ივან რაკიტიჩი


ივან რაკიტიჩი

ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. რაკიტიჩი, რომელსაც ხორვატი მშობლები ჰყავს, შვეიცარიაში, რაინფელდენის კანტონში 1988 წლის 10 მარტს დაიბადა. ის როგორც შვეიცარიის, ასევე ხორვატიის მოქალაქეა.

რაკიტიჩი, რომელმაც ბავშვობა შვეიცარიაში გაატარა, მამისა და ძმის კვალს გაჰყვა და ფეხბურთის თამაში დაიწყო. ის "ბაზელის" აკადემიაში ჩაირიცხა. შვეიცარული კლუბის მაისურით დებიუტი მას 2005 წლის 29 სექტემბერს, უფას თასზე, "ბრიეგის" წინააღმდეგ ჰქონდა. იმ დროს, ის მხოლოდ 17 წლის იყო. 2006-07 წლების სეზონში რაკიტიჩმა ადგილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა. იმ სეზონში რაკიტიჩმა შვეიცარიის თასი მოიგო, ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა და გათამაშების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.

შვეიცარიაში ჩატარებული წარმატებული სეზონი უყურადღებოდ არ დარჩენილა და 2007 წელს რაკიტიჩი გერმანულ "შალკეში" გადავიდა. ბუნდესლიგის სადებიუტი მატჩში, "შტუტგარტის" კარში, მან გოლი გაიტანა. ივანმა "შალკეში" სამნახევარი წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 135 თამაშში მან 17 გოლი გაიტანა, 2009-10 წლების სეზონში კი, მისი გუნდი ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე გავიდა.

2011 წლის იანვარში, რაკიტიჩი "სევილიაში" გადავიდა. ლა ლიგაში დებიუტი მას 2011 წლის 6 თებარვალს, "მალაგას" წინააღმდეგ ჰქონდა. ანდალუსიაში გადასვლის შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელმა მწვრთნელების ნდობა დაიმსახურა და ნახევარდაცვის ლიდერობა იტვირთა. 2013-14 წლების სეზონში რაკიტიჩი "სევილიას" კაპიტანი გახდა. იმ სეზონში, სევილიელებმა ევროპის ლიგა მოიგეს, ხოლო რაკიტიჩი ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "სევილიაში" გატარებული სამნახევარი წლის განმავლობაში, ხორვატმა 145 თამაში ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

"ბარსელონაში" გატარებულ პირველ სეზონში რაკიტიჩმა მონაწილეობა 50 შეხვედრაში მიიღო, აქედან 32-ჯერ მან ლა ლიგაში ითამაშა, 12-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და 6-ჯერ ესპანეთის თასზე. ხორვატი ნახევარმცველის ანგარიშზე 8 გოლია. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი მან 2015 წლის 6 ივნისს, "იუვენტუსთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. შედეგად, "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეხუთედ მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ რაკიტიჩი შვეიცარიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, მან ხორვატიის ეროვნული ნაკრები აირჩია. ქვეყნის პირველ გუნდში დებიუტი მას 2007 წლის 8 სექტემბერს, 19 წლის ასაკში ჰქონდა. ის ნაკრების შეუცვლელ წევრად იქცა. რაკიტიჩმა ევროპის ორ (2008, 2012) და მსოფლიოს ერთ (2014) ჩემპიონატზე ითამაშა.

თვისებები

ივან რაკიტიჩი მრავალმხრივი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველია. ის შემტევი ფეხბურთელია, მაგრამ როცა გუნდს ჭირდება, უარს არც დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე ამბობს. რაკიტიჩს მოედნის კარგი ხედვა და შესანიშნავი პასი აქვს. კარიერის განმავლობაში მან ბრწყინვალე ასისტენტის სახელი მოიპოვა. რაკიტიჩს ასევე აქვს ძლიერი დარტყმა. მისი თვისებების წყალობით, ხორვატმა ფეხბურთელმა, ესპანეთში გადმოსვლის შემდეგ, გოლების გატანას უმატა.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი (3): 2014/15, 2015/16, 2016/17

ესპანეთის სუპერ თასი: 2016/17

ჩემპიონთა ლიგა: 2014/15

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

სევილია

ევროპის ლიგა: 2013/14

ბაზელი

შვეიცარიის თასი: 2006/07 


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.