კარლეს ალენია: ნეიმარის დაბრუნება ყველას გაგვიხარდებოდა
"ბარსელონაში" მიმდინარე მოვლენებზე Esports Cope-თან ინტერვიუში ისაუბრა კარლეს ალენიამ. ახალგაზრდა ნახევარმცველი თავის სიტუაციასაც შეეხო, თანაგუნდელებისაც და მათაც, ვინც კლუბში აღარ არიან.
კერძოდ, საუბარი ნეიმარზეა, რომლის დაბრუნების სურვილიც ესპანელმა შუახაზელმა არ დამალა.
"ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ნათელია, რომ თუ დაბრუნდება, კარს არავინ მიუხურავს. ნეის დაბრუნება შესანიშნავი იქნებოდა, ის ჩვენ ძალიან გაგვაძლიერებდა."
"დემბელე? მას გასახდელში გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს, იქ უკვე ვისაუბრეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც მან დაუშვა. უსმანს უნდა დავეხმაროთ, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც სხვა კლუბიდან მოვიდა და რომელმაც უნდა ისწავლოს რას ნიშნავს "ბარსას" ფორმის ტარება."
"რაც შეეხება "ატლეტიკო"-"ბარსელონას", ეს ძალიან რთული თამაში იქნება, განსაკუთრებით "ბეტისთან" მარცხის შემდგომ, აქ მოგება უნდა ვცადოთ. მნიშვნელოვან თამაშებში ყოველთვის ვუმატებთ და "ვანდაზეც" ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ."
"დეკემბერში კლუბის წარმომადგენლებს შევხვდები და გადავწყვეტთ, პირველ გუნდში დავწინაურდები თუ დროებით ისევ "ბარსა ბ"-ში ვითამაშებ. თუ მთავარ გუნდში გადავალ, კონტრაქტი 2022 წლამდე გახანგრძლივდება, თუმცა ეს საკითხი ახლა ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს."
"ბარსას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, რადგან 7 წლის ასაკიდან ჩემი ოცნება აქ წარმატების მიღწევაა. შესაძლოა ერთ დღეს მათ აღარ მოვეწონო და წასვლა მომიწიოს, თუმცა ახლა კლუბიც, მწვრთნელიც და თანაგუნდელებიც ნდობას მიცხადებენ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]