ერნესტო ვალვერდე


სახელი: ერნესტო ვალვერდე ტეხედორი

პოზიცია: მთავარი მწვრთნელი

დაბ. ადგილი: ვიანდერ დე ლა ვერა

დაბ. თარიღი: 09.02.1964

 

ერნესტო ვალვერდე არის სპეციალისტი, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის უნარი აქვს. ის არის მწვრთნელი, რომელიც უპირატესობას შემტევ, ბურთის ფლობაზე დამყარებულ ფეხბურთს ანიჭებს.

ერნესტო ვალვერდე 1964 წლის 9 თებერვალს, ესპანეთის სოფელ ვიანდარ დე ლა ვერაში დაიბადა. როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ვიტორიაში გადავიდა, სადაც ვალვერდემ ფეხბურთის თამაში ადგილობრივ გუნდში დაიწყო, სანამ "ალავესს" შეუერთდებოდა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ვალვერდემ "ბარსელონაშიც" ითამაშა, როდესაც კატალონიურ კლუბს ლეგენდარული იოჰან კრუიფი წვრთნიდა. 1988-1990 წლებში, "ბარსელონასთან" ერთად, მან თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის თასი მოიგო.

ვალვერდემ მწვრთნელობა "ბილბაოს" 16-წლამდელთა გუნდში დაიწყო. 2003 წელს კი, მას ბასკური კლუბის პირველი გუნდი ჩააბარეს, რომელსაც ვალვერდე 2005 წლამდე წვრთნიდა.

შემდეგ იყო "ესპანიოლი" და "ოლიმპიაკოსი". ბერძნულ კლუბთან ერთად ერნესტომ ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ამის შემდეგ ვალვერდე ესპანეთში დაბრუნდა, სადაც მან მუშაობა "ვილიარეალში" დაიწყო. თუმცა, ამჯერად, საქმე კარგად არ წავიდა და მას თანამდებობა სეზონის შუაში დაატოვებინეს.

ესპანეთიდან ვალვერდე "ოლიმპიაკოსში" დაბრუნდა, სადაც ჯერ ჩემპიონატი, შემდეგ კი ჩემპიონატი და თასი მოიგო.

ვალვერდე ესპანეთში 2012 წელს დაბრუნდა და ჯერ "ვალენსია" ჩაიბარა, შემდეგ კი, სათავეში კვლავ "ბილბაოს" ჩაუდგა. 2015/16 წლების სეზონის დასაწყისში, ვალვერდემ "ბილბაოს" 31-წლიანი უტიტულო სერია დაასრულა - მისმა გუნდმა, ესპანეთის სუპერ თასზე, "ბარსელონა" 2 მატჩის ჯამში 5:1 გაანადგურა.

2017 წლის 1 ივნისს, ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

 


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.