არის, ასრულდა ოცნება!

არის, ასრულდა ოცნება!

ასე და ამგვარად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მტკიცედ გადაწყვიტა მომავალი მუნდიალისთვის ისეთი რამის მოფიქრება, რომ სმაჯების მიერ დაშვებული შეცდომები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ნათელი მომავლისთვის მსოფლიო ფეხბურთის მამებმა ორი პარალელური გზა აირჩიეს.

პირველი, ჩვენთვის უკვე ჩვეული, არბიტრების დამატება. ფიფა-ს ჩინოვნიკებს მგონი მოეწონათ მათი ევროპის ასოციაციელი კოლეგების გამოცდილება - როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის მატჩებზე ორი დამატებითი რეფერი კარის უკან იდგა. ეს სიახლე ამიერიდან უფრო ფართო მასშტაბებით დაინერგება. ეს პუნქტი, ჯერჯერობით, უკომენტაროდ დავტოვოთ.

თუმცა, უკვე ბევრი თვლის, რომ დამეტებითი არბიტრები სწორი მსაჯობის გარანტები ვერ გახდებიან. იმავე ევროპა ლიგაში "ადამიანები შავებში" ისევე ცდებიან, როგორ აქამდე ცდებოდნენ - თამაშგარე მდგომარეობებიც ეპარებათ და საჯარიმოში მომხდარი დარღვევებიც.

სხვა საქმეა, რომ ფიფა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ ერთი სიახლის დანერგვა აქვს გადაწყვეტილი, რომელიც იმაზე ბევრად მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე ლოზუნგი "ბევრი მსაჯები, კარგები და განსხვავებულები!"

საუბარი, სისტემა Hawk-Eye-ზეა, რომელიც ქართულად "ქორის თვალს" ნიშნავს. სწორედ ამ გამოგონებით აპირებს ფიფა ყველაზე საკამათო ეპიზოდების გარჩევას, რათა ისეთი კაზუსები იქნას თავიდან აცილებული, როგორიც გერმანია-ინგლისის მატჩში მოხდა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სისტემა "ქორის თვალი" მსაჯების მიერ დაშვებულ ყველა შეცდომას ვერ უწამლებს. ეს სიახლე მხოლოდ იმ ტიპის საკამათო ეპიზოდების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, როგორიც ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთა-არგადაკვეთაა. ოფსაიდებსა და სხვა თავსატეხებზე საუბარი ჯერ არ მიდის.

რას წარმოადგენს ეს სისტემა? "ქორის თვალი" ახალი ათასწლეულის დასაწყისში ბრიტანული კომპანია Roke Manor Research Limited-ის მიერ იქნა შემუშავებული და ფართოდ გამოიყენება სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ჩოგბურთი და კრიკეტი.

ეს სისტემა, პირველ რიგში სწორედ სპორტის ამ ორი სახეობისთვის შეიქმნა. მისი მოქმედების პრიციპი შემდეგში მდგომარეობს: დაკვირვების ზედაპირის გარშემო (ჩოგბურთში კორტი, ფეხბურთში კარისწინა მოედანი იქნება) რამდენიმე ციფრული კამერა მონტაჟდება (ჩოგბურთში მინიმუმ 10-ია). ისინი ცენტრალურ კომპიუტერს ორგანზომილებიან გამოსახულებას გადასცემენ.
სპეციალური პროგრამა მიღებული ინფორმაციის სინთეზს ახდენს, აწარმოებს რა ბურთის სამგანზომილებიანი ტრაექტორიის მოდულირებას. განისაზღვრება დაკვირვების ზედაპირთან ბურთის კონტაქტის ადგილი, გაითვალისწინება ბურთის დეფორმაცია და სისტემა იღებს გადაწყვეტილებას, დაეცა თუ არა ბურთი ხაზზე თუ ხაზს იქეთ.

თითქოს, ყველაფერი მარტივია, მაგრამ ამავდროულად რთულიც. ეს მოწყობილობა საკმაოდ ძვირადღირებულია და როგორც ჩანს, ფიფას, "თანასწორობის პრინციპის", დარღვევა მოუწევს. თუმცა, როგორც ხვდებით, "ქორის თვალის" გამოყენება, ჯერჯერობით, მხოლოდ მუნდიალზე იგეგმება.

რა ნაკლოვანებები აქვს ამ სისტემას? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ქორის თვალი" ყველა საკამთო ეპიზოდს ვერ გადაჭრის. მაგალითად, როზეტისა და მისი თანაშემწეს, აიროლდის სულელურ გადაწყვეტილებას, "ქორის თვალიც" კი ვერ შეცვლიდა - ეს სიახლე ოფსაიდებზე არ აგებს პასუხს.

და რაც ყველაზე მთავარია, Hawk-Eye უცოდველი კრავი ნამდვილად არ არის, რის უარყოფასაც მისი შემქმნელები ხმალამოღებულნი ცდილობენ. მაგალითად, ჩოგბურთში მთელ რიგ მოთამაშეებს პროფკავშირებში საჩივრის შეტანა აქვთ გადაწყვეტილი, რათა "ქორის თვალის" გაუქმებას მიაღწიონ.

თუმცა, ფეხბურთში ამ სისტემას კრიტიკოსები ალბათ ნაკლებად გამოუჩნდებიან, რადგან სხვა თუ არაფერი, ჩოგბურთისგან განსხვავებით, აქ "შრომის იარაღი" ბევრად დიდი მოცულობისაა.

ჩოგბურთის ბურთის დიამეტრი 65-68 მმ-ია, ფეხბურთის ბურთისა კი ბევრად მეტია და შესაბამისად, მისი დაცემის წერტილის განსაზღვრა იოლი იქნება.

როგორც კი არ უნდა დასრულდეს სპორტის ნომერ პირველ სახეობაში "ქორის თვალის" დანერგვა, მხოლოდ ის ფაქტია გასახარი, რომ ფიფა-მ ამ საკითხზე ყურები შეიბერტყა.

საკამათო ეპიზოდების სწორად გაშიფვრაში, ახალი ტექნოლოგიები მსაჯებს უდავოდ დაეხმარება და რადგან ფიფა მზადაა მათ დასანერგად, ეს უკვე მისასალმებელი ფაქტია. დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხბურთი ვითარდება და უფრო სწრაფი ხდება, ხოლო არბიტრები, როგორებიც იყვნენ, ისეთებად დარჩნენ. მათაც აუცილებლად სჭირდებათ დახმარება!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.