რა შემთხვევაში გავა ან ვერ გავა "ბარსელონა" ჯგუფიდან?
დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, ტურინში, "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. როგორც იცით, D ჯგუფში მდგომარეობა შემდეგნაირია: "ბარსა" პირველ ადგილს იკავებს და 10 ქულა აქვს, შემდეგ მოდის "იუვენტუსი" 7 ქულით, ლისაბონის "სპორტინგი" 4 ქულით მე-3 ადგილზეა, ბოლო პოზიციაზე კი "ოლიმპიაკოსია", რომელსაც ერთადერთი ქულა აქვს. დიდი ალბათობით, კატალონიელებს ჯგუფიდან გასასვლელად დიდი წვალება არ უნდა დასჭირდეთ, მაგრამ განაღდებული ჯერ კიდევ არაფერია. საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება დღევანდელ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს.
თუ "ბარსელონა" მოიგებს ან ფრედ ითამაშებს:
გამარჯვების მოპოვების ან ფრის შემთხვევაში "ბარსა" დღესვე გაინაღდებს პლეი-ოფის საგზურს, თანაც პირველი ადგილით.
თუ "ბარსელონა" წააგებს:
დამარცხების შემთხვევაში კატალონიელებს მაინც აქვთ ჯგუფის ლიდერობის შანსი, ასევე შეუძლიათ მეორე ადგილის, ან სულაც მესამე ადგილის დაკავება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. აქ მნიშვნელობა ექნება პარალელური შეხვედრის ("სპორტინგი"-"ოლიმპიაკოსი") შედეგს.
თუ მატჩს "ოლიმპიაკოსი" მოიგებს, "ბარსელონას" მინიმუმ მე-2 ადგილი ექნება გარანტირებული.
თუ "სპორტინგი" გაიმარჯვებს, პორტუგალიური კლუბი ჯგუფის ორ ლიდერს წამოეწევა და მათთან მხოლოდ 3 ქულიანი სხვაობა ექნება. "ბარსა" ჯგუფიდან ვერ გავა, თუ ამასთან ერთად მე-6 ტურში "სპორტინგი" მათაც დაამარცხებს, "იუვენტუსი" კი ბერძნებს მოუგებს.
თუ მატჩი ფრედ დასრულდება, იგივე სიტუაცია შეიქმნება, როგორიც "ოლიმპიაკოსის" მოგების შემთხვევაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]