"ბარსელონა" გრიზმანს მიუბრუნდა
კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანისადმი ინტერესი განაახლა. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდული კლუბი დატოვოს. როგორც ცნობილია, კატალონიელები შესაძლო ტრანსფერის თაობაზე გრიზმანის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ. ფრანგი ფეხბურთელი კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებაზე მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ დაფიქრდა.
ანტუან გრიზმანი 2018 წლის ზაფხულში "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მან საბოლოოდ "ატლეტიკოში" დარჩენა გადაწყვიტა, სადაც ის 2014 წლიდან გამოდის.
გრიზმანს "ატლეტიკოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. მის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 28 მატჩი, 12 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]