რაფინია ალკანტარა


რაფინია

ძმებ ალკანტარებს შორის უმცროსი 1993 წლის 12 მარტს, ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში დაიბადა. ამის მიუხედავად, ის ესპანეთის მოქალაქეა. ყოფილი ფეხბურთელის, მაზინიოს შვილი რაფინია ალკანტარა ესპანეთში ადრეულ ასაკში გადავიდა, რადგან მისი მამა "ვალენსიაში", "სელტასა" და "ელჩეში" თამაშობდა. 2006 წელს, 13 წლის ასაკში, ის "ბარსელონას" აკადემიას შეუერთდა, სადაც მისი ძმა ტიაგო უკვე ირიცხებოდა.

რაფინია შემტევი ნახევარმცველია, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ძალიან სახიფათოა. მიუხედავად იმისა, რომ რაფინია ბევრი გოლის გატანით არაა ცნობილი, "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში გამოსვლის დროს, მას რეგულარულად გაჰქონდა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა. რაფინიამ ესპანეთის 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, მაგრამ სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ის ბრაზილიის სახელით გამოვიდა.

2010/11 წლების სეზონში, რაფინიამ როგორც "ჟუვენილ ა"-ში, ასევე "ჟუვენილ ბ"-ში ითამაშა. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, მას "ბარსა ბ"-ში დებიუტი "მინიესტადიზე", "ჟირონას" წინააღმდეგ ჰქონდა. მას შემდეგ, ის ლუის ენრიკეს გუნდის შეუცვლელი წევრი იყო იმის მიუხედავად, რომ ასაკით "ჟუვენილ ა"-ს შეესაბამებოდა.

"ბარსა ბ"-ში გამოსვლის დროს, რაფინიას პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ეს 2011 წლის 10 ნოემბერს, ესპანეთის თასზე, "ოსპიტალეტის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა. ერთი თვის შემდეგ, 6 დეკემბერს, რაფინიამ თავის ძმასთან, ტიაგოსთან ერთად ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე, ბატე-სთან გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც "ბარსამ" 4:0 მოიგო.

სანამ გაანათხოვრებდნენ, რაფინიამ პირველი გუნდის მაისურით, ოფიციალურ მატჩში, 4-ჯერ ითამაშა. აქედან 3 თამაში 2011/12 წლების სეზონში გაიმართა. 2012/13 წლების სეზონის შემდეგ, რაფინია ალკანტარა არენდით "სელტაში" გაუშვეს. ამ გუნდში, წარსულში, მამამისიც თამაშობდა. ვიგოში რაფინიას კვლავ ლუის ენრიკე წვრთნიდა.

"სელტაში" გამოსვლის დროს, რაფინიამ მოედნის ცენტრში თავისი თვისებები წარმოაჩინა. ის ლუის ენრიკეს ტაქტიკური სქემის საკვანძო ფეხბურთელი იყო. რაფინიამ 32-ჯერ ითამაშა, აქედან 27-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. თებერვალში რაფინია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"სელტადან" დაბრუნების შემდეგ, რაფინია "ბარსელონას" პირველ გუნდში დაწინაურდა. ეს 2014/15 წლების სეზონში მოხდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მონაწილეობა ლა ლიგის 24 მატჩში მიიღო და 1 გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგისა და ესპაენთის თასის 6-6 შეხვედრაში.

თვისებები

ძლიერი მარცხენა ფეხის მქონე რაფინია ალკანტარას შეტევაში სიღრმიდან ჩართვა შეუძლია. მას თამაშის კონტროლი და მისი რითმის წარმართვა ეხერხება. ბოლო წლების განმავლობაში, რაფინია რეგულარულად აკეთებდა შედეგიან გადაცემებს და იმის მიუხედავად, რომ მას ბევრი გოლი არ გაჰქონდა, მეტოქის საჯარიმოში ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 

მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი (3): 2014/15, 2015/16, 2016/17

ესპანეთის სუპერ თასი: 2016/17

ჩემპიონთა ლიგა: 2014/15

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

ბრაზილიის ნაკრები

ოლიმპიადა: 2016


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.