5 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან "ბარსას" ძირითად გუნდში ვიხილოთ

5 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან "ბარსას" ძირითად გუნდში ვიხილოთ

"ბარსელონას" აკადემიას გუნდის განვითარებაში ყოველთვის დიდი წვლილი შეჰქონდა. თუმცა, დღეისთვის "ბარსას" ძირითად გუნდს ლა მასიას აღზრდილი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ეკუთვნის და მათი უმეტესობა კარიერის ბოლოსკენ მიდის. მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მომდევნო სეზონიდან "ბარსა ბ"-ს რომელიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშის დაწინაურებას არ გამორიცხავს და თუ ეს მოხდება, შემადგენლობა ნამდვილად გაძლიერდება. წარმოგიდგენთ 5 ფეხბურთელს, რომლებიც, შესაძლოა, ზაფხულის ბოლოდან "ბარსელონას" პირველ გუნდში ვიხილოთ. 

1. კარლეს ალენია

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ალენიას დაწინაურება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მან სეზონის ბოლოს სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც მისი ძირითად გუნდში გადასვლის პროცესს, სავარაუდოდ, შეანელებს და ამ სეზონის მსგავსად, ალენიას 2018/19 წლებშიც ძირითადად ბ გუნდში ვიხილავთ, ხანდახან კი, ნაკლებად მნიშვნელოვან თამაშებში, ის პირველ გუნდთან ერთად იქნება. ალენია ნახევარმცველია, ამ პოზიციას კი ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ გაძლიერება აუცილებლად სჭირდება. თანაც, დიდი შანსია, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კლუბი კიდევ რამდენიმე ნახევარმცველმა დატოვოს, ეს კი დიდ ადგილს გაათავისუფლებს და კარლესი განაცხადში მოხვედრას იმაზე უფრო ხშირად მოახერხებს, ვიდრე წელს. ის მოედანზე გასასვლელად მზად 3-4 თვეში იქნება. იმედი დავიტოვოთ, რომ გაცდენილი პერიოდი მასზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. 

2. დავიდ კოსტასი

კოსტასი "ბარსელონას" საკუთრება არაა, თუმცა ხელმძღვანელობას მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. 23 წლის ცენტრალური მცველი "სელტას" აღზრდილია, მაგრამ 2015 წლიდან იჯარით სხვა კლუბებშია, ბოლო სეზონი კი "ბარსა ბ"-ში გაატარა. ხავიერ მასკერანოს წასვლის შემდეგ მას თამაშის რეალური შანსი მიეცა, თანაც ტომას ვერმალენმა და სამუელ უმტიტიმ ტრავმები მიიღეს და ამან ეს შანსი კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა კლუბმა ზამთარში ბრაზილიის ჩემპიონატიდან იერი მინა იყიდა და ვალვერდეს კოსტასი აღარც გახსენებია. სეზონის პირველ ნახევარში მან გალისიელი ერთხელ, "მურსიასთან" სათასო შეხვედრისთვის გამოიძახა. 

"ბარსელონას" შემადგენლობაში 4 ცენტრალური მცველი ირიცხება (შეიძლება, გუნდიდან არც მარლონ სანტოსი წავიდეს და ეს რიცხვი გაიზარდოს), მაგრამ ვერმალენის გაყიდვასა და მინას იჯარის წესით გაშვებაზე საუბარი არც ისე იშვიათად მიდის. შესაბამისად, კოსტასი ძირითად გუნდში დაწინაურების ერთ-ერთი კანდიდატი ნამდვილად არის. 

3. ორიოლ ბუსკეტსი

ორიოლი თავისი სახელოვანი მოგვარის მსგავს პოზიციაზე თამაშობს და "ბარსელონა ბ"-ს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. მის განვითარებას ხელი მძიმე ტრავმამ შეუშალა, რომელმაც ბუსკეტსს სეზონის მთელი მეორე ნახევარი გამოატოვებინა და ის ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ახალი სეზონისთვის მზადების დაწყებამდე მწყობრში იქნება. ის ერნესტო ვალვერდემ კოსტასის მსგავსად ერთხელ, კოპა დელ რეის ეგიდით "მურსიას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ათამაშა, სეგუნდა დივიზიონში კი მან 22 შეხვედრა ჩაატარა. 

2. ხოსე არნაისი

23 წლის ფორვარდი, ალბათ, სეზონის მთავარი აღმოჩენა იყო. არნაისმა ძირითად გუნდთან ერთად 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა, "ბარსა ბ"-სთან ერთად კი 21-ჯერ ითამაშა და 6 გოლის გატანა მოახერხა. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ წლის დასაწყისში არნაისი სერიოზულად დაზიანდა და თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, მას ფორმაში ჩადგომა არ უნდა გაუჭირდეს და დიდი ალბათობით, მალე ძირითადი გუნდის განაცხადშიც ვიხილავთ. 

5. რიკი პუჩი

18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ჯერ მხოლოდ "იუვენილ A" გუნდის წევრია, თავი UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე თამაშით დაგვამახსოვრა. მან კატალონიელთა ტრიუმფში დიდი როლი ითამაშა და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიპყრო, მაგრამ "ბარსელონამ" მასთან კონტრაქტი დროულად გაახანგრძლივა და პუჩი მომდევნო სეზონიდან "ბარსა ბ"-ს წევრი იქნება. პირველ გუნდში ოფიციალურად დაწინაურება ადრეა, მაგრამ მომავალ წელს ერნესტო ვალვერდე მას აუცილებლად გამოიძახებს. რიკიმ გასულ სეზონში "სიუტატ ესპორტივაზე" მესისთან ერთად რამდენიმეჯერ ივარჯიშა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 13 ივნისი 2018 20:51
    0
    5ივესი მჯერა კარგად ითამაშებენ
    რაფა მარკესი1
    სტუმარი [?]
    #4 12 ივნისი 2018 19:46
    0
    ალენია, პალენსია, კუკურელა. ორიოლი ნელნელა უნდა შეაჩვიონ ძირითად გუნდს რადგან ამჟამად მის პოზიციაზე სამი ფეხბურთელი გვყვავს-სერხიო, რაკიტიჩი და პაუ
    [?]
    #3 12 ივნისი 2018 18:57
    0
    ციტატა: SHOTAMESSI10
    ორიოლ ბუსკეტსი სერხიო ბუსკეტსის ძმა არის?

    Araa saerto araferi aqvt gvaris garda
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 12 ივნისი 2018 17:36
    0
    ორიოლ ბუსკეტსი სერხიო ბუსკეტსის ძმა არის?
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #1 12 ივნისი 2018 16:13
    0
    ციტატა: azulgerana
    რა დაემართა ალენიას კონკრეტულად გაასაჯაროვა ექიმმა?

    ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და ფინეთში გაიკეთა ოპერაცია რამდენადაც ვიცი