კი, ის არასდროს უკადრისობდა გულშემატკივართან საუბარს მატჩების დაწყებამდე და მათი დასრულების შემდეგ.
ბავშვობაში ენრიკეს კეთილმოწყობილი ოვიედოდან ელ პობლადოში გადაბარგება მოუწია. აქ ცხოვრობდნენ ფოლადის მწარმოებელი კომპანიის მუშები თავიანთი ოჯახებით. მშობლები, მარია და უფროსი ენრიკე, მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ამ შემზარავ ადგილზე მყოფ სკოლაში მათი ვაჟის გადასვლას მაქსიმალურად მშვიდად ჩაევლო.
ფეხბურთზე ბავშვობიდან შეყვარებულმა ენრიკემ, ახალი მეგობრების გული თავისი ტალანტით მალევე მოიგო. ის ქუჩაში გვიან საღამომდე იკარგებოდა, ათასჯერ იმეორებდა ერთსა და იმავე ფინტს, სანამ ის უნაკლო გახდებოდა და ატყუებდა არა მხოლოდ თანატოლებს, არამედ უფროსებსაც. ასაკის ზრდასთან ერთად კინიმ სასკოლო გუნდიც შეიცვალა. "დონ ბოსკოდან" ის "დეპორტივო ენსიდესას" შეუერთდა. ეს კლუბი სწორედ იმ ფოლადის კომპანიას ეკუთვნოდა, რომელშიც მისი მამა მუშაობდა.
19 წლამდე ენრიკე სწორედ აქ თამაშობდა. 1967/68 წლების სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში მან 17 გოლი გაიტანა. ამ მიღწევამ მალევე მიიპყრო პროფესიონალურ გუნდთა ინტერესი. ყველაზე სწრაფი ხიხონის "სპორტინგი" აღმოჩნდა, რომელიც იმ დროისთვის სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა.
კინიმ პირველივე პროფესიონალურ სეზონში დაამტკიცა, რომ მისი მიღწევა შემთხვევითობა არ ყოფილა. ის გუნდის საუკეთესო გოლეადორი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი პიჩიჩი მოიგო და "სპორტინგს" უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში დაეხმარა.
ენრიკე გახლდათ სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, ელეგანტური, საჰაერო ორთაბრძოლებისთვის შესაფერისად მომზადებული და გამორჩეული დარტყმის ნიჭის მქონე ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ნებისმიერი მცველისთვის კოშმარი იყო.
"როხიბლანკოს" შემადგენლობაში ჩატარებულ 12 სეზონში კინის საშუალოდ 20 გოლი გაჰქონდა. ის თითოეულ მსურველს უარით ისტუმრებდა. 1975 წელს კლუბები ენრიკეს სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდიდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ხიხონურ კლუბს სეგუნდაში დაქვეითების შემდეგაც კი არ უღალატა.
ფორვარდის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი "ბარსელონა" იყო, მაგრამ კინიმ კატალონიურ კლუბში გადასვლის ვარიანტი მხოლოდ 1980 წელს განიხილა. 31 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი "ბლაუგრანას" 82 მილიონი პესეტა დაუჯდა (2.25 მილიონი ევრო იმდროინდელი ვალუტის კურსის მიხედვით).
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იმ დროისთვის კოლოსალური თანხა გადაიხადეს ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც აქამდე ტოპ-კლუბის მაისური არ ჰქონდა მორგებული. სხვა რა არის საჭირო იმისთვის, რომ პრესის ყურადღება მიიპყრო? საბოლოოდ, გაზეთებს კინის შექება მოუწიათ, რადგან მან ზედიზედ ორჯერ მოიგო საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო.
სწორედ ამ პერიოდში მოხდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი შემზარავი ფაქტი, რომელიც საბედნიეროდ, ტრაგიკულად არ დასრულებულა. 1981 წლის პირველ მარტს, კინის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
"ერკულესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც "ბარსამ" 6:0 მოიგო, კინიმ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის შემდეგ თავდამსხმელი აეროპორტში გაემგზავრა, რათა ცოლსა (მარია ნიევესი) და შვილებს შეხვედროდა. გზად მიმავალი ენრიკე ორმა შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა. ეს ადამიანები ტერორისტული დაჯგუფების "Batallón Vasco Español"-ის წევრები იყვნენ. ლეგენდარული ფეხბურთელის მეუღლე მომდევნო დღესვე დაუკავშირდა პოლიციას, მაგრამ ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.
გაზეთ "La Vanguardia"-ს რედაქციაში დარეკა პირმა, რომელიც თავი ენრიკე დე კასტრო გონსალესის გამტაცებლად წარადგინა და განაცხადა, რომ 8 მარტს, "ბარსელონა"-"ატლეტიკოს" შეხვედრაში, კატალონიურ გუნდს უნდა წაეგო. "კლუბმა სეპარატისტულ ლიგაში გამარჯვება არ უნდა მოიპოვოს!" - თქვა გამტაცებელმა და ყურმილი დაკიდა.
