ჟერარ პიკე

დაბადების ადგილი ბარსელონა, ესპანეთი
დაბადების თარიღი 02.02.1987
წონა 85 კგ
სიმაღლე 194 სმ
დებიუტი 13.08.2008
თამაში* 616
გოლი* 53
ასისტი* 15

*ბოლო განახლება: 10.11.22

ჟერარ პიკე 1987 წლის 2 თებერვალს დაიბადა და იმ დღიდან მოყოლებული "ბარსელონას" კლუბის წევრია. პიკე ძალზე პატარა იყო, როდესაც კლუბში ჩაირიცხა, ხოლო 10 წლის ასაკში Avelin B–ს წევრი გახდა. მას შემდეგ "ბარსას" მესამე ნომერმა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. Cadet B-ში თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა, შემდეგ კი, ტიტო პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც გოლების გატანას ერიდებოდა.

2003/04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან გამომშვიდობება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა გადაწყვიტა. ინგლისში გადაბარგებიდან სამ კვირაში მას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, როდესაც "მანჩესტერი" კერლინგის თასზე "ქრიუ ალექსანდრას" დაუპირისპირდა. ფერგიუსონის გუნდში პიკე 2005/06 წლების სეზონშიც გაჩერდა, შემდეგ კი ის "სარაგოსაში" გაანათხოვრეს.

არაგონულ კლუბში პიკე უმეტესად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2006/07 წლებში, "სარაგოსას" შემადგენლობაში, იმედისმომცემმა მცველმა 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 18-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. იმ სეზონში პიკეს გუნდში გაბრიელ მილიტოსთან ერთად უწევდა თამაში. ეს უკანასკნელი კი, მოგვიანებით, მისი თანაგუნდელი "ბარსელონაშიც" გახდა.

2007/08 წლების სეზონი პიკემ კვლავ "მანჩესტერში" გაატარა და როგორც პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. უმაღლეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე კატალონიელმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა.

2008/09 წლების სეზონში პიკე სამშობლოში დაბრუნდა. "ბარსელონაში" დაბრუნებიდან პირველივე სეზონში ჟერარმა დაამტკიცა, რომ პეპ გვარდიოლა მასზე იმედებს ტყუილად არ ამყარებდა. ცოტა ხანში პიკე კლუბისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა და ტრიუმფალურ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში თავი გატანილი გოლით სამჯერ გამოიჩინა. პიკე როგორც დაცვითი ფუნქციების კარგი შესრულებით, ასევე შეტევების წამოწყებით და მათ დასკვნით ეტაპზე კარგი თამაშითაც გამოირჩეოდა. ამის ნათელი მაგალითი მისი მოგვარის სახელობის სტადიონზე, "რეალთან" 6:2 მოგებულ შეხვედრაში გატანილი ბოლო გოლია.

"ბარსელონას" პირველ გუნდში გატარებული მე-2 წლის განმავლობაში პიკემ სახელი გაითქვა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა. მან, კარლეს პუიოლთან ერთად, დაცვის ცენტრში, შესანიშნავი ტანდემი შექმნა და "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.

მე-3 წელს, პიკე "ბარსელონას" დაცვისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთლი გახდა. ამის მიზეზი პუიოლისა და გაბრიელ მილიტოს ტრავმები, ასევე ერიკ აბიდალის ავადმყოფობაა. პიკემ ყველაზე მეტი თამაში სწორედ 2010/11 წლების სეზონში ჩაატარა. მან მონაწილეობა 51 შეხვედრაში მიიღო. სეზონის ბოლოს, პიკე მის ყოფილ კლუბს, "მანჩესტერ იუნაიტედს", ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდა და გამარჯვებული გამოვიდა.

2010 წლის 22 სექტემბერს, ჟერარ პიკემ, "ბარსელონას" მაისურით, თავისი მე-100 თამაში ჩაატარა. ეს ხიხონის "სპორტინგთან" გამართულ შეხვედრაში მოხდა, როდესაც ის მოედანზე მე-2 ტაიმში, კარლეს პუიოლის ნაცვლად შევიდა.

