"ბარსელონა" დანი ოლმოთი ინტერესდება

"ბარსელონა" დანი ოლმოთი ინტერესდება

ოთხწელიწადნახევრის წინ, ახალგაზრდა გარემარბის "ბარსელონას აკადემიიდან წასვლა დიდი სიურპრიზი იყო.
ოლმო "ლა მასიის" ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო და ბოლო სეზონში თავისი გუნდის ბომბარდირიც გახდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს და მის გარემოცვას წასვლა სურდათ. კიდევ უფრო გასაკვირი კი ის იყო, რომ ოლმომ ზაგრების "დინამოს" მიაშურა.
მაშინ დანი 16 წლის იყო, ახლა კი 20-ის გახლავთ, ხორვატული გუნდის უცვლელი წევრია და შარშან ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ფეხბურთელი ევროპა ლიგაზეც წარმატებულად ასპარეზობს და ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდის წევრია, გუშინ კი ლუის ენრიკესთან ერთადაც ივარჯიშა.
ცხადია, მისი ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და დანი ოლმოთი უკვე დაინტერესდნენ ტოპ კლუბები. "ვალენსიამ" უკვე მიიღო უარი "დინამოსგან" და ხორვატებმა მსგავსი პასუხით ბევრი დაინტერესებული კლუბის წარმომადგენელი გაისტუმრეს. ეს კლუბები კი "მანჩესტერ იუნაიტედი", დორტმუნდის "ბორუსია" და მარსელის "ოლიმპიკი" არიან.
ამჟამად ფეხბურთელს აღმზრდელი კლუბიც აკვირდება. ოლმო აღიქმება, როგორც "ბარსას" დნმ-ის მქონე ფეხბურთელი. კლუბის წარმომადგენლებმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს და სამივე მხარისთვის სიტუაციის დეტალები უკვე ცნობილია - "ბარსელონა" დანი ოლმოს აკვირდება.
ცხადია, ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დროს პრობლემები თითქმის არ შეიქმნება, რასაც ვერ ვიტყვით ხორვატულ გუნდზე. ახლახანს მათ 20 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს. ბოლო ცნობებით, ისინი 20 წლის შემტევს 25 მილიონ ევროდ აფასებენ.
რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ბევრი კონკურენტი ეყოლება, თუმცა დანი ოლმო ჯერ კიდევ კატალონიური გრანდის გულშემატკივარია და მისთვის მშობლიურ კლუბში დაბრუნება, პრესის ინფორმაციით, პრიორიტეტული უნდა იყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.