"ბლაუგრანა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებოდა და "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩებოდა. საუკეთესო ფორვარდის არყოფნა სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა კატალონიელებს თუ, რაღა თქმა უნდა, ისინი საერთოდ მოისურვებდნენ მოედანზე გამოსვლას. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც შეხვედრის ბოიკოტირებაზე თანხმობა განაცხადა იყო ბერნდ შუსტერი. თანაგუნდელებმა მას მხარი დაუჭირეს. ოფიციალური პირები დიდი ხანი არ აკეთებდნენ განცხადებას. ესპანური ფეხბურთი, რომლის ისტორიასაც მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვდა, სრულ შოკში იყო.
სამი დღის შემდეგ, გამტაცებლები მარია ნიევესს დაუკავშირდნენ და კინის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა მოითხოვეს. პოლიცია დარწმუნებული არ იყო, რომ ეს წინადადება ნამდვილ ტერორისტებს ეკუთვნოდა, მაგრამ ზარი ყოველდღიურად მეორდებოდა.
კინისთან დაკავშირებული თითოეული სიახლის გაშუქებას მონიტორინგს უწევდა ხელისუფლება, რათა არაკეთილსინდისიერ პირებს სიტუაციაზე კონტროლი არ აეღოთ. "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ლუის ნუნიესი და ფეხბურთელი ხოსე რამონ ალეშანკო მარიასა და ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
ეს ყველაფერი სავსებით არ ჰგავდა სეზონის გადამწყვეტი შეხვედრისთვის მზადებას. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კატალონიელებს "ატლეტიკოსთან" მატჩში მონაწილეობის მიღება აიძულა. მადრიდულმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. შეხვედრის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ბერნდ შუსტერმა, ემოციური კომენტარი გააკეთა. მან ნუნიესი და მთავარი მწვრთნელი, ელენიო ერერა მარცხში დაადანაშაულა და საჯაროდ გამოთქვა სკეპტიციზმი მათი კომპეტენტურობის საკითხის მიმართ.
შიდა სამზარეულოში ატმოსფერო კარდინალურად შეიცვალა. ფეხბურთელები მუდმივად ეკამათებოდნენ ერთმანეთსა და სამწვრთნელო შტაბს. "ბარსელონა" ერთი თვის წინანდელ გუნდს საერთოდ არ ჰგავდა. ჩემპიონობის ყოფილმა მთავარმა პრეტენდენტებმა კინის გატაცების შემდეგ ჩატარებულ ხუთ მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. მთელი ამ დროის განმავლობაში კლუბი კრიზისის გადალახვას სცდილობდა.
მარიას ყოველდღიურად ურეკავდნენ, მაგრამ საუბარი დიდი ხნით არ გრძელდებოდა. ტექნოლოგია იმდენად განვითარებული არ ყოფილა, რომ პოლიციას გამტაცებლების ადგილსამყოფელი გაერკვია.
როცა კინის ახლობლებს ეგონათ, რომ მას ვეღარასდროს შეხვდებოდნენ, საქმეში გარღვევა პირველად მოხდა. გამტაცებლები ალეშანკოს დაუკავშირდნენ და თავდამსხმელის 100 მილიონ პესეტად გაშვებას დასთანხმდნენ. ანგარიშსწორება შვეიცარიული ბანკის მეშვეობით უნდა მომხდარიყო.
ესპანეთის პოლიციის უფროსი ფრანსისკო ალვარეს სანჩესი და მისი შვეიცარიელი კოლეგები ერთობლივ ოპერაციაზე შეთანხმდნენ. ფულის მიმღების როლს 26 წლის ვიქტორ მანუელ დიას ესტებანი ასრულებდა, რომელიც აგენტთა ორდღიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, აეროპორტში დააკავეს. მან პოლიცია სარაგოსაში არსებულ სახელოსნომდე მიიყვანა.
მისი ორი თანამზრახველი სწორედ აქ მალავდა კინის, რომელიც ტყვეობაში ყოფნის მიუხედავად, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ფეხბურთელი ფიზიკურად იმდენად განადგურებული არ ყოფილა, რამდენადაც - მორალურად. წამებული, მოუწესრიგებელი ენრიკეს სურათი სწრაფად გავრცელდა ესპანურ მედიაში.
მომდევნო დღეს თავის კუმირს 130 ათასი ქომაგი შეხვდა. თავდამსხმელს გამტაცებლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია, რადგან მისი თქმით, ისინი ენრიკეს საკმაოდ მისაღებად ექცეოდნენ. მას შემდეგ, რაც დამნაშავეები ციხეში 10 წლით გაგზავნეს, ხოლო კინიმ კომპენსაციის სახით კუთვნილ 5 მილიონ პესეტაზე უარი თქვა, პრესა სტოკჰოლმის სინდრომზე ალაპარაკდა.
(სტოკჰოლმის სინდრომი — სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს).
ფორვარდმა ტყვეობაში 25 დღე გაატარა. გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში ის მოედანს დაუბრუნდა და ამტკიცებდა, რომ ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ტყუილ-უბრალოდ სულაც არ იყო. სამეფო თასის ფინალში კინიმ ყოფილ გუნდს, "სპორტინგს" დუბლი შეუსრულა.
გამტაცებლების სასამართლო პროცესი 1982 წლის 15 იანვარს გაიმართა, აქედან 5 დღის შემდეგ კი "ბარსელონამ" ესპანეთი ჩემპიონატში 3000 გოლი დააგროვა.
აბა გამოიცანით, ვინ იყო საიუბილეო გოლის ავტორი?...
ნათარგმნია Barcamania.ge-სთვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]