ვილია ოქროს ბუცს უმიზნებს, კლოზე რონალდოს რეკორდს

  • 6-07-2010, 03:28
  • ვილია ოქროს ბუცს უმიზნებს, კლოზე რონალდოს რეკორდს

    მსოფლიო ჩემპიონატზე მოვლენები ძალიან დრამატულად ვითარდება და მრავალი სასიამოვნო სიურპრიზის და იმედგაცრუების მომსწრენი გავხდით ამ რამდენიმე კვირის მანძილზე. დაუვიწყარი სანახაობა გამოდგა ტრადიციულ მეტოქეთა ბრძოლები რამაც ბევრი გააკვირვა, ბევრი გაახარა, ბევრს კი დღესაც მწარედ ახსოვს მისი საყვარელი გუნდის ფეხბურთელთა ცრემლიანი თვალები.
    გარდა იმისა, რომ მრავალი ფავორიტი ტურნირს უკვე გამოეთიშა ნახევარფინალში მხოლოდ ოთხმა საუკეთესო გუნდმა, სრულიად დამსახურებულად გააღწია და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ გველის.
    ფეხბურთის ყველა ქომაგს აინტერესებს, თუ როგორ წარიმართება ორი "გოლეადორის" დავიდ ვილიასა და მიროსლავ კლოზეს დაპირისპირება ნახევარფინალურ მატჩში გერმანიასა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, რომელიც 7 ივლისს გაიმართება ქალაქ დურბანის ''მოსეს მაბჰიდა სთედიუმზე''.
    შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს დიდი შანსი აქვს, რომ ოქროს ბუცს დაეუფლოს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა თომას მიულერი და უესლი სნეიდერი რომლებსაც შეუძლიათ ვილიასა და კლოზეს კონკურენცია გაუწიონ.
    ესპანეთის ნაკრების შვეიცარიასთან სენსაციური მარცხის შემდეგ სწორედ ვილიამ ითავა გუნდის ლიდერობა და მისი გატანილი გოლების წყალობით ესპანეთმა არამარტო ჯგუფური ეტაპი, არამედ მერვედფინალი და მეოთხედფინალი მოიგო. 28 წლის ასტურიელს ნაკრების მაისურით 63 მატჩი აქვს ჩატარებული და 43 გოლი
    აქვს გატანილი. ის ოქროს ბუცის მოგებასთან ერთად ძალიან ახლოსაა რაულის რეკორდის გაუმჯობესებასაც, ლეგენდარულ ''რეალელს'' 44 გოლი აქვს ნაკრების მაისურით გატანილი და ეს რიცხვი სარეკორდოა. რეკორდსმენობამდე ''ელ გუახეს'' მხოლოდ ერთი გოლი აშორებს. დასანანია, რომ ვერცერთ მატჩში ფერნანდო ტორესმა მხარი ვერ აუბა და ესპანეთის მცირე რაოდენობის გოლები სწორედ ამას უნდა დავაბრალოთ.
    ''ბარსელონას'' უკანასკნელმა შენაძენმა უკვე მოხსნა ერთი რეკორდი ეროვნული ნაკრების მაისურით, გაიტანა რა 8 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე, ამ მაჩვენებლით მან უკან ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდები როგორებიცაა: ემილიო ბუტრაგენიო, ფერნანდო იერო, ფერნანდო მორიენტესი და რაული.

    თავად დავიდ ვილიას განცხადებით მისთვის მთავარი გუნდის გამარჯვებაა: "არ აქვს მნიშვნელობა მე გავხდები თუ არა ბომბარდირი, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია გუნდური წარმატება."
    მისი მომავალი კონკურენტი მიროსლავ კლოზე კი მას ასე ახასიათებს: "ის სუპერკლასის ფეხბურთელია, მას მთელი კარიერის მანძილზე ვადევნებ თვალყურს და მან დაამტკიცა, რომ უდიდესი ტალანტის პატრონია. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ვილია გადავიდა "ბარსელონაში", კლუბში სადაც ყველა ოცნება ხდება."

    თავად მიროსლავ კლოზეს კი, სულ ცოტა აშორებს მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ადგილის დამკვიდრებამდე. მან უკვე მოახერხა 14 გოლის გატანა მსოფლიო ჩემპიონატებზე და მხოლოდ ერთი გოლი აშორებს ბრაზილიელი რონალდოს რეკორდის გამეორებისაგან. ის უკვე 32 წლისაა და სავარაუდოდ შემდეგ ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ასე, რომ ესპანეთთან გასამართი შეხვედრა ორმაგ მნიშვნელობას იძენს წარმოშობით პოლონელი კლოზესათვის.


    soccerway.com

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge