მაესტროს მე-700

მაესტროს მე-700

"ბარსელონას" ლეგენდამ, გუნდის 34 წლის ვიცე-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, კატალონიური კლუბის მაისურით მე-700 თამაში ჩაატარა. ეს "ხეტაფესთან" გამართულ შეხვედრაში მოხდა, რომელშიც ჩავი მეოდანზე 70-ე წუთზე, სესკ ფაბრეგასის ნაცვლად შევიდა.

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო თამაშის ჩატარების საშუალება მისცა. ეს 1998 წლის 18 აგვისტოს მოხდა, როდესაც კატალონიელები ესპანეთის სუპერთასზე "მალიორკას" უპირისპირდებოდნენ. იმ თამაშში ჩავიმ თავი გოლით გამოიჩინა. 2011 წელს, ჩავი "ბარსას" ისტორიაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გახდა. მან მიგელის 548-მატჩიანი რეკორდი გააუმჯობესა.

"ბარსელონას" პირველ გუნდში ჩავის 9 მწვრთნელთან მოუხდა მუშაობა. ესენი არიან ლუი ვან გაალი, ლორენსო სერა ფერერი, კარლოს რეშაკი, ტონიო დე ლა კრუსი, რადომირ ანტიჩი, ფრანკ რაიკარდი, პეპ გუარდიოლა, ტიტო ვილანოვა და ტატა მარტინო. "ბარსას" პირველი გუნდის მაისურით მან მოედანზე სულ 54.726 წუთი დაჰყო.

ჩავი, სეზონში, საშუალოდ, 44 თამაშს ატარებს. ის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი 2006-07, 2007-08 და 2008-09 წლების სეზონებში იყო. სამივე შემთხვევაში მან 54 თამაში ჩაატარა. 2005-06 წლების სეზონში, მუხლის ტრავმის გამო, ჩავი მოედანზე მხოლოდ 22-ჯერ ვიხილეთ.

ჩავი ყველაზე ხშირად, ბუნებრივია, ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს. ამ ტურნირზე მას 459 მატჩი დაუგროვდა. 156-ჯერ მან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, 63-ჯერ ესპანეთის თასზე, 14-ჯერ ქვეყნის სუპერთასზე, 5-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 3-ჯერ ევროპის სუპერთასზე.

ჩავი მხოლოდ ხშირად თამაშით არ გამოირჩევა, ის ბევრ ტიტულსაც იგებს. "ბარსელონასთან" ერთად ის 22 გუნდურ ჯილდოს დაეუფლა. ესენია: 7 ლა ლიგა, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 6 ესპანეთის სუპერთასი, 2 ევროპის სუპერთასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ის მაისური, რომლითაც ჩავიმ თავისი მე-700 მატჩი ჩაატარა, კატალონიელმა ნახევარმცველმა კლუბის მუზეუმს აჩუქა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.