ტომას ვერმალენი

ტომას ვერმალენი

ტომას ვერმალენი კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი 2014 წლის 9 აგვისტროს გახდა. ბელგიელი ფეხბურთელი გუნდში ლონდონის "არსენალიდან" გადმობარგდა, როგორც გამოცდილი ცენტრალური მცველი, რომელიც დაჯილდოებულია ლიდერის თვისებებით.

ვერმალენი ამსტერდამის "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია, რომელსაც იგი 15 წლის ასაკში შეუერთდა. ჰოლანდიური კლუბის პირველ გუნდში მისი დებიუტი 2004 წელს შედგა, იგი 2004/2005 წლების სეზონში "ვალვეიკში" გაანათხოვრეს, შემდეგ ამსტერდამულ კლუბში დაბრუნდა და ჰოლანდიის ჩემპიონატი (2003/04), ჰოლანდიის თასი (2005/06, 2006/07) და ჰოლანდიის სუპერ თასი (2006, 2007) მოიგო. მანამ, სანამ ვერმალენს 2009 წლის ზაფხულში არსენ ვენგერი "არსენალში" გადაიბირებდა, 2008/2009 სეზონში ის "აიაქსის" კაპიტანი გახდა.

მისი დებიუტი ინგლისის პრემიერ ლიგაში მერსესაიდული "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩში შედგა და ბელგიელმა კარგი თამაშით უამრავი გულშემატკივარი გააკვირვა. "მეთოფეთა" რიგებში ჩატარებულ პირველ სეზონში ვერმალენმა 45 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.

მომდევნო სეზონში ბელგიელ ფეხბურთელს ტრავმები აწუხებდა, თუმცა ამას მისი კაპიტნობისთვის ხელი არ შეუშლია. მას შემდეგ, რაც რობინ ვან პერსი 2012 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, კაპიტნის სამკლავური სწორედ ვერმალენმა მოირგო. "არსენალში" გატარებულ უკანასკნელ სეზონში ტომასმა ინგლისის ასოციაციის თასის ტიტული აღმართა.

ვერმალენის დებიუტი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში 2006 წლის მარტში, სულ რაღაც 20 წლის ასაკში შედგა. "ბარსელონაში" გადასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ვერმალენმა ბრაზილიაში გამართულ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და ბელგიის ნაკრების ღირსება დაიცვა. იგი გუნდს ტურნირის 1/4 ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ხანგრძლივი ტრავმის გამო ვერმალენი კარგა ხანს ვერ ახერხებდა "ბარსელონაში" სადებიუტი შეხვედრის ჩატარებას, თუმცა, როგორც იქნა, "დეპორტივოსთან" მატჩში მისი დებიუტი შედგა. "კამპ ნოუზე" მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა, ბელგიელმა მცველმა მწვანე მინდორზე 66 წუთი დაჰყო. მან 2016/2017 წლების სეზონი იჯარის წესით იტალიურ "რომაში" გაატარა და გუნდს 2017 წლის ზაფხულში დაუბრუნდა.

თვისებები

"აიაქსის" აკადებიის აღზრდილი ტომას ვერმალენი პოზიციის ცენტრალური მცველია. მას ძალიან კარგად ეხერხება ბურთის კონტროლი. ის ტაქტიკურად გონიერი და ვარდნებში ძლიერი ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი თამაშს შესანიშნავად კითხულობს და ეს მისი ერთ-ერთი მთავარი კოზირია. მისი საყვარელი პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. იგი ნამდვილი ლიდერია და "არსენალში" თამაშისას გამოცდილ მცველადაც ჩამოყალიბდა.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (4): 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19

ესპანეთის თასი (3): 2014/15, 2015/16, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19

ჩემპიონთა ლიგა: 2014/15

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

არსენალი

ინგლისის ასოციაციის თასი: 2013/14

აიაქსი

ჰოლანდიის ჩემპიონატი: 2003/04

ჰოლანდიის თასი: 2005/06, 2006/07

ჰოლანდიის სუპერ თასი: 2006, 2007