"რეგალ ბარსელონა" ფინალში "კახა ლაბორალს" დაუპირისპირდება

"რეგალ ბარსელონა" ფინალში "კახა ლაბორალს" დაუპირისპირდება

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში " რეგალ ბარსელონა" "კახა ლაბორალს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალიდან გათამაშებას მადრიდის "რეალი" გამოთიშა. როდესაც "ბარსელონას" კალათბურთელებმა ფინალის საგზური მოიპოვეს, "კახა ლაბორალი" ნახევარფინალურ სერიას ანგარიშით 2:0 იგებდა და ფინალში გასასვლელად ერთი მოგებაღა აკლდა, მაგრამ მადრიდში ზედიზედ ორჯერ წააგო და წარმატების მისაღწევად, სერიის ბოლო მატჩში, საკუთარ კედლებში მოგება დასჭრდა.

ამრიგად, ფინალურ სერიაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები, რომლებმაც რეგულარული სეზონის დროს, ცხრილის პირველი ორი ადგილი დაიკავეს.

მიმდინარე გათამაშებაში, "რეგალ ბარსელონა" და "კახა ლაბორალი" ერთმანეთს ორჯერ უკვე შეხვდნენ. რეგულარულ სეზონში კატალონიელებმა ორივე მატჩი მოიგეს - შინ 100:72 და გასვლაზე 86:79.

გასულ სეზონში, როდესაც ბასკური კლუბი "ტაუ კერამიკას" სახელით ასპარეზობდა, "რეგალ ბარსელონას" იგი 13-ჯერ დაუპირისპირდა. მათ შორის 4-ჯერ სწორედ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში. ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში ბასკებმა კატალონიელებს ორივე თამაში მოუგეს (შინ 83:79 და გასვლაზე 74:70). სწორედ ტაუ კერამიკამ გამოაგდო "ბარსელონა" ესპანეთის თასის ნახევარფინალიდან. ის მატჩში კატალონიელებმა შინ 77:90 წააგეს. ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლაშიც ბასკები უკეთ გაისარჯნენ და 73:70 იმარჯვეს. სამაგიეროდ, "რეგალ ბარსელონა" უფრო ძლიერი აღმოჩნდა ევროლიგაზე. ტურნირის 1/4 ფინალში კატალონიელებმა ბასკები საერთო ჯამში 3:2 (75:84, 85:62, 62:69, 84:63, 78:62) დაამარცხეს. და რაც ყველაზე მთავარია, ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაშიც კატალონიელებმა იმარჯვეს ანგარიშით 3:1 (82:80, 67:75, 85:67, 90:77). იმედი ვიქონიოთ, ხავიერ პასკუალის შეგირდები მეტოქეს ამჯერადაც დაამარცხებენ და ზედიზედ მეორედ, ხოლო ისტორიაში მეცამეტედ გახდებიან ACB ლიგის გამარჯვებულები და ამ მხრივ პირველობას კიდევ უფრო გაიმყარებენ. აღსანიშნავია, რომ თუ "რეგალ ბარსელონა" ჩემპიონი გახდა, მაშინ გუნდი ისტორიაში მეორედ მოიგებს სეზონში სამივე ტიტულს. პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ასეთი რამ 2003 წელს მოხდა.

ფინალური სერიის პირველი ორი მატჩი ბარსელონაში, 10 სა 12 ივნისს გაიმართება. მესამე შეხვედრას ვიტორიაგასტეიზი უმასპინძლებს. საჭიროების შემთხვევაში, ბასკეთში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება და თუ საბოლოო გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა, გადამწყვეტი მატჩი კვლავ ბარსელონაში, "პალაუ ბლაუგრანაზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.