"ბარსელონას" პირველ გუნდში გატარებული მე-4 სეზონი, პიკესთვის, ტრავმით გამოირჩა. თუმცა, მან ესპანეთის სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მაინც მოიგო. მან ევროპის სუპერ თასზე, "პორტუსთან" გამართული შეხვედრა გამოტოვა.

მე-5 სეზონში, ტიტო ვილანოვა პიკეს ხშირად იყენებდა, რისი მიზეზიც სხვა ფეხბურთელების ტრავმებია. სეზონის ბოლოს, კატალონიელი ფეხბურთელი გუნდის მთავარი ცენტრალური მცველი იყო. 2012/13 წლების სეზონში, პიკემ, "ბარსას" მაისურით, მე-200 თამაში ჩაატარა. იმ სეზონში, კატალონიურმა გუნდმა პრიმერა დივიზიონში 100 ქულა მოაგროვა და ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

2013/14 წლების სეზონში, პიკემ მონაწილეობა 39 ოფიციალურ თამაშში მიიღო და 4 გოლი გაიტანა, აქედან 2 პრიმერაში და ორიც ჩემპიონთა ლიგაზე. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, პიკემ ესპანეთის თასის ფინალში, "რეალის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა.

პიკეს წილად ხვდა პატივი გაეტანა საერთაშორისო ასპარეზზე "ბარსელონას" მე-1000 გოლი. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "სელტიკთან" მატჩში მოხდა. 2014 წლის იანვარში, "ელჩესთან" გამართულ შეხვედრაში, პიკემ, ლა ლიგაში, "ბარსას" ფორმით, 150-ე თამაში ჩაატარა. მალევე, მან კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა.

2014/15 წლების სეზონში პიკემ მონაწილეობა 43 შეხვედრაში მიიღო. ის გუნდს ისტორიაში მე-2 ტრებლის მოგებაში დაეხმარა. ეს სეზონი, მისთვის, ყველაზე შედეგიანი იყო - მან 7 გოლი გაიტანა. ამდენივე გოლის გატანა პიკემ მოგვიანებით, 2018/19 წლების სეზონშიც მოახერხა.

გარდა საკლუბო წარმატებისა, პიკესთვის არც სანაკრებო წარმატებაა უცხო. კატალონიელ ფეხბურთელს ესპანეთის 20 წლამდელთა გუნდთან ერთად კანადის 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 19 წლამდელთა ნაკრებში პოლონეთის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა) და 17 წლამდელთა ნაკრებში საფრანგეთის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ესპანეთი ფინალში დამარცხდა) მონაწილეობდა. 2009 წლის 6 თებერვალს კი პიკემ ეროვნულ ნაკრებსაც გაუგო გემო, ითამაშა რა საებიუტო შეხვედრა ინგლისთან. ოფიციალურ დონეზე კანტერანომ 2009 წლის კონფედერაციის თასზე, სამხრეთ აფრიკაში ითამაშა.

მას შემდეგ, პიკე ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელ წევრად ითვლებოდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გუნდთან ერთად გამარჯვება იზეიმა. გარდა ამისა, პიკემ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. 2013 წელს, ჟერარ პიკემ ბრაზილიაში გამართულ კონფედერაციის თასზე ითამაშა, ერთი წლის შემდეგ კი, იმავე ქვეყანაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რასაც ევროპის 2016 და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატებზე გამოსვლაც დაამატა. 2018 წლის 11 აგვისტოს ჟერარ პიკემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი (8): 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19
  • ესპანეთის თასი (7): 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი (6): 2009/10, 2010-11, 2011-12, 2013-14, 2016/17
  • ჩემპიონთა ლიგა (3): 2008/09, 2010/11, 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი (3): 2009, 2011, 2015
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16
მანჩესტერ იუნაიტედი
  • პრემიერ ლიგა: 2007/08
  • კერლინგის თასი: 2005/06
  • ჩემპიონთა ლიგა: 2007/08
ესპანეთის ნაკრები
  • მსოფლიოს ჩემპიონატი: 2010
  • ევროპის ჩემპიონატი: 2012
  • ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი: 2006