ანდრეს ინიესტა ლუხანი


ანდრეს ინიესტა

ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" 1996 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის სკაუტმა ის ერთ-ერთ ტურნირზე, "ალბასეტეს" ბავშვთა გუნდის შემადგენლობაში იხილა.

"ბარსაში" მოსვლის დღიდან "სიკვდილამ" პროგრესირება დაიწყო და 2000 წელს "ბარსა ბ"-ში ჩაირიცხა, რის შემდეგაც ფაქტობრივად ავტომატურად იქცა ხოსეპ მარია გონსალვოს გუნდის გამთამაშებლად.

2002 წლის 29 ოქტომბერს კი ინიესტამ ოცნება აიხდინა და მოედანზე პირველი გუნდის მაისურით გამოვიდა. სადებიუტო შეხვედრა ანდრესმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბელგიაში, "ბრიუგეს" წინააღმდეგ ჩაატარა. ის შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო დებიუტანტმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

გუნდში თავისი დღევანდელი მყარი ადგილი ინიესტამ მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა, რომელმაც მისი უდიდესი ტალანტისგან შედეგი მოიტანა. მართალია, ანდრესი 2004-05 წლების სეზონში ვარსკვლავ თანაგუნდელთა ჩრდილი მოექცა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში მისი წვლილი მაინც დიდი იყო. იმ სეზონში "სიკვდილამ" შიდა ასპარეზზე ჩავის შემდეგ ყველაზე მეტი, 35 თამაში ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ინიესტა რვავე შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და ორი გოლის გატანა მოახერხა.

მაგრამ მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად საბოლოოდ ჩამოყალიბება მაინც 2005-06 წლების სეზონში მოხდა. ტრავმირებული ჩავის ნაცვლად მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელი გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა. "ბარსამ" კი იმ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. ტრიუმფალურ სეზონში "სიკვდილამ" ლა ლიგაში 33, ჩემპიონთა ლიგაზე კი 11 შეხვედრა ჩაატარა.

ინიესტას განვითარება არც ამის შემდეგ შეუწყვეტია და 2006-07 წლების სეზონშიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ესპანეთის ჩემპიონატის 38 შეხვედრიდან მან 37-ში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

2008-09 წლების სეზონი კი ინიესტას კარიერაში საუკეთესო იყო. მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელი ბურთთან მოპყრობის მანერითა და განუმეორებელი რიბლინგებით მთელს მსოფლიოს აოცებდა. მან ჩავისთან ერთად შექმნა "ბარსელონას" ძრავა, ხოლო "სტემფორდ ბრიჯზე", "ჩელსის" კარში, სეზონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

2009/10 წლების სეზონში, როდესაც ინიესტა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მას საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. მან, ლა ლიგაში 29, ჩემპიონთა ლიგაზე 9 და ესპანეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა. ანდრესმა მონაწილეობა ესპანეთის ნაკრების რამდენიმე თამაშშიც მიიღო.

2010 წელი ანდრეს ინიესტას კარიერაში განსაკუთრებულია. ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო და ეს სწორედ ინიესტას მიერ ფინალში გატანილი გოლით მოახერხა. სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის კარგად ჩატარების გამო, ანდრეს ინიესტა, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, მე-2 ადგილზე გავიდა. ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩა.

2010/11 წლების სეზონში ინიესტამ ჩვეული ფორმა დაიბრუნა. ტრავმამოშუშებული ფეხბურთელი გუნდს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა. მან, ამ სეზონში, მონაწილეობა 50 შეხვედრაში მიიღო, რაც მის კარიერაში მე-3 საუკეთესო შედეგია.

2011/12 წლების სეზონში, ინიესტამ 46 შეხვედრაში ითამაშა და 8 გოლი გაიტანა. იმ სეზონში მან ესპანეთისა და ევროპის სუპერ თასები, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.

2012/13 წლებში, ანდრესი გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის 100 ქულით მოგებაში დაეხმარა. იმ სეზონში მან 48-ჯერ ითამაშა და 6-ჯერ გაიტანა. თავად ფეხბურთელი, ევროპის 2012 ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისა და მოგების გამო, კონტინენტის საუკეთსო მოთამაშედ დასახელდა.

2013/14 წლების სეზონში ინიესტამ "ბარსელონას" მაისურით თავისი მე-500 შეხვედრა ჩაატარა. ეს მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართულ მატჩში მოხდა. "რეალ სოსიედადთან" ესპანეთის თასზე ჩატარებული შეხვედრა კი მისთვის, ამ ტურნირზე, 50-ე გამოდგა. ამავე სეზონში, ანდრესმა "ბარსას" მაისურით თავისი 50-ე გოლი გაიტანა. ეს მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", "რეალთან" 4:3 მოგებულ "ელ კლასიკოში" მოხდა.

2014/15 წლების სეზონში, "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, ინიესტამ ვიქტორ ვალდესსა და მიგელს გადაასწრო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მას მხოლოდ ჩავი (767) და კარლეს პუიოლი (593) უსწრებდნენ. იმავე სეზონში, მან "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო. კატალონიელებმა ფინალში ტურინის "იუვენტუსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

ანდრეს ინიესტა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების უცვლელი წევრია. 2008 და 2012 წლებში, მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ბოლო შემთხვევაში კი, ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ცალკე აღსანიშნავია ესპანეთის ნაკრების მაისურით 2010 წლის 11 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში, ჰოლანდიასთან გამართული შეხვედრა. ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად თამაშობდნენ და მათ ის მატჩი ინიესტას მიერ დამატებით ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს.

თვისებები

შორსმჭვრეტელი, სწრაფი და ინტელიგენტი მოთამაშე. მას შეუძლია როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვის ნებისმიერ ადგილას თამაში. მაგრამ მისი უმთავრესი დადებითი თვისება უნივერსალურობა კი არა, ნამდვილი პროფესიონალიზმია, რა თქმა უნდა, ტალანტთან ერთად. ინიესტა თამაშობს ძალზე პრაქტიკულ ფეხბურთს, კითხულობს მთელს თამაშს და მეტოქე გუნდის მცველებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ტიტულები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (9): 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18

ესპანეთის თასი (6): 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი (7): 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11, 2011-12, 2013-14, 2016/17

ჩემპიონთა ლიგა (4): 2005/06, 2008/09, 2010/11, 2014/15

ევროპის სუპერ თასი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16

ესპანეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი: 2010

ევროპის ჩემპიონატი: 2008, 2012

ინდივიდუალური მიღწევები

ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (UEFA): 2011/12

FIFA-ს "ვერცხლის ბურთის" მფლობელი: 2010

FIFA-ს "ბრინჯაოს ბურთის" მფლობელი: 2012

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.