ვალდესის მე-500 თამაში

ვალდესის მე-500 თამაში

"ბარსელონას" კარის დარაჯს, ვიქტორ ვალდესს, კატალონიური კლუბის მაისურით, 500 მატჩი დაუგროვდა. 31 წლის ფეხბურთელი მხოლოდ ჩავის, პუიოლსა და მიგელის ჩამორჩება.

"ბარსელონას" პირველ გუნდში 500 თამაშის ჩატარება ვალდესმა 11 სეზონში მოახერხა. ამ 11 წლის განმავლობაში, მან 20 ტიტული მოიგო.

ვალდესს 360 თამაში დაუგროვდა ესპანეთის ჩემპიონატში, 104 ჩემპიონთა ლიგაზე, 12 ესპანეთის თასზე, 5 უეფას თასზე, 10 ესპანეთის სუპერთასზე, 3 ევროპის სუპერთასზე და 6 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

ვალდესის დებიუტი 2002 წელს შედგა. მას შემდეგ ჩატარებული მატჩების მიხედვით, ის "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. ვიქტორმა ანდონი სუბისარეტას რეკორდი (410 თამაში) დაამხო.

"ბარსელონას" პირველ გუნდში თამაშის დროს, ვალდესმა 2 მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა. მან კარის მშრალად შენახვა ზედიზედ 896 წუთის განმავლობაში მოახერხა, ხოლო სამორას ჯილდო (გადაეცემა ლა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე ნაკლების გოლის გამშვებ მეკარეს) 5-ჯერ მოიგო (4-ჯერ ზედიზედ).

ჩატარებულ 500 თამაშში ვალდესმა 416 გოლი გაუშვა (საშუალოდ მატჩში 0.83). მისი საუკეთესო სეზონი 2010-11 წლების სეზონი იყო, როდესაც ის მატჩში საშუალოდ 0.57 ბურთს უშვებდა.

"ბარსელონაში" თამაშის დროს, ვიქტორ ვალდესმა 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ორ-ორჯერ ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.