ლუის სუარესი


ლუის სუარესი

ლუის ალბერტო სუარეს დიასი "ბარსელონაში" 2014 წლის ზაფხულში, როგორც "ოქროს ბუცის" მფლობელი და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი გადმოვიდა. ფეხბურთელმა, რომელიც ურუგვაის ქალაქ სალტოში დაიბადა, კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სუარესმა ფეხბურთის თამაში მონტევიდეოს გუნდ "ნასიონალში" დაიწყო, რომელშიც ის 2006 წლამდე გამოდიოდა. 2006 წელს, 19 წლის ასაკში, სუარესი ჰოლანდიურ "გრონინგენში" გადავიდა. ერთი წლის შემდეგ მან ამსტერდამის "აიაქსში" გადაინაცვლა, სადაც ურუგვაელმა მთელი სიკაშკაშით გაიბრწყინა. ის ჰოლანდიის ჩემპიონატის 2009/10 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეხმარა. მალევე, 2011 წელს, ურუგვაელმა ინგლისურ "ლივერპულს" მიაშურა.

გატანილო გოლების წყალობით სუარესმა "ლივერპულში" ადგილი იოლად დაიმკვიდრა. ინგლისში მან კარიერის ტრადიცია გააგრძელა და ყოველ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაჰქონდა. "ლივერპულში", სუარესის მაჩვენებლები უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. შედეგად, მერსისაიდელები, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო სეზონში, სუარესმა 33 თამაშში 31 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ის "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა.

"ბარსელონას" მაისურით დებიუტი ლუის სუარესს 2014 წლის 25 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში "რეალთან" გამართულ შეხვედრაში ჰქონდა, რომელშიც მან საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

პირველი გოლი ურუგვაელმა დებიუტიდან ერთი თვის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, აპოელ-თან 4:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. მოგვიანებით, 10 დეკემბერს, მან თავისი პირველი გოლი "კამპ ნოუზეც" გაიტანა. ეს "პარი სენ-ჟერმენთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.

2015 წლის 15 თებერვალს, "ბარსელონამ" "ლევანტე" 5:0 გაანადგურა, ლუის სუარესმა კი აქტივში ეფექტური გოლი ჩაიწერა, რომელიც მან ე.წ. მაკრატელა დარტყმით გაიტანა. 9 დღის შემდეგ, ლუისმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, დუბლი გაიფორმა. მან ეს 15 აპრილს, უკვე 1/4-ფინალში, პსჟ-ს წინააღმდეგ გაიმეორა.

2 მაისს, ურუგვაელმა "ბარსას" მაისურით თავისი პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა. ეს "კორდობასთან" 8:0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა. სუარესმა მატჩის მე-2, მე-4 და მე-8 გოლები გაიტანა. 2 კვირის შემდეგ, 17 მაისს, სუარესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში თავისი პირველი ტიტული მოიგი - ესპანეთის ჩემპიონატი. 30 მაისს, მის თასებს ესპანეთის თასიც დაემატა.

ლუის სუარესმა გუნდისთვის თავისი მნიშვნელობა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაამტკიცა. "იუვენტუსთან" გამართულ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ურუგვაელმა თავდამსხმელმა წინ კატალონიელები გაიყვანა. საბოლოოდ, მან ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაც იზეიმა.

2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში, ლუის სუარესმა, ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად, ისტორიაში ყველაზე საშიში შეტევის ტრიო შექმნა. არგენტინელთან და ბრაზილიელთან მისმა შეთამაშებამ და მეგობრობამ გამოიწვია ის, რომ "ტრიდენტმა" მსოფლიო დაიპყრო. ამ სამეულმა გუნდს ისტორიული ტრებლი მოაგებინა (ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა).

ლუის სუარესი ურუგვაის ნაკრების უმთავრესი ვარსკვლავია. 2011 წელს, მან ეროვნულ გუნდს კოპა ამერიკა მოაგებინა. ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დიეგო ფორლანთან და ედინსონ კავანისთან ერთად, მან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა.

თვისებები

ურუგვაელი სწრაფი და მოუხელთებელი ფეხბურთელია. სუარესს ორივე ფეხით დარტყმა შეუძლია, რაც მის წინააღმდეგ თამაშს ძალიან ართულებს. სუარესი უნივერსალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეტევის როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე თამაში შეუძლია. სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელს გოლები არა მხოლოდ გააქვს, არამედ ის მათ ქმნის კიდეც. პრემიერ ლიგის 2013-14 წლების სეზონის გათამაშებაში, სუარესი გოლებში საუკეთესო იყო, ხოლო შედეგიან გადაცემებში ის მე-2 ადგილზე გავიდა.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (3): 2014/15, 2015/16, 2017/18

ესპანეთის თასი (3): 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი (2): 2016/17, 2018/19

ჩემპიონთა ლიგა: 2014/15

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

ლივერპული

ლიგის თასი: 2011/12

აიაქსი

ჰოლანდიის ჩემპიონატი: 2010/11

ჰოლანდიის თასი: 2009/10

იოჰან კრუიფის თასი: 2007

ნასიონალი

ურუგვაის ჩემპიონატი: 2005/06

ურუგვაის ნაკრები

კოპა ამერიკა: 2011

ინდივიდუალური

ოქორს ბუცი (2): 2013/14, 2015/16

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2015/16

ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2009/10

ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2013/14

კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი: 2011

ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 2013/14

 


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.