ლეგენდამ დაადასტურა - ჩავი "ბარსელონას" ტოვებს

ლეგენდამ დაადასტურა - ჩავი "ბარსელონას" ტოვებს

"ბარსელონას" კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, ამჟამად მიმდინარე პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ის, მიმდინარე სეზონის შემდეგ, მშობლიურ კლუბს დატოვებს და კარიერას კატარში განაგრძობს.

"მინდა შეგატყობინოთ და დავადასტურო, რომ "ბარსელონას" ვტოვებ. ეს გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოა. ვფიქრობ, წასვლის დროა.

კარიერას "ალ სადში" განვაგრძობ, სადაც 2 წელი ვითამაშებ. შესაძლოა, სამიც. საშუალება მექნება, საკუთარი თავი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის როლშიც გამოვცადო.

"ბარსელონამ", ცოტა ხნის წინ, კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ ამ დროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა.

კატარში მიმზიდველი პროექტი იწყება, მაგრამ ჩემი უმთავრესი მიზანი "ბარსაში" დაბრუნებაა. ეს ჩემი სახლია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დავბრუნდები, მწვრთნელად თუ სპორტულ დირექტორად.

ბედნიერი ვარ, რომ გუნდში კიდევ ერთი სეზონით დავრჩი. თავს საჭირო ფეხბურთელად ვგრძნობდი იმის მიუხედავად, რომ სასტარტო შემადგენლობის წევრი აღარ ვიყავი.

გასულ ზაფხულში, წასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების წარუმატებლობის გამო იმედგაცრუებული ვიყავი.

ფეხბურთის თამაშის გაგრძელება მინდა. ეს სწორედ ისაა, რისგანაც ყველაზე დიდ სიამოვნება ვიღებ.

35 წლის ვარ. კლუბში 25 წელი გავატარე და ვთვლი, რომ წასვლის დრო მოვიდა. იმედი მაქვს, შაბათს დიდი ზეიმი გვექნება.

ლა ლიგა უკვე მოვიგეთ და წინ 2 ფინალი გველის. შესანიშნავი სცენარია. ისე ჩანს, თითქოს ის ჩემთვის დაიწერა.

უახლოესი მიზანი შაბათს ლა ლიგის თასის გულშემატკივრების თვალწინ აღმართვაა. ისინი კარგად მეპყრობოდნენ და მინდა მათ დავემშვიდობო.

ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე თანაგუნდელმა აქამდეც იცოდა. დღეს, ეს მთელს გუნდსა და მწვრთნელს ვუთხარი. თუმცა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.

ძალიან ბედნიერი ვარ. "ბარსელონაში" საუკეთესო კარიერა მქონდა.

დედისთვის "ბარსელონას" შემოთავაზებაზე არაფერი მითქვამს, რადგან ის ამ კლუბის კიდევ უფრო დიდი გულშემატკივარია.

მინდა, გვარდიოლას კატარის შესახებ კიდევ ვესაუბრო. ამ საკითხზე მცირე საუბარი უკვე გვქონდა. ვესაუბრე რაულსაც.

სხვა გუნდის მაისურის ჩაცმა რთული იქნება. "ბარსას" ფორმით 10-11 წლიდან ვთაამაშობ. ახლა კი 3 თამაში მაქვს დარჩენილი.

ლეო, ანდრესი, ბუსკეტსი, პედრო და ჩემი ყველა მეგობარი მომენატრება, მაგრამ ასეთია ცხოვრება.

როდესაც გულშემატკივრები დარჩენას მთხოვდნენ, ტანზე დამბურძგლა. თუმცა, წასვლის დროა.

გვარდიოლას მემკვიდრედ დასახელება დიდი ტვირთი იყო. ამის გამო, ჩემს მემკვიდრედ არავის დავასახელებ.

კასილიასის მდგომარეობა? მან "რეალსა" და ესპანეთს ბევრი რამ მისცა. მას ეს არ დაუმსახურებია. ის იტანჯება.

ლუის ენრიკეს ბევრი ვესაუბრე. ის ყოველთვის გულწრფელი იყო და პირდაპირ საუბრობდა.

ჯერ კიდევ არ შემისრულებია ჰეთ თრიქი ან არ გამიტანია "მაკრატელა" დარტყმით? დრო კიდევაა. წინ 3 თამაში გველის (იცინის).

ახლა მშვიდად ვარ, მაგრამ ბოლო დღეებში ემოციურად დაღლილი ვიყავი.

პირლოსთან უკანასკნელი დაპირისპირება? მისი ფანი ვარ. ერთმანეთის წინააღმდეგ სანაკრებო დონეზე ვითამაშეთ, როდესაც 16-17 წლის ვიყავი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.