ხავიერ მასკერანო

ხავიერ მასკერანო

ხავიერ მასკერანო 1984 წლის 8 ივნისს, სან-ლორენცოში დაიბადა. მან ფეხბურთში "საფეხურებიც" მშობლიურ ქვეყანაში გაიარა. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 19 წლისამ დაიწყო, როდესაც 2003 წელს "რივერ პლეიტში" ჩაირიცხა. მან რივერში 2 წელი დაჰყო. გუნდთან ერთად "კლაუსარას" მოგება შეძლო, ხოლო შემდეგ ბრაზილიურ "კორინთიანსში" გადაბარგდა 2005 წელს. მან ბრაზილიის ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ 17 მატჩი ჩააატარა. აღსანიშნავია, ისიც, რომ მან მაინც შეძლო ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონატის მოგება. შემდეგ ევროპაში დაიმკვიდრა ადგილი, კერძოდ "ვესტ–ჰემში". შემდეგ უკვე ერთი წლის თავზე თავი "ლივერპულში" "ამოჰყო" (2007 წ.). "ბარსელონაში" გადასვლამდე მასკერანოს ევროპული კარიერა არცთუ წარმატებული იყო, რადგან მას ტიტული არ მოუგია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მან ბოლო წლების განმავლობაში "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" ფეხბურთელი 2010 წლის 30 აგვისტოს გახდა, როდესაც მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელის დებიუტი 11 სექტემბერს, "ერკულესთან" "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში შედგა, რომელიც "ბარსამ" 0:2 წააგო.

მასკერანო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სათამაშოდ დაიმატეს. თანაგუნდელების ხშირი ტრავმიანობის გამო, არგენტინელი, პირველივე სეზონში, დახმარე ფეხბურთელიდან სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად გადაიქცა. თავდაპირველად ის სერხიო ბუსკეტსის ალტერნატივა იყო ნახევარდაცვაში, მაგრამ პუიოლის, მილიტოსა და აბიდალის ტრავმების გამო, მან დაცვის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. სწორედ ამ პოზიციაზე ითამაშა მან სადებიუტო სეზონის ბოლო მატჩი, "უემბლიზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. ეს, მასკერანოსთვის, პირველი ჩემპიონთა ლიგა იყო.

2011/12 წლებში, მასკერანო ტრავირებული თანაგუნდელების დაზღვევას განაგრძობდა. ის, უმეტესად, დაცვის ცენტრში თამაშობდა. არგენტინელის დიდი წვლილია, რომ იმ სეზონში, "ბარსამ" ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო. მასკერანომ სეზონში 52 შეხვედრა ჩაატარა.

2013/13 წლების სეზონში, არგენტინელი დაცვის ცენტრში თამაშს განაგრძობდა. მან მონაწილეობა 41 შეხვედრაში მიიღო და ყველა მათგანი დაცვაში ითამაშა. სეზონის მიწურულს, პსჟ-სთან მატჩში მასკერანომ ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მომდევნო სეზონამდე აღარ უთამაშია.

2014/15 წლების სეზონი არგენტინელისთვის, "ბარსელონაში", მე-4 იყო და მას დაცვის ცენტრში ადგილი კვლავ გარანტირებული ჰქონდა. იმ სეზონში მასკერანომ 46 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო "ესპანიოლთან" "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება, მისთვის, "ბარსელონას" მაისურით გამართული 150-ე შეხვედრა იყო.

მასკერანო და ჟერარ პიკე "ბარსელონას" დაცვის ცენტრის უცვლელი წყვილის წევრები 2014/15 წლების სეზონშიც იყვნენ, როდესაც გუნდს ლუის ენრიკე წვრთნიდა. თუმცა, არგენტინელი, პერიოდულად, საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობდა. ამ სეზონში, მასკერანოს, "ბარსელონას" მაისურით, 200 თამაში დაუგროვდა. ამ შედეგს მან 2014 წლის 16 დეკემბერს, "უესკასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში მიაღწია.

ხავიერ მასკერანო ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელია, რომელსაც ოლიმპიური თამაშები 2-ჯერ აქვს მოგებული. მან ეს 2004 და 2008 წლებში გააკეთა. მეორე შემთხვევაში, მასკერანოსთან ერთად ლიონელ მესიც თამაშობდა. ეს წყვილი არგენტინის ნაკრებში ახლაც ერთადაა. მათ მსოფლიოს 2006, 2010 და 2014 წლის ჩემპიონატებზე ითამაშეს, უკანასკნელ მათგანში კი ფინალში დამარცხდნენ. მასკერანოსთვის ფინალის წაგება უცხო არაა - კოპა ამერიკაზე მან ეს 2004, 2007, 2015 და 2016 წლებში გააკეთა. 2011 წელს კი, მისი გუნდი 1/4-ფინალიდან გამოვარდა.

თვისებები

მასკერანო არის საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც "ბარსელონაში" ცენტრალურ მცვლად ჩამოყალიბდა. იგი არის საკმაოდ ხისტი და მებრძოლი ფეხბურთელი, რაც პრემიერ ლიგაში არაერთხელ დაუმტკიცებია. მას ასევე კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა და გუნდის შეტევების ორგანიზება. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია იყოს "გუნდის ხერხემალი".

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (4): 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი (4): 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17

ესპანეთის სუპერ თასი (4): 2010/11, 2011/12, 2013/14, 2016/17

ჩემპიონთა ლიგა (2): 2010/11, 2014/15

ევროპის სუპერ თასი (2): 2011/12, 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2): 2011/12, 2015/16

რივერ პლეიტი

კლაუსარა: 2003/04

კორინთიანსი

ბრაზილიის ჩემპიონატი: 2005

არგენტინის ნაკრები

ოლიმპიადა (2): 2004, 2008