FIFA "ბარსას" ახალგაზრდა ფეხბურთელებს დისკვალიფიკაციას არ მოუხსნის

FIFA "ბარსას" ახალგაზრდა ფეხბურთელებს დისკვალიფიკაციას არ მოუხსნის

FIFA-ს პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო "ბარსელონას" 6 ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას არ აპირებს და ეს მოთამაშეები, სეზონის ბოლომდე, ფეხბურთის თამაშს ვერ შესძლებენ.

ცოტა ხნის წინათ, FIFA-მ "ბარსელონა" ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერების წესების დარღვევაში ამხილა და კატალონიელთა 6 ფეხბურთელს (კორეელები პაიკ სეუნ-ჰო, ლი სეუნ-ვუ და იან გიეოლე, ფრანგი ტეო შენდრი, ნიგერიელ-ჰოლანდიელი ბობი ადეკანიე და კამერუნელი პატრიკ სოუზა) "ბარსას" მაისურით თამაშის უფლება ჩამოართვა.

საქმე ისაა, რომ FIFA ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერებს მხოლოდ 3 შემთხვევაში უშვებს: თუ ფეხბურთელის მშობლებმა საცხოვრებელი ადგილი არასაფეხბურთო მიზეზით შეიცვალეს; თუ გადაადგილება ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე და ფეხბურთელს უკვე შეუსრულდა 16 წელი; ან თუ ფეხბურთელის საცხოვრებელი სახლი მაქსიმუმ 50 კილომეტრითაა დაშორებული იმ ქვეყანას, რომელშიც ის სათამაშოდ მიდის.

იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" მიერ 6 ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ზ/აღნიშნულ წესს არღვევდა, FIFA-მ ამ მოთამაშეებს დისკვალიფიკაცია მისცა.

"ბარსელონას" საკითხს შევისწავლით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატების წესები ყველასთვის ცნობილია. ფეხბურთის პოპულარიზაცია გარკვეული საფრთხის შემცველიცაა. სპორტის ამ სახეობის ფინანსურად გაძლიერება, სამწუხაროდ, საერთაშორისო მაფიოზური დაჯგუფებების ინტერესსაც იწვევს." - აცხადებს FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.